ყოვლისმცოდნე სწავლულები? მაგრამ ეს ხომ საკმარისი არ არის. შეიძლება ბევრი რამ იცოდე, იყო მართლაც დიდი მეცნიერი და, ამავე დროს იყო უვარგისი ადამიანი, საზოგადოების მავნე წევრი. ვაი ჩვენ ქვეყანას, თუ ასეთი მავნე სწავლულები სასწავლო დაწესებულების აღზრდილები იქნებიან.
მაშ, ვინ გვსურს ვიხილოთ ჩვენი ახალგაზრდების სახით? საზოგადოებისათვის სასარგებლო წევრები? კარგია! მაგრამ ეს არაა საკმარისი. ჭეშმარიტად ქრისტიანული საზოგადოების წევრები შესაძლოა იყვნენ მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიის შვილები. ამიტომაც უნდა აღვზარდოთ არა მარტო სწავლული ადამიანები, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, ღვთისმოშიში ქრისტიანები. ამ მიზნისაკენ უნდა ვივლტოდეთ, შთავუნერგოთ შთამომავლობას, რომ ამსოფლიური მეცნიერებანი არ მოგვანიჭებს სარგებელს, თუ მის ცენტრად და საწყისად ღმერთსა და მის მარადიულ სიბრძნეს არ ვაღიარებთ. რომ ცოდნა, რომელიც მხოლოდ ამასოფლიურით შემოიფარგლება, დედამიწაზევე რჩება და ჩვენი გარდაცვალებისა და სამყაროს აღსრულების შემდეგ უსარგებლო იქნება, რომ ღვთის მეცნებები, შემეცნება, ცოდვისაგან განრიდება და კეთილგონიერი ცხოვრება აუცილებელია ადამიანისათვის, როგორც აქ - დედამიწაზე, ასევე იქ - მარადისობაში. ვასწავლოთ მათ, რომ ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა უყვარდეთ ღმერთი და ერთმანეთი. არ დაივიწყონ, როგორც მრავალნი ივიწყებენ დღეს, რომ ხილული სამყაროს მიღმა უხილავი მარადიული სამყაროა, სიკვდილისა და საფლავის მიღმა - უკვდავება, ქრისტიანული ღვაწლითა და შრომით აღსასრულის შემდეგ კი - მარადიული ნეტარება ზეცაში.
● ● ●
ერთ მოძღვართან ქალბატონი მივიდა, რომელიც თავისი შვილების რელიგიურ-ზნეობრივი მდგომარეობით იყო შეწუხებული. „შენ ალბათ, დაბადებისთანავე ხორცს აჭმევდი მათ" - მკაცრად ჰკითხა ქალბატონს მოძღვარმა. „არა - უპასუხა ქალბატონმა. ასაკის მიხედვით ვკვებავდი - ჯერ რძით, შემდეგ ფაფით, ხოლო როცა წამოიზარდნენ, ხორცსაც ვაჭმევდი". „რას ასწავლიდი?" - დაინტერესდა მოძღვარი. „ანბანიდან დაიწყეს და უმაღლესი განათლება მიიღეს" - უთხრა ქალბატონმა. „სასწავლებელში დაგყავდათ, მაგრამ ღმერთთან თუ მიიყვანეთ?" - იკითხა სულიერმა მამამ. „ლოცვები ისწავლეს, შემდეგ საღმრთო სჯულს სწავლობდნენ" - პასუხობდა დედა. „თქვი პირდაპირ, კი არ სწავლობდნენ, მატრაბაზობდნენ" - შეუსწორა მოძღვარმა - სულიერი შემეცნება ისევე უგულოდ წარიმართებოდა, როგორც სხვა საგნები. მასწავლებლები მათ ასწავლიდნენ იმდენად, რომ გამოცდაზე მცოდნე ადამიანის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. შენ მათ გულებს თუ პატრონობდი? სწორ მიმართულებას თუ აძლევდი, რათა ადამიანთა კეთილგანწყობის გარდა ღვთის კეთილგანწყობისათვის მიეღწიათ?" „შთავუნერგავდი, რამდენადაც შემეძლო - თქვა ქალბატონმა - თუმცა საკუთარი შვილის გულის გასაღები ძნელი საპოვნია". მოძღვარმა კი მიუგო - „ვერ იპოვე მათი გულის გასაღები და შედეგად ადამიანთა ნაცვლად მხეცები მიიღე, დაბადებული, თუმცა უსულოა ქრისტეს გარეშე. ის ბავშვები, რომელთაც არ უგემიათ მშობელთა და ახლობელთა სულიერი სითბო, უგრძნობნი რჩებიან ღვთისა და კეთილ საქმეთა მიმართ. ასეთი ახალგაზრდებისაგან იბადება ის თაობები, რომელთაგან ღვთისა და ეკლესიის მოწინააღმდეგე ლეგიონები იქმნება".
● ● ●
„სანთელი გუამისა არს თუალი", მასწავლებელი არის მანათობელი მოსწავლეთათვის, თუ მისი თვალი, არის საგნისადმი მიდგომა, სწავლების მეთოდი იქნება უბრალო და ნათელი, მაშინ მოსწავლეები განათლდებიან მისი სწავლებით და მათ გონებას ნათელი მოეფინება. თუკი მასწავლებლის მიდგომა საგნისადმი, სწავლების მეთოდი გაუგებარი და ბუნდოვანი იქნება, მთელი მისი სხეული, ანუ მოსწავლეები წყვდიადით იქნებიან მოცული და ხელის ცეცებით დაიწყებენ ჭეშმარიტების ძიებას, რომელიც ფრაზების, არეული აზრებისა და გამონათქვამების მიღმაა მიმალული. სწავლება უნდა იყოს გასაგები. ღმერთმა ინებოს, რომ ყველა მეცნიერებამ ბავშვების სულში გააღვივოს ის მტკიცე ქრისტიანული გემოვნების სისტემა, რომელიც მოიცავს ჭეშმარიტ ქრისტიანულ განათლებას და რომლის საშუალებითაც ჩვენი შთამომავლობა ყოველთვის იქნება მადიდებელი ღვთისა, ეკლესიის სიმტკიცე და მშვენება, საზოგადოებისათვის სიკეთის მომტანი...
დაე, ჩვენს სკოლაში საწყისი და სასრული იყოს უფალი ყოვლისმპყრობელი, რომლის ხელთაა ყოველი არსება, ყოველი ადამიანის სული და გონება...
წმ. იოანე კრონშტანდტელი
Xareba.net - ის რედაქცია