ნარკომანია, ეს ის იარაღია, რომელიც ბოროტმა სულმა უკანასკნელი ჟამისთვის შემოინახა
დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, განსაკუთრებულია. აშკარად წარმოჩენილი ნეგატიური მოვლენები კაცობრიობას საფრთხით ემუქრება. ცნობილი რუსი ღვთისმეტყველი ს. ბულგაკოვი წერს: „ჩვენი ეპოქის სულიერი არსის მხატვრულად გამოსახვის საჭიროება რომ გაჩენილიყო, ამ სურათს „ღვთის დასამარება" ან „ადამიანთა თვითმკვლელობა" უნდა დარქმეოდა".
ღვთისაგან გაუცხოებამ მრავალფეროვანი სულის დაავადებანი წარმოშვა, რომელთა შორის განსაკუთრებით საშიშია ნარკომანია.
ნარკომანია, უპირველეს ყოვლისა, სულის დაავადებაა, მაგრამ რადგანაც ჩვენი სული სხეულშია, ის სხეულის სნეულებაცაა. პიროვნებები, რომლებიც ნარკომანიის განკურნებას აპირებენ, ადამიანში ყველაზე მთავარს, მის სულიერ მდგომარეობას არ ითვალისწინებენ. არადა, ღვთის შემწეობის გარეშე შეუძლებელია ამ 21-ე საუკუნის ჭირის - ნარკომანიის შეჩერება. ნარკომანია ეს ის იარაღია, რომელიც ბოროტმა სულმა უკანასკნელი ჟამისათვის შემოინახა. რადგან დემონი ასეთ ძლიერ იარაღს იყენებს, დადგა დრო, ჩვენც გავერთიანდეთ მის წინააღმდეგ, რათა ღვთის შემწეობით შევეწინააღმდეგოთ. ჩვენი ადამიანური ძალები აღარ არის საკმარისი ბოროტ სულთა ასეთი ზემოქმედების გასამკლავებლად.
რამ შეიძლება ნარკომანიის ვნებით დაავადბული ადამიანი იხსნას ფიზიკური და სულიერი დაღუპვისაგან, სულის დაუსრულებელი ტანჯვის, მუდმივი „ლომკისაგან"?
ნარკომანებთან ურთიერთობისას საჭიროა ისეთი ქმედითი სიყვარულისა და მზრუნველობის გამოჩენა, რომლის დროსაც ჩვენ რაიმეს მსხვერპლად გაღება შეგვიძლია. მთელი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რათა მოსაბეზრებელი და გულის გამაწყალებელი ნოტაციების გარეშე ნარკოტიკებისადმი მიდრეკილთა გულსა და გონებაში ცხოვრების ჭეშმარიტი არსი ჩავნერგოთ.
ყოველგვარი ვნებისაგან გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში უპირველესად ლოცვას უნდა მივმართოთ
ლოცვა ღმერთთან ცოცხალი კავშირის აღდგენის საშუალებას იძლევა, ამიტომ ყოველგვარი მანკიერებისა და ვნებისაგან გათავისუფლების სურვილის შემთხვევაში უპირველესად ლოცვას უნდა მივმართოთ.
ყველაზე მძლავრი იარაღი ნარკომანის დემონით შეპყრობილ ადამიანთათვის არის პირადი ლოცვა. არსებობს ლოცვა, რომელიც მთლიანად კონცენტრირებულია უფლის სახელის მოხსენიებაზე. იგი იწოდება იესოს ლოცვად: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!" ერთი წმიდა ბერი წერს: „როცა თქვენ გიჭირთ, არ ძალგიძთ შეებრძოლოთ ვნებას, ბოროტს, ჩაეჭიდეთ იესოს ლოცვას, როგორც წყალწაღებული ეჭიდება ხავსს და გნიასი ატეხეთ ღვთის მიმართ. აი, მაშინ ეს „ხავსი" ხსნის ნამდვილ ღუზად იქცევა".
საოცარი ძალა აქვს ფსალმუნთა კითხვას. ღირი მამა იოანე კრონშტანდტელი გვირჩევს გამუდმებით ვიკითხოთ 50-ე ფსალმუნი.
უფლის შემწეობას ჩვენ არა მხოლოდ ლოცვებში, არამედ ეკლესიაშიც ვთხოულობთ. ტაძარში იხდება პარაკლისები გამოსაჯანმრთელებელ პირთათვის. ასეთ ლოცვებს განსაკუთრებული ძალა აქვს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის მთავარ ღვთისმსახურებაზე - საღმრთო ლიტურგიაზე საშიში სულიერი სნეულებით დაავადებულთა მოხსენიებას. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული როლი აკისრიათ ნარკომანიით დაავადებულთა ახლობლებს: მშობლებს, და-ძმებს, მეუღლეებს, შვილებს, მეგობრებს. მათი მხრიდან ამ მძიმე ჯვრის ტარება, უპირველეს ყოვლისა, ამ ვნებით შეპყრობილი ნათესავისა და ახლობლის მზუნველობაში უნდა გამოიხატოს. ამ მზრუნველობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს იღუმენ ნიკონის ერთ-ერთი წერილი თავისი სულიერი შვილისადმი: „ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო! გონს მოდი, საით მიექანები? თუ შენთვის აქ უკვე სამძიმოა ყოფა, რა მოგელის სიკვდილის შემდგომ? იქ ვნებები ათასჯერ ძლიერია, ვიდრე მიწაზე. შეიგნე, რომ ცუდ საქმეს ჩადიხარ. თუნდაც დღეში ერთხელ შეუვრდი უფალს და უთხარი: „უფალო, ვიღუპები, მიხსენი, არ დაუშვა ჩემი საბოლოო დაღუპვა. უფალო, მოწყალე იყავ ჩემ ცოდვილსა ზედა". თუკი ყოველდღე ასე ისაუბრებ, მაშინ უფალი ყველა შენს ცოდვას გაპატიებს. სამოთხეში პირველი ავაზაკი შევიდა. არცერთი ცოდვილი არ უნდა მიეცეს სასოწარკვეთას. ნუ ამბობ რომ უკვე დაღუპული ხარ. ეს დემონური აზრია.
მე შენ ყოვლთვის გიხსენიებდი ლოცვებზე. ყოველ წირვაზე შენს სახელზე ნაწილს ამოვიღებ და უფალს შევევედრები, რათა შთაგაგონოს და შეგეწიოს უბედურებისაგან თავის დაღწევაში. კიდევ გიმეორებ: თვითონ შესთხოვე უფალს, თუნდაც დღეში ერთხელ, დიდი მეტანიით, რათა არ დაგტოვოს დასაღუპავად. შეიბრალე შენი თავი. შეიბრალე - შენ ხომ ერთ დროს გიყვარდა იგი. შესაძლებელია, ახლაც გიყვარს. მე ცოდვილი ადამიანი ვარ, შენ კი მთელი გულით მეცოდები, ხოლო უფალს ათასჯერ უფრო ეცოდება თითოეული ცოდვილი. მიმართე უფალს, ადამიანებსა და შენს წყეულ მსახურებას გაშორდი და უფალი გიხსნის!"
ბოროტ ძალთა შესამუსრავად მძლავრი იარაღია სახარების კითხვა
იოანე ოქროპირი წერს, რომ ტაძარი, სადაც სახარებაა დაცული, ბნელეთის ძალებს აფრთხობს და მათი ხრიკებისთვის მიუვალი ხდება, ამიტომ ბოროტ ძალთა შესამუსრავად მძლავრი იარაღია სახარების კითხვა.
დამღუპველ ვნებათაგან სახარებით განკურნების უამრავი მაგალითი არსებობს. მოგითხრობთ ერთი შემთხვევის შესახებ:
ერთი ლოთობისაგან გაუბედურებული კაპიტანი შემთხვევით უცნობ ბერს შეხვდა და თავისი უნუგეშო მდგომარეობის შესახებ მოუთხრო. ბერმა მას სახარების კითხვა ურჩია.
- როგორ მიშველის შენი სახარება, როდესაც ჩემზე არანაირმა მცდელობამ, არანაირმა წამლობამ არ იმოქმედა?
- შეეპასუხა ლოთი.
- ნუ იტყვი ამას - არწმუნებდა ბერი - დამიჯერე, ამისგან სარგებელს მიიღებ. და მეორე დღეს სახარება მიუტანა.
- არ ავიღებ ამას, იქ ვერაფერს გავიგებ, ეგეც არ იყოს, მიჩვეული არა ვარ საეკლესიო ნაბეჭდის კითხვას - გაჯიუტდა ლოთი.
- არაუშავს რომ არ გესმის, შენ მხოლოდ წაიკითხე გულმოდგინებით. ერთმა წმინდანმა თქვა: ღვთის სიტყვა თუ არ გესმის, სამაგიეროდ ეშმაკებს ესმით რასაც კითხულობ და თრთიან.
ამის შემდეგ ლოთმა დაიწყო სახარების კითხვა. თავს ძალას ატანდა და როცა ღვინის დასალევად წასვლა მოუნდებოდა, კითხვას იწყებდა. თავიდან ძალიან უჭირდა. რაც დრო გადიოდა კითხვა უადვილდებოდა.
აი, რას ამბობს ის თავის ფერისცვალების შესახებ: „ბოლოს, როგორც კი ოთხივე სახარების კითხვა ჩავათავე, სმის ვნება საერთოდ გაქრა და სასმელი შემზიზღდა კიდეც. მას შემდეგ ოცი წელია არ ვიყენებ არანაირ ალკოჰოლურ სასმელს".
უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში უდიდეს ძალას წარმოადგენს წმინდა ხატები
არსებობს განსაკუთრებული სიწმინდეები, საუკუნეობით ნალოცი სასწაულთმოქმედი ხატები, რომლებზედაც დავანებულია სულიწმინდის მადლი. ისინი უდიდეს ძალას წარმოადგენენ უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნარკომანიისა და ლოთობისაგან განკურნებისათვის განსაკუთრებული ძალა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს - „შეუსმელ ბარძიმს" გააჩნია. ძლიერ საყურადღებოა ამ ხატის ისტორია.
ხატის გამოცხადება 1878 წელს მოხდა. ტულის გუბერნიის ეფრემოვის მაზრაში მცხოვრები ერთ-ერთი გლეხი მემთვრალეობის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი. მან მთელი თავისი სარჩო-საბადებელი ლოთობაში გაანიავა და მალე სრულიად გაღატაკდა. უზომო სმისგან ფეხები წაერთვა, მაგრამ მაინც განაგრძობდა სმას. ერთხელ მას სიზმრისეულ ჩვენებაში ბერი ეჩვენა და უბრძანა ქალაქ სერპუხოვის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მონასტერში ჩასულიყო, სადაც ღვთისმშობლის ხატი „ბარძიმი შეუსმელი" ბრძანდებოდა და მისი სავედრებელი პარაკლისი გადაეხადა.
მონასტერში მისულმა გლეხმა იქაურებს მოუთხრო თავის სიზმრისეულ ჩვენებაზე და პარაკლისის გადახდა სთხოვა, მაგრამ მონასტერში არავინ უწყოდა ღვთისმშობლის ამგვრი ხატის შესახებ. მაშინ იფიქრეს, სადიაკვნოს შესასვლელში ხატი რომ ჰკიდია, ის ხომ არ არისო. მართლაც ხატის უკანა მხარეს ნახეს წარწერა: „ბარძიმი შეუსმელი".
მღვდელმთავარ ალექსის მოწაფეში ღირს ვარლაამში - გლეხმა მაშინვე შეიცნო სიზმრად ნანახი ბერი. სერპუხოვიდან გლეხი სავსებით განკურნებული დაბრუნდა.
დამღუპველ ვნებათაგან განკურნების დროს უდიდესი ძალის მომნიჭებელია წმინდა ადგილების მოლოცვა და სიწმინდეებთან შეხება
მოვიყვანთ მაგალითს მონაზონ ფოტინეს მონათხრობიდან.
„ერთხელ (1994 წ) სანთლის საყიდლად 45 წელს მიტანებული კაცი მოვიდა. სახეზე ეტყობოდა, რომ სპირტიანი სასმელების მოყვარული იყო. აი, რა მიამბო მან:
მე ახალგაზრდობიდანვე ბევრს ვსვამდი, რის გამოც ჩემი ოჯახი იტანჯებოდა, ცოლი უკვე ჩემს მიტოვებას აპირებდა. ჩემმა ნაცნობმა უკანასკნელი ცდის მიზნით, შემომთავაზა დივეევოში მამა სერაფიმე საროველის წმ. ნაწილებთან მიახლება. დავეჭვდი მაგრამ მაინც წავედი.
დივეევოში ჩასული, სხვების მიბაძვით წმინდა ნაწილებს ვემთხვიე და მსახურებას დავესწარი. იმავე ღამეს სიზმარი ვიხილე - თითქოსდა საწოლზე ვარ ჩამომჯდარი, ჩემთან მამა სერაფიმე მოდის და ჩემს გვერდით სკამზე ჯდება. ძლიერ ალერსიანად მიყურებს და არაფერს მეუბნება. ცოტა ხანს იჯდა და წავიდა. მეორე ღამით სიზმარი განმეორდა.
აქედან მოყოლებული სრულიად გამიქრა სმის ყოვლგვარი სურვილი. ახლა მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ღვთის სადიდებლად ვშრომობ კიდეც.
ჟურნალისტი ალექსანდრე კობეცი დაინტერესდა მამა სერაფიმე საროვლის სასწაულებით. მან მამა სერაფიმეს წყაროებით განკურნების უამრავი მასალა მოაგროვა. იგი აღნიშნავს: „მამა სერაფიმეს წყაროები განკურნების სასწაულებს ერთი შეხედვით სრულიად უიმედო მდგომარეობაში ახდენენ. რამდენიმე ნარკომანმა შემატყობინა, რომ ნარკოტიკებს აღარ იღებენ და ადრინდელ გარემოსთან კავშირი გაწყვიტეს.
ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი, დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს
ეკლესია არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს ნარკომანიისა და ლოთობის მკურნალობის სამედიცინო საშუალებებს, მაგრამ ისინი აუცილებლად სულიერი მკურნალობის პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს.
წერილი მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის სიტყვებით გვინდა დავასრულოთ:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი, რომელსაც შესწევს უნარი დააღწიოს თავი სიბნელის წყვდიადს. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე, ჩვენს არჩევანსა და სურვილზეა დამოკიდებული. რწმენა, გონიერება, სიყვარული და ნებისყოფა იყო და არის ადამიანის მკურნალი და დამცველი".
Xareba.net - ის რედაქცია