VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680 წ), ქრისტოლოგიური სწავლების განსაზღვრებისა და მონოთელიტური თუ სხვა ერესების ანათემირების გარდა, სხვა, ერთობ მნიშვნელოვანი განაჩენი უანდერძა მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიას. სამწუხაროდ, დღეს ისინი დავიწყებას მიეცა. იგულისხმება ეკლესიის კრებსითი ცნობიერება, წმინდა მამების ერთსულოვანი გადაწყვეტილებები, რომელთა მნიშვნელობაც კრების კანონებში აისახა.
მეექვსე მსოფლიო კრების პირველივე კანონში წერია:
„ღვთის ეკლესიაში გაბრწყინებული ქვეყნის მნათობის და ამქვეყნად ხსნის სიტყვის მტვირთველ კაცთა სარწმუნოების მტკიცედ პყრობას, სოფლის აღსასრულამდე შეურყევლად და შეუცვლელად დატოვებას ვადგენთ და მათ მიერ ღვთივმოცემულ დაწერილსა სჯულს მივიღებთ და შევიწყნარებთ..."1
იმავე კრების მეცხრამეტე კანონი კი გვეუბნება: „... მთელ სამღვდელო მწყობრსა და მორწმუნე ერს უნდა უქადაგონ და ასწავლონ საღვთო წერილის ჭეშმარიტი სიტყვა და ღმერთშემოსილ მამათა მოძღვრება. ნუ შეცვლიან და გადაასხვაფერებენ მას, არამედ გადმოსცენ ისე, როგორც ეკლესიის მნათობთა და მოძღვართა მიერ არის აღწერილი".2
თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონები არის სახელმძღვანელო, ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იქნეს გააზრებული წმ. წერილის წიგნები და წმ. მამათა თხზულებები ყველა დროსა და ეპოქაში.
ჩვენ წინაშე დგას შემდეგი საკითხები: ვის ეწოდება წმინდა მამა? რა პრინციპს ეწოდება ერთიანი მამებისეული სწავლება? რა კრიტერიუმით განირჩევა მამებისეული სწავლება სხვა ღვთისმეტყველთა, ეკლესიის მწერალთა, თუნდაც ცალკეულ წმ. მამათა კერძო აზრისაგან?
ვის ეწოდება წმ. მამა? ღვთისმეტყველთა აზრით წმიდა მამაა ის, ვისაც ა) გააჩნია წმინდა ცხოვრება; ბ) ვინც ფლობს ჭეშმარიტ სწავლებას; გ) ვისი წმინდანობაც დამოწმებულია ეკლესიის სისავსის მიერ. სწორედ ეკლესიის დამოწმების ecclesial dedartion-ის შედეგად დგინდება, თუ რამდენად შეესაბამება წმ. მამის საღვთისმეტყველო აზრი ეკლესიის ერთიან, უცდომელ სწავლებას, ანუ: წმ. მამის ის შეხედულება, რომელიც გაითავისა ეკლესიის სისავსემ, ვით თავისი სწავლება, წმ. მამათა საგანძურის შემადგენელი ნაწილი ხდება. ეკლესიის სწავლების თანახმად, არ არსებობს წინააღმდეგობა წმ. მამათა ერთსულოვან სწავლებაში. წმ. მამათა თხზულებებში გადმოცემული დოგმატური განსაზღვრებები ერთი მთლიანობაა. თუ კარგად დავაკვირდებით, იოლად შევნიშნავთ: ერთმანეთისაგან დროით, სივრცით დაშორებული ყველა წმინდა მამის აზრი ერთი სულიერი ჯაჭვია. მიზანშეწონილია მოშველიება ვლ. ლოსკის სიტყვებისა: „ერთი და იმავე სულიერი გამოცდილების გამოვლენის მაგალითი შეგვიძლია დავინახოთ წმ. დიონისე არეოპაგელთან და წმ. გრიგოლ პალამასთან, ნეტარ მაკარი ეგვიპტელთან და ნეტარ სერაფიმე საროველთან, წმ. გრიგოლ ნოსელთან და წმ. მაქსიმე აღმსარებელთან. ამ დროს ერთი ეპოქიდან მეორეზე კი გადავდივართ, მაგრამ ვერ ვგრძნობთ „სულიერი კლიმატის" ცვალებადობას".3
თავად წმ. მამები მიიჩნევდნენ, რომ ამ საკითხში დაბრკოლებას, დაბნეულობას სულიერი დეგრადირება იწვევს. ამდენად, როგორ უნდა მოხდეს წმინდა მამათა თხზულებების შესწავლა? - მათი შინაგანი მთლიანობისა და ჰარმონიის განცდით, შეგრძნებით. ე.ი. წმ. მამათა სრული გაგება მხოლოდ მათი ცხოვრების მიბაძვა-მიმსგავსებით, ღვაწლით მიიღწევა, რაც მადლს მოქმედების საშუალებას აძლევს ჩვენს სულში. მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) ამბობდა: „ჩვენს სავალალო დროში არაა საკმარისი წმ. მამათა კითხვა, ჩვენ თავად უნდა განვიმსჭვალოთ, აღვივსოთ ძირძველი ტრადიციით".4 (გაგრძელება...)
1დიდი სჯულისკანონი. კონსტანტინოპოლის VI მს. კრების კანონი №1.
2იქვე გვ. 158.
3Боговидение. В. Лоский. М. 2002. Стр. 298.
4С. Роуз. Как читать Святых Отцов.
Xareba.net - ის რედაქცია