ყოველ საქმეში წარმატების მიღწევის მთავარი პირობა მისადმი სწორი მიდგომაა. ასევეა სულიერ ცხოვრებაში. სასურველის მისაღწევად აუცილებელია სწორი დამოკიდებულება საკუთარ თავთან და ცხონებასთან. რადგან ადამიანის ბუნება ცოდვით დაცემულია, ჩვენში ბოროტება არეულია სიკეთესთან და გულის ნიადაგზე კვლავაც ბიბინებს ბოროტი ღვარძლი, რომელიც შერევია კეთილს და უშლის მას ზრდას. ეს პროცესი ბუნებრივია, ჩვენთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ ასეთებად შეგვქმნა განგებამ, არამედ იმიტომ, რომ თავად ჩვენ, ჩვენივე ნებით შემოვუშვით ჩვენში ცოდვის შხამი, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ განვეშორებით. მხსნელი მხოლოდ იესო ქრისტეა, რომელიც ჩვენგან ცოდვის აღმოფხვრის სურვილსა და ძალისხმევას მოელის, რაც ქმედითი მტკიცებაა ჭეშმარიტად ცხონების სურვილისა. საკუთარ თავში ბოროტების ნაირსახეობის დანახვისას სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, უნდა ვებრძოლოთ მას, უნდა ვეცადოთ, აღმოვფხვრათ იგი ჩვენში.
შრომა და ღვაწლი მოუწყინებელი!
ბოროტებაც ნელ-ნელა დაუძლურდება და დაიმკვიდრებ სულიერ სიმშვიდეს, მაგრამ ბრძოლისა და ღვაწლის სამყაროში სრული სიმშვიდე არ არსებობს, მარადიული სიმშვიდე მხოლოდ ზეცაში, მხოლოდ მარადისობაშია. ეს უნდა გვახსოვდეს, რათა არ მოველოდეთ საკუთარი თავისგან იმას, რაც არაბუნებრივია. არ უნდა მოვდუნდეთ და მოუწყინებლად ვებრძოლოთ ბოროტებას, მთელი არსებით, ასეთი ღვაწლით დავამტკიცებთ ღვთისადმი ერთგულებას, ღმერთიც მოგვანიჭებს მტკიცე გამარჯვებას ბოროტებაზე და გვაცხოვნებს ჩვენ.
შინაგანი ცხოვრების შესახებ
ქრისტიანი მოღვაწის შინაგან ღვაწლს წმინდა მამები ამინდს ადარებენ: ხან კარგი დარია და სითბო, ხან - მოღრუბლულია და ცივა. მათივე თქმით, სულიერი ცხოვრება პურის მოსავალს ჰგავს, რომელიც ხან უხვია, ხან მცირე. გამოცდილი ადამიანები არ სასოობენ კარგი ამინდის ხანგრძლივობაზე და არ წარიკვეთენ სასოს ცუდი ამინდის დროს, რადგან იციან ერთს სისტემატიურად ცვლის მეორე, არც კარგი მოსავლის დროს ამყარებენ იმედს მხოლოდ მასზე, არ წყვეტენ შრომას, ცუდი მოსავლის დროს კი არ ვარდებიან სასოწარკვეთილებაში და კვლავაც განაგრძობენ მიწის დამუშავებას. ასეთია ბუნების კანონი.
მსგავს ამისა არს ქრისტიანული ღვაწლი. ხან ღვთის მადლის მოფენას ვგრძნობთ, ხან კი განსაცდელების ზღვა გვაწყდება. ასეთი იყო ყველა წმინდანის გზა. ისინი მოძღვრავენ ყველა მოღვაწეს, რომ დაემორჩილოს ამ კანონს, რომელიც თვით ღმერთმა დაუდგინა წუთისოფლის მკვიდრებს. ხანგრძლივი მზიანი დარის შემდეგ მიწა ხმება, ავადდება. ამგვარადვე მოქმედებს ჩვენს სულზე ხანგრძლივი სიმშვიდე, თუნდაც მადლისმიერი, სულში იმკვიდრებს ქედმაღლობა, თვითდაჯერება, საკუთარ ძალებზე მინდობა, მოყვასის სიძულვილი, განკითხვა და სხვა საშინელი და სახიფათო ბოროტებანი.
უდიდესი ნიჭია, თავი განსაცდელის ღირსად მიიჩნიო და მხოლოდ ღმერთს სასოობდე. დიდი ნიჭია, მიიჩნიო თავი ღირსად ყოველგვარი სასჯელისა, მათ შორის ეშმაკეულისა. ასეთი განწყობა ბადებს თავის უარყოფას და ღვთისადმი ერთგულებას. თავის უარყოფითა და ღვთისადმი მინდობით ვანადგურებთ ეშმაკის მიერ მოვლენილ შიშს. ეშმაკი ვერაფერს გვავნებს ღვთის ნების გარეშე.
მოღვაწემ ყოველი განსაცდელი მშვიდად უნდა მიიღოს, მაგრამ ასე იქცევა მხოლოდ ის, ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანულ ღვაწლშია. ხიბლში მყოფნიც კმაყოფილნი არიან თავიანთი მდგომარეობით, მათი კმაყოფილება არის თვითკმაყოფილება, დაფუძნებული საკუთარი თავის მიმართ მცდარ შეხედულებაზე, ისინი ცოდვისა და დაცემული ბუნების ხედვის ნაცვლად, ხიბლში არიან.
კარგი იქნება, თუ ჩვენს ფიქრებსა და სულიერ მდგომარეობას სულიერ მოძღვარს გავუმხელთ, და არა „ჭკვიანებს", რომელთაც განადიდებს სოფელი, როგორც წმინდანებს. „სოფელს უყვარს თავისი" - ბრძანებს მაცხოვარი. სოფელი ხიბლშია იმყოფება, ჭეშმარიტების მსახურთ კი განაგდებს.
სულიერი თვალსაზრისით მძიმე დრო დგება, უფრო სწორად, როგორც ტიხონ ვორონეჟელი წერს, იგი დიდი ხანია დადგა, მაგრამ სიმძიმე თანდათან მატულობს, განდგომილება იზრდება. ეს ღვთის ნებაა, ნაწინასწარმეტყველები წმინდა წერილში. თავი უნდა მოვიდრიკოთ ღვთის განგების წინაშე? - უსუსური მატლნი, მისი გამოუთქმელი წყალობით მოწოდებულნი ამ სამყაროში და უმეტეს სამყაროში - ღმერთთან ერთობაში... და მოდით, ვევედროთ მას, რათა იყოს წყალობა მისი ჩვენზედა უკუნისამდე!
ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
Xareba.net - ის რედაქცია