რა არის თავისუფლება, რის გამოც ასე წუხს თანამედროვე ადამიანის გონება, რის გამოც სჩადიან უამრავ უგუნურ საქმეებს და ისვრიან უაზრო ფრაზებს?
თავისუფლება, დემოკრატიული გაგებით, არის პოლიტიკური ძალის, ან უკეთ რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღების უფლება. მმართველობისადმი მისწრაფება კი ავადმყოფურად იზრდება და ფართოვდება.
აფართოვებს რა თავის გავლენებს, უახლესი დემოკრატია მიზნად საყოველთაო ხმების დაგროვებას ისახავს. აი საბედისწერო შეცდომაც - ერთ-ერთი გასაოცარი კაცობრიობის ისტორიაში. თითოეული ხმა თავისთავად არაფერს არ წარმოადგენს: პირობითი მნიშვნელობა აქ ხმების განსაზღვრულ რაოდენობას, ანუ ხმათა ჯგუფს ეძლევა. აქ დაახლოებით სააქციო საზოგადოების კრების მსგავს მოვლენას ვხვდებით. ერთეულები, როგორც წესი უძლურნი არიან; მაგრამ ვინც ხელში ჩაიგდებს ხმების დიდ რაოდენობას, ხდება ამ ძალის ბატონ-პატრონი, შესაბამისად მართვა-გამგეობის მფლობელი და გადაწყვეტილების მიმღები.
მაშ, გეკითხებით, - რა უპირატესობა აქვს დემოკრატიას მმართველობის სხვა ფორმებთან? როგორც წესი, ვინც აღმოჩნდება ძლიერი, ის ხდება სიტუაციის ბატონ-პატრონი: ერთ შემთხვევაში - ბედნიერი და მამაცი სარდალი, სხვა შემთხვევაში - მარჯვე, მცოდნე, უდრეკი ნებისყოფისა და მკაცრად განსაზღვრული გეგმის მქონე მონარქი ან ადმინისტრატორი. აქედან გამომდინარე, დემოკრატიის დროს მმართველებად ხმათა უმრავლესობის მოხერხებული შემგროვებლები ხდებიან. ამ ტიპის ადამიანები ხმამაღლა ქადაგებენ თანასწორობას, თავისუფლებას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი თავიანთ უფლებას გამოიყენებენ საზოგადოების საკეთილდღეოდ და საყოველთაო თავისუფლების განსამტკიცებლად. რადგან, არსით ისინი, ჩვეულებრივი დესპოტები და სამხედრო დიქტატორები არიან.
საუკუნოვანი გამოცდილება კი სხვაგვარი იყო. ისტორია გვისაბუთებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, ერისათვის ნაყოფიერი და მყარი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მოღვაწეთა ცენტრალიზებული ნებიდან გამომდინარეობდა, ანუ მაღალი იდეის და ღრმა ცოდნის მქონე განათლებულ ადამიანთა უმცირესობიდან. მმართველობის გაფართოებით კი ხდებოდა სახელმწიფო იდეის დამცირება და მასის წინაშე აზრის ვულგარიზაცია.
ევროპის ყველა ქვეყანაში, დემოკრატიის ეგიდით, ხმათა შეგროვების თამაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. და თუმცა თითქმის ყველასათვის გამჟღავნდა ამ ფორმის სიცრუე, მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ აშკარად ბრძოლას ვერავინ ვერ ბედავს. საბრალო ხალხი განსაცდელშია. გაზეთები კი ხალხის გოდებას თავიანთი მაღალფარდოვანი მოწოდებით ახშობენ. მაგრამ გაუთვითცნობიერებელი გონებისათვის კი ნათელია, რომ ეს თამაში სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურ პარტიათა შორის ხმათა მოხვეჭის გამო დაუნდობელი ბრძოლა. თითოეული ხმა ხომ არსებითად უსასრულო ერთეულია, რომელიც რეალურ ღირებულებას მხოლოდ მოხერხებული აგენტის ხელში იძენს. ხმების მოგროვება კი სხვადასხვა საშუალებებით ხდება. მათ შორის უპირველესად მოსყიდვით - ფულის და მდიდრული ნივთების ჩუქებით დაწყებული მაღალი თანამდებობის მიღებით დამთავრებული. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სერიოზული მოქალაქეები, კეთილგონიერი და შრომისმოყვარე ადამიანები საერთოდ არ ღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას, გრძნობენ რა პოლიტიკურ აგენტთა ხროვასთან ბრძოლის უაზრობას. მოსყიდვასთან ერთად პოლიტიკოსები ხალხის დაშინებასაც არ ერიდებიან. გამორიცხული არ არის ტერორიც, რისი მეშვეობითაც ბანდიტებს გაჰყავთ თავიანთი კანდიდატები.
პარტიათა ჩამოყალიბება და ადამიანთა მოსყიდვა - აი მძლავრი იარაღი, რასაც ასე წარმატებით იყენებენ თანამედროვე პოლიტიკოსები. ეს საშუალებები ახალი როდია. ჯერ კიდევ ფუკიდიდი ამ საშუალებათა ფართო გამოყენების ფაქტებს აღწერს ძველი საბერძნეთის რესპუბლიკაში. რომის ისტორია კი მოსყიდვის ჭეშმარიტად შემაზრზენ მაგალითებს მოგვითხრობს, რაც არჩევნების წინა პერიოდში ნებისმიერი პარტიის ჩვეულებრივ იარაღად ითვლებოდა. ჩვენს დროში კი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად მასებზე ზემოქმედების კიდევ უფრო მძლავრი საშუალება გამოიგონეს. პოლიტიკოსები მათთვის ხელსაყრელ ფრაზებს და ფორმულებს აყალიბებენ და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით აწვდიან მოუმზადებელ საზოგადოებას. დარწმუნებულნი იმაში რომ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიუწვდომელია და არ შემოწმდება, აწვდიან პუბლიკას ხმამაღალი და ზოგადი ფრაზებით შემკულ გამოყვანილ ფორმულას. და ამ ხერხით ქმნიან აზრთა ცრუ, მოჩვენებით ერთსულოვნებას. ამას უწოდებენ - ხმას ერისას, თან ამატებენ ასეთია ღვთის ნებაო.
უნდა ითქვას, რომ მათ თავიანთ მიზანს მიაღწიეს განსაკუთრებით ზედაპირულად და ნაკლებად განათლებულ ადამიანებში.
რა დასანანია და სამწუხარო ცდომილებაა! საქმისადმი ასეთი მარტივი მიდგომა იწვევს საზოგადოებრივი აზრის უკიდურეს დემორალიზაციას და მთელი ერის პოლიტიკური არსის დასუსტებას.
დავით ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია