უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა: „და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათე. 10. 22). „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ" (იოან. 15. 20). „უკეთუმცა სოფლისაგან იყუენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა, რამეთუ არასოფლისაგანნი ხართ თქუენ... - ამისათვის ჰსძულთ თქუენ სოფელსა" (იოან. 19. 12). ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ეს სიტყვები ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე. იცვლება ქრისტეს მიმდევართა დევნის ფორმები, სულ უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება ეკლესიასთან ბრძოლის ხერხები, ხან მეტად აშკარაა, ხან დაფარული ხრიკები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, და მაინც, დაპირისპირება ამა სოფელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის წამითაც არ სუსტდება, სულ უფრო იზრდება და საშინელ ქარიშხლად მოვარდნით გვემუქრება. დღეს საზოგადოება თითქოს კეთილგანწყობით ეკიდება ეკლესიას, სინამდვილეში სოფელმა ეკლესიასთან ბრძოლის მეთოდები შეცვალა. ქრისტეს მტრებს ესმით, რომ ქრისტიანული რწმენის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება შეუძლებელია და რომ აშკარა შევიწროვება მხოლოდ შეამჭიდროვებს მორწმუნეებს, მათ გულებში ძლიერ მოშურნეობას აღაგზნებს, გარდა ამისა, ხედავენ, რომ ეკლესიას ძლიერი გავლენა აქვს ხალხის სულზე, - და აი, მათ სურთ შეინარჩუნონ ფორმა და გარეგნული სახე ეკლესიის, როგორც გარკვეული ორგანიზაციისა, რომელსაც ხალხში ავტორიტეტი გააჩნია. ამასთანავე, ეკლესიის ცხოვრება და მსოფლმხედველობა სურთ დაუმორჩილონ ერთ მიზანს, მისი საშუალებით გავლენა იქონიონ ხალხზე და მიმართონ ისინი გარკვეული მიზნებისაკენ, ისარგებლონ იმით, რომ მათ სჯერათ ეკლესიის. ხოლო როცა ეკლესია არ თანხმდება კომპრომისებს, მაშინ მის წინააღმდეგ დაუფარავი მტრობა და დაჟინებული ზეწოლა იწყება და აი, უკვე ყოველი მხრიდან, ხან საზოგადოებრივი პრესითა და ტელევიზიით, ხან საზოგადოების სხვადასხვა ფენის შუაგულიდან, ხან ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის ან მაღალი საზოგადოების კულტურის წარმომადგენლის ბაგეთაგან ეკლესიის მისამართით სხვადასხვაგვარი მძიმე ბრალდება ისმის. ბევრი საკითხს ისე წარმოაჩენს, თითქოს ეკლესია ძლიერ შეირყვნა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის სულს განეშორა და უკვე, არათუ ვერ ეხმარება ადამიანს მართალი გზით იაროს, არამედ პირიქით - ხალხის ცხოვრების განვითარებას აფერხებს, ხელს უშლის პროგრესს, აზიანებს ჯანსაღ აზროვნებას და ნორმალურ ზნეობას ამახინჯებს. მოკლედ, ხალხს ნორმალურ ცხოვრებასა და ჯანსაღ საზოგადოებაში განვითარებას უშლის. ზოგიერთები ეკლესიის ცხოვრების საქმეებში ჩარევას და „საღი წარმოდგენების" პრინციპით მის გადაკეთებას ურჩევს (რომლებიც ძირითადად დასავლურ ფსიქოლოგიას და ახალი საზოგადოების მშენებლობის ევროპულ კულტურას დაესესხნენ), ეკლესიის სხეულს „სასწრაფო ქირურგიული" ოპერაციაც კი გამოუწერეს. („ქირურგია" ბერძნული სიტყვაა, ითარგმნება როგორც „ხელით მოქმედება" - როგორც ჩანს, უკვე ცემა-ტყეპის გამოყენებას სთავაზობენ, ანუ მოქმედებას არა საბუთებისა და სიტყვიერი პოლემიკის ძალით, არამედ უკვე პირდაპირ - ფიზიკურით.
აქ უპრიანია გავიხსენოთ ბიბლიური თხრობა წმ. სუსანას შესახებ (იხ. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნი. თავი 13). აი, მოკლედ მისი შინაარსი: ბაბილონში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, სახელად იოაკიმი, მას ცოლად მეტად ლამაზი და ღვთისმოშიში ახალგაზრდა ქალი - სუსანა ჰყავდა. იოაკიმის მდიდრული სახლის ბაღში ხშირად იკრიბებოდნენ ადგილობრივი იუდეველები საკამათო საკითხების გადასაჭრელად, დანაშაულის განსასჯელად, მათ შორის წარმოქმნილი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. იმ წელს ორი უხუცესი აირჩიეს მსაჯულებად. მას შემდეგ, როცა ხალხი ბაღს ტოვებდა და იგი ჩაიკეტებოდა, მორცხვი და მშვენიერი სუსანა ბაღში სეირნობდა. ორივე უხუცესი ხშირად სტუმრობდა იოაკიმის სახლს, ხედავდნენ სუსანას და მის მიმართ ბილწი გულისთქმა გაუჩნდათ, მაგრამ ამას ერთმანეთს არ უმხელდნენ. თუმცა, დიდხანს ვეღარ შეძლეს ამ ვნების დაფარვა, იძულებულნი შეიქმნენ ერთმანეთისთვის გაემხილათ, ერთად ემოქმედათ და ქალი ცოდვისაკენ მიედრიკათ. ერთხელ უთვალთვალეს როგორ გამოვიდა სუსანა ბაღში ორ მხევალთან ერთად და ბანაობა მოისურვა, როცა ამისთვის მსახურებმა ყველაფერი მოუმზადეს, წმინდანმა ისინი განუტევა და ბაღში მარტო დარჩა. მაშინ ორივე უხუცესმა მასთან მიირბინა და დანებება მოსთხოვა, სხვაგვარად იმუქრებოდნენ, რომ სუსანას ყმაწვილკაცთან მრუშობაში დასდებდნენ ბრალს, ვისთან შეცოდებისთვისაც მან თითქოსდა მხევლები განირიდა. ატირდა სუსანა და თქვა: „შეჭირვებულ ვარ ყოველმხრივ, რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო" და „დიდის ხმით იყვირა სუსანამ". მაშინ უხუცესებმა, სახალხო მსაჯულებმა სუსანას ბრალი დასდეს მომაკვდინებელ ცოდვაში და სიკვდილი მიუსაჯეს. როცა სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავდათ, უფალმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის, წმინდა დანიელ წინასწარმეტყველის სული და მან შესძახა ხალხს: „უგუნურები ხართ, ისრაელიანებო, არ გამოგიძიებიათ, არ გაგირჩევიათ სიმართლე და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი? დაბრუნდით სამსჯავროში". და აი, კვლავ გაიმართა სასამართლო, ოღონდ არა ისეთ ნაჩქარევი, წმ. დანიელმა ცილისმწამებლურ უხუცესთა დაშორება და ხალხის წინაშე მათი ცალცალკე დაკითხვა მოითხოვა. ეკითხება პირველს: რომელი ხის ქვეშ ჰპოვა მან მემრუშენი და იგი ასახელებს დანამასტაკის ხეს, ეკითხება მეორეს - და იგი, რომელმაც ვერ მოასწრო პირველთან თათბირი, ასახელებს მუხას. ამგვარად იმხილება ცრუმსაჯულთა ტყუილი და ვერაგობა. „მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ... აღდგნენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ... ისევე მოექცნენ მათ, როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ... და დახოცეს ისინი".
წმ. იპოლიტე რომაელი (მესამე საუკუნის მამა) წინასწარმეტყველ დანიელის წიგნის განმარტებისას ამბობს, რომ სუსანა ეკლესიის პირველსახეა, მისი დიდგვაროვანი ქმარი - ქრისტესი, ხოლო ცრუმსაჯულები, უხუცესები ორ ხალხს გამოხატავს, რომელთაგან პირველი წინადაცვეთილთა ტომია (რამდენადაც წმინდა დანიელი პირველ უხუცესს მიმართავს როგორც კანონის მცოდნეს, მაგრამ უსამართლოდ მსაჯულს), ხოლო მეორე - წარმართთა ტომიდანაა (მას წმინდა დანიელი ასე მიმართავს: „ქანაანის თესლო, არა იუდასო!"). (გაგრძელება...)
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
Xareba.net - ის რედაქცია