ტროპარი
ამაღლდი იდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
აღდგომიდან მეორმოცე დღეს იესო ქრისტე იერუსალიმში გამოეცხადა მოციქულებს. უკანასკნელად დამოძღვრა ისინი, აღუთქვა, რომ სულიწმინდა გარდამოვიდოდა მათზე, მიმნიჭებელი მადლისა და ძალისა, რითაც ეშმაკს დასთრგუნავდნენ, ხალხს სჯულს უქადაგებდნენ. ამის შემდეგ მოძღვარმა ბეთანიას გაიხმო ყველა, აკურთხა ისინი და მათ წინაშე ზეცად ამაღლდა ზეთისხილის მთაზე. მოციქულები კი მოიქცნენ იერუსალიმადვე „სიხარულითა დიდითა", რადგან იმწუთს ცხოვლად იგრძნეს, რომ უფალი არა თუ განეშორა მათ, არამედ უმეტესად და სამარადისოდ მიეახლა მათ გულებს.
„აჰა, ესერა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა" - უფლის ეს აღთქმა ანიჭებდა დიდ სიხარულსა და სიმხნევეს მოციქულთ. იცოდნენ, რომ უფალი არ მიატოვებდა მათ ჭირსა და განსაცდელში, თან გაჰყვებოდა ყველგან, დაინახავდა მათ შრომასა და ღვაწლს.
მაგრამ უფლის ეს სიტყვები: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ", არ შეიძლება გავიგოთ როგორც მხოლოდ მოციქულთა მისამართით თქმული. მოციქულნი ხომ თავის დროზე აღესრულნენ. უფალი კი ამბობს: „მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა", მაშასადამე ეს აღთქმა უფალმა ყველა მორწმუნე ქრისტიანს მისცა, რომელიც კი იქნება ვიდრე „აღსასრულამდე სოფლისა".
ჭეშმარიტად, უფალი ახლაც არის ჩვენთან, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება, მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ქრისტიანთა შორის. ხომ თვითონვე თქვა: „მამაჩემი მოაქამომდე იქმს და მეცა ვიქმ". მაგრამ თუ ვინმე ვერ გრძნობს მის არსებობას, თუ ვინმეს გულში არ სუფევს მოციქულთა მსგავსი სიხარული, როცა მათ ესმათ სიტყვები: „მე თქვენთანა ვარ", მაშასადამე იგი თვითონვეა ამაში დამნაშავე, რადგან ვერ დაინახა უფალი, არ ეცადა მასთან დაახლოებას, არ გაუღო მის დიდ სიყვარულს გულის კარი.
როგორ უნდა შევიდეს იესო ქრისტე ისეთი ადამიანის გულში, რომელიც ყოველივე ამაოებითაა სავსე და იქ ადგილი აღარ ჩანს უფლისათვის. ღვთის მოყვარულნი დღეს ისე აღარ დააღამებენ, არ იფიქრონ უფალზე, არ გაიხსენონ მისი რომელიმე სიტყვა და სწავლა, ყოველ დილა-საღამოს არ წაიკითხონ სახარება და ამ გზით გააცოცხლონ თავიანთ გულში ხატი მაცხოვრისა.
ასეთი ადამიანისათვის სრულად გასაგებია ის დიდი სიხარული, რაც მოციქულებს მიანიჭა უფლის სიტყვებმა: „აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა", გასაგებია, რადგანაც იცის, რომ არა მარტო მოციქულებს მიმართავს ამ სიტყვებით უფალი, არამედ ყველა მის მორწმუნეს.
თუ გსურთ, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა თქვენსა, ხშირად უნდა იკითხოთ სახარება, მხოლოდ მაშინ მიხვდებით სიდიდეს და ჭეშმარიტებას უფლის აღთქმისას: „აჰა ესერა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. ამინ!"
Xareba.net - ის რედაქცია