„და ვიხილე ცაი ახალი და ქვეყანი ახალი"... (გამოცხ. 21, 1-7)
... თავის უკანასკნელ ქადაგებაში წმიდა იოანე კრონშდანდტელი წარმოსდგა თანამედროვეობის საშინელი მწვალებლობის მამხილებლად... ეს მწვალებლობა ჩვენს დროში ისე ფართოდ გავრცელდა და, ამასთან, იმგვარი დახელოვნებით შესძლო თავისი დამღუპველი ერეტიკული არსის დაფარვა, რომ ამჟამად მას ბევრი ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრიც კი აღიარებს, სასულიერო პირთა ჩათვლით, რომელთა შორის იერარქებიც გვხვდებიან.
ეს მწვალებლობა, არსებითად, არაფერს სავსებით ახალს არ წარმოადგენს. იგი არის თანამედროვე ცხოვრების ვითარებაში გამოვლენილი ე.წ. „ჰილიაზმი", ანუ ცრუ სწავლება ამქვეყნად ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ (ბრძნ. „ჰილიოი" – „ათასი"). იგი ოდესღაც დაგმო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (ეფესო, 431 წ.), ამიტომ ჩვენ მას „ნეო-ჰილიაზმს" ვუწოდებთ.
ეს არის ამქვეყნად კაცობრიობის მომავალი პროგრესის რწმენა, ანუ რწმენა იმისა, რომ ამქვეყნად შესაძლებელია ღმრთის სასუფევლის დამკვიდრება... ადამიანთათვის სამოთხისებრი ცხოვრების - სრული კეთილდღეობის, მშვიდობისა და ბედნიერების უზრუნველყოფა.
ამ მწვალებლობის მიმდევარნი სრულიად უგულებელყოფენ საღმრთო წერილის მრავლრიცხოვან კატეგორიულ ადგილებს, სადაც ცხადად არის ნათქვამი, რომ ქრისტიანული იდეალები სრულყოფილი განხორციელებაა აწინდელ ცხოვრებაში, ამ ჩვენს დედამიწაზე შეუძლებლია და ეს არასდროს არ მოხდება!...
აი, მრისხანე გაფრთხილება იმათთათვის, ვისაც არ სურს ქრისტეს მეორდ მოსვლაზე იფიქროს და მოემზადოს მის შესახვედრად (ასეთნი არიან თანამედროვე „მოდერნისტი" „ნეო-ჰილიასტები"): „... უკუეთუ თქვას მონამან მან გულსა შინა თვისსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსვლად (ჰილიასტები კი სწორედ ამას ამბობენ - ქრისტეს მეორედ მოსვლა მალე არ იქნებაო!). და იწყოს გვემად მონათა და მხევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად (ეს კი მრავალი მწვალებელთათვის ყველაზე საამო საქმეა, რისთვისაც ისინი მარხვების გაუქმებასაც კი გეგმავენ!). მოვიდეს უფალი იგი მონისაი მის დღესა, რომელსა არა მოელოდის და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკვეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა" (ლუკა 12, 45-46), ამიტომაც ყოველთვის უნდა მოველოდეთ მას და არ განვაგდებდეთ თავისაგან ფიქრს უფლის მეორედ მოსვლაზე.
ნუთუ ქრისტეს ეს სიტყვები საკმარისი არ არის? ანდა ნუთუ ისინი ცხადი და დამაჯერებელი არაა?!
სწორედ ამის გამო სწორი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული მსოფლმხედველობა გამუდმებულ ფიქრს გვავალებს ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ, რათა განუწყვეტლივ განვიმზადებთ თავს მის შესახვედრად.
თვითონ უფალმაც ხომ ცხადად მოგვცა თავისი მეორედ მოსვლის მოახლოების ნიშნები და ამასთან ასე ბრძანა: „ეგრეცა თქვენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა" (მათე 24, 33), ის ადამიანები კი, ვისაც არ სურს გულისხმა-ყოს დროის ნიშები, მკაცრად გაკიცხა: „ორგულნო, პირი სამე ქვეყანისაი და ცისაი იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარი არა გამოიცადეთ?" (ლუკა 12, 56).
მოციქულები ამას დასძენენ, რომ ჩვენ არამხოლოდ უნდა ვემზადებოდეთ ამ დიადი დღისათვის „წმიდა ქცევითა და კეთილთა მსახურებითა", არამედ მოველოდეთ და ვესწრაფვოდეთ „მოსვლასა მას დღისა მის ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მხურვალნი დაიხსნენ და წესნი (ანუ სტიქიები - მიწა, წყალი, ჰაერი...) დაიწვნენ და დადნენ", და ეს აღსრულდება, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ აწინდელი ჩვენი ქვეყანა, აღსავსე ბოროტებითა და უსჯულოებით, მაშინ მოისპობა, და გამოჩნდება „ახალი ცანი" და „ახალი ქვეყანაი", სადაც „სიმართლე დამკვიდრებულ არს" (II პეტრე 3, 10-13).
ამიტომაცაა, რომ საღმრთო წერილს დაასრულებს ქრისტეს საყვარელი მოწაფის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ნიშანდობლივი ლოცვა, რომელიც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის ყველაზე სანუკვარ მოლოდინს გამოხატავს:
„ჰე, მოხვიდოდე, უფალო იესო!" (გამოცხ. 22, 20).
ასეთი ლოცვა და ფიქრიც კი ამაზე არ სურთ მხოლოდ. თანამედროვე მწვალებლებს - „ნეო-ჰილიასტებს", რამეთუ მათი ყველა აზრი და გრძნობა აქ არის, ამა ცოდვიან მიწაზე, რომლის არსებობაც მათ სურთ რაც შეიძლება მეტად გაახანგრძლივონ და მოჩვენებითი „ღმერთის მეუფება" დაამკვიდრონ ამქვეყნად, რაც პირდაპირ და აშკარად ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას.
ჩვენი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია კი გვასწავლის ყოველ დღეს, ძილისაგან აღდგომილნი, ქრისტე მეორედ მოსვლასა და განკითხვის დღეზე ფიქრით ვიწყებდეთ. ამისთვის ყოველდღიურ დილის ლოცვებში ჩვენ განწესებული გვაქვს ამ მრავალმნიშვნელოვან ლოცვას წარმოვთქვამდეთ: „მეყვსეულად მსაჯული იგი მოვიდეს და თითოეულისა საქმენი განშიშვლდენ, არამედ შიშით ღაღადვყოთ შუაღამესა: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ!", და კიდევ შემდგომ, დილის მეხუთე (ბასილი დიდის) ლოცვას, სადაც ნათქვამია: „განგვწმიდენ ჩვენ ყოვლისაგან შეგინებისა ხორცთასა და სულისა და მომმადლენ ჩვენ მღვიძარე გონება, გულისსიტყვა კეთილი, ყოვლისაგან ღამისა ამაოსა სოფლისაგან ჩვენ-ზედა მომავალისა საცთურისაგან მიხსნენ, რათა ღირს ვიქმნეთ მიწევნად მეორედ მოსვლასა მას ბრწყინვალესა, და განათლებულსა დღესა მას მხოლოდშობილისა ძისა შენისა, უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, მოსვლასა მისსა დიდებით განსჯად ყოველთა კაცთა, და მიგებად თვითეულსა საქმეთა მათთაებრ"...
აი, სწორედ ესაა სწორი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული მსოფლმხედველობა!
ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის ამქვეყნიური წარმავალი სიცოცხლე არის მხოლოდ „ღამე", და მისი ყველა აზრი და გრძნობა მიმართულია მომავალი „ბრწყინვალე და განათლებული დღისკენ", ოდეს „მსაჯული იგი ყოველთაი მოვიდეს".
ამიტომაც დღე-ღამის პირველ ღვთისმსახურებას, წოდებულს „შუაღამის ჟამად" თავის ცენტრალურ პუნქტად ესოდენვე ნიშანდობლივი ტროპარები აქვს: „აჰა ესერა სიძე მოვალს შუვა ღამეს და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარედ"... და: „დღე იგი საშინელი მოიხსენე, სულო ჩემო, მღვიძარებად და აღნთებად სანთელსა შენსა"...
და ყველაზე საშინელი ის არის, რომ „ნეო-ჰილიაზმის" მწვალებლობის მიმდევრებმა (რა თქმა უნდა, გარდა მისი მოთავეებისა და მესვეურებისა, რომელთაც კარგად აქვთ შეგნებული, თუ რას იქმან, საით მიექანებიან თვითონ და საით მიჰყავთ სხვებიც!) ზოგჯერ არც უწყიან, რომ ამქვეყნად ღმერთის მეუფების დამკვიდრებაში კი არ მონაწილეობენ, არამედ - ანტიქრისტეს მეფობის მომზადებაში! რამეთუ ძველი დროის ბევრი წმიდა მამის წინასწარი უწყებით, ამქვეყნად კეთილსვიანი და მშვიდობიანი ცხოვრების დამკვიდრების იდეით სწორედ ანტიქრისტე შეეცდება ადამიანთა ცთუნებას და თავისკენ მიზიდვას, ამასთან „ღმერთის მეუფების" ხმამაღალი სახელწოდებით შენიღბავს თავის ბოროტ მეფობას.
ამრიგად, საბოლოო ჯამში, სწორედ ანტიქრისტეს ემსახურებიან ეს თანამედროვე მწვალებლები - „ნეო-ჰილიასტები"!
ნუთუ აწინდელ დროში ეს შეიძლება ვინმესთვის ცხადი არ იყოს?!
ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა საზღვარგარეთის რუსულმა ეკლესიამ ამ ესოდენ გადამწყვეტ, ბედის განმსაზღვრელ დღეებში იტვირთა კადნიერება განედიდებინა და წმიდანთა დასში შეერაცხა ჩვენი დიდი, სრულიად რუსეთისა და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს მანათებელი კანდელი - მართალი მამა იოანე, კრონშტანდტელი საკვირველმოქმედი. ღვთისგან საყოველთაო განდგომისა და უეჭველად მოახლოებული ქვეყნის დასასრულისა და ქრისტეს მეორედ მოსვლის მეტად ცხადი სურათი მოგვცა ამ ღმრთივსულიერმა მამამ თავის უკანასკნელ საახალწლო ქადაგებაში, რომელშიც ასე დაგვმოძღვრავს: „შეხედეთ, რა მსწრაფლ უახლოვდება ეს ქვეყანა თავის დასასრულს! შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში: ყოველგნით ურწმუნოებაა! ყველგან შეურაცხყოფენ ყოვლადსახიერ შემოქმედს! ყოველგან გმობენ ღმერთს, ყველგან უტიფარი დაეჭვება, ურწმუნოება და დაუმორჩილებლობაა! მთელს მსოფლიოში გამალებული შეიარაღება და ომის საშიშროებაა. რუსეთისა და სხვა ქვეყნების ბევრ ადგილებში მწვავე შიმშილობაა. ყველგან სიკვდილის მუქარაა, ყველგან მკვლელობებია, ყველგან დაიტაცებენ სახელმწიფო ხაზინას და კერძო საკუთრებას, ყველგან მოჰკლებიან ადამიანები მისწრაფებას მაღალი სულიერი ინტერესებისადმი, რამეთუ თითქმის მთელს ინტელექტუალურ სამყაროს დაუკარგავს სულის უკვდავებისა და მისი მარადიული იდეალების რწმენა, ანუ ლტოლვა ღვთისმსგავსი სრულყოფილებისაკენ, რომლისთვისაც უფალი ასე გვეუბნება: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს" (მათე 5, 48). ყველგან მხოლოდ ერთი მისწრაფებაა - დაიკმაყოფილონ ცხოველური ვნებები. ყველგან ანგარებაა, სურვილი მტაცებლურად გამდიდრებისა. ყველგან აღვირახსნილი ლოთობა და გარყვნილებაა, არსად არაფრად აგდებენ უკვე ქორწინებით კავშირებს. შეხედეთ ყოველივე ამას და თვითვე განსაჯეთ: ეს ქვეყანა საბოლოოდ განიხრწნა და გადამჭრელ განახლებას საჭიროებს, როგორც ოდესღაც მსოფლიო წარღვნით იქნა განახლებული. უკანასკნელი ჟამები დაგვიდგა"... და შემდეგ წმიდა იოანე კრონშტანდტელი წმიდა პეტრე მოციქულის სიტყვებით აღგვიღწერს ამ უკანასკნელ ჟამთა სურათებს (იხ. IIპტრე 3, 3-18)...
„რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათე 11, 15)...
Xareba.net - ის რედაქცია