კითხვა: კეთილი საქმეა თუ არა სესხის გაცემა?
პასუხი: სესხის გაცემა ნამდვილად კეთილი საქმეა, რადგან სესხი - ეს მეორე ჩუქებაა. სესხის გაცემა, თუ რა თქმა უნდა არ მევახშეობთ ან რაიმე ანგარება არ გამოქმედებთ - კეთილი საქმეა. სესხის არ გამცემი მოყვასის მიმართ უყურადღებობის გამო ისჯება, მაგრამ მოწყალების დროს გონიერებაა საჭირო, რათა, მაგალითად, არ ასესხო მთვრალს.
კითხვა: ისჯება თუ არა ნაქურდალის მიმღები?
პასუხი: ნაქურდალის მიმღები ისჯება ისევე, როგორც ქურდი.
კითხვა: შეიძლება თუ არა საფლავზე ძეგლის დადგმა?
პასუხი: არ შეიძლება. საფლავზე მხოლოდ ჯვარი უნდა იდგეს.
კითხვა: როგორ მოვეპყრათ დაზიანებულ ხატებს?
პასუხი: დაზიანებულ ხატებს და სეფისკვერს წვავენ (თუ ამის საშუალება არსებობს ტაძრის ღუმელში) ან მიწაში მარხავენ სუფთა ადგილას.
კითხვა: ეკლესიაში მოხუცებულმა დედაკაცებმა იციან ხოლმე რაღაც-რაღაცეების სწავლება, როგორ გავერკვეთ სიმართლეში?
პასუხი: უმეტესწილად ამ დედაკაცებმა ძალიან ცოტა იციან საეკლესიო წეს-ჩვეულებებისა, ამიტომაც უნდა ვკითხოთ მღვდელმსახურებს და თავად განვისწავლებოდეთ წმინდა წერილისა და წმინდა მამათა გადმოცემის კითხვით.
კითხვა: შეიძლება თუ არა სამკურნალოდ საეკლესიო სიწმინდეთა მიცემა მოუნათლავთათვის, ან მონათლულთა, მაგრამ ურწმუნოთათვის?
პასუხი: არ შეიძლება.
კითხვა: აუცილებელია თუ არა, ბოლომდე ჩაიწვას სანთელი, რომელიც გარდაცვლილის სულის მოსახსენებლად დავანთეთ?
პასუხი: ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.
კითხვა: შეიძლება თუ არა ბავშვის ფიზიკურად დასჯა სხვისი თანდასწრებით?
პასუხი: ფიზიკური დასჯა არ უნდა ხდებოდეს სხვისი თანდასწრებით, ეს აუცილებელი პირობაა.
Xareba.net - ის რედაქცია