1166 წელს მეფე გიორგი III და მის ბედნიერ მეუღლეს ბურდუხანს ქალიშვილი - თამარი შეეძინათ. გიორგი მეფემ თავისსავე სიცოცხლეში იგი მეფედ გამოაცხადა. დიდებულებმა ფიცი დადეს და მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომლისთვისაც განგებას ებოძებინა მძიმე ჯვარი ერის წინამძღოლობისა.
მამა-შვილი ხუთი წლის მანძილზე განაგებდა სამეფოს. 1184 წელს მეფე გიორგი გარდაიცვალა და საქართველოს ერთადერთ მბრძანებლად და პატრონად იქცა 18 წლის თამარი.
ხელისუფლების სათავეში მოსვლა თამარმა საღმრთო საქმით აღნიშნა: მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც შეკრებილ მღვდელმთავართა და მამათა სიმრავლეს მან მდაბლად მიმართა: „გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განაგდეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა".
მეფის თანადგომით გამხნევებულმა კრებამ უღირსი ეპისკოპოსები გადააყენა, მათ ნაცვლად „საღმრთონი კაცნი დაადგინა".
ქვეყანამ იგრძნო მეფის ძლიერი ხელი. ქართველები ზედიზედ ამარცხებდნენ თურქებს ადარბადაგანში და სომხეთში, ხლათში და არზრუმში. ასე რომ, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გადაჭიმული უზარმაზარი სახელმწიფო იყო, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიანური აღმოსავლეთი.
ყველა ბრძოლის წინ მეფეთ-მეფე ლაშქარს ლოცავდა, ღმერთს ავედრებდა ქრისტესათვის თავდადებულ მხედრობას. თვითონ ფეხსაცმელს გაიხდიდა და „შიშუელითა ფერხითა მიიწეოდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად".
გამარჯვებებმა მეფეთ-მეფე კიდევ უფრო მეტად ღვთისმოსავი გახადა. დღისით, სამეფო ბრწყინვალებით მოსილი, ბრძნულად განაგებდა საქვეყნო საქმეებს, ღამით მუხლმოდრეკილი ლოცულობდა და ცრემლმდინარე ევედრებოდა უფალს საქრისტიანოს გაძლიერებას, ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა და თავის ნამუშაკევს გლახკებს უნაწილებდა.
გლახაკთა და ღატაკთა უზომოდ განმკითხველი მეფე თავისი დიდი წინაპრის დავით აღმაშენებლის მსგავსად თავისი ნამუშაკევით გასცემდა მოწყალებას.
ისტორიამ შემოგვინახა ამაღელვებელი ეპიზოდი წმიდა მეფის ცხოვრებიდან: ერთხელ თურმე თამარ მეფე სადღესასწაულო წირვაზე აპირებდა წასვლას გელათში და ძვირფას თვლებს ამაგრებდა სამეფო შესაკრავზე, როცა მივიდნენ და უთხრეს, მონასტრის კოშკის კარებთან მდგომი მათხოვარი ითხოვს წყალობასო. მეფემ ბრძანა, დაეცადა მათხოვარს. როცა პალატიდან გავიდა და წყალობის გაცემა ინება, მათხოვარი ვეღარ იპოვეს. შეცბუნებული მეფე საკუთარ თავს საყვედურობდა, რომ ამ ღარიბ-ღატაკი დედაკაცის სახით უარი უთხრა თვით უფალ იესოს, მოიხსნა ის, რამაც დააბრკოლა - სამეფო შემოსაკრავი - და ღვთისმშობლის ხატს შესწირა.
არც თვითონ უქმობდა თამარი და არც სხვას აუქმებდა. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, რომლის მონასტერშიც მარხვას ატარებდა ღმერთშემოსილი მეფე. ამ დროს აშენდა ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია... წმიდა მეფემ არა მარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრები გაამდიდრა, არამედ უხვად შეამკო ლავრები და სავანეები პალესტინაში, კვიპროსზე, სინას მთაზე, შავ მთაზე, საბერძნეთში, ათონის მთაზე, პეტრიწონში, მაკედონიაში, თრაკიაში, რუმინეთში, ისავრიაში, კონსტანტინეპოლში.
ღვთისმოყვარე მეფემ სამეფო კარისთვის აუცილებელი წესი დაადგინა: თვითონაც პალესტინის მონასტერთა ტიპიკონით ლოცულობდა და სხვებისაგან იმავეს მოითხოვდა. „დარბაზის კარს მყოფი წირვად ვერავინ დააკლდებოდა, მწუხრი, დილეულ, სამხრი, ვითარცა თქმულ არს".
მოწყალე, კეთილი, ბრძენი მსაჯულის საკრებულოში არავინ იყო მომძლავრებული, მტაცებელი, მეკობრე და მპარავი. დინჯმა და ღვთივგანბრძნობილმა მეფემ სასტიკად აკრძალა სიკვდილით დასჯა და სხეულის დასახიჩრება.
გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველა ლიტანიობამ და მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ ჯანმრთელობა შეურყია ქართველთა სათაყვანებელ მეფეს. დიდხანს მალავდა მეფე ავადმყოფობას, სხვის შეწუხებას ერიდებოდა, დღითიდღე დაუმძიმდა ჭირი და, როცა ტკივილი გაუსაძლისი გახდა, მხოლოდ „მაშინღა განაცხადა".
ლოცვად დადგა სრულიად საქართველო. ლიტანიობდა, ღამეს ათევდა, ცრემლით შესთხოვდა უფალს მზის დარი გვირგინოსნის განკურნებას.
სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მდგარმა მეფემ მაცხოვრის ხატს და ცხოველმყოფელ ჯვარს შეავედრა სრულიად საქართველო, მშვიდობა უსურვა ირგვლივ მყოფთ, უკანასკნელად შეავლო თვალი ერთგულ ქვეშევრდომებს, უკანასკნელად გადაისახა პირჯვარი, უკანასკნელად ილოცა და შეავედრა უფალს სული.
დღემდე საიდუმლოებითაა მოცული თამარ მეფის საფლავის ადგილ-სამყოფელი. ზოგიერთი ისტორიული წყარო წმიდა მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს. ერიც ლეგენდებით იკმაყოფილებს თავისი უდიდესი მონარქის მონატრებას და ამით გამოხატავს ოცნებით კავშირს წმიდა გვირგვინოსან მეფესთან და იმდროინდელ საქართველოსთან.
Xareba.net - ის რედაქცია