თავად "სიყვარულის მოციქული” განასხვავებს "ღმრთის ძეებსა” და "ეშმაკის ძეებს” და გვაფრთხილებს, მოვერიდოთ "ანტიქრისტეებს”, რომლებიც უკვე მის დროში გამოჩნდნენ, როგორც სამყაროს აღსასრულის ჟამს მოსასვლელი ერთი მთავარი ანტიქრისტეს წინამორბედნი. ის არ გვასწავლის ჩვენ მათ სიყვარულს, ამბობს, რომ "ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყვნეს ჩუენგანნი” (I იოანე 2.19) და რომ "საყვარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისგან იყვნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინასწარმეტყუელნი განსრულ არიან სოფლად” (I იოანე 4.1).
„ამით უწყოდეთ სული ღმრთისა ყოველმან სულმან, რომელმან აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგან არს; და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესო ქრისტე ხორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგან არს. და ესე არს ანტიქრისტესთვის, რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსვლად არს და აწცა სოფელსა შინა არს". – უნდა ვიფიქროთ: მისი წინამორბედ – ცრუმოძღვრების სახით (I იოანე 4.2-3).
ჩვენ კი როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ ცრუ-მოძღვრებისადმი?
ისევე გვიყვარდეს, როგორც ჩვენი ქრისტესმიერი ძმები?
ცხადია, არა, რადგან იოანე ღმრთისმეტყველი ამბობს მათ შესახებ: "რომელი მოვიდეს თქვენდა და ესე მოძღვრება (ანუ ჭეშმარიტად ქრისტიანული მოძღვრება) არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლსა თქუენთა და „გიხაროდენ" ნუ ეტყვით მას. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ", ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა” (II იოანე 10-11) "სიყვარულის მოციქულთან” სრულ თანხმობაშია, წარმართთა დიდი მოციქული წმინდა პავლე.
"მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე. უწყოდე, რამეთუ გარდაგულარძნილ არს ეგევითარი იგი და ცოდავს და არს იგი თვით დასჯილ” (ტიტე 3.10-11) – არიგებს იგი თავის მოწაფეს ტიტეს, რომელიც მან დაადგინა ეპისკოპოსად.
ზემონათქვამიდან სრულიად გასაგებია, რატომ კრძალავდა ყოველთვის ქრისტიანული ეკლესია ყოველგვარ ლოცვით ერთობას ერეტიკოსებთან, რაც ჩანს მთელი რიგი საეკლესიო-კანონიკური წესებიდან.
და მხოლოდ ამ ბოლო დროს მოდერნისტებმა, რომლებიც მღვდელმსახურებსა და ეკლესიის მაღალ იერარქთა შორისაც გამოჩნდნენ, დაიწყეს ამ ყველაფრის იგნორირება და ერეტიკოსებთან და ქრისტე-მაცხოვრის აშკარა მტრებთან ახლო ურთიერთობის პროპაგანდა "ქრისტიანული სიყვარულის” საბაბით. ქრისტეს სწავლების ღმრთაებრივი ჭეშმარიტების იგნორირებით, ისინი პირველ ადგილზე აყენებენ სიყვარულს და ამ "სიყვარულის” სახელით მზად არიან უარყონ ყველაფერი ის, რასაც გვასწავლის ღმრთივგანცხადებული ღმრთის სიტყვა და კანონიკური წესები.
მაგრამ შეუძლებელია მხედველობაში არ ვიქონიოთ, რომ ქრისტე-მაცხოვარსაც და მის წმინდა მოციქულებს, რომლებიც გვასწავლიან სიყვარულს, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანის შეცნობის მთავარ ნიშანს, უპირობო აუცილებლობას, აშკარად აქვთ მხედველობაში სიყვარული ძმათა – ქრისტიანთა შორის, და არაფერს ამბობენ ერეტიკოსებისა და ქრისტიანობის მტრებისადმი – "ეშმაკის შვილებისადმი” (I იოანე 3.10) სიყვარულის აუცილებლობაზე.
რასაკვირველია, ჭეშმარიტი ქრისტიანი ვალდებულია თავის ღმრთაებრივი მასწავლებლის – ქრისტეს მიბაძვით, სიყვარულით იყოს განწყობილი ყველასადმი, მაგრამ როგორ? ისე, რომ მისი ამ სიყვარულით არ დაითრგუნოს და არ იქნას უარყოფილი ჭეშმარიტება: ის უნდა იყოს გულმოწყალე მწუხარეთა მიმართ და უნდოდეს ყველას ცხონება.
იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის თავად ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს საყვარელი მოწაფე – "სიყვარულის მასწავლებელი”, წმინდა იოანე ღმრთისმეტყველი წერს "საყვარელ გაიოზს”: "სხუაი უფროისი სიხარული ამისსა არა მაქუს, რაითა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სვლაი” (III იოანე 4).
ამ ჭეშმარიტების გამო აღესრულებოდნენ აუწერელ ტანჯვაში წმინდა მოწამეთა მთელი დასები, ამ ჭეშმარიტების ზეიმისათვის იბრძოდნენ ერეტიკოსებთან სრული შეურიგებლობით ეკლესიის დიდი და სახელოვანი მამები, მართლმადიდებლობის ნამდვილი ბურჯები, რომლებსაც ჩვენ ესოდენ პატივს მივაგებთ, რომელთა მიმართაც ვლოცულობთ და ვთხოვთ შუამდგომლობას ღმრთის წინაშე.
როგორი რეაგირება უნდა მოვახდინოთ ჩვენ, როცა ვხედავთ, რომ 20-ე საუკუნეში არა მხოლოდ "რიგით” ქრისტიანებს, არამედ მღვდელმსახურებსა და მაღალ იერარქებს შორისაც კი გამოჩნდა მრავალი ადამიანი, რომლებსაც არა მხოლოდ არ სურთ ჭეშმარიტებისათვის ბრძოლა, არამედ, თითქოსდა "ქრისტიანული სიყვარულის” სახელით, სიცრუესთან უამრავ კომპრომისზე მიდიან და უზრუნველად ღალატობენ ღმრთაებრივ ჭეშმარიტებას და მის ადგილზე საკუთარ ცბიერ ადამიანურ გრძნობას აყენებენ? როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანს ჰქონდეს სიყვარული სიცრუისა და სიცრუის მთესველებისადმი?
ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის აქ არაფერია გასარკვევი; არავითარი გაუგებრობა, როგორ უნდა მოექცეს ასეთ ადამიანებს. ყველაზე მაღალი სამღვდელო ხარისხის მიუხედავადაც კი, მას არ შეუძლია ჩათვალოს ასეთი ადამიანები მართლმადიდებელ ქრისტიანებად! და რასაკვირველია, რაიმე ურთიერთობა ქრისტიანულ სიყვარულსა და ლოცვაში მათთან შეუძლებელია, რადგან ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული მხოლოდ ჭეშმარიტებაში ერთობის – თანამოაზრეობის ნიადაგზეა შესაძლებელი. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ საღმრთო ლიტურგიაზე ევქარისტიის კანონის დაწყების წინ გვესმის მოწოდება "იყუარებოდეთ ურთიერთას, რაითა ერთობით აღვიარებდეთ”, ხოლო ყველა მორწმუნე ამთავრებს: "მამასა და ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა”. ამ ერთობის გარეშე ხომ შეუძლებელია ერთობა სიყვარულში, ერთობა ლოცვაში და განსაკუთრებით, ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარების უდიდეს საიდუმლოში – ღმრთაებრივ ევქარისტიაში.
და სრულიად ტყუილად ეყრდნობა ზოგიერთი მოციქულის სიტყვებს, რომ იქნება აზრთა სხვაობა თქვენ შორის. მოციქული ამას წინასწარმეტყველებს, მაგრამ სრულიადაც არ იწონებს, როგორც დადებით ფაქტს. პირიქით, მოციქულთა ეპისტოლეებში ჩვენ ვპოულობთ ბევრ მოწოდებას, სწორედ სრული ერთობისა და ერთსულოვნებისაკენ (რომაელთა 12.16; და სხვა), ქრისტეს მღვდელმთავრული ლოცვის შესასრულებლად: "რაითა ყოველნი ერთ იყვნენ” (იოანესაგან 17.21) წმინდა სამების ერთობისამებრ: "ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო და მე შენდამი, რაითა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ”.
ხოლო აზრთა სხვაობის შესახებ ღმრთის სიტყვა ამბობს: "ეკრძალებოდეთ მათგან, რომელნი-იგი წვალებასა და საცთურსა იქმან გარეშე მის მოძღურებისა, რომელი თქუენ გისწავიეს, და განეშორენით მათგან” (რომაელთა 16.17), და არსადაა ნათქვამი: "შეუერთდით მათ”, როგორც უმართებულოდ გვასწავლიან თანამედროვე "გამაერთიანებლები”!
ასე რომ, საჭიროა მყარად ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ქრისტიანობა არა მხოლოდ "სიყვარულის რელიგიაა”, არამედ უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტების რელიგიაა, თანაც სრულიად დაუშვებელია "სიყვარულს” მსხვერპლად შევწიროთ ჭეშმარიტება, რადგან ასეთი "სიყვარული” უკვე აღარ იქნება ჭეშმარიტად ქრისტიანული სიყვარული, არამედ მხოლოდ თვალთმაქცობა ან სიყვარულის საწყალი პაროდია, რადგან ქრისტიანული სიყვარულისთვის ყველაფერზე ძვირფასი ჭეშმარიტებაა, რომელიც თავის მხრივ სწორედ ამ სიყვარულის მთავარ საგანს წარმოადგენს. სწორი არ არის ქრისტიანული სიყვარულის არევა ქრისტიანულ გულმოწყალებასთან, რომელსაც განვიცდით გასაჭირსა და უბედურებაში მყოფთა მიმართ, როგორც ამას განზრახ აკეთებს ახლა ზოგიერთი, ბოროტად ურევს ყველა ცნებას ერთმანეთში. ეს სრულებით არ არის ერთი და იგივე. ისევ ჩვენს უდიდეს ავტორიტეტს – "სიყვარულის მოციქულს” მივმართოთ, რომელიც წერს რჩეულ დედოფალს და მის შვილებს, რომლებიც მას, როგორც თვითონ ამბობს "მიყვარან მე ჭეშმარიტებით” და "არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტება ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკვიდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე” (II იოანე 1-2).
ასე რომ, ქრისტიანული სიყვარულის საფუძველი არის ჭეშმარიტება! ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სიყვარულიც!
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)
წიგნიდან: „მართლმადიდებლობა და თანამედროვე მსოფლიო"
Xareba.net - ის რედაქცია