მართალი იოანე კრონშტანდტელი ამბობდა, რომ ქრისტეს საქმის აღსრულება დღევანდელ საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო რთულდება. სირთულეს იწვევს, ერთი მხრივ, ერის ცხოვრების, მისი მოთხოვნილებების მრავალფეროვნება და სირთულე, მეორე მხრივ კი ეკლესიის მტრები ცდილობენ შეარყიონ ჭეშმარიტების სვეტი, და სულ უფრო ახალ, დახვეწილ ხერხებს მიმართავენ.
ამიტომ, თანამედროვე მოძღვრებს, ქრისტეს საქმის აღმსარულებელთ, ფართო და მრავალმხრივი განათლების გარდა აუცილებლად ესაჭიროებათ ბრძნული სიფრთხილე, სიმტკიცე და ერთგულება თავიანთი საქმისადმი, რათა ღირსეულად იცავდნენ ღვთის მიერ მიბარებულ სამწყსოს.
ზოგიერთი მოძღვრისათვის საცდურის ლოდად იქცევა ავადმყოფობისათვის წმ. ზიარების მისაღებად მოწოდება. მღვდელი აღშფოთდება, ღიზიანდება, ავადმყოფის ეკლესიაში მიყვანას ბრძანებს, რადგან მასთან სახლში მისვლა ეზარება. წმ. წერილის მიხედვით კი, მღვდელი ვალდებულია მოყვასს დაუზარებლად და სიხარულით ემსახუროს, ვითარცა ქრისტეს. რა იწვევს მღვდლის ასეთ საქციელს? თავისმოყვარება, ამპარტავნება, ხორცთმაამებლობა, სიმაძღრე, ვერცხლისმოყვარება, სიზარმაცე. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შევინანოთ ასეთი აპათია, ასეთი გულგრილობა მოყვასისადმი და მოძღვრული მოვალეობებისადმი (მრთ. იოანე კრონშტანდტელი).
მღვდელს მოეთხოვება ცოლ-ქმრულ ურთიერთობებში უდიდესი სიწმინდე. იგი უნდა განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არა მარტო მაშინ, როცა თვითონ შესცოდვს მრუშობით, არამდ მაშინაც, როცა მისი მეუღლე უღალატებს ცოლ-ქმრულ ერთგულებას. ამ შემთხვევაში მღვდელი ან უნდა განშორდეს მეუღლეს და შეინარჩუნოს სამღვდელო ხარისხი, ან კიდევ, აღარ გაეკაროს სამოძღვრო მსახურებას თუკი არ განეშორება მეუღლეს. მსახურების გაგრძელების შემთხვევაში მღვდლის სინდისი მთელი ცხოვრება ამ ცოდვით იქნება დამძიმებული.
ჯილდოსმოყვარების შესახებ
როცა შენ ჯილდოების გარეშე რჩები, როცა ვერ ამჩნევენ შენს შრომას და უკანასკნელ ადგილზე გამყოფებენ, ჩათვალე, რომ ამგვარი მდგომარეობა შენი სულისათვის სასარგებლოა, ამით სიმდაბლეს შეიძენ.
გახსოვდეს, ყოველი პატივი და დიდება შეიძლება გახდეს განდიდების, თავზე დიდი წარმოდგენის მიზეზი. იშრომე მხოლოდ უფლისათვის მოგაგებს ზეციურ დიდებას. არაფრად ჩააგდო მიწიერი პატივი, რომლებიც აღმოაცენებენ ჩვენში პტივმოყვარეობას, სიამაყეს და შეიძულე ისინი შენთვის. სხვები კი ჩათვალე ღირსად ამ ჯილდოებისა. როცა ნახავ კაცს ჯილდოებით დახუნძლულს, ასე თქვი: როგორი მშრომელი კაცია, ალბათ უფლმა დიდი შესაძლებლობები მისცა, რომელიც მიწაში კი არ ჩაფლა, არამედ სახარებისეულად განამრავლა.
მოძღვრებს, რომლებიც მბრძანებლობთ
რა უყავით თქვენს სამწყსოს, ისინი მტაცებელ ცხოველებს გვანან და არა მდაბალ, მშვიდ, უბოროტო ცხვრებს. მოგკითხავთ მათთვის უფალი!
თუკი ვინმე შურისძიებისა და პირადი წყენის გამო მონანულს წმინდა ზიარებისაგან განაყენებს, იგი უდიდეს პასუხისმგებლობას იკისრებს ღვთისა და ეკლესიის წინაშე.
კარგი მოძღვარი რომ გავხდეთ, ეს უცებ არ მოგვეცემა. ამას ხანგრძლივი პრაქტიკა და გამოცდილება სჭირდება. ახალგაზრდა მოძღვრისათვის კი აუცილებელია ურთიერთობა და საუბარი გამოცდილ სულიერ მოძღვრებთან. გარდა ამისა, მოძღვარი უნდა ეწაფებოდეს წმ. მამათა ნაშრომებს, საიდანაც ის უმდიდრეს გამოცდილებას გაიზიარებს. გამოცდილებას ცოდვილი ადამიანის ბრძოლისა ცოდვებთან და ცოდვისმიერ მიდრეკილებებთან.
საიდან უნდა დაიწყოს მოძღვარმა სამწყსოს სულიერი განახლება - კითხულობს ორლოვის ეპარქიის ღვთისმსახური და უპასუხებს ამავე ეპარქიის მღვდელმთავრის სიტყვებით: „თავის სენაკში მხურვალე ლოცვით საკუთარი თავისათვის და თავისი სამწყსოსათვის, უმაღლესი აკადემია მოძღვრისათვის, ესაა კუთხე, სადაც ასვენია ხატი და კანდელი. გულმოდგინე ლოცვას შეუძლია მოძღვარიც აღადგინოს და მისი სამწყსოც".
ჭეშმარიტი ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც ცოდვებს დაამარცხებს, გათავისუფლდება ვნებებისაგან და შეიქმნება სულიწმიდის ჭურჭელი.
ერთი მადლმოსილი ბერი ამბობდა: „დღეს არიან ისეთები, რომლებსაც ქრისტესთან კი არ მიჰყავთ, არამედ ქრისტეს განაშორებენ". ეს სიტყვები მახსენდება მაშინ, როცა ვკითხულობ სტატიებს, რომლებიც დაწერილია ხორცის, სიამაყის და მრავალი სხვა ცოდვის საამებლად, სახარებისა და წმ. მამების სწავლების საწინააღმდეგოდ.
მამა მათე რჟევსკი იშვიათად არ წირავდა კვირის დღეებში. საეკლესიო კლირს მიუჩვეველს, ყოველდღიური მსახურება ძლიან უჭირდა. წიგნის მკითხველი კი მას ხშირად ლანძღავდა. მამა მათე მდაბლად უხრიდა თავს და ითხოვდა მისგან პატიებას. საეკლესიო ტიპიკონის ყველა მოთხოვნას მკაცრად ასრულებდა. არაფერს ტოვებდა. გარეშე პირებს საკურთხეველში არ უშვებდა. თუკი მედავითნე არ მოვიდოდა, თვითონ კითხულობდა და გალობდა. თუკი მესანთლე დაიგვიანებდა, კანდლებსაც თვითონ ანთებდა. ექვსი წელი იცხოვრა სხვის ბინაში, რადგან თავისი სახლი არ გააჩნდა.
მოძღვარი იმაზეც აგებს პასუხს, თუკი სამწყსოს არ ექნება მისდამი პატივისცემა. მოძღვარი უნდა შეეცადოს, რომ ასწავლოს მრევლს ეს. ვისაც არ აქვს მოძღვრის პატივისცემა, მას არც იმისადმი ექნება მოკრძალება, რასაც მოძღვარი აღასრულებს, ხოლო თუკი არაა ღვთისმსახურებისადმი მოკრძალება, მაშინ არც იქნება სურვილი მისი ნამოძღვრების აღსრულებისა.
მოძღვრის სულიერი ცხოვრება არა მარტო უკეთური საქმეების აღსრულებისას კვდება, არამედ მაშინაც, როცა საქმეები კეთილია, მაგრამ ღვთისმსახურებას და ლოცვას განაშორბენ მას.
ღვთის სახლის მშენებლობაზე ზრუნვაც კი, როგორც ზრუნვა წარმავალზე, სხვა უმაღლეს - სულსა და ზეციურ საზრუნავზე დაბლა უნდა იდგეს.
არ შეიძლება მოძღვარს შინ ანტირელიგიური ლიტერატურა ან მორალური წიგნები ქონდეს.
თუ მიწიერზე ზრუნვა ჩვევად გექცა, სული ზეციურისადმი უგრძნობი გახდება.
ღვთის საქმეს ვტოვებთ და მიწიერ საქმეებს ვაგვარებთ, წმინდა ადგილი დაგვიკავებია და ამსოფლიურ საქმეებში ვიხლართებით...
და უკვე თითქმის არც ერთი საერო საქმე აღარ დარჩა, რომლითაც მღვდელი არ იყოს დაკავებული.
მოამზადა დეკანოზმა ზაქარია მარგალიტაძემ
Xareba.net - ის რედაქცია