ახსნას ვინ?... ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!... შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი, - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობაა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და სიმდაბლის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმრთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდეთ ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა. ზეციური გამოცხადებანი აუცილებელია ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარი კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება.
თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანენი არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ, სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი, ხოლო წმიდა ქრისტიანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმერთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი მწვალებლობასთან ბრძოლაში. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმერთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომაკვდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელ სენითაა დაავადებული, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმერთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან.
ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის, ვინც ყურადღებით წაიკითხავს „საეკლესიო კრებათა შესაქმეს", ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია. დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას, რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინვებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან. ყოველი მწვალებლობა შეიცავს სული წმიდის გმობას: იგი ან სული წმიდის დოგმატს გმობს, ანდა სული წმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სული წმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არსი არის გმობა ღმრთისა. წმ. ფლავიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარხ ევტიქზე ამგვარად გადმოსცა: „ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორ თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება: ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დაღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი; რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის". ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაებრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით: - ეს არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმ. ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა. არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! „ეს განსხვავება სიტყვებში" - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია „საძრახისი", უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, ძირს ამხობს მთელს ქრისტიანულ სარწმუნოებას. აღსანიშნავია, რომ ყველა ძველი მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფვოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლობები კი უარყოფენ სული წმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკლესიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სული წმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა. უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ის ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი. თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს. ის მშვენიერი ადამიანი! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხოვნოს!... მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტიანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ!
ასეთი უმეცრება უმნიშვნელო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს. მითუმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტიანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში გამჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებლი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათ მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!); შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისაგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტიანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტიანობა. ეცადეთ, სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სამსჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტიანობის მეშვეობით.
ითარგმნა ბეთანიის მონასტერში 1988 წელს
Xareba.net - ის რედაქცია