წმიდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (ერისკაცობაში გიორგი გოვოროვი, 1815 – 1894) - უდიდესი საეკლესიო მოღვაწე, ღვთისმეტყველების დოქტორი, ბრწყინვალე ხატმწერი, მკაცრი ასკეტი, ბოლო 28 წელი განმარტოებით ვიშინსკის უდაბნოში გაატარა, ამისათვის შთამომავლობამ დაყუდებული უწოდა. მას მიმოწერა ჰქონდა ათასობით სულიერ შვილთან, როგორც სამეფო კარის მოხელეებთან, ასევე უბრალო ადამიანებთან. მისი წერილების უმრავლესობა გამოქვეყნებულია. მათგან განსაკუთრებით ცნობილია: „წერილები სულიერი ცხოვრების შესახებ", „რა არის სულიერი ცხოვრება და როგორ განვეწყოთ მის მიმართ", „წერილები სხვადასხვა პირებისადმი". საოცრად ნაყოფიერია მისი მთარგმნელობითი საქმიანობა. წმ. თეოფანე დაყუდებულმა საფუძვლიანად შეისწავლა ბერძნული, ფრანგული, ებრაული და არაბული ენები.
წმ. ეპისკოპოს თეოფანეს სამართლიანად უწოდებენ „ქრისტიანული ფილოსოფიის უდიდეს სწავლულს".
რა მოგივიდათ? რა კითხვებია - არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებას. რაღაც ხომ უნდა ვაკეთო, მიზანი ხომ უნდა განვსაზღვრო? - წავიკითხე და განვცვიფრდი, საიდან გაგიჩნდათ ასეთი „ბრძნული" აზრები. თქვენ ხომ გადაწყვიტეთ ადამიანური ღირსებით იდგეთ იმ სიმაღლეზე ღვთის განგებას რომ შეეფერება. ვხვდები, თქვენს ნაცნობებში პროგრესისტები ურევია, ან მოხვდით იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ავრცელებდნენ „მაღალ" იდეებს. მათ მუდამ პირზე აკერიათ კაცობრიობის კეთილდღეობა, ადამიანის ბედნიერება. თქვენ ალბათ ამ იდეების მოსმენამ დაგატყვევათ: დაუფიქრდით თქვენს ცხოვრებას და გულდაწყვეტილმა აღმოაჩინეთ, რომ ოჯახისა და ახლობლების წრეში მიზნისა და სარგებლობის გარეშე ჭკნებით.
ვაგლახ! - აქამდე როგორ არ აგიხილათ ვინმემ თვალები.
შევეცდები, ჩვენი საუბარი მთლიანად ამ პრობლემას მივუძღვნა. გეტყვით, რომ რითაც აქამდე ცხოვრობდით და ცხოვრობთ ამჟამად, რეალურია და არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. აუცილებელია ცხოვრების მიზნის ზუსტი განსაზღვრა. ძნელია თუ არა ეს? და ხომ არაა უკვე განსაზღვრული იგი? საერთო მდგომარეობა ასეთია - რადგანაც მარადიული ცხოვრება არსებობს, მაშინ ადამიანის მთელი ცხოვრების მიზანი უნდა იყოს საიქიო და არა მიწიერი ცხოვრება. ეს გარემოება ყველასთვის ცნობილია და საკამათო არაფერია. თუმცა ამ ცოდნას ცხოვრებაში ნაკლებად ვიყენებთ. იღვაწეთ ამ მიზნის მისაღწევად - თავად ნახავთ, როგორი სინათლით გასხივოსნდება თქვენი ამქვეყნიური დროებითი ყოფა და თქვენი საქმეები. დარწმუნდებით, რომ აქ ყველაფერი მხოლოდ საშუალებაა სხვა ცხოვრებისათვის.
„არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებასო" - მწერთ. სულიერი ხედვა მუდამ გქონდეთ მიმართული ზეცათა სასუფევლისკენ და ყველა ნაბიჯი ისე განსაზღვრეთ, რომ იგი იყოს იქითკენ გადადგმული. მე მგონია, რომ ეს მარტივია და ყოვლის მომცველიც.
მეკითხებით: „ხომ უნა ვაკეთო რაღაც?" რა თქმა უნდა, აკეთეთ, რაზეც მიგიწვდებათ ხელი თქვენს წრეში და გარემოში, - მერწმუნეთ, რომ ეს არის და იქნება თქვენი ნამდვილი საქმე, და რომ ამაზე მეტი არც მოგეთხოვებათ. (დიდი შეცდომაა, როცა ფიქრობთ, რომ სასუფეველისათვის ან პროგრესისათვის უნდა ვაკეთოთ დიდი და ხმამაღალი საქმეები). სრულიადაც არა. საჭიროა მხოლოდ ვიღვაწოთ ღვთის მცნებების მიხედვით.
რა ვაკეთოთ? - არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ის, რაც ნებისმიერს გამოუჩნდება ცხოვრების კერძო შემთხვევაში. მაგალითად: თქვენთან მოდის გაჭირვებული; ეს ღმერთმა გამოგიგზავნათ იგი. დაეხმარებით? ღვთისთვის სათნოს იზამთ და გადადგამთ ნაბიჯს ბოლო მიზნისათვის - ზეცაში დამკვიდრებისთვის. განაზოგადეთ ეს შემთხვევა. თუ გადაწყვეტთ ყველა გარემოებაში იმოქმედოთ ისე, როგორც ღვთის ნებაა, ამით თქვენი ცხოვრების ყველა პრობლემა გადაიჭრება სრულიად და დამაკმაყოფილებლად. და რა სურს ღმერთს, ჩვენ ვიცით მოცემული მცნებებიდან.
დახმარებას ითხოვს? - დაეხმარე. გაწყენინა ვინმემ? - შეუნდე. შენ თვითონ აწყენინე? - იჩქარე, - შენდობა ითხოვე და შეურიგდი. შეგაქო ვინმემ? - არ გაამაყდე. გაგლანძღა? - არ გაბრაზდე. ლოცვის დროა? - ილოცე. შრომის? - იშრომე. და სხვა და სხვა, ქრისტიანის მიზანი საიქიოდ ნეტარი ცხოვრებაა; საშუალება ამ მიზნის მისაღწევად კი მცნებების მიხედვით ნაღვაწი საქმეები. ასე განჭვრეტილი თქვენი ცხოვრება მოთავსდება მყუდრო ჩარჩოში და ხმაურის გარეშე მიხვალთ მიზნამდე.
მეტყვით: „როგორ? ცხოვრების წესი ხომ მაინც უნდა ავირჩიო და განვსაზღვროო!" - ვინა ვართ მე და თქვენ, რომ განვსაზღვროთ? დავიწყებთ ფიქრს და ყველაფერი აირდაირევა. ყველაზე საიმედოა, მორჩილებით, მადლიერებით და სიყვარულით მივიღოთ ის ტვირთი, რომელსაც ღმერთი გვარგუნებს წილად. თქვენ ახლა მშობლების ჭერქვეშ იმყოფებით - თბილად, უსაფრთხოდ, თავისუფლად. რა უნდა ისურვოთ უკეთესი? მწერთ: „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ოდესმე ხომ უნდა დაიწყოს საკუთარი, ჩემი ცხოვრებაო". აი, თქვენ საუკეთესო გამოსავალი! - მიუნდეთ ღმერთს და ილოცეთ, რომ მიაღწიოთ ნეტარ საიქიო ცხოვრებას საუცხოო ხვედრზე ოცნების გარეშე. უფლის ნება კი განცხადდება ცხოვრებისეულ შემთხვევებში და მშობლების ნებაში. ასეთ ფიქრებში განმტკიცებულმა და უფალში დამშვიდებულმა იცხოვრეთ ფუჭი ოცნებების გარეშე. კეთილსინდისიერად აკეთეთ, რაც გევალებათ მშობლებთან, და - ძმებთან, ნათესავებთან და საერთოდ ადამიანებთან დამოკიდებულებაში, არაფრით იფიქროთ, რომ ასეთი ცხოვრება ამაოა.
მგონი ყველაფერი აგიხსენით. მხოლოდ სურვილს ვიტოვებ, კარგად ჩაწვდეთ ნათქვამს. გიწინასწარმეტყველებთ, რომ ჰპოვებთ სრულ სულიერ სიმშვიდეს.
მხოლოდ გული უნდა შეიმუსროთ, თორემ ბევრ სისულელეს ჩაიდენთ, მართალია ისიც, რომ სულის გარეშე ძნელია: რადგან იქ, სადაც გული არაა, რაღა ცხოვრებაა; მაგრამ მაინც არ ღირს გულის აყოლა, რადგან იგი ბრმაა და მკაცრი წინამძღვრის გარეშე დაიღუპება.
წიგნიდან „რა არის სულიერი და როგორ განვეწყოთ მის მიმართ"
Xareba.net - ის რედაქცია