ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მისი წინაპრები სასულიერო პირნი ყოფილან და მომავალი მიტროპოლიტი სიყრმიდანვე სარწმუნოებრივ-საეკლესიო გარემოში იზრდებოდა.
ნაზარიმ (ერისკაცობაში იოსები) დაწყებითი განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო. შემდგომ კი თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა: იგი ჯერ დიაკვნად, შემდეგ კი, 1893 წლის 22 თებერვალს, მღვდლად აკურთხეს. პირად ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ (ჯერ მეუღლე გარდაეცვალა, შემდეგ - ორივე ასული), 1904 წელს იგი ბერად აღიკვეცა. 1910 წელს მღვდელ-მონაზონი ნაზარი აღყვანილ იქნა იღუმენის რანგში. 1911 წელს იგი იოანე ნათლისმცემლის უდაბნოს წინამძღვარი გახდა. ამავე წლის 1 დეკემბერს დადგენილ იქნა არქიმანდრიტად. 1918 წლის 17 ნოემბერს კი არქიმანდრიტი ნაზარი ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აღყვანილი და ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად დადგინდა.
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ ნაზარის სასულიერო მოღვაწეობა მეტად რთულ ვითარებაში მოუხდა. 1905 წელს ქართველმა სასულიერო მოღვაწეებმა წამოჭრეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხი, რამაც რუსეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მრავალწლიანი ბრძოლის შემდგომ 1917 წლის 12 მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია. ყველა ამ მოვლენის ცენტრში ტრიალებდა მიტროპოლიტი ნაზარი.
1922-23 წლები უმძიმესი პერიოდია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ბოლშევიკური მთავრობის ინიციატივით დაინგრა 1200 ეკლესია. განადგურდა განძეულობა, დაიწვა უამრავი უნიკალური ხელნაწერი, რეპრესირებულ იქნა მრავალი სასულიერო პირი და ეროვნული მისწრაფების მქონე ადამიანი.
ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ ბოლშევიკებმა დააპატიმრეს მიტროპოლიტი ნაზარი. მას ბრალად ედებოდა მონაწილეობა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და სიონისა და სვეტიცხოვლის ქონების გადამალვაში. კითხვაზე თუ ვისთვის ინახებოდა განძეულობა, სასამართლო პროცესზე მიტროპოლიტმა უპასუხა: „ეკლესიისათვის და ქართველი ერისათვის". სასამართლომ ნაზარის მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. შემდგომში იგი შეიცვალა პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის აპრილში ამნისტიის საფუძველზე ორი წლის პატიმრობის შემდგომ მიტროპოლიტი ნაზარი გაანთავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის ეპარქიას, სადაც ძალზე მძიმე მდგომარეობა დახვდა. მიტროპოლიტი არ შეუშვეს სარეზიდენციო სახლში, რომელიც საწყობად იყო გადაქცეული. იგი იძულებული გახდა ძმის ოჯახისთვის შეეფარებინა თავი.
უდრტვინველად ატარებდა მიტროპოლიტი ნაზარი თავის ჯვარს, რომელსაც სარწმუნოებისათვის თავდადების ღვაწლით უნდა გაებრწყინებინა მღვდელმთავარი. იგი დიდ დახმარებას უწევდა და მეთვალყურეობას იჩენდა ქუთაისის ეპარქიის სასულიერო პირის მიმართ, უყურადღებოდ არ ტოვებდა მათ არც ერთ თხოვნას, მათი უერთგულესი მრჩეველი და უახლოესი ადამიანი იყო.
1924 წლის 27 აგვისტოს, მიტროპოლიტ ნაზარის სოფელ სიმონეთიდან ეწვია დელეგაცია და სოფლის ეკლესიის კურთხევა სთხოვა. დანიშნულ დროს მიტროპოლიტი ნაზარი რამდენიმე მღვდელთან ერთად სოფელში ჩავიდა. მათ ეკლესია აკურთხეს. ღამით ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის ოჯახში სტუმრად მყოფ მიტროპოლიტს და მის თანმხლებ სამღვდელოებას მოულოდნელად დაესხნენ თავს ჩეკისტები, ხელ-ფეხი შეუკრეს, თოფის კონდახებით სცემეს, შემდეგ ურემზე დააკრეს და სოფლის საბჭოში მიიყვანეს.
მეორე დღეს პატიმრები ქუთაისის შინსაკომში გადაიყვანეს და სხვა პატიმრებთან ერთად ბნელ საკანში დაამწყვდიეს. დატყვევებულებს სასტიკად ეპყრობოდნენ, სულიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. შემდეგ კი ყოველგვარი გასამართლების გარეშე კი ყოველგვარი გასამართლების გარეშე „განსაკუთრებულმა სამეულმა" საფიჩხიას ტყეში დახვრიტა მიტროპოლიტი ნაზარი და მასთან ერთად ოთხი სასულიერო პირი: მღვდელი სიმონი (მჭედლიძე), მღვდელი გერმანე (ჯაჯანიძე), მღვდელი იეროთეოსი (ნიკოლაძე) და დიაკვანი ბესარიონი (კუხიანიძე).
1994 წელს უწმიდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ ბევრ სხვა საკითხთან ერთად განიხილა აღნიშნული მოვლენა და დაადგინა: მიტროპოლიტ ნაზარისთან ერთად მოკლულთა სახით კანონიზირებულ იქნას საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დროს ეკლესიისა და ერისათვის ურწმუნოთაგან მოკლული ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეწოდოთ მათ სახელად ახალმოწამენი.
Xareba.net - ის რედაქცია