დღეს საკმაოდ აქტუალური გახდა საკითხი კათოლიციზმის საშიშროების შესახებ. ჩვენს ქვეყანაში ისევ გამოჩნდნენ კათოლიკე პატრები და მოწყალების დები, რომლებიც დედამიწაზე „ქრისტეს ნაცვალის", „დიდი პაპის" ბრძანებით კიდევ ერთხელ ცდილობენ ჩვენს „განათლებასა და გადარჩენას".
უკვე გაჩნდა პირველი უფასო საავადმყოფოები. მალე კათოლიკური ტაძრები აიგება. განათლებული, მდიდარი, ცივილიზებული პატრები მალე დაიპყრობენ ქართველთა გულებს. მათი სიკოხტავის შემხედვარე ვინღა დარჩება ერთგული ჩვენი სახელოვანი წინაპრების შუშანიკის, გრიგოლის, დავითის, არსენის, გაბრიელის, ილიას სარწმუნოების?!
რა საზიზღარი, გულისამრევი ქველმოქმედებაა - გაჭირვებულზე მოითბო ხელი! ნუთუ არ გახსოვთ, როგორ გაგვწირა „კაცთმოყვარე" პაპმა მეთვრამეტე საუკუნეში? ჩვენ ვთხოვდით ჯვარს, ფულს, რეალურ დახმარებას. მან კი ვაჭრობა გაგვიბა - დაგეხმარებით, ოღონდ რწმენა შეიცვალეთო. თავის გამოწვრთნილ, იეზუიტ პატრებს აგზავნიდა საქართველოში, რათა კათოლიციზმი ექადაგათ.
აი ნამდვილი, რეალური სახე „კაცთმოყვარე" პაპისა!
განა არ იცოდა პაპმა, რომ საქართელოს, უძველეს ქრისტიანულ ქვეყანას, ანდრია პირველწოდებულის მიერ დამოძღვრილს, არასოდეს უღალატნია ჭეშმარიტი სჯულისათვის? როგორ არ იცოდა, მაგრამ მისი მიზანი სარწმუნოებრივი განათლება კი არა, საქართველოს პაპის მორჩილებაში მოყვანა იყო.
სადაც ლიქნი, პოლიტიკანობა, ავანტიურიზმი არ გადის, იქ პაპი ინკვიზიციის კოცონს ააგიზგიზებს. როგორ შეიძლება პაპისტურ ეკლესიას ერქვას ქრისტეს ეკლესია, როცა კათოლიკების მოქმედების პრინციპია - „მიზანი ამართლებს საშუალებებს". პრინციპი, რომელიც უბრალო, ზნეობრივი ადამიანისთვისაც კი მიუღებელია, არათუ ქრისტეს ეკლესიისათვის.
დღეს ბევრს მიაჩნია, რომ კათოლიკურსა და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს. ისინიც ხომ ქრისტიანებიაო - ამბობენ მავანნი, სხვები ფიქრობენ, რომ ამ ეკლესიათა გაყოფა გამოიწვია მაშინდელმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და იერარქთა ამბიციურობამ. ეს მცდარი შეხედულებაა და მხოლოდ ზედაპირული ცოდნის შედეგია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კავშირი გაწყვიტა კათოლიკებთან ისაა, რომ მათ უღალატეს ქრისტეს სჯულს. ლათინთა ეკლესია მოციქულებრივი წარმოშობისაა, მაგრამ იგი განუდგა მოციქულთა გადმოცემას და დაზიანდა. მისი მთავარი ცოდვაა სარწმუნოებაში საკუთარი ინიციატივითა და საკუთარ წარმოდგენებზე დაყრდნობით ახალ-ახალი სიახლეების დანერგვა.
რა ეშმაკური კადნიერებაა, ქრისტეს სწავლება პაპის ჭკუაზე მოარგო და შეიტანო ცვლილებები თვით ძე ღვთისას, თვით აღთქმული მესიის, თვით ღმერთკაცის სწავლებაში. კათოლიციზმს, რომელიც პაპის რელიგიად იქცა, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ პაპიზმი, რადგან კათოლიციზმში პაპმა დაჩრდილა ყველა - წმ. მამებიც, მოციქულებიც, და რაც უმთავრესია, თვით ქრისტეც. კათოლიციზმი არის სათავე და საწყისი ყველა მწვალებლობისა. მხოლოდ და მხოლოდ „მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნობრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ მოციქულთაგან გადმოგვეცა. მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა" (კათ. პატრ. ილია II).
ჩვენ არა გვაქვს გააზრებული რა სიმდიდრე გაგვაჩნია.
დღეს, სამწუხაროდ ქართველთა ერთ ნაწილს ეროვნული არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს ჩამოყალიბებული და ყველაფერს უცხოურს ეტანება. გეთანხმებით, შეიძლება ჩვენი სამრეწველო ნაწარმი უვარგისი იყოს, მაგრამ რელიგია წმინდაა. ამ რელიგიაზე აღმოცენებული ჩვენი ეროვნული კულტურა კი - უნიკალური. მას ბევრი დიდი მამულიშვილი შთაუგონებია ღვთისა და ერის სასარგებლოდ. დღეს რომ ის უმოქმედოდ გვაქვს მიგდებული, ისევ ჩვენი ბრალია. ჩვენ ხომ წარმავალ ღირებულებებს წარუვალზე წინ ვაყენებთ. მუცლის პრობლემაზე უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულზე. არადა პირიქით უნდა იყოს. კათოლიციზმთან დაკავშირებითაც ასე არ მოგვივიდეს. არ დავხარბდეთ „გაპრანჭულ პატრებსა" და იტალიის ვიზებს. დავიმახსოვროთ, წმ. წერილის სიტყვები: „რამეთუ რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თავისი იზღვიოს?" (მთ. 16, 26). დავიმახსოვროთ, წმ. პაისის სიტყვები, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში წარმოთქვა და დღესაც აქტუალურად ჟღერს.
- „ნუ დაინანებ ნურც ქონებას და ნურც ნათესავებს, თუკი არ დაგიჯერებენ, არამედ ყოველნაირად შეეცადე, რომ საკუთარი სული იხსნა წარწყმედისაგან, რამეთუ შენთვის, სულზე ძვირფასი არაფერია, შენი სულისათვის მოკვდა ქრისტე. გაქცევისას მამულზე დარდმა არ დაგაბრკოლოს, ამქვეყნიური სიმდიდრე მალე წარიხდება, შენთვის უკეთესია სიგლახაკეში ყოფნა, ვიდრე სულიწმიდის გმობა, როგორც გმობენ კათოლიკები. წადი გაექეცი მათ, რაც შეიძლება სწრაფად, რომ სიკვდილმა არ მოგისწროს და ქრისტიანთა ნაცვლად მწვალებლებთან არ იქნე მითვალული. წადი და სხვებსაც ურჩიე წასვლა, იმათ, ვისზედაც სინდისი გკარნახობს, რომ შეისმენენ შენსას, ხოლო თუ არ შეისმენენ, შენ მაინც დააღწიე თავი მტრის ქსელს, სულითა და გულით შეუერთდი წმიდა მართლმადიდებელ ეკლესიას და ამგვარად, სხვებთან ერთად უმწიკვლო სარწმუნოებისა დამარხვითა და ქრისტეს მცნებების აღსრულებით შეძლებ ცხონებას".
ყურად გეღოს, ძმანო, წმინდანის შეგონება! ამინ.
მოამზადა დეკანოზმა ზაქარიამ (მარგალიტაძე)
Xareba.net - ის რედაქცია