ისტორიის ლოგიკური გზით ახსნა შეუძლებელია. ჯერ ერთი, ადამიანის გონებას, კომპიუტერის უზარმაზარ მეხსიერებასაც რომ ფლობდეს იგი, არ ძალუძს იმ ფაქტორთა გამოვლინება და განსაზღვრა, რომლებისგანაც, ჩვენი მოსაზრებით, ისტორიული პროცესები ყალიბდება. მეორე, ისტორიაში არსებობენ ზეკანონები, აუხსნელი მოვლენები, რომლებიც თითქოს არ ექვემდებარებიან მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. ისინი შესაძლოა ყველაზე კრიტიკულ პერიოდში გამოვლინდნენ და საერთოდ შეცვალონ მოვლენების მსვლელობა. არსებობს კიდევ მესამე, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ისტორიის სულიერი ასპექტი; ეს კაცობრიობის ღვთაებისადმი დამოკიდებულებაა, მსოფლიოს ზნეობრივი მდგომარეობაა, ადამიანის ცხოვრების დაფარული, შინაგანი, თვალით უხილავი მხარეა; სულიერ სიბრტყეზე ჯამდება მთელი კაცობრიობის საქმეები და განისაზღვრება მისი მომავალი. მსოფლიო წარღვნის წინ ამ მეტაფიზიკურ სიბრტყეზე კაცობრიობამ თავისი თავი ამოწურა. ხატოვნად რომ ვთქვათ, ყოფიერების ეს სფერო ცარიელი აღმოჩნდა, ადამიანები უფრო ხორციელები გახდნენ, ანუ ისინი ბრმა და ბილწი ხორციელი ვნებების კარნახით მოქმედებდნენ. ღმერთმა სწორედ იმიტომ გამოუტანა კაცობრიობას სასიკვდილო განაჩენი, რომ მას სულიერი აღორძინების ძალა და უნარი აღარ შესწევდა.
შეუძლებელია მსოფლიოს თანამედროვე მდგომარეობა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა პირობებამდე დავიყვანოთ. ეს ფაქტორები ობიექტურად არსებობენ და ამიტომ თავიანთ ზეგავლენას ახდენენ, მაგრამ მაინც მეორეხარისხოვანნი არიან. ისტორიის გარდატეხები შეუმეცნებელი რჩება მათთვის, ვინც ეკონომიკით და სოციოლოგიით არის დაკავებული. მათი იაფფასიანი ფუტურიზმი არასოდეს მართლდებოდა. ცხოვრება გლეჯდა ეკონომისტთა და სოციოლოგთა პროგნოზის ყველა ქაღალდს, რომლითაც მათ ისტორიის პროგნოზირება სურდათ ისევე, როგორც ამინდისა. ადამიანი საიდუმლოდ რჩება, ამიტომ ისტორია ჩვენთვის აუხსნელია. კაცობრიობის ისტორიაზე ზემოქმედებას ახდენენ ნათელი და ბნელი კოსმოსური ძალები. ცოდვამ, როგორც მძიმე მანკიერებამ, წაახდინა თვით ბუნება კაცობრიობისა, მან დაავადებული სისხლივით შეაღწია ადამიანის სხეულის ყოველ უჯრედში. ცოდვა ედემის ტრაგედიის დროიდან გახდა ნიშანდობლივი კაცობრიობისთვის. მაგრამ XX საუკუნე განსაკუთრებით გამოირჩევა ცოდვის არნახული სიდიდით, თითქოს კაენის ბეჭედი დაესვა მთელ დედამიწას.
ამჟამად შვილთა მკვლელობის ცოდვა თითქმის გლობალური გახდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ორსულობის სამოცდაათი პროცენტი აბორტით მთავრდება, ხოლო ამას მინიაბორტები, ე.ი. რამდენიმე დღეში ემბრიონის დაღუპვაც რომ მივათვალოთ, რასაც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები იწვევენ, მაშინ მუცლად მოწყვეტილთა სისხლით მთელი საჰარის უდაბნო მოირწყვებოდა, ხოლო მათი გვამებით დედამიწას რამდენიმე სარტყელი შემოევლებოდა. რით აიხსნება სისასტიკის ეს ხანგრძლივი ესკალაცია და პროგრესის ბაკქანალია? რატომ არ აწუხებთ ადამიანებს სინდისი, საავადმყოფოები საწამებელ ბანაკებად და კრემატორიუმებად რომ აქციეს? კაცობრიობა ასე დაბლა როგორ დაეცა, რომ ადამიანებს ისე ხოცავენ, როგორც კატის ბრმა კნუტებს ახრჩობენ კასრში. გვეუბნებიან, რომ ყველაფერი სიღარიბის ბრალია, მაგრამ განა მართლა ასეა? მკვლელი, რომელიც სიღარიბის გამო კლავს კაცს, ჩვენს თვალში ვერ გამართლდება. არც მდიდარი ოჯახები გამოირჩევიან მრავალშვილიანობით. აქ მთავარი მიზეზი სხვა რამ არის, ჩვენი აზრით, ეს ადამიანის ზნეობრივი დეგრადაციაა, მისი ემოციური სიცივეა, სიყვარულის დეფიციტია. სიყვარული აფართოებს ადამიანის ყოფიერებას, მის ცხოვრებაში რთავს მისთვის საყვარელი ადამიანების წრეს. ისინი მისი გულის ნაწილები ხდებიან, სიხარულისა და მწუხარების წყაროდ იქცევიან. სიყვარული კიდევ უფრო აღრმავებს ადამიანის სულს.
ამჯამად ჩვენ სხვა რამეს ვხედავთ - საკუთარ თავში ჩაკეტვასა და აუტიზმს. ადამიანი თვითონ ხდება ერთადერთი ფასეულობა თავისი თავისთვის, თითქოს მთელი სამყარო მხოლოდ მისთვის შეიქმნა. აქედან წარმოიშობა ინსტრუმენტალური დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ: რა სარგებელი მექნება? - ურთიერთობათა მთავარ კითხვად იქცევა. ამგვარ შინაგან ცენტრიზმამდე, ჩვენი აზრით, მივყავართ ორ მთავარ ცოდვას: ამპარტავნებასა და სიძვას, ხოლო შემდეგ - მათ „უმცროს ძმებს" - მცონარებასა და ტკბობის სიყვარულს.
აუტიზმი სიყვარულს აჭკნობს ადამიანში, ჯერ სულიერს, შემდეგ მშვინვიერს, მას ვნებათა სპორადული აგზნება ცვლის. ავხორცობა და ამპარტავნება მუდმივ მომაკვდინებელ სიცივეს წარმოშობენ სულში. ადამიანი თანაგრძნობის უნარს კარგავს, ისეთსაც კი, როგორსაც თუნდაც ცხოველები ავლენენ. მას არ ანაღვლებს მოყვასის უბედურება, ხოლო სხვისი ბედნიერება, თუნდაც უბრალო წარმატება, სიხარულის ნაცვლად ამწუხრებს. ბნელი ძალები სულ უფრო ეპატრონებიან ადამიანის სულს. ღირსი მამა სერაფიმე წერს: „სატანა ცივია". გულცივი ადამიანისთვის სხვისი სიცოცხლე უფასურდება. დღეს თუ კაცი კაცით აღარ ხარობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ისინი დედამიწაზე ვიწროდ იგრძნობენ თავს, თუნდაც დიდი სივრცე აშორებდეს მათ ერთმანეთისგან, უდაბნოში მაცხოვრებლების მსგავსად. ადამიანი ვერ ეტევა ადამიანის გვერდით. ერთ ოთახში მცხოვრები ორი ადამიანი ვერ ეგუება ერთმანეთს, რადგან ერთი ქვეცნობიერად მტრად მიიჩნევს მეორეს. რად უნდა თანამედროვე ადამიანს შვილები? ისინი მხოლოდ ხელს შეუშლიან მას. ბავშვებში ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ხატებას, საკუთარი ცხოვრების გამეორებას, ის ხელახლა არ განიცდის მათთან ერთად თავის ბავშვობას. მან უკვე იმდენად შებღალა თავისი ცხოვრება გარყვნილებით, რომ მისთვის უკვე მიუწვდომელია ბავშვის გრძნობები. უწინ ადამიანს თავისი ჯერ არშობილი შვილი უკვე უყვარდა, თითქოს უკვე დაბადებამდე ათბობდა მას თავისი სიყვარულით. ახლა ადამიანი მუცლადღებულ ბავშვს ტვირთად, მტრად აღიქვამს, ის ფიქრობს შეჭირვებაზე, ზრუნვასა და ზედმეტ შრომაზე, რომლებიც ჩვილის გაჩენას მოჰყვება. მას ეჩვენება, რომ სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს. სწორედ ამიტომ თანამედროვე ადამიანი უკვე პოტენციური მკვლელია თავისი შვილებისა.
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი - უიმედობა. ბავშვები მომავალთან ასოცირდებიან. ხოლო ადამიანს მომავალი არ გააჩნია, ის თითქოს დაიხურა მისთვის. ადრე ადამიანებს იმედი ჰქონდათ, საუბარი არ არის იმაზე, სწორი იყო ეს იმედი, თუ არასწორი. მომავალი მათ ნათელივით ესახებოდათ, ახლა კი ის ბურუსით არის მოცული. ამიტომ ადამიანი დღევანდელი დღით ცხოვრობს, თუმცა ეს დღე არაფერს უქადის მას. ადამიანს გამრავლების ინსტიქტი აქვს, ანუ სიცოცხლის მიცემის უნარი სხვა არსებისთვის. როცა მას გამოეყო სექსი და რაფინირდა, ეს ინსტიქტი დასახიჩრდა. აღმოჩნდა, რომ ვნების დაკმაყოფილება შვილოსნობის გარეშეც შესაძლებელია. ამიტომ შვილოსნობა ხორციელ ჟინს დაუპირისპირდა. ადამიანმა ბილწი ვნებები აირჩია. მეტიც, ის ავხორცობის გურმანი ხდება, გურმანები კი საღ გემოვნებას კარგავენ. ამიტომ სექსოლოგიას ფსიქოპათოლოგიამდე მივყავართ.
ოჯახი რამდენიმე საკითხს ჭრის: 1) შვილთა სხმას; 2) ინსტიქტების დაკმაყოფილებას, რომლებიც გრძნობათა მთელ გამას ერწყმიან; 3) ურთიერთდახმარებას. ქრისტიანებისთვის ოჯახი სულიერ საკითხებსაც აგვარებს; ესენია: ურთიერთშეწევნა ცხონებაში, ერთობა წარმავალსა და მარადიულში, მატერიალურსა და სულიერში, თანაზიარება ლოცვებსა და ეკლესიის საიდუმლოებებში. ყოველივე ეს ოჯახს შინაეკლესიად აქცევს. ახლა ეს ყველაფერი შემწიკვლულია. სექსი სპობს შვილოსნობას; ამპარტავნება - ურთიერთსიყვარულს; ეგოიზმი - ურთიერთშემწეობას. ამიტომ ოჯახები კატასტროფულად ინგრევა. ოჯახი, უპირველეს ყოვლისა, შვილოსნობისთვისაა შექმნილი. განა შეიძლება ის შვილების გვამებსა და სისხლზე დაფუძნდეს? მკვლელი ექიმის დანა, რომელიც ნაყოფის სხეულს კვეთს, სულიერი აზრით, ოჯახის სხეულს კვეთს.
Xareba.net - ის რედაქცია