1. მეექვსე მსოფლიო კრება სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლში 680 წლის ნოემბერში შედგა. მასზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის ასორმოცდაათი წმინდა მამა მონაწილეობდა. კრების მონაწილეებმა დაადასტურეს IV მსოფლიო კრების საღვთისმეტყველო განსაზღვრება და დასძინეს, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი ერთ ჰიპოსტასში (ერთ პირში), და რომ ის არის ღმერთკაცი.
იესო ქრისტეს პიროვნებაში, ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნების მქონეს, შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუყრელად ნარჩუნდება თითოეული ბუნების თვისება. კრებამ ასევე დაადგინა, რომ, ვინაიდან ქრისტეს აქვს ორი სრულყოფილი ბუნება - საღმრთო და ადამიანური, შედეგად, ის ფლობს ორ ბუნებრივ ნებას და ორ მოქმედ ენერგიას (საღმრთოსა და კაცობრივს), რასაც ადასტურებს თავად სახარებისეული სწავლება. ე.ი. ღმერთკაცის პიროვნებაში დაუზიანებლად შენარჩუნებულია როგორც ადამიანური, ასევე საღმრთო ნება და მოქმედება.
წმინდა მამათა კრებამ დაგმო მონოთელიტების ქრისტოლოგია, რომლის მიხედვითაც ქრისტეს აქვს მხოლოდ ერთი - საღმრთო ნება და მოქმედება და არ აქვს ადამიანური ნება. თითქოს ქრისტე იმავდროულად არ არის სრული ადამიანი. მეექვსე კრებამ არსობრივად გაამართლა იერუსალიმის პატრიარქის წმ. სოფრონისა და განსაკუთრებით ღირსი მაქსიმე აღმსარებელის ბრძოლა და ღვთისმეტყველება მონოთელიტური ერესის წინააღმდეგ.
ვიდრე შევუდგებოდეთ VI მსოფლიო კრების ქრისტოლოგიურ შეფასებას, მანამდე ორიოდე სიტყვით ვთქვათ იმ ერესების რაობის შესახებ, რომელთა სწავლებები, ამა თუ იმ სახით, წარმოჩინდა მონოთელიტების ანათემირების დროს.
მონოთელიტობა მონოფიზიტობის ერთ-ერთი ფორმა გახლავთ, რომელიც თავის დროზე ქალკედონის კრებამ (451) ექვსას ოცდაათი წმინდა მამის ბაგით ანათემას გადასცა. მონოფიზიტობის შიგნით მრავალი ცრუხედვა არსებობდა. ზოგი უკიდურესი მონოფიზიტობა იყო (ევტიქიანელების სახით), ზოგიც - „ზომიერი" (დეოსკორეს, სევერიოსის სახით). მაგრამ ყველა მათგანს ერთი საერთო სწავლება გააჩნია: ის (მონოფიზიტობა) უფალ იესო ქრისტეს შესახებ ასწავლის, რომ მასში (ქრისტეში), როგორც სრულყოფილ ღმერთში, ღვთაებრიობამ დაჩრდილა და თავის თავში შთანთქა ადამიანური. ადამიანური ბუნება შეერწყა ღვთაებრივს (არსებითი მნიშვნელობა არა აქვს უკიდურესი თუ ზომიერი სახით). სწორედ ამგვარად დარჩა ერთი, ღვთაებრივი - „მონო ფიზის", აქედან „მონოფიზიტობა". (დეკ. მ. პომაზანსკი). ეს სწავლება გახლდათ ერთგვარი რეაქცია წინამორბედ ნესტორის ერესზე, რომელიც იესო ქრისტეში ადამიანური ბუნებისკენ ძლიერ გადაიხარა და ქრისტეს საკუთარ თავში ღვთაებრიობის მატარებელ ადამიანად წარმოაჩენდა.
მონოფიზიტობამდე 80 წლით ადრე აპოლინარიოსის ერესი გაჩნდა, რომელიც ჰიპოსტასს გონებასთან, გონიერ სულთან აიგივებდა და ასკვნიდა, რომ ქრისტეს არ ჰქონდა კაცობრივი გონება - ის ღმრთაებამ აღავსო. არასრული კაცება, მისი აზრით, ქრისტეს კაცობრივი ბუნება უთმობს რა ადგილს ღმრთაებას, არასრულყოფილი უნდა ყოფილიყო, რომ კაცობრივმა გონებამ ადგილი დაუთმო მასში ღვთაებრივ ლოგოსს. (ვლ. ლოსკი. ორი ენერგია, ორი ბუნება).
ამრიგად, ქალკედონის კრების განსაზღვრებანი, რომლებიც შემდგომ დაადასტურა VI მსოფლიო კრებამ, მიმართულნი იყვნენ არა მარტო ნესტორიანელობისა და მონოფიზიტობის, არამედ აპოლინარიზმის, აგნოიტებისა და სხვა ერესების წინააღმდეგაც. მეექვსე მსოფლიო კრებამ ოროსის სახით შემთხვევით როდი განსაზღვრა შემდეგი: „ჭეშმარიტების ამ საძაგელ მოწინააღმდეგესთან (მაკედონიოსი) ერთად დასაჯეს უკეთურების ბოროტი მესაიდუმლე აპოლინარიოსი, რომელმაც უფალი უგონებო ხორცის მიმღებად იქადაგა, რითაც ჩვენი ამიერი გადარჩენა არასრულყოფილად დასახა".1
მონოფიზიტობის კიდევ ერთი ფორმა - მონოენერგიზმი, VI საუკუნის დასაწყისში განვითარდა. მისი წარმომადგენლები აღიარებდნენ ორ ბუნებას, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ მათი ენერგია, რომელშიც ისინი ვლინდებიან, ერთია. შედეგად, ორივე ბუნება შერეულია, ანდა კაცობრივი ბუნება სრულიად პასიურია და მხოლოდ ღვთაება მოქმედებს.
ეს სწავლება ანათემირებულ იქნა VII საუკუნეში წმ. მაქსიმე აღმსარებელის, წმ. მარტინეს, წმ. სოფრონი იერუსალიმელისა და სხვა მრავალი წმ. მამის მიერ. წმ. მაქსიმესა და მონოთელიტობის დამცველ პატრიარქ პიროსს შორის საჯარო კამათი გაიმართა, სადაც წმ. მაქსიმემ თქვა: „თქვენი სწავლება ერთი ნების შესახებ ქრისტიანობის საწინააღმდეგოა, რადგან მკრეხელობაა, როცა ამტკიცებთ: თუ ქრისტე ერთი პირია, მაშინ მას სურს ის, რაც ერთ პირს, აქედან გამომდინარე მასში მხოლოდ ერთი ნებაა... ეს აღრევაა. მართალია, ქრისტე ერთია ჰიპოსტასურად, მაგრამ ამავე დროს იგი ღმერთი და ადამიანია და თუკი ბუნებათა ორობას ერთ ქრისტეში განყოფა არ შეაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისა და ქმედების ორობას ასეთ ერთიანობამდე მივყავართ".2
მონოთელიტობა მონოფიზიტობასთან კომპრომისის მორიგი ფორმა გახლდათ. მონოთელიტობაც ასევე აღიარებდა ქრისტეში ორი ბუნების არსებობას, მაგრამ აღიარებდა მხოლოდ ერთ ღვთაებრივ ნებას, რომელსაც ადამიანური ნება თან სდევს თვით სრულ შთანთქმამდე.
2. ამრიგად, მეექვსე მსოფლიო კრების წინაშე იდგა ამოცანა:
1) გამოეკვლია მონოთელიტური ერესის რაობა;
2) კრების ჯეროვანი გამოკვლევის შედეგად მართლმადიდებლური სწავლება გადმოეცა.
VI მსოფლიო კრების სარწმუნოების განსაზღვრებას მეშვიდე საუკუნის ორი შესანიშნავი ღვთისმეტყველური თხზულება დაედო საფუძვლად - იერუსალიმის პატრიარქის სოფრონის საზოგადო ეპისტოლე და პაპი აღათონის ეპისტოლე, რომელიც მან VIმსოფლიო კრების მამებს გაუგზავნა.
წმ. სოფრონ იერუსალიმელის სიტყვაში ვკითხულობთ:
„(მაცხოვარმა) ჭეშმარიტად და დანამდვილებით უარი თქვა მამისეულ და საკუთარ ნებაზე და ჩვენი სრული ბუნება შეითვისა, (Истинно и на самом деле отказался от отеческой и собственной воли и воспринял весь состав наш). ე.ი. ჩვენი ერთარსი ხორცი და გონივრული (Разумную) სული, ჩვენი სულის ერთგვაროვანი გონება, აბსოლუტურად მსგავსი ჩვენი გონებისა იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი და შეიცნობა (როგორც ადამიანი), და ის (ქრისტე) ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ქალწულ მარიამისაგან უბიწოდ ჩასახვის დღიდან. მან ინება იყოს და იწოდებოდეს ადამიანად, რათა მსგავსი მსგავსითვე განიწმინდოს, ერთგვაროვანი ერთგვაროვანით ცხონდეს, მონათესავე მონათესავით განიდიდოს".3
პაპი აღათონის რამდენიმე შესანიშნავი ნააზრევიც მოვისმინოთ: „ვაღიარებთ, რომ ქრისტეს თითოეულ ბუნებას თავისი ბუნებრივი თვისებები აქვს, ღვთაებრივს ყველა ღვთაებრივი თვისება, ადამიანურს კი - ყველა ადამიანური, გარდა ცოდვისა..., რომ ქრისტე ერთია და ერთია მისი პირი ანუ ჰიპოსტასი, სწორედ ბუნებათა ჰიპოსტასური შეერთების მიზეზით, მაგრამ ამავე დროს გვასწავლეს, რომ თვით ბუნებათა განსხვავება შევიცნოთ და ვიქადაგოთ. ამრიგად, თუკი ერთსა და იმავე უფალ იესო ქრისტეში ბუნებათა თვისებები განსხვავების მიზეზით შენარჩუნებულია, მაშინ მისი ბუნებითი ნებელობების განსხვავების აღიარება საჭიროა მთელი რწმენით, რათა ქრისტეს ეკლესიაში არავითარი ერეტიკული სიახლე არ დავუშვათ".4
აქ პაპ აღათონის მიერ უმნიშვნელოვანესი დოგმატური პრობლემატიკა განისაზღვრა, კერძოდ: „ბუნებათა ჰიპოსტასური შეერთების მიზეზით" რაგვარად ნარჩუნდება „ბუნებათა განსხვავება", და რამდენად მნიშვნელოვანია „ბუნებითი ნებელობების განსხვავების აღიარება".
როგორც ქალკედონის წმინდა მამები, ასევე მეექვსე მსოფლიო კრების მამები ერთხმად აღიარებდნენ, რომ კაცობრივი ბუნება ქრისტეში მთელი თავისი სისავსით ნარჩუნდება.
მართებულად განმარტა ვლ. ლოსკიმ ტერმინი „ჰიპოსტასური შეერთების შედეგად": „ერთი პირი - ჭეშმარიტად ღმერთი იმავდროულად ჭეშმარიტი კაციც არის. ჰიპოსტასი ორივე ბუნებას მოიცავს: იგი რჩება ერთადერთ მათგანად და ამავე დროს ხდება მეორეც, და თანაც ისე, რომ არც ღმრთაებრივი ბუნება გარდაიქმნება კაცობრივ ბუნებად და არც პირიქით - კაცობრივი ღმრთაებრივად". შემდეგ ის ასკვნის, რომ ღვთაებრივ „ლოგოსს არ უკავია კაცობრივი ბუნების რომელიმე ელემენტის ადგილი: ის არის პირი, რომელიც იღებს ბუნებას მთელი მისი სისრულით".5
ღირსი იოანე დამასკელი „მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემაში" დასძენს, რომ „ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას": „... უფლის სული ჰიპოსტასურად შეერთებული თვით ღმერთ-სიტყვასთან, თუმცა არ განდგომია იგი ბუნებისეულ მოკვდავობას, ცხოველმყოფელი გახდა სიტყვასთან ჰიპოსტასური ერთობის გამო და არ ძალგვიძს თქმა, რომ არ იყო და არის იგი მარადის ცხოველმყოფელი, ამგვარადვე, ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას, მაგრამ უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობასა და ჰიპოსტასური იგივეობის გამო გამდიდრდა, როგორც ვთქვი, დანარჩენ ღვთივნიშნებთან ერთად სამომავლოთა ცოდნითაც".6
წმ. იოანე დამასკელი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ „ადამიანური ბუნება არსობრივად არ ფლობს სამომავლოთა ცოდნას", მაგრამ ზოგიერთისთვის გაუგებარი რჩება შემდეგი წინადადება: „უფლის სული ღმერთ-სიტყვასთან ერთობასა და ჰიპოსტასური იგივეობის გამო გამდიდრდა... სამომავლოთა ცოდნითაც". სიტყვა „გამდიდრებას" მავანი ქრისტეს კაცობრივი გონების ღვთაებრივით სრულ შთანთქმასთან აიგივებს, რაც არ ჩანს წმინდანის სიტყვიდან. „გამდიდრება" იმგვარად უნდა გავიგოთ, რომ ქრისტემ მყისიერად მიიღო სრული კაცობრივი სრულყოფილება, მაგრამ ადამიანური ბუნება ყოველთვის ღვთაებრივით მდიდრდებოდა. ქრისტეს კაცობრივ ბუნებას ჰქონდა წვდომა ყველანაირ ინფორმაციასთან, რაც მის (ქრისტეს) ღვთაებრივ ბუნებას გააჩნდა, მაგრამ მისი (კაცობრივი) ბუნება შეზღუდული რჩებოდა. ბუნების განღმრთობა, გამდიდრება შეურევნელ და განუყრელ ერთიანობას ნიშნავს და არა შერწყმას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ცდომილება მონოფიზიტობისა, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ მონოფიზიტები ანადგურებენ კაცობრივი ბუნების მოქმედებას.
ლუკა მახარებელთან ვკითხულობთ, რომ „იესო წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა" (ლუკ. 2, 52), მაგრამ არა იმ გაგებით, რომ ასაკების გავლის დროს თავისი ასაკისთვის დამახასიათებლად სრულყოფილდებოდა, ვინაიდან არასრულყოფილი შეიძლება სრულყოფილდებოდეს, ხოლო ქრისტე სრულყოფილი იყო. ის სრულყოფილი იყო კაცობრივადაც, მაგრამ სრულყოფილებამ ქრისტეს კაცობრივი ბუნება არ გახადა განუსაზღვრელი, ის არ შერწყმულა ღვთაებრივ ბუნებასთან.
აქ დროულია კონსტანტინოპოლის (1166 – 1170 წწ) ადგილობრივი კრების განჩინების გახსენება. ერესში ბრალდებულნი (არქ. იოანე ირინიკი და მიტრ. კონსტანტინე კერკირელი) მიიჩნევდნენ, რომ კაცობრივი ბუნება ქრისტეში იმ დონემდე განიღმრთო, რომ ის აღარ განსხვავდებოდა ქრისტეს ღვთაებრივი ბუნებისაგან. არსებითად ეს მონოფიზიტობის ერესი გახლდათ.
კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კაცობრივი ბუნება ქრისტეში, სრული განღმრთობის მიუხედავადაც სისავსითაა შენარჩუნებული. განღმრთოების მწვერვალზეც კი ნარჩუნდება ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებების განსხვავება.7
აქედან გამომდინარე წმ. მამების (წმ. ევლოგი, წმ. ფოტის და სხვათა) მიერ გამოყენებული ტერმინი „ჰიპოსტასური შეერთების შედეგად იცოდა", უნდა გავიგოთ ისე: როგორც ძე კაცისამ არ იცოდა, მაგრამ იცოდა ვით ძე ღვთისამ. (წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი). აქ არ უნდა აგვერიოს, რომ ცოდნა ბუნების თვისებაა, პიროვნების (ჰიპოსტასის) კი ცნობიერება. ამდენად, როგორც პიროვნებამ იცოდა, მაგრამ მისი ადამიანური გონება, არის რა შეზღუდული ვით სრული კაცისა, ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობითა და ყოვლისმცოდნეობით ვერ მოიცვებოდა. მაშინ ის უკვე აღარ იქნებოდა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი გონება.
ამდენად, როდესაც ვსაუბრობთ ქრისტეს კაცობრივი ბუნების რაობის შესახებ, რომელშიც წმინდა მამების თქმით „ყოველივე სრული აქუნდა, და აქუს სული კაცისაჲ ჭეშმარიტად და გონება კაცისა ჭეშმარიტად, გარდა ცოდვისა"8, ნათელი ეფინება საკითხს: „როგორ გვესმოდეს ქრისტეს კაცობრივი ბუნების არცოდნა - არც ღმრთაებრივი ბუნება გარდაიქმნება კაცობრივ ბუნებად და არც პირიქით - კაცობრივი ღმრთაებრივად".
არსობრივად, მეექვსე მსოფლიო კრების დოგმატი ამას ადასტურებს: „... ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი ორითა ბუნებითა შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფელად, განუშორებლად ცნობილი, რამეთუ განყოფილებაჲ იგი ბუნებათაჲ არა შეირია, არცა დაიხსნა ერთობითა მით გუამისათა, არამედ უფროსღა მტკიცე იყო თვითება ორისა ბუნებისა, შეკრებული ერთ პირად და ერთ გუამად; ... და ვითარცა წმიდანი იგი და უბიწონი ხორცნი განღმრთობითა არა განილინეს, არამედ თვისსა წესსა და ბუნებასა ეგნეს, ეგრეთვე კაცობრივი ნებაჲ მისი შეერთებითა ღმრთეებისათა არა განილია, არცა განქარდა, არამედ უფროსად განემტკიცა".9
ამრიგად, VI მსოფლიო კრების შემაჯამებელი აღმსარებლობის, დოგმატის ძირითადი პოსტულატები ამგვარად ჟღერს:
„უფალი ყოვლითურთ ჩვენივე ერთარსია ადამიანურობით, სრულიად ჩვენი მსგავსია, ცოდვის გარდა; „ერთი და იგივე ქრისტე შეიცნობა ორი ბუნებით და შეერთების გამო კი არ ისპობა განსხვავება ბუნებათა შორის, არამედ ნარჩუნდება ერთისა და მეორე ბუნების ნიშან-თვისებები". კრების მამები კაცობრივი ბუნებით, აგრეთვე ცხადად ამბობენ, რომ ქრისტეს კაცობრივი ნება და საღმრთო ნება ქმედებაში გამოვლენის თვალსაზრისით განსხვავდება ერთმანეთისაგან. კაცობრივი ნება სრულიად ნარჩუნდება ყოვლისშემძლე საღმრთო ნებისაგან, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, მათ დაპირისპირებულობას არც იწოდება ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო ნებებად: „ვაღიარებთ მასში ორ ბუნებით სურვილს და ორ ბუნებით ნებას არა ურთიერთსაწინააღმდეგოს, როგორც ამას ბიწიერი მწვალებლები ამბობდნენ, ნუ იყოფინ! მაგრამ კაცობრივი ნება უთმობს, კი არ ეწინააღმდეგება, ან წინ კი არ აღუდგება, არამედ ემორჩილება მის საღმრთო და ყოვლისშემძლე ნებას... ვამტკიცებთ, რომ ერთსა და იგივე უფალში არის ორი ბუნებითი ქმედება... ე.ი. საღმრთო მოქმედება და კაცობრივი მოქმედება: ... თითოეული ბუნება ურთიერთ კავშირში იქმს იმას, რაც თვისობრივია სიტყვისათვის და ხორცსაც სისრულეში მოჰყავს ის, რაც თვისობრივია ხორცისათვის... ერთსა და იგივეს მივაწერთ სასწაულებსაც და ვნებასაც, შესაბამისად ერთისა და მეორე ბუნებისა... მან ჭეშმარიტად, და არა მოჩვენებით, მოავლინა თავი სასწაულებითაც და ვნებითაც მთელი თავისი განგებულებით ცხოვრებაში, ბუნებითი სხვაობის გამოვლენით ერთსა და იმავე ჰიპოსტასში".10
როგორც ვხედავთ, VI სოფლიო კრების წმინდა მამები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ უფალ იესო ქრისტეში არსებობს და მოქმედებს როგორც საღმრთო ბუნების ყველა თვისება, ასევე ადამიანური ბუნების ყველა თვისება, ე.ი. ადამიანის ყველა ბუნებითი შესაძლებლობა, ისე ბუნებითი შეზღუდულობა. რადგან კაცობრივი ბუნების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია გონება, შედეგად სახარებაში ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიერ გამოვლენილი არცოდნა სწორედ VI მსოფლიო კრების დოგმატით გასაგები ხდება, ვინაიდან ერთისა და მეორე ბუნების ნიშან-თვისება ნარჩუნდება.
VI მსოფლიო კრების მოწვევის ძირითადი მიზეზი იყო მონოთელიტობის (და მისი მონათესავე: აპოლინარიზმის, მონოფიზიტობისა და მონოენერგიზმის) ანათემირება. კრებამ, წმ. სოფრონის ბაგით აღიარა, რომ ქრისტეში ჭეშმარიტად არის „ჩვენი ერთარსი ხორცი და გონივრული (Разумную) სული, ჩვენი სულის ერთგვაროვანი გონება, აბსოლუტურად მსგავსი ჩვენი გონებისა". ამის მიუხედავად დღესაც გაისმის, რომ „ქრისტეს გონიერი სულის შეზღუდულობა და კაცობრივი ბუნების უმეცრება ვერანაირად ვერ გამოვლინდებოდა ქრისტეში". უფრო მეტიც, ცდილობენ დაარწმუნონ მკითხველი, რომ მეექვსე მსოფლიო კრება ანათემას გადასცემს მათ, ვინც ქრისტეს კაცობრივ ბუნებაში აღიარებს არცოდნას. საამისოდ VI მსოფლიო კრების მიერ თემისტიოსისა და მასთან ერთად აგნოიტების მწვალებლობის ანათემირებას იშველებენ.
3. მოდით განვიხილოთ აღნიშნული საკითხი და გავარკვიოთ, სახელდობრ რაგვარ სწავლებას აღიარებდა თემისტიოსი და მისი სახით აგნოიტები, და კონკრეტულად რისთვის იყვნენ ისინი ანათემირებულნი?
„ამრიგად, სამარადჟამოდ ანათემასა და შეჩვენებაში იყოს წმინდა და თანაარსი და თაყვანსაცემი სამების - მამის, და ძის, და სულიწმინდის მიერ... თემისტიოსი, უუსჯულოესი მამა, მშობელი მთესველი არცოდნისა, რომელმაც ის იყბედა, რომ ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი, განკითხვის დღის უმეცარი იყო, არ იცოდა რა ამ ღვთივგანდევნილმა, რას ამბობდა, და არ უწყოდა ამ უგუნურმა რას წამომძახლობდა, ვინაიდან თავადვე რომ არ ყოფილიყო უმეცარი საკუთარ სიტყვათა ძალისა, არ წარმოშობდა იგი დამღუპველ არცოდნას და არც უმეცრების სიბილწეს დაიცავდა მხურვალედ, ვინაიდან „უმეცარი იყოო ქრისტე ჟამთ-აღსასრულისა და განკითხვის დღისა, თუმცა არა იმიტომ, რომ მარადიული ღმერთიაო იგი, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტად კაცი გახდაო", თავისი შლეგული აზრებიდან აი ეს ამოანთხია მან, აქცია რა ქრისტე ლიტონ კაცად... და ამასთან „უთავოთა" ზმანებათა სახელი განუკუთვნა თავის თავს და წარმოსახა ერთი შედგენილი ბუნება თვით ქრისტესი, ჩვენი მაცხოვრისა".11
დაკვირვებული მკითხველი შენიშნავს, რომ თემისტიოსისა და აგნოიტების ერესის მხილებისა და ანათემის ძირითადი მიზეზი ამონარიდის ბოლო წინადადებაში იკვეთება, სადაც „ქრისტეში ერთი შედგენილი ბუნება წარმოსახა".
მავანი მიიჩნევს, რომ წმ. სოფრონ იერუსალიმელის ზემორე წარმოდგენილ განსაზღვრებაში აბსოლუტურად უცხადესადაა გამოაშკარავებული და ანათემირებული მრავალი წმინდა მამის, მათ შორის თავად წმ. სოფრონ იერუსალიმელის მიერ სწავლება: უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი კაცობრივი ბუნებით, (ვით სრული კაცი), „უმეცარ იყო ქრისტეს ჟამთ-აღსასრულისა და განკითხვის დღისა". ისინი ვერ გულისხმაჰყოფენ, რომ თემისტიოსი და აგნოიტები მეექვსე მსოფლიო კრებამ ქრისტეს ბუნებათა შერევის გამო („წარმოსახა ერთი შედგენილი ბუნება") ბრალეულყვეს და სწორედ ამ (ერეტიკულ) ჭრილში განიხილავდა ქრისტეს უმეცრების საკითხს და არა ისე, როგორც ამას ასწავლის მართლმადიდებელი ეკლესია.
თავდაპირველად მოდით გავარკვიოთ, კერძოდ რა სწავლების გამო გადაეცა ანათემას მეექვსე მსოფლიო კრებაზე თემისტიოსი (აგნოიტების ფუძემდებელი). იგი ასწავლიდა ქრისტეს ერთი მოქმედების შესახებ. მისი გამონათქვამები წაკითხულ იქნა კრებაზე. აი, წმინდა მამების მიერ მხილებული მისი აზრები:
„მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთსა და იმავეს აქვს ორი ცოდნა ან ორი მოქმედება, რამეთუ მას, როგორც ჭეშმარიტად განხორციელებულ სიტყვას, ერთი მოქმედება აქვს და ერთი ცოდნა", ... „ერთი ცოდნაა ქრისტეში როგორც ერთი მოქმედება, რამეთუ ერთი იყო მცოდნე, როგორც, რა თქმა უნდა მოქმედი"... „ჩვენ ვიცით ერთი პირის ერთი მოქმედება, ისევე როგორც ერთი ცოდნა".12
აი, საკუთრივ განკვეთის ტექსტი, სადაც ფორმულირებულია მიზეზი, რის გამოც თემისტიოსი ერეტიკოსად შეირაცხა:
„ბოროტების მომგონებელმა მართლმადიდებელ ერში ახალი სიტყვებით დათესა მწვალებლობა ერთი ქრისტეს, ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთის, ორ ბუნებაში ერთი ნებისა და ერთი მოქმედების არსებობის შესახებ, რაც შეესაბამება უგუნურ განზრახვას სევერიოსისა და თემისტიოსისა, რომლებიც ცდილობენ რაღაც მზაკვრული მონაგონის მეშვეობით მოსპონ სისრულე ერთი უფლის, იესო ქრისტეს განკაცებისა..., უღმრთოდ ასწავლიან, რომ მასში ხორცი ნებისა და მოქმედების გარეშეა".13
ღირსი იოანე დამასკელი თავის ნაშრომში „О ста ересях в кратце" აგნოიტებზე საუბრისას დასძენს: „აგნოიტები, იგივე თემისტიანელები: უღმრთოდ ირწმუნებიან, რომ ქრისტემ არ იცოდა სამსჯავროს დღე, და მიაწერენ მას (ქრისტეს) შიშს. ისინი წარმოადგენენ თეოდოსიანელების სექტას, ვინაიდან თემისტიოსი, რომელიც მათი ერესმთავარი იყო, ქრისტეში ერთ ბუნებას აღიარებდა".14
მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი) „დოგმატურ ღვთისმეტყვლებაში" ვკითხულობთ, რომ „ეკლესიამ VI საუკუნეში დაგმო აგნოიტთა ცრუ სწავლება, რომლებიც ქრისტეში ორი ბუნების მიერ კაცობრივი ბუნების შთანთქმას უშვებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტე, მაშინაც კი, როცა ერთ ღვთაებრივ პირად არის გაგებული, უმეცარი იყო ქვეყნის აღსასრულის დღისა".15
ამრიგად, თემისტიოსი და მისი სახით აგნოიტები ანათემას არიან გადაცემულნი არა სხვა რაიმეს გამო, არამედ სწორედ იმისთვის, რომ ქრისტეში უარყოფდნენ ორ ბუნებასა და ორ მოქმედებას, რომ ქრისტე, მაშინაც კი, როცა ერთ ღმრთაებრივ პირად არის გაგებული, უმეცარი იყო ქვეყნის აღსასრულის დღისა".
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) აგნოიტთა ანათემას გადაცემის მიზეზებზე საუბრისას დასძენს: „ქრისტეს ნათქვამ სიტყვას, რომ მან არ იცის განკითხვის დღის ჟამი, ისინი განმარტავდნენ ასეთი აზრით: ქრისტე, როგორც კაცი საერთოდ არ ფლობდა ამ ცოდნას. საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ მას არ შეეძლო ასეთი ცოდნის ფლობა კაცობრივი ბუნების შეზღუდულობის გამო. - ეს ცხადი იყო და ამაზე არავინ დავობდა, - არამედ იმის შესახებ, რომ ცოდნა საერთოდ არ იყო იესოს ცნობიერებაში. გამოდიოდა, რომ იესოს ცნობიერება განსხვავდებოდა იმისაგან, რასაც შეიძლება ეწოდოს ძე ღმერთის ცნობიერება. სევერიანლებმა და ასევე ქალკედონიტებმა მიიჩნიეს, რომ ქრისტეს ცნობიერების ამგვარი გაყოფით ქრისტოლოგიაში ორსუბიექტიანობა შეაღწევს".16
როგორც ვხედავთ, ისინი ურევდნენ „ცოდნის" ცნებას (რომელიც არის ბუნების თვისება, და ამიტომ ქრისტეში ორი განსხვავებული ცოდნაა, როგორც ორი ბუნება) „ცნობიერების ცნებასთან, რაც ჰიპოსტასისეულია და ერთია ერთ ქრისტეში. ამრიგად, აგნოიტები და მათთან ერთად მათ მსგავსად მოაზროვნენი, ყოვლისმცოდნეობასა და შეზღუდულ ცოდნას მიაწერენ არა ცალკეულ ბუნებებს, არამედ ქრისტეს ცნობიერებას, და ფაქტობრივად, ერთ ჰიპოსტასს ორ სუბიექტად ყოფენ.17
4. კამათი იმის შესახებ, ქრისტემ კაცობრივად იცოდა თუ არა დღე და ჟამი თავისი მეორედ მოსვლისა მართლმადიდებლურ დოგმატიკაზეც აისახა. საქმე ისაა, რომ საკითხმა ქრისტეში კაცობრივი ცოდნა-არცოდნის შესახებ მონოფიზიტური კამათების დროს არამართებული ფორმა მიიღო. ვინაიდან ისეთი საკითხი, როგორიცაა ქრისტეში ცოდნა-არცოდნა, ერეტიკოსების სწავლებებში იყო შენიშნული, ზოგიერთი წმინდა მამის სწავლებაშიც აისახა. ზოგნი - აგნოიტების თანამოაზრეებად მიიჩნეოდნენ (მაგ. წმ. ათანასე ალექსანდრიელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, კირილე იერუსალიმელი, ლეონტი ბიზანტიელი და სხვები); ზოგნი აგნოიტების ამ შეხედულებების მოწინააღმდეგებად (მაგ. ევლოგი ალექსანდრიელი, პაპი გრიგოლი დიდი და სხვა). პროფესორი ვ. ბოლოტოვი მიიჩნევს, რომ „იმდროინდლი ფსიქოლოგია არ იყო იმდენად განვითარებული, როგორც დღეს. ცოდნა სწორედ მონოფიზიტებისაგან გადაჭარბებულ ცნობიერებასთან იყო გაიგივებული... მაგრამ თუ ჩვენ უგულებელვყოფთ კაცობრივი ცოდნის შეზღუდულობას, მაშინ ეს იქნება საბაბი კაცობრივი ნების უგულებელყოფისთვის".18
მართლაც, თუ ქრისტეს კაცობრივი გონება ღვთაებრივის მსგავსად ყოვლისმცოდნეა, მაშინ გამოდის, რომ ქრისტეს კაცობრივი გონება აღარ იქნებოდა ჩვენი გონების მსგავსი. მაგრამ ვინაიდან ქრისტეში შეურევნელად შეერთებულია ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნებები, კაცობრივი ბუნება შეზღუდული რჩებოდა, ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების მეშვეობით შეუძლია იცოდეს ის, რაც ესაჭიროება კაცობრიობის საცხოვნებლად. ამ საკითხის შესახებ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: „თუ მავანი სასოებს გონების არმქონე ადამიანს (საუბარია ქრისტეს კაცებაზე), მაშინ მას (ადამიანს) ნამდვილად არ გააჩნია გონება, და ის არ არის სისავსით ცხონების ღირსი, ვინაიდან (ქრისტეს მიერ) შეუთვისებელი - განუკურნებელი რჩება".19
ჭეშმარიტად, რაც დაზიანდა ადამიანში, განკურნებაც მას სჭირდებოდა, ამიტომაც დაცემული ადამიანის აღსადგენად თავად ქრისტეს გააჩნდა სრული, არანაკლულოვანი კაცობრივი ბუნება, გარდა ცოდვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტემ კაცობრივად იცოდა დღე და ჟამი თავისი მეორედ მოსვლისა, სოტერეოლოგიური შეცდომის შემცველი იქნება. ვინაიდან „თუ მან (ქრისტემ) არ მიიღო რომელიმე ბუნებითი თვისება, მაშინ იგი სრული კი არა, ნაკლოვანი კაცია" (წმ. იოანე დამასკელი).
წმ. კირილე ალექსანდრიელიც დასძენს: „თუ (ქრისტეს) მიღებულ ბუნებას არ გააჩნია ადამიანის გონება, მაშინ გამოდის, რომ ეშმაკს თავად ღმერთი შებრძოლებია და მასვე მოუპოვებია გამარჯვება. თუ ღმერთმა გაიმარჯვა, მაშინ მე რომელსაც ამისთვის არაფერი გამიკეთებია, მისგან სარგებელს არც უნდა ველოდო; როგორ უნდა გავიხარო და ვიამაყო სხვისი ნადავლით".20
5. როგორც ვხედავთ, ჩვენი ზოგიერთები ურევენ ერთმანეთში ცოდნას და ცნობიერებას, არცოდნასთან. კაცობრივ ცოდნას ისინი ღვთაებრივი ცნობიერებით ანაცვლებენ. გამოდის, რომ ქრისტე აღარაა სრული ადამიანი. თუ ქრისტეს გონება ყოვლისმცოდნეა, მაშინ ის არ არის ადამიანის გონება. გამოდის, რომ ქრისტე არასრულად განხორციელდა. ამის გამო, კერძოდ, რომ კაცობრივი ბუნება სამი ნაწილისაგან შედგებოდა, რომ იესო ქრისტეს გააჩნდა ადამიანური სამშვინველი და სხეული, ხოლო სული (ან „გონი") კი ღვთაებრივი ჰქონდა, აპოლინარიოსის ერესი ბრალეულ იქნა ვით უბოროტესი ერესი მეორე მსოფლიო კრებაზე. სამწუხაროდ, სწორედ ეს სწავლება გვევლინება მონოფიზიტობის წინამორბედ ერესად, რომელმაც თავისი ერეტიკული კვალი დაატყო მომდევნო, მათ შორის ჩვენი ეპოქის ერესებზე. ამიტომაც მომდევნო მსოფლიო კრებების სარწმუნოებრივ განსაზღვრებებში ვპოულობთ განსაზღვრებებს, რომლებიც უგულებელყოფენ აპოლინარიოსის ქრისტოლოგიას.
დასკვნის სახით ვიტყვით, აპელირება მეექვსე მსოფლიო კრების მიერ თემისტიოსის სწავლების ანათემირებაზე, რომ თითქოს ისინი „მაცხოვრის მიერ კაცობრივი გონებით მეორედ მოსვლის დღისა და ჟამის არცოდნის გამო" იქნენ ბრალეულნი, ამ მოსაზრების მწვალებლურად გამოცხადების დამადასტურებელ რაიმე დოკუმენტს ვერსად ვპოულობთ. უფრო მეტიც, მსგავსი მიდგომით გარკვეულწილად აპოლინარიოსის ერესის გათავისების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. ვინაიდან, თუ ქრისტეს კაცობრივი გონება ყოვლისმცოდნეა, მაშინ ის არ არის ქრისტეს (როგორც სრული კაცის) გონება, გამოდის, რომ ქრისტე არასრულად განხორციელდა. ეს კი ბატონებო - ერესია.
1დიდი სჯულისკანონი. კონსტანტინოპოლის VI მს. კრების კანონები. თბ. 2004. კანონი №1. გვ. 149.
2დოგმატურ-ისტორიული საკითხები. მეექვსე მსოფლიო საეკლესიო კრების წინ. ს. საპ. თბ. 1994. გვ. 24 ა.
3Деяние Вселенских Соборов. Деяние одиннадцатое. Соборное послание Софрония Иерусалимского. Стр. 146. Т3-4. С. П.
4დოგმატურ-ისტორიული საკითხები. თბ. 1994. გვ. 27 ა.
5ვლ. ლოსკი. დოგმატური ღვთისმეტყველება. თბ. 2007. გვ. 97-109.
6ღირსი იოანე დამასკელი. მართლმადიდებლი ეკლესიის ზედმიწევნითი გადმოცემა. უმეცრებისა და მონობის შესახებ. გვ. 414.
7О. Давиденков. Введение в Догматическое богословие. Ч. 1. Разд. 2. Соборное вероопределение. 2.3.2.
8სინური მრავალთავი. ეტვიფანე კვიპრელი. გვ. 46-54. ციტ. საღვთისმეტყველო ლექსიკონი ცნობარი. გრ. რუხაძე. თბ. 2013. გვ. 266.
9მცირე სჯულისკანონი. თბ. 1972. გამც. ე. გიუნაშვილი.
10ციტ. არქ. ლაზარე (აბაშიძე). წერილი საღვთისმეტყველო კომისიას. თბ. 2004. გვ. 28-29.
11მეექვსე მსოფლიო კრების „სინოდიკონი". ციტ. წიგნ. საეკლესიო დოგმატიკა და ერესები. თბ. 2017.
12იხ. Деяние Соборов. ტ. 4. გვ. 130-132.
13კონსტანტინოპოლში შეკრებილი 150 წმ. მამის სარწმუნოების გარდამოცემა. იქვე გვ. 220-221.
14Пр. И. Дамаскин. О ста ересях в кратце. №85. Агноиты.
15ციტ. არქ. ლაზარე (აბაშიძე). წერილი მონასტრიდან. თბ. 2005. გვ. 57.
16იხ. ვ. ლურიე (მღვდ. გრიგოლი). Глава к учебнику по филисифии.4. თ. 1.
17არქ. ლაზარე (აბაშიძე). წერილი მონასტრიდან. თბ. 2005. გვ. 58.
18Проф. В. Болотов. Монофизитский спор.
19Св. Григории Богослов. Послание к пресвитеру Кледонию. Первое. Т. 2. Стр. 10-11.
20პროტ. მ. პამაზანსკი. დოგმატური ღვთისმეტყველება. თბ. 2004. გვ. 122.
Xareba.net - ის რედაქცია