კანონიზაციის ისტორია
საეკლესიო სწავლების თანახმად, ღვთის სათნომყოფელნი წმინდანთა დასს განეკუთვნებიან და უფლის წინაშე მლოცველნი არიან სარწმუნოებათანაზიარი მართლმორწმუნე ძმებისათვის, რომლებიც ლოცვით განადიდებენ მათ.
ეკლესიის ისტორიაში კანონიზაციის პრაქტიკულმა აქტმა სახეცვლილება და განვითარება განიცადა. მისი წარმოშობა რამდენადმე დაკავშირებული იყო მოსწრაფებასთან, თავიდან აეცილებინათ წმინდანთა საეკლესიო კულტში საეჭვო ღირსების პირთა მოხვედრა. ძველ ეკლესიაში წმინდანის თაყვანისცემა სპეციალურად გამოყოფილ, რაიმე განსაკუთრებული აქტის არსებობას არ საჭიროებდა. საქმე შემოიფარგლებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსის ნებართვის ან მისი განკარგულების საფუძველზე წმინდანის სახელის დიპტიქებსა და აღაპებში შეტანით და მისი გარდაცვალების დღის დღესასწაულის დადგინებით.
იმის გამო, რომ V საუკუნის დასაწყისისათვის წმინდანთა პატივად დღესასწაულების გამართვამ საკმაოდ ფართო ხასიათი მიიღო, საეკლესიო ხელისუფლება ვალდებული იყო თვალყური ედევნებინა როგორც წმინდანთა თაყვანისცემის დადგენაზე, ასევე ცრუ კანონიზირების აღკვეთაზე.
ზოგიერთი მოღვაწე, რომელიც წინამხედველობის ნიჭითა და სასწაულებით განიდიდა, წმინდანად თვით ხალხმა აღიარა. ზოგჯერ მათ პატივსაცემად სიცოცხლეშიც კი აშენებდნენ ტაძრებს, როგორც ეს იმპერატორ მარკიანეს მიერ ღირსი ბასიანეს (10 ოქტომბერი) მიმართ ტაძრის აშენებით გამოიხატა. უმეტეს შემთხვევაში წმინდანები ადგილობრივი თაყვანისცემით განიდიდებოდნენ (თავიანთ მონასტერში ან თავ-თავიანთ ეპარქიებში). შემდეგ კი მათ მიერ აღსრულებულ სასწაულთა გამრავლებასთან ერთად ხსენებულ წმინდანთა თაყვანისცემა საერთო საეკლესიო ხასიათს ღებულობდა.
პირველი ათასწლეულის ბოლოსათვის მართლმადიდებელ ეკლესიას უკვე სავსებით ფორმირებული ნუსხა გააჩნდა მსოფლიო წმინდანებისა, რომელთა ხსენებაც თითოეული ადგილობრივი ეკლესიის მიერ იდღესასწაულებოდა. ადგილობრივ წმინდანთა თაყვანისცემა თანდათან იზრდებოდა და მათ სახელზე იმპერიის სხვადასხვა კუთხეში და მის საზღვრების გარეთაც იწყებდნენ ტაძრების მშენებლობას. იმ მიზნით, რომ წმინდანთა კულტისათვის უფრო მეტი ავტორიტეტი მიენიჭებინათ და თავიანთი ეპარქიების საზღვრებს გარეთ მისი გავრცელებისათვის შეეწყოთ ხელი, X საუკუნიდან მოყოლებული ეპისკოპოსები იწყებენ რომის ეკლესიისათვის მიმართვას. სწორედ ამ დროიდან იწყებს აღმოცენებას კანონიზაცია, როგორც აქტი იმ მნიშვნელობით, რომელიც მას დღეს გააჩნია.
წმინდანთა მოღვაწეობის სახეები და მათი თაყვანისცემა
ეკლესიის არსებობის პირველ საუკუნეებში თაყვანისცემულ წმინდანთა ძირითადი სია მოწამეთა სახელებიდან შედგებოდა, რომლებმაც ღვთის დიდებისა და სიწმინდის დასამოწმებლად საკუთარი თავი ნებაყოფლობით შესწირეს მსხვერპლად. უკვე მე-2 საუკუნის საეკლესიო წყაროებში სახარებისეულ მოვლენათა აღსანიშნავად დაწესებული სადღესასწაულო დღეების გვერდით გვხვდება მოწმობები მოწამეთა ხსენებების დღეების დღესასწაულით აღნიშვნის შესახებაც.
ძველი რომის სასამართლოზე სტენოგრაფისტები მხოლოდ მოსამართლის შეკითხვებსა და ბრალდებულის პასუხებს იწერდნენ, ამიტომ ცნობები ძველი ეკლესიის მოწამეთა შესახებ ძალიან მწირია. ხშირად ქრისტიანები ყიდულობდნენ ჩანაწერებს მაგ. მოწამეთა ტირაქის, პრობისა და ანდრონიკეს (304 წ. ხსენება 12 ოქტომბერს) აქტებში აღნიშნულია, რომ ქრისტიანებმა მათში რომის ხელისუფლებას ორასი დინარი გადაუხადეს. ზოგჯერ ეკლესია, რომელსაც გააჩნდა უტყუარი ცნობა დაპატიმრებული ქრისტიანის დაკითხვის დღის შესახებ, სასამართლოზე მასთან, როგორც წმინდანთან აგზავნიდა გარკვეულ პირს, რომელსაც ევალებოდა ჩაეწერა დაკითხულის მოწმობა.
მოგვიანებით, ეკლესიაში მოღვაწეობის გამრავლებასა და ქრისტიანული ღვთისმსახურების განვითარებასთან ერთად სათვეო კალენდრები შეივსო ახალი სახელებით.
ძველი ეკლესიის წმინდანთა პირველდაწყებით მოსახსენებელ სიას შეადგენდა ძველი აღთქმის პატრიარქთა და წინასწარმეტყველთა, ახალი აღთქმის მოციქულთა და ქრისტესთვის ვნებულ მოციქულთა სახელები.
ამ კატეგორიის სიებში უნდა იქნენ შეყვანილნი აგრეთვე ეპისკოპოსები - ეკლესიის პირველი იერარქები, რომლებიც სიკვდილის შემდგომ წმინდანთა დიპტიქში შევიდნენ უკვე თავიანთი იერარქიული მდგომარეობის ძალმოსილებით.
თუ როგორი სიფრთხილით იქცეოდა ეკლესია ადგილობრივ იერარქთა საერთო საეკლესიო ხარისხში ამაღლებისას, იქედანაც ჩანს, რომ თვით ისეთი დიდი მოღვაწეების, როგორებიც იყვნენ ათანასე ალექსანდრიელი, ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, ეპიფანე კვიპრელი, გრიგოლ ნოსელი, იოანე ოქროპირი და კირილე იერუსალიმელი, კანონიზაცია მოხდა არა უადრეს იმპერატორ ლევ ბრძენის (886-911) მეფობამდე.
წმინდანთაგან სხვა - „ღირსთა" - კატეგორიას შეადგენდნენ ქრისტიანულ ღვაწლში გამორჩეული განდეგილები. ასკეტი - ანაქორეტები, რომლებიც IV საუკუნიდან მოყოლებული მრავლად მოღვაწეობდნენ ეგვიპტისა და პალესტინის უდაბნოებში. თავდაპირველად ამ მოღვაწე ბერ-მონაზონთაგან ცნობილთა თაყვანისცემა ცალკეული დიოზეცების მიერ იყო განსაზღვრული. მოგვიანებით კი, კერძოდ, მსოფლიო საეკლესიო კრებებში მონაწილეობის დროიდან მათი თაყვანისცემა ფართოდ გავრცელდა. ღირსთა სიები, არსებითად, ადგილობრივ წმინდანთან გაერთიანების პრინციპით დგებოდა. უკვე პირველი პატერიკი „ლავსაიკონი", (420 წ. დაწერილი), გვამცნობს, რომ მოიცავს „სინაის უდაბნოში მოღვაწე მამათა ცხოვრებას, შრომასა და მოღვაწეობას".
წმინდანთა ამავე კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ „აღმსარებელნი" - ადამიანები, რომლებმაც ქრისტესთვის მრავალი შეჭირვება, პატიმრობა და გადასახლება დაითმინეს, არ ვნებულან, როგორც მოწამენი. მოღვაწეთა ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ის აღმსარებელნი, რომლებიც იტანჯნენ წარმართთაგან და წმინდანები, რომლებიც შედარებით გვიან ერეტიკოსებისა და „რასკოლნიკების" მიერ მართლაღმსარებლობისათვის იქნენ დევნილნი (მაგ. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი).
ძველი ეკლესიის წმინდანთა კიდევ ერთ კატეგორიას ეკლესიისა და ხალხის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის განდიდებული მეფე-დიდებულები წარმოადგენენ, რომელთაც „წმიდა კეთილმორწმუნენი" (მაგ. წმ. დედოფალი თეოდორა) ეწოდათ. თუ წმინდანის მსახურება, მიმართული იყო ქრისტიანობის გავრცელებისა და განმტკიცებისაკენ, ისინი „მოციქულთა სწორებად" იქნენ შერაცხილნი (მაგ. წმ. კონსტანტინე და ელენე, წმ. თეკლა და ანა, რუსეთში წმ. მთავარი ვლადიმირი და ოლღა და სხვა).
VI საუკუნიდან მოყოლებული ალექსანდრიის ეკლესიაში, კერძოდ ბერ-მონაზონთა შორის ჩნდებიან სალოსები. წმინდანობის ამ კიდევ ერთი ტიპის წარმოშობას საფუძვლად დაედო წმ. პავლე მოციქულის სიტყვები: „ჩვენ სულელ ქრისტესთვის".
თავისთავად სალოსობის ღვაწლი თვით მიზანს არ წარმოადგენს. ამაზე მოჩვენებითი სალოსობის შესახებ ეკლესიის უფრო გვიანი პერიოდის აკრძალვებიც მეტყველებენ. ჭეშმარიტი სალოსები არა მხოლოდ საკუთარ სხეულსა და ადგილ-მამულს სწირავდნენ მსხვერპლად ღმერთს, არამედ უმაღლეს საბოძვრს ღვთისას ადამიანებისადმი - გონებას. ასეთ ქრისტესთვის სალოსს თერაპევტის ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული. ჭეშმარიტი სალოსის საქმიანობა ადამიანების სხვადასხვა ფენის განკურნებისაკენ იყო მიმართული.
ხსენებულ ღვაწლზე საუბრისას, ევაგრე თავის „ისტორიაში" - მას მართლმადიდებლური მოღვაწეობის უდიდეს ღვაწლს უწოდებს. (იხ. XX თავი). ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ძველ ეკლესიაში წმინდანთა კანონიზაციის კვლევისას ნეტართა და სალოსთა სია მოღვაწეთა ყველაზე მცირე რიცხვით შემოისაზღვრება.
წმინდანთა განდიდების საფუძველი
კანონიზაცია ეკლესიური ცნობიერებით ყოველთვის მოაზრებული იყო, როგორ ფაქტი ეკლესიაში ღვთის სიწმინდის გამოვლინებისა, რომელიც აქ მადლითშემოსილ მოღვაწეთა საშუალებით მოქმედებს. ამიტომ წმინდანთა განდიდების მთავარ პრობლემას ყველა დროში წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს მათი სიწმინდე და ჭეშმარიტი განწმენდის გამოვლინება, რომლის დამადასტურებელია შემდეგი ნიშნები:
1) ეკლესიის რწმენა შესარაცხი მოღვაწის, როგორც ღვთის სათნომყოფელი ადამიანის, ამქვეყნად მოვლენილი ღვთის ძის მსახურისა და წმინდა სახარების ქადაგის სიწმინდეზე (ასეთი რწმენის საფუძველზე განიდიდნენ ძველი აღთქმის მამები, მამამთავრები, წინასწარმეტყველები, მოციქულები).
2) ქრისტესთვის მოწამეობრივი სიკვდილი ან ტანჯვა ქრისტეს სარწმუნოებისათვის (ეკლესიაში ამგვარად განდიდნენ მოწამენი და აღმსარებელნი).
3) სასწაულთმოქმედებანი, რომლებიც აღესრულებოდნენ წმინდანთა ლოცვის მეშვეობით ანდა მათი წმიდა ნაწილებიდან (ღირსნი, მდუმარენი, მესვეტენი, სალოსნი და სხვა).
4) უმაღლესი საეკლესიო პირველმღვდელმთავრული და მღვდელმთავრული მსახურება. (სვიმეონ სოლუნელის მოწმობით, საღმრთო ღვთისმსახურების მადლისათვის მღვდელმთავარნიც საკურთხეველში იკრძალებოდნენ).
5) ეკლესიისა და მართლმორწმუნე ერის წინაშე დიდი დამსახურება (მეფეთა, მთავართა, მოციქულთა სწორთა კანონიზაცია).
6) კეთილზნეობითი, წმიდა და მართალი ცხოვრება, რომელიც ყოველთვის არ იყო დამოწმებული სასწაულთმოქმედებებით (ასე განიდიდებოდნენ კეთილმოწრმუნე თავადნი და ზოგიერთნი ღირსნი).
7) პატრიარქ ნექტარის მოწმობით, XV საუკუნეში სამი რამ მიიჩნეოდა ადამიანებში ჭეშმარიტი სიწმინდის მიზეზად: ა) შეუორგულებელი მართლმადიდებლობა; ბ) ყველა სათნოების აღსრულება, რასაც მოსდევდა სარწმუნოების გამო ბოროტის მხრიდან წინააღდგომა. წმინდანის სისხლის დათხევამდე მისულიც კი; გ) ღვთის მიერ ზებუნებრივი ნიშნებისა და სასწაულების გამოვლინება.
8) არაიშვიათად მოღვაწის წმინდანობის დამადასტურებელი იყო ხალხის მიერ მისი თაყვანისცემა, ზოგჯერ თვით წმინდანის სიცოცხლეშივე გამოვლენილი. ასეთ თაყვანისცემას საფუძვლად ედო ერთგვარი ბუნებრივი შეწევნა განსვენებული მოღვაწის მხრიდან, თუმცა სასწაულთა ჩანაწერების არსებობის შემთხვევაშიც კი ეკლესიას შეეძლო მოღვაწის წმინდანად შერაცხვა ხლხისაგან მისი დიდი თაყვანისცემის საფუძველზე.
აუცილებელია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიის წმინდანთა დიდ ნაწილს არ გააჩნია რაიმე ფორმალური დოკუმენტალური რწმუნება წმინდანთა დასზე მათი კუთვნილების თაობაზე - მაგ. მოღვაწენი პატერიკებიდან („ღვთისმოყვარეთა ისტორია", „ლავსაიკონი"), მაგრამ ყველა ისინი ფორმალური დადგენილების გარეშე შეყვანილნი არიან ნაციონალურ წმინდანთა რიცხვში, ასევე სხვა ეკლესიათა კალენდრებში.
კანონიზაციის საკითხში განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭებოდათ წმიდა ნაწილებს. მართლმადიდებელ ეკლესიის სწავლების თანახმად, წმინდანთა ნაწილებს წარმოადგენდნენ ღვთისგან განდიდებულ მოღვაწეთა როგორც მთლიანობადაცული (უხრწნელი), ასევე მათი სხეულების ცალკეული ნაწილები.
წმინდა ნაწილებიდან სასწაულთა აღმოცენება ხშირად დასაბამი ხდებოდა წმინდანის განდიდებისა, მაგრამ მათი ნაწილების აღმოყვანება (საფლავის გახსნა) არა თუ იშვიათად უკვე წმინდანის კანონიზაციის შემდგომ ხდებოდა, რის გამოც შეიძლება დავასკვნათ, რომ წმინდა ნაწილების არსებობა მხოლოდ ერთი შესაძლებელი პირობათაგანი იყო მოღვაწის განდიდებისათვის.
ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ ყოველგვარ კანონიზირებას წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაო - შესარაცხად წარდგენილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა. ეს აუცილებელი პირობა იყო ღვთის სათნომყოფელთა როგორც ცალკეული, ისე ჯგუფური შერაცხვის დროს.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ წმინდანთა კანონიზირების საფუძველი ეკლესიის ისტორიაში არასდროს არ ყოფილა ერთსახოვანი. შერაცხვის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში არსებობდა განსაკუთრებული მიზეზები და საფუძვლები, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის შეუცვლელი რჩებოდა: ყოველგვარი განდიდება წმინდანისა წარმოადგენდა განცხადებას ღვთის სიწმინდისას და ის ყოველთვის აღესრულებოდა თვით ეკლესიის კეთილი ნებასურვილით.
მოამზადა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია