შვილთა მკვლელობა სისხლის წვიმაა, რომელიც გადაუღებლად, უხმაუროდ მოდის მიწაზე ზამთარსა და ზაფხულში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მთელი დედამიწა თითქოს წითლით შემოსილა, თითქოს ოკეანის ლაჟვარდისფერ სივრცეში სისხლისაგან მეწამულფრად შეღებილი კონტინენტები დაცურავენ დაუნდობელ ბრძოლაში გამოვლენილი უზარმაზარი გემებივით. ჩვენ ადამიანთა მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ამ სისხლიან ხოცვა-ჟლეტაში ბრალი მიუძღვის კიდევ ერთ დამნაშავეს - სწავლებას, რომლითაც ეშმაკი ადამიანის ცნობიერებას წამლავს. ეს ჩვენი სინდისის ჯალათია - მრავალსახოვანი და, ამავე დროს, უსახო მატერიალიზმი. სკოლის მერხიდან გვინერგავენ, რომ ადამიანი ევოლუციის პროდუქტია, წარმოშობილი დაბალი ფორმებისგან, რომ ადამიანის ემბრიონი და ნაყოფი ცოცხალი არსება კი არ არის, არამედ მხოლოდ ნივთიერებაა, რომლისგანაც სხეული ფორმირდება, მხოლოდ ბიომასაა მისი ადამიანად გარდაქმნის პროცესში.
ამ სწავლების მიხედვით, დაბადებამდე ბავშვი დედის სხეულის ნაწილია და ქალს შეუძლია მოიკვეთოს ის, როგორც ყასაბი აჭრის ხორცის ნაჭერს დაკლულ საქონელს. სწორედ ესაა მატერიალიზმის პერმანენტული დანაშაული. ის გვაიძულებს დავივიწყოთ, რომ ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატი და მსგავსია, სულიერი სამყაროს უკიდეგანო სივრცისკენ დედამიწიდან მიმართული სხივია, რომ უმთავრესი ადამიანში მისი უკვდავი სულია, რომელიც მას ჩასახვის დღიდან ენიჭება. თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე სული ცოდნით მდიდრდება, საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებს ავლენს, მაგრამ ბუნებით იგივე რჩება.
ჩვენს წინაშე უცნაური პარადოქსია, საშინელი ტრაგიკომედია: ბუნებით კეთილი და შემწყნარებელი ქალი, რომელიც მწარედ ქვითინებს თავისი ძაღლის სიკვდილის გამო და დასაკლავად წიწილას ვერ იმეტებს სადილის მოსამზადებლად, საკუთარ შვილებს ხოცავს და ეშმაკთა ტრაპეზზე გზავნის. იგი თვლის, რომ ისინი ცოცხალი არსებები კი არ არიან, არამედ ლორწოსა და სისხლის გამკვრივებელი შენადედები, ან მყესებისა და ძვლებით გამოტენილი კანგადაკრული თოჯინები.
მატერიალიზმი, როგორც იდეოლოგია, სისასტიკის ესკალაციად იქცა. მან მიიყვანა კაცობრიობა XX საუკუნის ორ ომამდე, რომლებიც ყველაზე საშინელი ომები იყო მსოფლიოს ისტორიაში. მანვე შექმნა სიკვდილის ბანაკები - არანაკლებ საშინელი, ვიდრე ბრძოლის ველი იყო. მაგრამ მთელი ამ ომების, საკონცენტრაციო ბანაკებისა და საწამებლების მსხვერპლთა რაოდენობა ოდნავაც ვერ გაუტოლდება საკუთარი მშობლების მიერ დახოცილ ბავშვთა რიცხვს. ქრისტიანული სწავლებით, ებრიონი და ნაყოფი ადამიანია, თუმცა მისი სტრუქტურა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ქართულ ენაზე ფეხმძიმობას ორსულობა, ე.ი. ორი სული, ორი სიცოცხლე (დედისა და ნაყოფისა), ორი არსება ეწოდება. რუსულად ჩვილის მოკვდინებას სულის დაღუპვა ჰქვია, ანუ სიცოცხლის განადგურება, სულიერი არსების მკვლელობა. ამიტომ ამ ჰეტაკომბის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი უხილავი, მაგრამ ყველგან მყოფი აჩრდილია - სული მატერიალიზმისა, სული სიცრუისა, რომელმაც ძირფესვიანად მოწამლა ადამიანის მენტალიტეტი და ჩვენს ლიტერატურასა და განათლებაში დამკვიდრდა. პირველ მკვლელად სწორედ ის უნდა ვაღიაროთ და ადამიანის სინდისის სამსჯავრომ მას მანამდე უნდა მიუსაჯოს სიკვდილი, სანამ თავად მატერიალიზმის სული ბოლომდე არ ჩაახშობს ადამიანის სინდისს.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია