მხოლოდ ქრისტიანული რელიგია, უფრო სწორად, მართლმადიდებლობა გვიხსნის ჩვილთა მკვლელობის ცოდვის მეტაფიზიკურ ტრაგედიას და ნათელყოფს იმ დანაშაულის მთელ სიღრმეს, რომელიც მშობლებს მათ მიერ მოკლულ შვილთა წინაშე მიუძღვით. ფორმალურად ყველა რელიგია (სატანისტური სექტების გარდა) კრძალავს შვილთა მკვლელობას.
ბუდიზმი და ინდუიზმი სხვადასხვა ფორმითა და ვარიანტით გმობენ არა მხოლოდ ადამიანის, არამედ ნებისმიერი ცოცხალი არსების მკვლელობას. მაგრამ გარდასახვის თეორიის - მეტამფსიქოზის თანახმად, მოკლულის სული ახალ სხეულში სახლდება და, ვინაიდან მას ტანჯვა მიაყენეს, მისი შემდეგი გარდასახვა საფეხურით ზეაღსვლა იქნება მისი სულიერი ევოლუციის კიბეზე. კარმა უფრო განიწმინდება, შესაბამისად, სული, რომელმაც ობიექტურად თავისი ცოდვების საზღაური უკვე წინა ცხოვრებაში მიიღო, მოგებული რჩება, როგორც უკვე განსაწმენდელ ცეცხლში გამოვლილი. ამასთან, იმ მიმდინარეობების, სკოლებისა და ოკულტური სექტების უმრავლესობა, რომლებიც მეტამფსიქოზის თეორიას იზიარებენ, ასწავლიან, რომ ნაყოფი მხოლოდ განვითარების გარკვეული ფაზების გავლის შემდეგ იძენს ეთერულ სხეულებს და ხდება ადამიანი. შესაბამისად, ემბრიონის მოკვდინება მისი არსებობის პირველ კვირაში ადამიანის მკვლელობად არ ითვლება. ამგვარი იყო შტაინერის შეხედულება, ამავე აზრს იზიარებენ ილუმინატები, როზენკრეიცერები და სხვა ოკულტური ორგანიზაციები და სექტები.
იუდაიზმის მიხედვით, ჩვილი, ისევე, როგორც ყველა ებრაელი, ეკუთვნის ისრაელს და ამიტომ ბავშვის მოკვლა ისრაელის საკუთრების ხელყოფად ითვლება, მაგრამ აბრაამისა და მოსეს ლოცვით ბოლოს მთელი ისრაელი გადარჩება.
ისლამი სასტიკად კრძალავს ჩვილთა მკვლელობას; ეს მეომრებს ართმევს მას. მრავალცოლიანობაც კი განიხილება, როგორც შთამომავლობის გამრავლების საშუალება. მაგრამ ისლამი ასწავლის, რომ მუჰამედისაა და მის მემკვიდრეთა - იმამთა ლოცვით განურჩევლად ყველა მაჰმადიანი გადარჩება, თუმცაღა უშვებს, რომ ცოდვილი მაჰმადიანები დროებით სასჯელს მიიღებენ იმქვეყნად. ამრიგად, მაჰმადიანობის, აგრეთვე იუდაიზმის სწავლებით, მოკლული და მუცლად მოწყვეტილი ჩვილები გადარჩებიან. (თალმუდი შეიცავს ზოგიერთი რაბინის კერძო შეხედულებებს იმის შესახებ, რომ აბორტი დასაშვებია ორსულობის ადრეულ სტადიებში: მაშინ, როდესაც ნაყოფს ადამიანის სახე ჯერ მიღებული არა აქვს).
ბაპტისტები და პროტესტანტ-რაციონალისტური სექტების უმრავლესობა, რომლებიც უარყოფენ ყრმათა ნათლობის აუცილებლობას, თვლიან, რომ ჩვილები მათი მშობლების რწმენით გადარჩებიან. ასე რომ, ამ სწავლებათა თანახმად, მკვლელი მშობლები ბავშვის სულის წინაშე კი არ სცოდავენ, არამედ მისი სხეულის მიმართ სჩადიან დანაშაულს.
მხოლოდ მართლმადიდებლობა (და აგრეთვე სხვა ქრისტიანული კონფესიები, რომლებშიც თუნდაც დეფორმირებული სახით, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია სამოციქულო მემკვიდრეობა ანუ ლიტურგიკული გარდამოცემა) გვასწავლის, რომ პირველქმნილი ცოდვისგან ნათლისღებით განუბანელი ჩვილები ვერ იმკვიდრებენ ცათა სასუფეველს და ეკლესიისთვის უცხონი რჩებიან.
საინტერესოა რომაულ-კათოლიკური სწავლება. თუმცა ის მართლმადიდებლობასთან შედარებით ამცირებს პირველქმნილი ცოდვის მნიშვნელობას და მასში ძირითადად მადლის დაკარგვას ხედავს, მაგრამ ამ სწავლების მიხედვით, ნათლისღებით მიღებული მადლის გარეშე შეუძლებელია ცათა სასუფეველში - მადლის სამეფოში შესვლა.
კათოლიციზმში სოტერიოლოგია მართლმადიდებლობასთან შედარებით გამარტივებულია და დაკნინებული. მაგრამ კათოლიციზმმა, მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალ დოგმატსა და კანონს ამახინჯებს და მუდამ თანამედროვე ჰუმანისტურ მსოფლმხედველობასთან დაახლოებას ცდილობს, ვერ გაბედა, განეცხადებინა, რომ ჩვილთა ცხონება და მათი ზეციურ ეკლესიაში შესვლა შესაძლებელია ნათლისღებისა და მიწიერი ეკლესიის წევრობის გარეშე, ჩვენთვის უცნობი გზით. ამიტომ ის კონფესიები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ იერარქიული მემკვიდრეობა: კათოლიციზმი, მონოფიზიტობა და ნესტორიანელობა, მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისად, ასწავლიან, რომ მოუნათლავი ჩვილები ვერ ცხონდებიან. მუცლად მოწყვეტილებს არც ერთი მათგანი არ იხსენიებს წირვაში, რადგან ისინი არ მიეკუთვნებიან ეკლესიას. თუ კათოლიციზმი თვლის, რომ პირველქნილმა ცოდვამ ადამი და მისი შთამომავლობა მხოლოდ ზებუნებრივი მადლისაგან განაშორა, მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ პირველქმნილმა ცოდვამ ადამიანის ბუნება განრყვნა; და მხოლოდ ნათლისღების გზით, გოლგოთის მსხვერპლთან თანაზიარებით არის შესაძლებელი ადამიანის სულის ღმერთთან კავშირის განახლება. ამიტომ აბორტი არა მხოლოდ ჩვილის სხეულის მკვლელობაა, არამედ მისი სულისთვის საუკუნო ცხოვრებისა და ქრისტეს დიდების თანაზიარების მოკლებაა.
რაც შეეხება მატერიალისტურ აზროვნებას, მისი მიმიდევრებისათვის სიცოცხლეს მხოლოდ სტრუქტურული დატვირთვა გააჩნია: ელემენტებს ცოცოხალი ორგანიზმის მდგრადი ფორმა აქვთ მიღებული, რომელიც მემკვიდრეობით გადადის, ხოლო სიკვდილი ელემენტების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაა. მატერიალისტისთვის ადამიანის ნაყოფი მხოლოდ „საშენი მასალაა" დაუმთავრებელი მშენებლობის პროცესში, და არა უკვე ცოცხალი პიროვნება. გარდა ამისა, ჰეგელის სპეკულაციური სწავლება დედის საშოში ნაყოფის განვითარების გაზების შესახებ, რომელსაც ბიოგენეზი უწოდეს და რომელიც შეესატყვისება დარვინის ევოლუციურ კიბეს ამებიდან ადამიანამდე (წყალმცენარეები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები), გვაფიქრებინებს, რომ ქალი ფეხმძიმობის შესაბამის სტადიაში ჯერ კლავს ამებას, შემდეგ წურბელას, მერე ბაყაყს, და ბოლოს, მაიმუნის მსგავს პრიმატს; ე.ი. ჩვილის მკვლელობისთვის მას ისეთივე ზნეობრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ტანზე მიკრული ბაღლინჯოს მოშორებისთვის, შემდეგ როგორც მეთევზეს - ანკესით თევზის დაჭერისთვის, ან როგორც მონადირეს - იხვის მოკვლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების სახელით შენიღბული ბიოგენეზი დიდი ხანია მხილებულია, როგორც სიყალბე და თაღლითობა, ის დარვინიზმთან ერთად სკოლიდანვე ინერგებოდა თანამედროვეთა ცნობიერებაში.
საქართველო თითქოს განთავისუფლდა ათეისტური თვალთახედვის ტყვეობიდან, მაგრამ ახლა ვინღა ვართ?
თუ ჩვენი ქვეყანა და ხალხი ჭეშმარიტად იზიარებენ ქრისტიანულ მსოფლმხედველობასა და ზნეობას, მაშინ ჩვილთა ნებისმიერი სახის მკვლელობა უნდა დაიგმოს. ეს საკითხი ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი სასინჯი ქვაა. ის, ვინც აბორტის გაკეთება გადაწყვიტა, უკვე ამით განუდგა ქრისტეს, თავისი რწმენის სიყალბე გამოავლინა და კაენის სულიერ შთამომავლებში ჩაეწერა.
ჩვენ აბორტის წინააღმდეგნი ვართ, რომელი ერისა და რელიგიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ადამიანი. მაგრამ კონფუციანელები და ბუდისტები თავად მოაგვარებენ თავიანთ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის წინაშე ვართ პასუხისმგებელნი, იმ ერების წინაშე, რომელნიც ივერიის უძველესი მიწა-წყლის მკვიდრნი არიან ოდითგანვე, მისი ისტორიისა და ტრადიციების წინაშე, მისი აწმყოსა და მომავლის წინაშე. ამიტომ გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას: ქრისტიანები ვართ თუ ის ფსევდოქრისტიანები, რომელთათვისაც სარწმუნოება მხოლოდ სახელია და არანაირ ვალდებულებას არ აკისრებს?
კითხვა: უპირველეს ყოვლისა, რა ზომები უნდა მივიღოთ?
პასუხი: სასწრაფოდ უნდა გაიხსნას უფასო სამშობიარო სახლები და საავადმყოფოები გაჭირვებულთათვის, სადაც მშობიარობას ნამდვილად უანგაროდ მიიღებენ და მშობიარესა და ახალშობილს საჭირო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ფულადი დახმარება უნდა გამოიყოს და მათთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს. ამ მიმართულებით თავიანთი ძალები უნდა გააერთიანონ სახელმწიფომ, საზოგადოებამ და კერძო ორგანიზაციებმა. ამასთან, საკანონმდებლო წესით უნდა დაიგმოს და აიკრძალოს პორნოგრაფია და ყოველგვარი გარყვნილება, რაც ანგრევს ოჯახს.
კითხვა: ჩვენს ქვეყანაში მრავალი უცხოური მისია მოქმედებს, რომლებიც ბავშვთა სექსუალური აღზრდის, მშობლების გავლენისაგან მათი დაცვის (მათ შორის ბავშვთა ინტიმურ ცხოვრებაზე უფლების დაცვის), ერთსქესიანი ქორწინების და ა.შ. პროპაგანდას ეწევიან. ქველმოქმედების მიზნით, ისინი მზად არიან, უფასოდ დაურიგონ მოსახლეობას ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა მთელი ასორტიმენტი. რატომ არ ააშენა რომელიმე ამგვარმა მისიამ თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფო, სადაც ყოველგვარი გადასახადის გარეშე უანგაროდ მიიღებდნენ მშობიარობას და უზრუნველყოფდნენ უფასო მედიკამენტებითა და კვალიფიცირებული ექიმებით მომსახურებას?
პასუხი: თავად მათ ჰკითხეთ!
კითხვა: მისიები და ინსტიტუტები ბავშვთა სექსუალური აღზრდის პროგრამებს უხვად გვთავაზობენ, მაგრამ ერთხელ მაინც თუ შემოუთავაზებიათ ბავშვებში უმანკოების დანერგვის პროგრამა?
პასუხი: მეც ვუერთდები თქვენს კითხვას.
წიგნიდან „სულის უდაბნო"
Xareba.net - ის რედაქცია