განკითხვის საწინააღმდეგო ქმედითი საშუალება
ეს რა სნეულებაა - განკითხვა! ის რომ ცოდვაა ყველამ იცის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს საუბრებში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ზოგი დაიწყებს: „ღმერთო განკითხვაში ნუ ჩამითვლი" და განკითხვას ბოლომდე მიიყვანს. ზოგი თავს იმით იმართლებს, რომ გონიერ ადამიანს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი შეხედულება უნდა ჰქონდეს და შეფასებებში ცდილობს ცივსისხლიანი მსაჯული იყოს. მაგრამ უბრალო ყური შეძლებს ამ საუბარში ბოროტი განკითხვის გამორჩევას. უფლის განაჩენი ამ ცოდვისათვის მკაცრი და შეუვალია. ვინც სხვას განიკითხავს, ის ვერ გამართლდება. როგორ მოვიქცეთ? როგორ ავიცილოთ უბედურება? განკითხვის საწინააღმდეგო ქმედითი საშუალება კი ისაა, დამნაშავედ საკუთარი თავი ჩავთვალოთ. ვინც თავს ასეთად აღიქვამს, ის სხვების განკითხვისთვის ვერ მოიცლის. მაშინ მისი ბაგეები წარმოსთქვამენ მხოლოდ: უფალო შემიწყალენ! უფალო შემინდევ შეცოდებანი ჩემნი! (წმ. ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდბული).
მოყვასის განკითხვა ცოდვაა
ჩვენზე ადრე მცხოვრებმა წმინდანებმა, რომლებიც ჩვენი მსგავსი ადამიანების საზოგადოებაში ცხოვრობდნენ, მოყვასის ნაკლოვანებებთან შემწყნარებლური დამოკიდებულების შემაგონებელი მაგალითები დაგვიტოვეს და ბოროტმეტყველებისაგან დასაცავად, მოყვასის დაუფიქრებელი შეფასებების, განკითხვისთვის უფლის მკაცრი სასჯელის და მოყვასის არ განკითხვისათვის წყალობის მიღების უამრავი განმანათლებელი გამოცდილება გაგვიზიარეს. ზოგიერთ მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას.
ერთხელ საძმო ერთ-ერთი ძმის საქციელის გასარჩევად შეიკრიბა. სასამართლოზე აბბა მოსე მოიწვიეს. მოსემ ტომარაში სილა ჩაყარა, მოიკიდა ზურგზე და შემცოდეს განსასჯელად გაემართა. ძმები ბერს მიეგებნენ და ჰკითხეს, რას ნიშნვდა მისი ტვირთი. ეს ჩემი ცოდვებია - უპასუხა აბბამ - რომელთაც მე ვერ ვხედავ და მიუხედავად ამისა, სხვის განსასჯელად მივდივარ, რომლის ცოდვები თვალში მხვდება. ამ პასუხით შეგონებულმა ძმებმა უარი თქვეს შემცოდეს გასამართლებაზე (ხსენება ძველი სტ. 20 აპრილს).
● ● ●
ერთ მონასტერში ცხოვრობდა მოკრძალებული და შრომისმოყვარე ქალი, სახელად ისიდორა. მასთან ერთად მცხოვრები დები, რომლებიც მისი მომსახურებით სარგებლობდნენ, მას გონებაშეზღუდულად თვლიდნენ, აბუჩად იგდებდნენ და საცოდავად მოიხსენებდნენ. ისიდორა ნებსით მიყენებულ ყველა უსიამოვნებას ისე ღებულობდა, თითქოს არაფერს ხედავდა, არაფერი ესმოდა და არაფერს გრძნობდა. ყველასაგან განმარტოვებას ცდილობდა და არავის ესაუბრებოდა. სასმელად სასადილო ჭურჭლის ნარეცხს ხმარობდა, ხოლო საჭმელად - დების სადილის ნარჩენებს. ჭკვიანი დები ამ თვისებების გამო თვლიდნენ ისიდორას გონებაშეზღუდულად და საცოდავად. მაგრამ ღმერთმა ერთ განთქმულ მეუდაბნოეს, წმ. პიტირიმს გაუმხილა, რომ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს მოღვაწე, რომელმაც უფრო მეტ სიწმინდეს მიაღწია, ვიდრე მან - უდაბნოში მოსაგრემ. უფლის მიერ მითითებული მოღვაწე ყველას მიერ ათვალწუნებული საცოდავი ისიდორა იყო (ხსენება ძველი სტ. 10 მაისს).
● ● ●
წმ. იოანე მოწყალის პატრიარქობის დროს, ალექსანდრიაში ცხოვრობდა სამოცი წლის ბერი ვიტალი, რომელსაც მთელი ქალაქი როგორც ბიწიერს ისე იცნობდა. როცა საყვედურობდნენ და უღირსი საქციელისათვის ლანძღავდნენ, ის ჩვეულებრივად ბუტბუტებდა: ცოდვილი ვარ, რამეთუ სხეულით ვარ მოსილი.
ვიტალის გარდაცვალების შემდეგ, მის სხეულთან შეხებით მრავალმა განკურნებამ მისი ცხოვრების სიწმინდე დაადასტურა.
ვიტალის ხელში იპოვეს ანდერძი: ალექსანდრიის მცხოვრებნო! ნუ განიკითხავთ მოყვასს, რაც არ უნდა ცოდვილად გეჩვენებოდეთ, ნუ განიკითხავთ ღვთის სამსჯავრომდე (ხსენება ძველი სტ. 22 აპრილს).
● ● ●
წმ. იოანე, უდაბნოს კელიაში დაყუდებული, ცხონების გზაზე ფიქრობდა. ამ დროს ახლო სავანიდან ბერი ესტუმრა რჩევა-დარიგებისა და კურთხევისათვის.
- როგორ არიან შენი ძმები? - ჰკითხა წმ. იოანემ სტუმარს.
- შენის ლოცვით კარგად არიან - უპასუხა ბერმა.
- როგორ არის ნ., რომელზეც ცუდი ხმები დადიოდა?
- არაფერი შეცვლილა!
- ვაი მას, წამოიძახა იოანემ, უნებურად ჩათვლიმა და გოლგოთაზე, ორ ავაზკს შორის ჯვარზე გაკრული მაცხოვრის წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც ანგელოზები ეხვია გარს. იოანე უდიდესი მოწიწების გრძნობით შეეცადა მაცხოვრის ფერხთით დაცემულიყო, მაგრამ ხმა ესმა: განაგდეთ ჩემგან! ეს ჩემი მტერია, რამეთუ ჩემს სამსჯავრომდე განიკითხა ძმა, რომლისთვისაც ჯვარზე ვიტანჯე!
გაძევებული იოანე გამოფხიზლდა და სტუმარს ამოოხვრით მიმართა: დღევნდელი დღე საზარელია ჩემთვის! ძმის განკითხვისთვის ტანჯვა მელოდება! და ბერს თავისი ხილვა მოუთხრო.
● ● ●
მონასტერში მცხოვრები ერთი მონაზონი უყურადღებოდ ცხოვრობდა, როცა მისი სიკვდილის დრო მოვიდა, ის წმინდანის ღიმილით შეეგება აღსასრულს. ამან გააოცა იქ მყოფი ძმები და მომაკვდავს შეევედრნენ, მოეთხრო მათთვის ამ ღიმილის მიზეზი.
მომაკვდავმა სარეცელზე წამოიწია და ძმებს აუწყა, რომ ანგელოზები, რომლებმაც სასიკვდილო სარეცელზე მისი ცოდვების ჩამონათვალი წაუკითხეს, მისგან თავის მართლებას ითხოვდნენ, მონაზონს კი მხოლოდ ეს შეეძლო ეთქვა მათთვის: ცოდვილი ვარ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მონაზონი გავხდი, არავინ განმიკითხავს და ბოროტება არავის მიმართ განმიზრახავს, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მაცხოვრის სიტყვები აღსრულდება ჩემზე: „ნუ განიკითხვთ, რაითა არა განიკითხნეთ!" ანგელოზებმა მისი ცოდვების ჩამონათვალი ნაფლეთებად აქციეს (ხსენება ძველი სტ. 30 მარტი).
როგორ გავექცეთ მოყვასის განკითხვას
გვახსოვდეს, სხვისი კი არა, საკუთარი მანკიერებები დავინახოთ და განვიწმინდოთ.
ბოროტება, ზიზღი და შური უკუვაგდოთ.
გულმოწყალე ღმერთს ვევედროთ, რათა განკითხვის ცოდვას აგვარიდოს.
გვახსოვდეს, რომ სხვისი განკითხვისათვის თავად განვიკითხებით (მათე 7, 1).
ზედმეტ საუბარს მოვერიდოთ.
იმ ადამიანებს განვერიდოთ, რომელთაც სხვების განკითხვის ბოროტი ჩვევა გააჩნიათ.
ვისაც განკითხვის ბოროტი ჩვევა გააჩნია, ღმერთს უნდა ევედროს: „დასდევ უფლო საცოი პირსა ჩემსა" (ფს. 140, 3).
(წმ. ტიხონი, ვორონეჟის ეპისკოპოსი)
Xareba.net - ის რედაქცია