ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, მრავალი აზრი დამებადა გონებაში. მე ვფიქრობ, არ უნდა დავმალო ეს აზრები. რომ შემეძლოს, მე დავწერდი ამის შესახებ, ტილოზე დავხატავდი, მუსიკით გადმოვცემდი. გიჩვენებდით ჩემს ფიქრებს და გრძნობებს, თითქოს ჯადოსნურ სარკესთან მდგარი, რომელიც დაუფარავად ამბობს იმას, რასაც ჩვენ ვფიქრობთ.
მოდით, ერთ წყნარ საღამოს, ვცადოთ დღის განმავლობაში ყველა ჩვენი მოქმედებისა და აზრის სარკის წინაშე გაანალიზება. დიდად გავიხარებდით, სარკეში ჩვენს ამაღლებულ აზრებს თუ დავინახავდით, და პირიქით, დაცემული და უღირსი აზრების დანახვისას სირცხვილით დავიწვებოდით, შიშით მოვკვდებოდით. მაშინ საკუთარი თავით შეძრწუნებულნი ვიტყოდით „მე ნამდვილი ურჩხული ვარ და არა ადამიანი!"
ერთ დღეს საიუვილერიო მაღაზიის წინ გავიარე და თაროზე უთვალავი ძვირფასი ნივთი დავინახე. გავიფიქრე: „შევალ ახლა მაღაზიაში, მოვითხოვ მაჩვენონ ბრილიანტებით მორთული ოქროს ბეჭედი, ოქროს საათი და ძვირფასი სამკაულები. როდესაც გამყიდველი მოიტანს ყველა ამ ნივთს და მიბრუნდება სხვა ძვირფასეულობის საჩვენებლად, მე მოვასწრებ რომელიმე ნივთის ჯიბეში გადამალვას, შემდეგ ვკითხავ ფასების შესახებ, ფასი მაღალი აღმოჩნდება, მადლობას ვეტყვი და გამოვალ". ჩემთვის ასეთი აზრი საშიში არ არის, ვიდრე ის თავში მიტრიალებს. მაგრამ, როდესაც იგივეს წარმოვიდგენ სარკის წინაშე ანუ, როდესაც ჩემს თავს დავინახავ ქურდის როლში, მაშინ ხელებს მივიფარებ თვალებზე, რათა არ დავინახო ჩემი შეცოდება. რამდენად უფრო დიდი იქნებოდა სირცხვილი, ჩემს გვერდით, სარკეში ყოველივე ამას ის იუველირიც რომ ხედავდეს! დამდაბლბული და შერცხვენილი მის ფერხთით დავეცემოდი და შენდობას ვთხოვდი, საკუთარი თავის წინაშე კი ასჯერ დავიფიცებდი, რომ არასოდეს გავივლებდი გონებაში ამგვარ აზრს. ოჰ, ასეთი სარკე რომ არსებობდეს! იგი ყველაზე უკეთ გადამაქცევდა წესიერ ადამიანად.
ყოველივე ამას მათთვის ვამბობ, ვინც ვერ ბედავს თავისი უწმინდური აზრების აღიარებას და მით უფრო, სხვის დასანახად მათ სარკეში ჩვენებას. მე მრცხვენია ვილაპარაკო მათ შეცოდებებზე. მე მოვუწოდებ მათ თანაუგრძნონ ჩემს სირცხვილს: დაე, მათაც შერცხვეთ, რამეთუ სირცხვილი განბანს ადამიანს ბინძური აზრებისაგან, სირცხვილისაგან გაწითლებული სახე ცოდვილი ადამიანის ერთადერთი მახასიათებელი ფერია. იგი ამბობს, რომ ადამიანი ჯერ კიდევ არ არის დაღუპული და მასში ჯერ კიდევ ცოცხლობს სიწმინდე.
კიდევ ერთ ჩემს აზრს გაგიმხელთ. მე მყავს მეგობარი, რომელსაც ხშირად ვხვდები და ვესაუბრები. მიუხედავად მეგობრული ურთიერთობისა, მე ვგრძნობ მის უპირატესობას: იგი ჩემზე ჭკვიანია, მას უფრო გაწონასწორებული ხასიათი აქვს, საზოგადოებაში - ჩემზე გაცილებით უკეთესი მდგომარეობა. „რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე?" - ვფიქრობ მე. ეს ადამიანი რომ არ იყოს, რომლის ჩრდილში იძულებული ვარ ვიარო, მეც ასევე დამაფასებდნენ, როგორც დღეს მიაგებენ პატივს მას. ეს ჩემი აზრების მხოლოდ პირველი ნახევარია. მეორე ნაწილი - ვფიქრობ იმის შესახებ, როგორ მოვახერხო, რომ იგი არ გადამეღობოს გზაზე და ამ აზრმა სრულიად შთანმთქას მე.
ამ აზრით შევდივარ ჩემი მეგობრის ოჯახში, ხელს ვართმევ მას, ვუღიმი, ამავე აზრებით ვეფერები მის შვილებს. ჩვენ ვსეირნობთ. მეც მივსეირნობ მათ გვერდით და გაზეთის სტატიაზე ვფიქრობ (რა თქმა უნდა ანონიმურზე) სადაც მსურს ყველას უამბო, რომ ჩემს მეგობარს შეზღუდული გონება აქვს, ავი ხასიათი, რომ თავისი გავლენა მას არ დაუმსახურებია, არამედ ანგარებით მოიპოვა. მე მივდივარ მის გვერდით და ველაპარაკები მას ნებისმიერ თემაზე, გარდა იმ თემისა, რომელიც ჩემს გონებაში ტრიალებს.
ან სხვა შემთხვევას მოვიყვან: "ჩვენ ვდგავართ მდინარის პირას, „რა მშვენიერი ბუნებაა!" - აღფრთოვანებულია ჩემი მეგობარი. მე ვეთანხმები მას, მაგრამ ჩემი აზრები აბობოქრებულ მდინარეში არა ბუნების მშვენიერებას, არამედ მეგობრის სიკვდილს ხედავს, ჩავაგდებ მას მდინარეში და აღარ მივცემ მას ნაპირზე გამოსვლის საშუალებას, ვიდრე არ დაიხრჩობა. მაშინ აღარ ვიცხოვრებ მის ჩრდილქვეშ, მაშინ ნამდვილად ავმაღლდები მასზე". ამგვარი აზრებით ვუყურებ აბობოქრებულ მდინარეს, ამგვარი ფიქრებით ვხვდები მეგობარს და ვუღიმი.
საშინელი აზრია, მაგრამ მისი საშინელება გაორმაგდებოდა იგი რომ სარკეში დამენახა. მკვლელობის ეს აზრი, ჯადოსნურ სარკეში რომ დამენახა, თავი შემზიზღდებოდა. ახლა წარმოიდგინე, ამ სარკის წინ ჩემი მეგობარი და მისი შვილებიც რომ იდგნენ?! ჩემი მეგობარი, რომელსაც ჩემი დანახვა უხარია, დაინახავდა როგორ ვაგდებ მას აბობოქრებულ წყალში. ბავშვები, რომლებსაც ასე ხშირად ვეფერები, დაინახავდნენ, როგორ ვკლავ მათ მამას. მეგობარს ფერი დაეკარგებოდა, ბავშვები კი მამის გადარჩენას შეეცდებოდნენ. მე კი? შევიგრძნობდი რომ არამცთუ ჩემი მეგობრის, არამედ ცხოვრების ღირსიც არა ვარ. ისღა დამრჩენია, ან თავი მოვიკლა, ან ძირეულად განვიწმინდო ჩემი აზრებისაგან და ავმაღლდე.
ჰო, ასეთი სარკე რომ არსებობდეს! არაფერი ასე არ შთამაგონებდა ცოდვის შიშს, როგორც იგი. ჩავიხედავდი სარკეში და დავინახავდი ჩემს დაცემას. ცოდვისაგან თავის დაღწევას შევეცდებოდი. შეიძლება თქვენს შორის, ძმებო, არიან ისეთები, რომლებიც უცინიან და ესაუბრებიან მეგობარს, და ამავე დროს, ღიმილის უკან, ღალატს, ჭორს ან ინტრიგას მალავენ. დაე, ასეთმა ადამიანებმა მიიღონ ჩემი აღსარება, როგორც თავისი და გაიზიარონ ჩემი სირცხვილი ამგვარი ბარბაროსული აზრების გამო.
არის კიდევ სხვაგვარი აზრები, რომელთა გამო გავტეხდი სარკეს - ეს გახლვთ სამშობლოს ღალატსა და ფევდოპატრიოტიზმზე ფიქრი. ჩემი სამშობლო მძიმე მგომარეობაშია და მე ვიცი, როგორც სამშობლოს ერთგულმა შვილმა, სიცოცხლე უნდა გავწირო მისთვის. მე ორგანიზებას ვუკეთებ პატრიოტების სხდომებს, მოვუწოდებ ხალხს დაიცვან თავიანთი სამშობლო, გაზეთში ვაქვეყნებ პუბლიკაციებს, აცრემლებამდე მიმყავს ხალხი ჩემი ორატორული ნიჭის წყალობით.
თუმცა, გონებაში სულ სხვაგვარი აზრები მიტრიალებს. მე გავყვირი, რომ უნდა ვიხსნათ სამშობლო, გონებაში კი ვფიქრობ, რაც შეიძლება ძვირად გავყიდო იგი. მოქალაქეებს კვლავაც სამშობლოს დაცვისკენ მოვუწოდებ, თვითონ კი გეგმებს ვაწყობ, სად გადავმალო ჩემი ოჯხის წევრები, მტერმა რომ არ დაბომბოს ისინი, რა გზით გამოვიტანო ბანკიდნ ფული, რომელი ქვეყნის საელჩოს შევაფარო თავი და ბოლოს, როგორ მოვიპოვო გავლენა და სიმდიდრე, უკვე მოწინააღმდეგის დროშის ქვეშ.
ოჰ, ეს დაცემული აზრები! როგორ ვისურვებდი იმ მომენტში, როდესაც ხალხის სამშობლოს დაცვისაკენ მოვუწოდებ, უეცრად ჯადოსნური სარკე გაჩნდეს, სადაც ყველა ადამიანი დაინახავდა ჩემს მოღალატურ აზრებს. მაშინ ხომ მოულოდნელობისაგან დავმუნჯდებოდი, ფერი დამეკარგებოდა და კეთროვნის მსგავსად გავექცეოდი ადამიანებს.
ზოგიერთი პარლამენტარი არაფრით დაგვთანხმდება მისი აზრები სარკეში გააშკარავდეს, როდესაც იგი საპასუხისმგებლო სახელმწიფო გადაწყვეტილებას იღებს, რამეთუ სწორედ საპასუხისმგებლო სახელმწიფო გადაწყვეტილების მიღებისას, ზოგიერთი დეპუტატის გონებაში, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლო აზრები ტრიალებს.
ძალიან მცირეა რიცხვი ახალგაზრდათა, რომელთაც ბინძური, დაცემული აზრები არა აქვთ.
ცოტაა ისეთი დედები, რომლებიც მხოლოდ ქმრის ერთგულებასა და შვილების აღზრდაზე ფიქრობენ.
ცოტაა მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომლის აზრები განდიდების მანიით არ არის მოწამლული.
„ფიქრი ხომ საქმე არ არის, ადამიანი ხომ საქმით იცნობა" - იტყვის ზოგიერთი.
არა, ჩემო მეგობრებო, ჩვენი ფიქრები იმპულსსა და მიმართულებას აძლევენ ჩვენ საქმეებს. სულიერი აზრი ბოროტების სათავეა დედამიწაზე. ბინძური აზრები წამლავენ ჩვენს გულსა და გონებას.
კაენმა გაიფიქრა: მართალი ძმა, აბელი, რომ არ მყავდეს, უფრო ბედნიერი ვიქნებიო. თავდპირველად ამ აზრმა დაუბრმავა კაენს გონება, შემდეგ დაუზიანა გული, რაც საბოლოოდ მართლის მკვლელობით დასრულდა.
იუდამ ჩაიქიფრა ღალატი დიდი ხნით ადრე, ვიდრე გადაწყვიტა მისი ჩადენა.
ჩვენი აზრების კონტროლი არ ნიშნავს თავისუფალი აზროვნების შეზღუდვას. აზრის თავისუფლება არის სწორედ ცოდვილი აზრებისაგან განთავისუფლება. ანუ, თავისუფლება მივანიჭოთ ამაღლებულ აზრებს, ხოლო უწმინდურს ტირანია გამოვუცხადოთ. ძმანო, მოდით, ტირანები ვიყოთ ჩვენი ბინძური აზრების მიმართ, მაშინ ვერასოდეს გახდებით თავისუფალი ადამიანები, მაშინ იძულებულნი იქნებით ტირანები გახდეთ და ადრე, თუ გვიან, დაკარგავთ ადამიანის სახეს.
როგორიცაა ფიქრები, ისეთივეა საქმენი. ამაოა ფიქრები - ამაოა საქმენი. ბინძურია ფიქრები - ბინძურია საქმენი. უდიდეს საქმეს წინ ყოველთვის უდიდესი აზრები უძღოდა. ამაღლებულმა აზრებმა ამაღლებული ხელოვნება შექმნა. ჩვენი წინაპრების პატრიოტიზმი მათი პატრიოტული აზრების სარკეა.
თითოეული ადამიანის ფიქრი მის საქმეში გაცხადდება, მაგრამ პირველად, ჩვენი ფიქრები ერთ დიად სარკეში ირეკლება. ეს სარკე ღმერთია. ჯერ კიდევ დაუსრულებელი, არაფორმირებული აზრები გამოჩნდება ღვთაებრივ სარკეში. ჩვენ კი ვერც წარმოვიდგენთ, რომ ირგვლივ ეს საიდუმლო სარკეა. ამას ვერც ჩვენი ქალაქის წარჩინებულნი შეიგრძნობენ, ქალაქის ქუჩებში უდრტვინველად რომ სეირნობენ. სამწუხაროდ, ღვთაებრივ სარკეს ზოგიერთი მღვდელმსახურიც ივიწყებს, რომელსაც არ ამოძრავებს წმინდა აზრები. პატრიოტებმა, რომელთაც გონებაში ღალატი აქვთ, დეპუტატებმა, რომლებიც უმჯობესია მომარაგების სააგენტოებში მუშაობდნენ, სახელმწიფო მოღვაწეებმა, რომლებსაც ვაჭრის ფსიქოლოგია გააჩნიათ, დაე, ყველა მათგანმა იცოდეს, რომ მათი ყოველი გაფიქრება კარგად იცის მან, ვისიც ყველაზე მეტად უნდა გვეშინოდეს და გვრცხვენოდეს.
დაე, ღვთის შიშმა განდევნოს ჩვენგან დაცემული და ბინძური აზრები. ჩვენი აზრები სუფთა და ნათელი უნდა იყოს, ისევე სუფთა და ნათელი უნდა იყოს, როგორც ღმერთი. სხვაგვარად, ბოლომდე მცირედმორწმუნენი დავრჩებით.
ამინ!
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია