რაში მდგომარეობს თანამედროვე მონაზვნობის დაცემის მიზეზი?
ამ ცოტა ხნის წინ მონასტრებს ანგრევდნენ, მონაზვნებს1 ასახლებდნენ და სიცოცხლეს უსპობდნენ. ახლა მონასტრები იხსნება, მაგრამ მონაზვნობა ბუმბულის ლეიბზე დასვენებულ მომაკვდავ ავადმყოფს დაემსგავსა.
ძველად მონაზვნები კარგები ან ცუდები, მაგრამ მაინც მონაზვნები იყვნენ. ახლა კი რამდენი ადამიანი გამოჩნდა, რომელთაც თვითონაც ვერ გაუგიათ კარგად რა უნდათ ან რას ეძებენ მონაზვნობაში. როგორი ქაოსია მათ გულსა და თავში, აბრეშუმის ანაფორებისა და დაუთოებული ბარტყულების2 მიღმა! წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა მონაზვნობის არსი შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „დაე, ამა სოფელმა ყველაფერი წამართვას მე და დამიტოვოს მხოლოდ ერთი - ქრისტე". ეს სულიერი სიგლახაკე, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ, ქრისტესადმი სიყვარული გააჩნია - თანამედროვე მონაზვნობისათვის გაუგებარი გახდა. მას ეშინია ყოვლისშემწველი სიყვარულისა, არ უნდა ამა სოფლის დატოვება და სოფელიც აგრძელებს მათი სულის სიღრმეში ცხოვრებას ადამიანთა მსახურების, ქრისტიანობის ქადაგების, გაჭირვებულთა და ავადმყოფთა დახმარების, ახალი მონასტრებისა და საცხოვრებელი კელიების მნიშვნელობის და სხვათა სახით. მონაზვნები თითქოს უფრთხიან უთვალავ საქმეთა საზრუნავიდან გულისმიერი მდუმარების სივრცეში გამოსვლას, სადაც ადამიანის სული მარადისობის სუნთქვასა და ღვთაების სიახლოვეს შეიგრძნობს.
ჩვენ აქ ვსაუბრობთ შეგნებულ თვალთმაქცებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ ვნებებს ემსახურებიან. საუბარია არა მათზე, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანზე: რატომ ეცემა ასე კატასტროფულად მონაზვნური სული? რატომ გახდნენ მონაზვნები საეროთაგან მხოლოდ უქორწინებლობით, ლოცვითი კანონებითა და აგრეთვე სხვაგვარი შესამოსლით განსხვავებულნი? ჩვენ მონაზონთა შორის გვხვდებიან მშენებლები, მქადაგებლები, ღვთისმეტყველები, ექიმები, აღმზრდელები და ა.შ., სწორედ იმიტომ, რომ ეს საქმეები სულიერ სიცარიელეს ავსებენ, რომელიც თანამედროვე მონაზვნობის გულში წარმოიშვა. ამბობენ, რომ ახლა სხვა დროა, მაგრამ სოფელს ხომ არც ადრე ესმოდა მონაზვნობისა, და იგი არც ითხოვდა მისგან ცნობასა და აღიარებას, ის თავის თავს სოფლისაგან განაყენებდა არა იმდენად მონასტრის კედლითა და უდაბნოს ქვიშით, რამდენადაც მთავრით - თავისი სულის მისწრაფებით, საკუთარი თავის უარყოფით. „სოფელი ჩემდამი ჯუარ-ცმულ არს და მე - სოფლისა" (გალ. 6, 14). თქვა თავის ამ უარყოფის შესახებ პავლე მოციქულმა. მონაზვნობა ეს არის გონებისა და გულის ღვთისაკენ განუწყვეტელი მიმართვისა და სულის ამსოფლიურ ხატებათა და გულისთქმათაგან, რომელთა საფარქვეშაც ვნებები იმალება, განუწყვეტელი განწმენდის ღვაწლი. მონაზონი ისაა, ვის ამასოფლის ლანდებისა და აჩრდილებისაგან განთავისუფლებულ გულის სიღმეშიც ჰყვავის და სუნთქავს იესუ ქრისტეს სახელი. ერთ-ერთმა ძველმა ქრისტიანმა მწერალმა, შეიძლება არც მთლად ზუსტად, მაგრამ ხატოვნად თქვა: „როდესაც გული გონების თვალს ღმერთს მოაცილებს, მაშინ იგი სასტიკი და ცივი ხდება". და როცა მონაზვნის გონება მიწისაკენაა მიპყრობილი და ამასოფლის ხატებანი აღავსებენ მის გულს, ის ღვთისათვის მკვდარი და ადამიანებისათვის გამოუსადეგარი ხდება, მისი სულის ნათელი ქრება.
მონაზვნობა ეს არის განუწყვეტელი იესუს ლოცვის ხელოვნება, რომელსაც წმიდა ხელოვნება, რომელსაც წმიდა მამები მხატვრობათა მხატვრობას და მეცნიერებათა მეცნიერებას უწოდებდნენ. მხოლოდ ამ შინაგან გულისმიერ, ამასოფლისათვის უხილავ ლოცვას შეუძლია გარდაქმნას მონაზონი სხვა არსებად. ძველი დროის მამები თავის მოსწავლეებს იესუს ლოცვას ასწავლიდნენ; ისინი მას მონაზვნის მთავარ საქმედ თვლიდნენ, ხოლო დანარჩენ სხვას, მისთვის მომზადებად.
ამასოფლის საქმეები, თავისთავად რაც არ უნდა სასარგებლონი და ღირებულნი იყვნენ, მონაზვნისათვის წარმოადგენენ უცხო მხარეს, ქვეყანას, რომელიც მან დატოვა. ეს საქმეები სულის კარებს უღებს გულისთქმების, მოგონებების, გეგმების, სურათების, გონებრივი საუბრების მთელ ურდოს, რომელთა შედეგადაც სულში იჭრება მრისხანება, შიში, პატივმოყვარეობა, ავხორცობა და სხვა ვნებები. ლოცვა ზედაპირული და გარეგნული ხდება, ადამიანს ლოცვა ახსენდება ამასოფლის საქმეთა შორის, როგორც რაღაც მეორეხარისხოვანი რამ. თუ მაინც მოიკრებს ის ძალისხმევას, რათა არ დაკარგოს ლოცვა საქმეთა ორომტრიალში, მაშინ ლოცვა კაშკაშა ალიდან გადაიქცევა ღამის მბჟუტავ სანთურად.
მხოლოდ ამასოფლისათვის სიკვდილით, რითაც თავის გრძნობებს დახშავს მისთვის, მონაზონს შეუძლია იესუს ლოცვით, როგორც სულიერი მხატვრობით დაკავება; მსოლოდ იესუს ლოცვით მლოცველს შეუძლია დიცვას თავისი გული გულისთქმებისაგან, ჩასახვის მომენტშივე დაინახოს ისინი, შეახეთქოს ლოდს - იესუს სახელს და გრძნობების გარეშე სიმყუდროვეში დაიცვას სული სურათებისა და ხატებათა ჩვენებათაგან, აზრებისაგან. მდუმარებასა და ლოცვაში გაღვიძებული სული გამდნარი ცვილივით მხურვალე და რბილი ხდება; მაშინ ის თავის ცოდვებს ხედავს და ტირის: დარდისაგან, რადგან განარისხა ღმერთი და სიხარულისაგან, რადგანაც, იგი ღმერთს არ მიუტოვებია; შემდეგ მადლი სულში დაივანებს, თავიდან როგორც გულის სითბო, მერე როგორც გონების სინათლე და ადამიანი საკუთარ თავსა და მთელ სამყაროს ფერნაცვალს ხედავს; ის მონაზვნობის საიდუმლოს წვდება, როგორც საიდუმლოს სიყვარულისა და მეფედ კურთხევაზე მეტად უხარია.
მადლთან შედარებით, ყველაფერი, რისკენაც მიილტვის მსოფლიო და რითაც ამაყობს ის, ფერფლსა და ნაცარს ჰგავს. უფალი მონაზვნებისაგან მწუხარებას არ განარიდებს, უფრო მეტიც, ისინი ერისკაცებზე გაცილებით იტანენ. მაგრამ თვით ამ განაცდელში ჰპოვებენ ისინი უდიდეს ნუგეშსა და გულის დაულეველ სიხარულს. მონაზვნობა ადამიანის გულის უფსკრულის ამოვსებაა, მაგრამ სახელი იესუ ქრისტესი კოსმოსივით გარეშემოუწერელი, შემოზღუდავს და აღავსებს მას. ამიტომ მონაზონი თავის კელიაში ზის მდუმარედ, გულში იესუ ქრისტეს სახელის მქონე და ეს კელია სამოთხის კარიბჭეთ ეჩვენება.
მონაზონთა დიდი მოძღვარი ღირსი ისააკ ასური წერს, რომ თუ მონაზონი თავისი საქმით მდუმარედ იქნება დაკავებული, მაშინ თვით ღმერთი იზრუნებს მასზე. ღირსი ისაია განდეგილი ამბობს: „არ გამოხვიდე შენი კელიიდან, ილოცე, აკეთე მეტანიები და ნუ ჰკითხულობ თუ ვინ გამოგკვებავს, რადგან ღმერთმა იცის ეს და გამოგიგზავნის იმას, რაც შენ გჭირდება". აბბა დოროთე გვასწავლის: „თუკი ღმერთს მოუნდება ადამიანის ნუგეშისცემა, მაშინ სარკინოზსაც კი მოულბობს გულს რათა შეეწიოს უნუგეშოს". წინასწარმეტყველმა და ფსალმუნთმგალობელმა დავითმა თქვა: „არა ვიხილე მართალი დაგდებულ, არცა თესლი მისი მთხოველ პურისა" (36, 25). მართალში იგულისხმება ის, ვინც თავისი საქმით - ლოცვით, მდუმარებითა და ხელსაქმით ე.ი. აუცილებელი შრომით - არის დაკავებული. ის არ იშიმშილებს არც სულიერად, არც ხორციელად, ხოლო მისი შთამომავლები ანუ მოწაფეები, მასთან ერთი სულით განმსჭვალულნი და ლოცვის ხელოვნებას დაუფლებულნი, ამა სოფელში არ დაიწყებენ მფარველების ძებნას.
როგორც ღირსი ისააკ ასური ამბობს: „თუკი შენ ჭეშმარიტი მონაზონი იქნები და მხოლოდ ღმერთს ემსახურები, მაშინ სოფელი შენთან მონასავით მოვა და ფერხთით გაგიწვება". და თუ მონაზონი თავისი აღთქმის შესრულებისათვის და ამა სოფლისაგან განდგომისათვის გადაიტანს განსაცდელებსა და შევიწროებას, დევნასა და ცილისწამებას, განდევნასა და ყველასაგან მიტოვებას და ყოველივე ამას ბოლომდე გაუძლებს, მაშინ უფალი ორმაგ ჯილდოს მიანიჭებს მას: ამქვეყნად, განსაცდელებში - განსაკუთრებულ სულიერ ნუგეშს, ხოლო მარადისობაში - ქრისტესთვის მოწამის გვირგვინს.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი )
Xareba.net - ის რედაქცია
1ტერმინი მონაზონი აღნიშნავს, როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის მონაზვნებს, ხოლო თანამედროვე ქართულში დამკვიდრებული ტერმინი ბერი, აღნიშნავს უდიდესი გამოცდილებისა და განსაკუთრებული მადლის მქონე მონაზონს, რომელსაც უკვე სხვების ხელმძღვანელობაც შეუძლია. ტერმინი ბერი შეესაბამება ბერძნულ „გერონდა"-ს და რუსულ „სტარეც"-ს (მთარგმნელი).
2ბარტყულა - მონაზონთა თავსაბურავი.