წმინდა წერილსა და პატრისტიკაში გვხვდება სიტყვები: „მკუდარი სარწმუნოება" და „ცოცხალი სარწმუნოება". წმინდა მამები ამბობენ, რომ ცხონებისათვის საკმარისი არ არის გწამდეს ღმერთი, უნდა გჯეროდეს კიდეც მისი. ეს კი ნიშნავს, გწამდეს, რომ სახარების ყოველი სიტყვა ნათლის მომფენია, ჭეშმარიტებაა, რომ ღმერთი მართავს ადამიანის სიცოცხლეს დაბადებიდან სიკვდილამდე, რომ ღვთის აღთქმები უცვლელია; უადვილესია ცისა და დედამიწის დაქცევა, ვიდრე მისი ერთი სიტყვის გაყალბება. ასეთი რწმენა შინაგანი ორიენტირია, თითქოს ღერძია ადამიანის სიტყვების, მისწრაფებებისა და ქმედებებისა. ის ვლინდება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქოს ნათლით მსჭვალავს მისი ყოფიერების ყოველ წამს. მართალი ენოქის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ვიდოდა წინაშე უფლისა". ადამიანს, რომელიც „უფლის წინაშე დადის", ღვთის მასთან მყოფობის გამუდმებული განცდა აქვს. მას ახსოვს, რომ „თუალნი უფლისანი" მისი გულის სიღრმეს ჭვრეტენ. როდესაც იგი ღვთის ნებას აღასრულებს, გულში სიხარულს განიცდის, როგორც ზეციური სიხარულის მაუწყებელს, და ცოდვას განიცდის, როგორც მადლის დაკარგვას, როგორც სიკვდილის მსგავს მდგომარეობას.
იაკობ მოციქული წერს: „სარწმუნოებაი თვინიერ საქმეთასა მკუდარ არს" და დასძენს: „ეშმაკთაცა სწამს". ცოცხალი სარწმუნოება ნებითი და ქმედითი სარწმუნოებაა, და იგი სასოებასა და სიყვარულში გადაიზრდება. ქრისტიანი მკერდზე ატარებს ჯვარს, რომელიც მან ნათლობის დროს მიიღო. ჯვარი გამუდმებული ხსოვნაა გოლგოთისა, ძალაა, რომელმაც დემონი და ჯოჯოხეთი შემუსრა, და, ამავე დროს, ჯვარი პირობაა ქრისტიანისა, შეასრულოს ღვთის ნება, თავის გაწირვაც რომ მოუხდეს. ყოველ ქრისტიანს აქვს თავისი გოლგოთა, რომელზეც მან თავისი ცხოვრების ჯვარი უნდა ატაროს. ადამიანს ცხოვრებაში განსაცდელები ეგზავნება, რათა გამოვლინდეს ის, რაც მისი გულის სიღრმეშია დაფარული; ისინი ააშკარავებენ სულის შინაგან სახეს, რომელიც ხშირად თავად მისთვისაც უცნობია. განსაცდელები და სიძნელეები ცხადყოფენ, ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში. წმინდა ვალრაამისა და იოასაფის ცხოვრებაში არის იგავი: მეფე ხსნის ორ სკივრს; არავინ იცის, რა დევს მათში. ერთში აღმოჩნდება ოქრო, მეორეში - ხრწნილება. განსაცდელი გასაღებივით ხსნის ადამიანის სულის საუნჯეს და სხივივით აცისკროვნებს მისი სულის სიღრმეს. რა სუფევს იქ, რა მოიმუშაკა ადამიანმა, ვისთან არის, ქრისტესთან თუ ბელიართან?
გადაწყვეტილების მიღება - შეუნარჩუნო ბავშვს სიცოცხლე თუ მოკლა იგი - ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ყველაზე ტრაგიკული პრობლემაა. აქ წყდება საკითხი: ქრისტიანია ადამიანი თუ იუდა, რომელიც მზად არის ფულზე გაყიდოს ქრისტე. აქ ვლინდება, როგორი სარწმუნოება აქვს ადამიანს - ცოცხალი თუ მკვდარი, ეშმაკის რწმენის მსგავსი. ადამიანი ნათლობისას ნათლიების პირით დებს აღთქმას: „განვაგდებ სატანას და შევუდგები ქრისტეს". შვილის მკვლელობისას ნათლისღების დროს დადებული აღთქმა ირღვევა, ადამიანი განუდგება ქრისტეს და შეუდგება სატანას - მკვლელს. ჩვენი აზრით, ამ საკითხის გადაჭრა დევნის დროს ქრისტიანების გასამართლებას ჰგავს წარმართი მსაჯულების მიერ. ქრისტიანს ეკითხებოდნენ: „ქრისტესი გწამს თუ ჩვენი ღმერთების?" განუდექი ქრისტეს და თავისუფლებასა და კეისრის წყალობას მიიღებ, უკეთუ არა, წამება და სიკვდილი გელის". ამ შემთხვევაში ორი პასუხი იყო შესაძლებელი: „უმჯობესია ქრისტესთან ერთად საპყრობილეში ვიყო, ვიდრე დიოკლიტიანესთან ერთად - ნადიმზე. ქრისტესთვის სიკვდილი ჩემთვის საუკუნო ცხოვრების დასაბამია". და მეორე პასუხი: „მე უარვყოფ ქრისტეს და მზად ვარ, კეისრის (სატანის - წუთისოფლის მთავრის) ბრძანება შევასრულო".
სატანა ბავშვის მშობლებს თითქოს ჩასჩურჩულებს ყურში, რომ მათ შვილების გაჩენისა და გაზრდის ძალა არ შესწევთ, ბავშვი უზრუნველყოფილი არ იქნება, ისინი დაიტანჯებიან, როცა მას ავადმყოფს ან მშიერს ნახავენ, რომ ასეთი ცხოვრება სიკვდილზე უარესია. ეს ადამიანები აუცილებლობის დამოწმებით ცდილობენ სინდისის დამშვიდებას. მაგრამ ისინი ყველაზე მთავარს არ ითვალისწინებენ - რომ არსებობს ღმერთი, რომელიც სასწაულებს ახდენს, არსებობს მისი განგება, რომელიც მოიცავს სამყაროს და თითოეულ ადამიანს. თუ უფალი სიცოცხლეს აძლევს ბავშვს, მისი რჩენის საშუალებასაც მისცემს მის მშობლებს. ამის შესახებ სახარებაშია ნათქვამი. პატარა ბარტყებიც კი არ ავიწყდება უფალს და მათ საზრდოს აძლევს. ნუთუ ბავშვი ყვავის ბარტყზე მეტი არ არის? თუ მშობლები უფლის სიტყვას იწამებენ, მუდმივ შემწეობას მიიღებენ, შემწეობას, რომელიც, ჩვენ ასე ვიტყოდით, სასწაულს უახლოვდება: რაც უფრო მიენდობიან ღმერთს, ის მით უფრო იზრუნებს მათზე.
წმინდა წერილში წერია: „სასოებამან არა არცხვინის". ვინც მკვლელოობა განიზრახა, დაავიწყდა, რომ ღმერთი არა მხოლოდ სამყაროს შემქმნელია, არამედ ყოვლისშემძლე განმგებელი, თვით სიყვარული, და ყოველი ადამიანის მომავალი მის ხელშია.
შვილთამკვლელი იმ მოღალატეს ემსგავსება, რომელმაც წარმართთა სამსჯავროზე უარყო ქრისტე, უარყო ადამიანებისა და ანგელოზთა წინაშე. განდგომილს ბევრს ჰპირდებიან, მაგრამ არაფერს აძლევენ. მოღალატეები სატანასაც კი სძაგს.
ადამიანებს ამქვეყნადვე მიეზღვევათ უდანაშაულო ბავშვების სისხლისღვრისთვის. ყველაზე დიდი სასჯელი სიყვარულის დაშრეტაა, გულის დამბლაა, რომლის დროსაც ადამიანი აღარ ხარობს ადამიანით, მისთვის ნათესავები უცხონი, ახლობლები კი შორეულნი ხდებიან და დედამიწა უფრო და უფრო იქცევა სულის უდაბნოდ. ის ოჯახები, რომლებიც არ შებღალულან შვილების მოკვლის საშინელი ცოდვით, ოაზისებს ჰგვანან ამ სულიერ უდაბნოში. მაგრამ ვინც შეუგნებლად სცოდავდნენ, ვერც აცნობიერებდნენ, რომ ადამიანს კლავდნენ, გულწრფელად მოინანიეს და აღარასოდეს გაიმეორებენ ამ ცოდვას, უფლის წყალობა და კურთხევა მათაც არ მოაკლდებათ.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია