კლაივ სტეიპლზ ლუისმა თავისი ერთ-ერთი წიგნი წარმოსახვითი წერილების მიხედვით შექმნა: „მოხუცი ეშმაკის წერილები თავისი ძმისწულისადმი". ამ „წერილებში" გამოცდილი ეშმაკი ახალგაზრდა და გამოუცდელ ძმისწულს თანამედროვე კაცობრიობის პრობლემების გაანალიზებასა და ადამიანების ქვეცნობიერი სამყაროს შეცნობას ასწავლის, მათ სისუსტეებზე, ცოდვებსა და ნაკლოვანებებზე ზემოქმედებით. ლუისის წიგნი დეტალურად გვიჩვენებს ადამიანის ბოროტებით გახრწნის ფსიქოლოგიურ პროცესს. მოხუცი ეშმაკი თავის „ძმისწულს" ასწავლის ადამიანის ღმერთთან დაშორებას ყველანაირი გზებითა და საშუალებებით. წარმატების მისაღწევად ის არსებით მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანისათვის მომავლის აჩრდილების ჩვენებას, ისე, რომ ადამიანი ვერასოდეს მისწვდეს მათ. იზიდავს ადამიანს მირაჟებით, არწმუნებს, ჩაიდინოს დანაშაული დღეს სახვალიო ბედნიერებისათვის.
სულის ნეტარება უზნეო გარემოში, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, მაგრამ მაგიური, მხოლოდ გარეგნული საშუალებებით მისაღწევი ბედნიერებისათვის ადამიანი მზადაა ასჯერ უარყოს სიწმინდე და ყოველგვარი ბოროტება ჩაიდინოს - განუდგეს შემოქმედს და გასცეს ძმაი თვისი. აი, რაში ეხმარება მას ეშმაკი.
შემოქმედმა ადამიანს სიცოცხლე მარადისობის მისაღწევად უბოძა. უფალს სურს, თავიანთი მიწიერი დროის ყველა მონაკვეთში ადამიანებმა მარადისობის რწმენით იცხოვრონ, რაც მათი ერთადერთი „აწმყოა". მხოლოდ დღევანდელობაა მარადიულის რეალობასთან შეხების წერტილი. ადამიანს და მის თავისუფალ ნებას მხოლოდ აწმყო გააჩნია. ღმერთმა განგვიცხადა, რომ ყოველი ასეთი წამისათვის ჩვენ მისგან რწმენით მივიღებთ ძალასა და მადლს. ამიტომაც ესწრაფვის ეშმაკი, განარიდოს ადამიანები ღვთის მადლს აწმყოსაგან განშორებით. ბოროტი სული აიძულებს ადამიანებს მუდამ „მომავლით" იცხოვრონ. ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ მომავალი დაფარულია მისგან და მის გეგმებს არ ემორჩილება. ადამიანი მხოლოდ მატერიალურად გააზრებული „მომავლისათვის" იღწვის, სინამდვილეში კი არარეალურ მყოფობაში ცხოვრობს. ადამიანის სულისათვის არარეალური მატერიალისტური „მომავალი" ნამდვილი „ოპიუმია" სულისათვის.
მცნება „მომავალი" ყველაზე ნაკლებად ჰგავს „მარადიულს", ფიქრობს ლუისი. „მომავალი" ადამიანის დროის ყველაზე „დროებითი", ყველაზე არარეალური მონაკვეთია.
ღმერთს სურს, ადამიანები მომავალზეც ფიქრობდნენ, მაგრამ მხოლოდ კეთილი და სამართლიანი საქმეების საქმნელად. მარადიულისათვის მზადება აწმყოს ვალია. ღმერთს სურს, მისსა და ადამიანებისადმი მსახურებისას კაცმა არ მისცეს ყოველი გული თვისი „მომავალს", არამედ მარადიულზე ფიქრით იცხოვროს აწმყოში. სწორედ ამას ეწინააღმდეგებიან ბოროტი სულები. მათ სურთ კაცობრიობა მიუწვდომელ ცისარტყელას მიელტვოდეს, სურთ, ამ სრბოლაში ადამიანებმა დაივიწყონ სიცოცხლის აზრი და მიზანი, კეთილი და სამართლიანი საქმეებისათვის განკუთვნილი დროის ფასი.
ეშმაკი სიჩუმეს „საშინელ ძალას" უწოდებს, ის მოუწოდებს, ცხოვრება ხმაურით აავსონ. „ყოველგვარი ადამიანური დრო სავსე უნდა იყოს დიდებული დინამიკით, ხმაურით, დაფდაფებით, ამაღლებული ზეიმურობით, შეუბრლებლობით. ბოროტებისათვის ადამიანის ჩუმი სინდისის ხმის, ჩუმი ღვთის სიტყვისაგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება ხმაურია. მთელ მსოფლიოს ხმაურად ვაქცევთ!" - ამბობს ეშმაკი. „ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ (იძულებულია აღიაროს ბოროტმა სულმა - ა.ი.) ბოროტი ძალები ჯერ კიდევ არ არიან საკმარისად ხმაურიანნი სამყაროში"...
აჩრდილით, რომელიც ადამიანებს ბედნიერ მომავალს პირდებოდა, მთელ ევროპაში დაფდაფებით გაიარა და გაქრა ნაციონალურ-სოციალიზმი. რამდენი ასეთ მირაჟი გაქრა ისტორიაში. მაგრამ ადამიანი სულის მარადიულობის ურწმუნოებაზე დაფუძნებული მითების სამყაროში მსვლელობა გრძელდება, ისევ დაფდაფებით, მომავლის გასაღმერთებლად. ისევ და ისევ გუგუნებენ ეს დაფდაფები და ახშობენ ადამიანის სინდისსა და რწმენას...
ხმაურიანი ლოზუნგები თხზავენ „მომავლის" ლეგენდას. მხოლოდ სიკვდილის შესახებ დაივიწყა ადამიანმა, დაივიწყა თავისი ბოროტების შესახებაც.
ვერავითარი მატერიალური საშუალება, ვერავითარი მშენებლობა, ვერავითარი კოსმონავტები ვერ გაანადგურებენ ბოროტებასა და სიკვდილს.
ვერც ვერავითარი ხმაურით დაემალები მათ.
არსებობს მხოლოდ ერთადერთი ხსნა: მკვდრეთით აღდგომილი ქრისტე.
არქიეპისკოპოსი იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი)
Xareba.net - ის რედაქცია