სიტყვა მესამე
თავმდაბლობის წყალობით წმიდა მამებმა უდიდესი მადლი ჰპოვეს. მაგრამ იქნებ მორჩილს არ შეუძლია, ასეთ წარმატებას მიაღწიოს?! რასაკვირველია, შეუძლია, თუ დაიცავს მდუმარებას, უზრუნველობას, თუ სულიერად იღვაწებს; თუ მუდამ შიგნით, საკუთარ თავში ჩაიხედება და თავის სულიერ საგანძურში ნიადაგ რაღაცას დადებს; ასეთ შემთხვევაში იგი წარმატებას უეჭველად მიაღწევს.
ჩვენც ბერის მორჩილები ვიყავით. გვქონდა მორჩილების საქმე - დღიური სამუშაო და მრავალი სხვა რამ. ამ ღვთაებრივ სვლაში გზამკვლევად გამოცდილი ბერი გვყავდა და ჩვენი განაწესის დაცვით ზოგმა მამამ1 შეძლო და შეიცნო ის, რაც ისიხასტმა მამებმა დაგვიტოვეს, როგორც წმიდა საგანძური.
გავექცეთ უსარგებლო თემებზე საუბარს, თანმიმდევრულად აღვასრულოთ ჩვენი კანონი2, ერთგულად ვიაროთ ტაძარში. ეკლესიაში ყოფნისას ვუსმინოთ მსახურებას, ლიტურგიას, მწუხრს. ტრაპეზის დროს ერთად ვიყოთ. ყველაფერში დავიცვათ წესრიგი. სადაც წესრიგია, იქვეა მშვიდობაც, სადაც მშვიდობაა, იქ არის ღმერთი. სადაც უწესრიგობაა იქ შფოთია, სადაც შფოთია, იქვეა ეშმაკიც. „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ" - ბრძანებს საღმრთო მოციქული პავლე (1 კორ. 14, 40).
რადგანაც მორჩილები ვართ, აღვასრულოთ ჩვენი მორჩილება, ნუ ვივლით ჩვენს ნებაზე. პირველქმნილი ადამიანები თვითნებობამ სამოთხიდან გამოაძევა. ქრისტეს მიერ საკუთარი ნების თავისი მამისადმი დამორჩილებამ ეს ადამიანები ისევ სამოთხეში დააბრუნა - ასე იზეიმა მორჩილებამ.
ეურჩა მთიები ღმერთს, შეიქმნა მაღალი წარმოდგენა თავის თავზე, რისთვისაც ღმერთმა განაგდო. ასე გახდა იგი ეშმაკი, რომელიც ახლა ჩვენ გვებრძვის. ღვთისადმი მორჩილების ერთგული ანგელოზთა დანარჩენი დასები ღვთის დიდებაში დარჩნენ. ანგელოზებმა მადლის მიერ უცვალებლობა მოიპოვეს, თუმცა იმხანად ბუნებით ცვალებადნი იყვნენ. მთიებისა და ადამიანის დაცემით მათ ისეთი რამ შეიტყვეს, რომ ახლა ღვთისადმი მუდმივ მორჩილებაში არიან.
რაოდენ დაზიანებულია ადამიანური ნება, რამეთუ იგი თავის წიაღში ეგოიზმს, სიამაყეს, თავმოთნეობას და მრავალ სხვა თვისებას ფარავს. ამიტომ, საკუთარი ნების უარმყოფელი მორჩილი ვნებებისგანაც თავისუფლდება.
ქრისტე იყო მორჩილი „ვიდრე ჯუარცმადმდე", ანუ თავისი ნების სრულ მოკვდინებამდე.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა, რომ არ მოეკვეთა თავისი ნება, ადამიანი ვერ გადარჩებოდა! ზუსტად ასევე ვერ გადარჩება ის ადამიანი, რომელიც თვითნებობს და აკეთებს იმას, რაც მოეხასიათება.
რას ნიშნავს ნების მოკვეთა? ეს ნიშნავს, რომ მე განვაგდებ, უარვყოფ, განვკვეთ ჩემგან საკუთარ ნებას და მასთან აღარაფერი მაკავშირებს.
მორჩილი ვნებათაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როცა ზემომითითებული სახით საკუთარი ნების მოკვეთას მიაღწევს. რამდენადაც განეშორება იგი საკუთარ ნებას, იმდენადვე სუსტდება ვნებების შემოტევა.
თუ მორჩილი საქმით შეიცნობს მნიშვნელობას სიტყვებისა: „მაკურთხე" და „კურთხეულ იყავნ", იგი ზეციურ სამყაროში უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
როცა მორჩილი თავისი ნების მიხედვით მოქმედებს, ის შხამს სვამს და თავის თავს წამლავს.
მისთვის მიცემული მცდარი ბრძანებაც რომ აღასრულოს, შესრულებული მორჩილებისთვის მას ღმერთი დალოცავს...
ერთი მორჩილი ბერის მიერ მიცემულ მორჩილებას ასრულებდა ისე, რომ არც აინტერესებდა, რას აკეთებდა - დადიოდა, ძმებს სენაკებიდან ნივთებს ჰპარავდა და ბერთან მიჰქონდა! ბერი ართმევდა მათ და უკან აბრუნებდა. მორჩილს არასოდეს გასჩენია ასეთი გულისსიტყვა: „ეს როგორ მექცევა ბერი? მიბიძგებს და მასწავლის, ვიქურდო? შემდეგ ქურდობა ჩვევად რომ მექცეს?". ის დაფიქრდა და თქვა: „მე მორჩილებას აღვასრულებ; რა არის ეს, რასაც ახლა ვაკეთებ, არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ მორჩილებას ვასრულებ!".
ერთ ბერთან, რომელსაც თავისი საძმო ჰყავდა, ვიღაც უცნობი მივიდა და მისი მორჩილი გახდა. ბერმა უთხრა: „რადგან გინდა ჩვენს საკრებულოს შემოუერთდე, მე გაძლევ მცნებას - ერთი სიტყვაც არ წამოგცდეს. დამუნჯდი ქრისტეს გულისთვის!". მან უპასუხა: „კურთხეულ იყავნ!".
მორჩილმა ამ ძმობასთან გარკვეული ხანი დაჰყო, მაგრამ ბერმა დაინახა, რომ მისთვის აქ ყოფნა უსარგებლოა და უმჯობესი იქნებოდა, აქ არ ეცხოვრა. ერთხელ მან მორჩილს წერილი მისცა და უთხრა: „მე სხვა ბერთან გაგაგზავნი, ამა და ამ მონასტერში წადი, ეს წერილი იღუმენს გადაეცი და იქ დარჩი".
იღუმენმა წაიკითხა ეს სარეკომენდაციო წერილი, რომელშიც ეწერა: „გთხოვთ, მამაო, მიიღოთ ეს ძმა. ის კარგი მონაზონია..." და ა.შ. და მანაც მიიღო იგი.
გარკვეული დროის შემდეგ ეს მონაზონი აღესრულა ისე, რომ მდუმარება არ დაურღვევია. მეორე ბერმა - იღუმენმა მისი სიკვდილის შემდეგ მისწერა პირველს: „თუმცა მუნჯი ძმა გამომიგზავნე, ის ნამდვილი ანგელოზი იყო!"
პირველმა უპასუხა: „ბუნებით იგი ასეთი არ ყოფილა, მაგრამ მცნება დაიმარხა და მდუმარებდა!" იღუმენი ამ ძმის ძალამ გააოცა, თუ რაოდენ უზადოდ დაიცვა მან თავისი პირველი ბერის მიერ მიცემული მცნება.
იმის თქმა მსურს, რომ სიწმიდე საკუთარი ნების სრული დატევებაა.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ კიდეც: როგორ პატივს მიაგებს სრულყოფილ მორჩილეს ქრისტე - ეს უპირველესი მორჩილი! და როგორ შეიძლება, რომ ასეთები ქრისტემ თავისთან, თავის საძმოში არ წაიყვანოს, სადაც ისინი მარადის იხილავენ მის სახეს, როგორც წმიდა მახარებელი იოანე ღვთისმეტყველი აპოკალიფსში წერს: „და იხილონ პირი მისი და სახელი მისი შუბლთა ზედა მათთა" (გამოცხ. 22, 4).
ჩვენ, თანამედროვე მონაზვნები, საკუთარ ნებას ჩაფრენილნი და ჩაჭიდებულნი ვართ, ამიტომაც ვერ ვახერხებთ ზეაღსვლას. ჩვენ არ ვამბობთ: „მაკურთხე" და „კურთხეულ იყავნ", არამედ ვიმეორებთ: „ეს ასე კი არა, ისეა" და სხვასაც ბევრს ამნაირს; და ჩვენს თავს, ჩვენს ცხოვრებას შხამით ვწამლავთ. ამიტომაც კარგი მონაზვნების მსგავსად წარმატებას ვერ ვაღწევთ.
მამათა წიგნებში ვკითხულობთ ზოგიერთი წმიდა მორჩილის შესახებ.
წარმოიდგინეთ, ერთმა იღუმენმა მორჩილი სენაკში ხარი დააბინავა - გადიოდა წლები და პირუტყვი მორჩილს უგლეჯდა ძაფებს და უმტვრევდა საქსოვ დაზგას! და, რა თქმა უნდა, სენაკში ბევრ რამესაც სჩადიოდა! მისგან მოსვენება არ იყო! მიუხედავად ყოველივე ამისა, ძმას წინააღმდეგობის გულისსიტყვა არასდროს გასჩენია; თავადვე უთხრა ამბა პაფნუტის: „ამბა, არასდროს გამჩენია უკეთური გულისსიტყვა ჩემს ბერზე, თუ რატომ შემოიყვანა ჩემს სენაკში ხარი. რადგანაც ასე მოიქცა, ესე იგი, იცის თავისი საქმე და მორჩა".
საკუთარი გულისსიტყვა მას არ ჰქონდა, ბერის გულისსიტყვა იყო მისი სულისსიტყვა.
ამიტომაც ვამბობთ: „თუ სულიერი მორჩილება არ გაგვაჩნია, მაშინ საერთოდ არაფრისთვის მიგიღწევია. როცა არ გვსურს ის, რაც სურს ბერს, მაშინ ჩვენ უკვე მორჩილნი აღარა ვართ და სულიერი მორჩილება არ გაგვაჩნია. და მიუხედავად იმისა, რომ საქმით შეიძლება მორჩილებას ვასრულებდეთ, მაინც ვემსგავსებით ადამიანებს, რომელთაც აქვთ სხეული, მაგრამ არა აქვთ სული. ლოგიკურად ხომ სრულიად მიუღებელია, რომ უსულო ადამიანი არსებობდეს.
სულიერი ლოგიკის თანახმად, ასევე მიუღებელია, მორჩილად მიიჩნიოთ ის, ვინც მორჩილებას მხოლოდ საქმით აღასრულებს. უპირველესად მას სული უნდა ჰქონდეს, სულიერ მორჩილებას მისდევდეს და ამბობდეს: რაც სწამს, რასაც ფიქრობს, განსჯის, ვარაუდობს და გადაწყვეტს ბერი, ზუსტად ისე ვფიქრობ, ვთვლი, ვწყვეტ მეც".
წმიდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა უზენაესისგან დალოცვა მხოლოდ მორჩილებისთვის მიიღო. ეს ძალზე შთამბეჭდავი და ცხადი მაგალითია.
წმიდა პაისის ჰყავდა მორჩილი, რომელსაც ერთხელ უთხრა: „შვილო ჩემო, წადი და წყალი იმ გეჯიდან დალიე". მორჩილი გულისსიტყვას აჰყვა: „იმის მაგიერ, რომ მორჩილების სამუშაოთი ასე დაღლილსა და ოფლიანს მითხრას, წადი და წყალი დოქიდან ან წყაროზე დალიო, ბერი მეუბნება, გეჯადან დავლიო ეს ნარეცხი!" იგი გულისსიტყვას მიენდო და ძალზე ბევრი დაკარგა!..
შემდეგ გაიფიქრა: „რატომ, არ შეიძლება, რომ წყლის დასალევად წავიდე?!" - წავიდა კიდეც, მაგრამ წყალს ვერსად მიაგნო. მაშინ ამბა პაისიმ უთხრა: „საცოდავო, იცი თუ არა, რა „ნარეცხი" იყო ეს? მე ქრისტეს ფეხთნაბან წყალს გთავაზობდი".
მას შემდეგ მორჩილს სულიერი მწუხარება დაეუფლა, ამბა პაისი მის ნუგეშინისცემას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ! იგი იქამდე მივიდა, რომ სიმშვიდეს საერთოდ ვეღარ პოულობდა. წმიდანმა ნახა, რომ ძმა ვეღარ წყნარდებოდა, მასთან ცხოვრებაც აღარ შეეძლო და ერთხელ უთხრა: „წადი ამა და ამ ადგილას. იქ სამი საფლავია. ერთ-ერთ მათგანთან ილოცე და ყური დაუგდე, რას გეტყვის...". ასეც მოხდა. მორჩილს საფლავიდან ხმა მოესმა: „უკან გაბრუნდი შენს ბერთან და მორჩილება აღასრულე!".
მაგრამ მორჩილი შინაგანად უკვე შეირყა; მისი სულის შენობა ისე დაიბზარა, რომ ამოვსება უკვე აღარ შეეძლო. სიცოცხლის ბოლომდე ამბა პაისის მორჩილად დარჩა, თუმცა ქარიშხალში მოხვედრილივით ირყეოდა და აქეთ-იქით ეხთქებოდა.
სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა საკუთარ ნებაზე გაიმარჯვა და თავისი სრული მორჩილებისთვის უზენაესისგან დალოცვა მიიღო. ზემოხსენებული მორჩილი კი საკუთარი ნებით მოქმედებდა, მორჩილება ვერ არასრულა და მადლი მოაკლდა.
ეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მაგალითია. ყველაფერი რომ გადმოგვეცა, რაც მოიმოქმედეს მამებმა - ამ საოცარმა მორჩილება - მრავალტომიანი წიგნი უნდა დაგვეწერა.
ეს მაგალითები სარკეა, რომლებშიც ჩვენი თავი და ჩვენი სახე შეიძლება დავინახოთ...
ღერთი შეგვეწიოს ყველას, რომ გონს მოვიდეთ და დავინახოთ საკუთარი თავი, დავინახოთ, თუ რამდენად უარვყავით ჩვენი ნება. ვიღვაწოთ, რათა განვიწმიდოთ შხამისგან და შევძლოთ ღვთივსათნოდ ცხოვრება. შევძლოთ ცხოვრება ისე, როგორც უფალს ნებავს და როგორც ამას ჩვენგან სამონაზვნო წესი ითხოვს.
1 „ზოგ მამას" უეჭველად შეიძლება თავად მამა ეფრემიც მივაკუთვნოთ. მისი საოცარი თავები „ლოცვის შესახებ" ამის შესანიშნავი დადასტურებაა.
2 ათონზე მონაზვნური კანონის შესრულება ძილის შემდეგ მაშინვე იწყება - ჩვეულებრივ შუაღამიანის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. ტრადიციულად იგი შედგება იესოს ლოცვისაგან, რომელიც სენაკში, ღამის სიბნელეში სკვნილზე სრულდება. კანონის შესასრულებლად ათონზე სამასკვანძიანი სკვნილი გამოიყენება. თავად კანონი შედგება იესოსადმი 900 ლოცვისაგან (როგორც აღვნიშნეთ, საბერძნეთში ხუთსიტყვიან იესოს ლოცვას ამბობენ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე"), რაც სკვნილის სამჯერ შემოვლას უდრის და ღვთისმშობელისადმი 300 ლოცვისგან („ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ") - ეს კი ერთი შემოვლაა.
არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი
წიგნიდან „სამოღვაწეო სიბრძნის მარგალიტები"
Xareba.net - ის რედაქცია