ცხოვრება დღეს არანორმალური გახდა. თუ თანმიმდევრობას განვიხილავთ გარდასულ დროთა ამერიკის, რუსეთისა თუ ნებისმიერი დასავლეთევროპული ქვეყნის ნორმალური ყოფის ფონზე, უთუოდ განგაცვიფრებთ ახლანდელი ცხოვრების არანორმალურობა. ჩვენს დროში მკვეთრად შეიცვალა თვით ცნებები ავტორიტეტისა და მორჩილებისა, ღირსებისა და თავაზიანობისა, საზოგადოებრივისა თუ პირად ცხოვრებაში ქცევისა - ყველაფერი წინუკუ დადგა, თუ არ ჩავთვლით ადამიანთა ცალკეულ ჯგუფებს, ძირითადად ამა თუ იმ მიმდინარეობის ქრისტიანნი, რომელნიც ე.წ. „ძველებური" ცხოვრების წესის შენარჩუნებას ცდილობენ.
დღევანდელი ცხოვრების რიტმი შეიძლება დახასიათდეს, როგორც გარყვნილი და ნებიერი. ჩვენს დროში ბავშვს აკვნიდანვე ისე ანებივრებენ, ყოველგვარ ჟინს უკმაყოფილებენ, სათამაშოებით, გასართობითა და კომფორტით აფუფუნებენ. მას არ განსწავლიან, არ ზრდიან ქრისტიანული ქცევის მკაცრ პრინციპთა შესატყვისად, არამედ იქით მიუშვებენ, საითკენაც მათ სურთ. საკმარისია „მინდა", ან „არ მინდა" თქვას, რომ დამყოლი მშობლები მსწრაფლ ქედს უხრიან და თავნებობის საშუალებას აძლევენ. ამგვარი დამოკიდებულება ისე გახშირდა, რომ შეგვიძლია აღზრდის თანამედროვე პრინციპადაც მივიჩნიოთ. თვით ყველაზე კეთილგონიერი მშობლებიც კი ვერ ახერხებენ მის თავიდან აცილებას. თუნდაც მშობლებს ეწადათ ყმაწვილის მკაცრი აღზრდა, ახლობლები ეცდებიან ყრმაზე თავიანთი მავნე ზემოქმედების მოხდენას. ეს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის აღზრდისას.
ბუნებრივია, ასე გაზრდილი კაცი მომავლშიც არ მოიკლებს იმას, რასაც ბავშვობიდან მიჩვეულა: კომფორტს, გართობას, მოზრდილთა თამაშებს... მისი ცხოვრება დაუსრულებელ გართობად იქცევა. წინათ ვერცერთ ჭკუადამჯდარ საზოგადოებაში ვერ გაიგებდნენ ამ სიტყვის მნიშვნელობას. ახლანდელი ცხოვრება კი „გართობის" გამუდმებულ ძიებადაა ქცეული და ეს გართობა იმდენად უშინაარსოა, რომ მეცხრამეტე საუკუნის ადამიანი, ჩენი პოპულარული ტელეგადაცემების, ატრაქციონების, რეკლამის, კინოფილმების, მუსიკის, ერთი სიტყვით ჩვენი კულტურის თითქმის ყველა დარგის მხილველი, იფიქრებდა, შეშლილთა ქვეყანაში მოვხვდი, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებასთან კავშირი სრულიად დაუკარგავთო.
რა შეგვიძლია ვიღონოთ?! უპირველეს ყოვლისა, უნდა განვამზადოთ ჩვენი ახალგაზრდები მოსალოდნელ განსაცდელთათვის, უნდა ჩავუნერგოთ მათ ამქვეყნიურ საცდურთათვის წინ აღდგომის უნარი. ჩვენ უნდა გულისხმა-ვჰყოთ, რომ სოფელი იშვიათად თუ შეგვეწევა, ნიადაგ კი ხელს გვიშლის ყმაწვილის ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სულით აღზრდაში.
მშობლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, რას ასწავლიან მათ შვილებს სხვადასხვა ზოგადსაგანმანათლებლო კურსებზე და შინ შეუსწორონ ნასწავლი. ამასთან, გარდა გულახდილი დამოკიდებულებისა (განსაკუთრებით მამისა - ვაჟის მიმართ, რაც ესოდენ იშვიათია ამერიკაში), მართებთ მკაფიოდ წარმოჩენა საკითხის ზნეობრივი ასპექტითაც, რასაც საზოგადოებრივი განათლება სავსებით უგულვებელყოფს.
მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მუსიკას უსმენენ მათი შვილები, როგორ ფილმებს უყურებენ (თუ საჭიროება მოითხოვს, მათთან ერთად უყურონ და მოისმინონ), როგორი მეტყველება ესმით, ან თავად როგორ მეტყველებენ, და ყოველივე ამას ქრისტიანული შეფასება უპოვონ.
მათ, რომელთაც ტელევიზორის ფანჯრიდან გადაგდება ვერ გადაუწყვეტიათ, მკაცრი კონტროლი უნდა დააწესონ ამ მანქანის მომწამვლელი ზემოქმედების ასარიდებლად, რადგანაც ტელევიზორი ანტიქრისტიანულ შეხედულებათა და იდეათა მთავარი მასწავლებელი გახდა ოჯახში, მოზარდთათვის განსაკუთრებით.
ბავშვთა აღზრდაზე იმიტომ გესაუბრებით, რომ სოფელი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ დროს მძლავრობს მართლმადიდებელ ქრისტიანებზე და თავის კვალობაზე აღზრდის მათ. ერთხელ თუ ჩამოუყალიბდა მოზარდს მცდარი დამოკიდებულება, შემდეგ მისი ქრისტიანული აღზრდა ერთიორად ძნელდება.
მაგრამ წუთისოფელს ყოვლადვე უვარგისად ნუ მივიჩნევთ. თუ მართლმადიდებელ ქრისტიანებად დარჩენა გვსურს, საკმაო გონიერება გვმართებს ქვეყნად არსებული ყოველი კეთილი შესაძინელის ჩვენი მიზნისათვის გამოსაყენებლად.
ყმაწვილი, თავიდანვე მიჩვეული ნამდვილ კლასიკურ მუსიკას, ვისი სულიც ამ მუსიკის ზემოქმედებით აღშენებულა, ეგრრიგად აღარ დაჰყვება უხეში რიტმის, როკისა და თანამედროვე ფსევდომუსიკის სხვა სახეობათა საცთურს.
ყმაწვილი, მიჩვეული კარგ ლიტერატურას, დრამასა და პოეზიას, ვისაც სულით მათი ზემოქმედება უგრძვნია, ესე იგი, ჭეშმარიტი ტკბობა უგემია, ადვილად ვერ მოიხიბლება თანამედროვე კინოფილმებით, ტელევიზიითა და მდარე რომანებით, რომელნიც სულს ანაგვიანებენ და ქრისტიანული გზიდან აცთუნებენ.
ამიტომ, ამა სოფლის სულთან ბრძოლაში საჭიროა გამოვიყენოთ ის უმჯობესი, რისი შემოთავაზებაც სოფელს ძალუძს, რათა ამ უმჯობესსაც აღვემატოთ. ქვეყნად ყოველივე უმჯობესი ღმერთსა და მართლმადიდებლობაზე მიანიშნებს, ჩვენ კი ამით სარგებლობა გვმართებს.
მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია