მოციქული პავლე სიყვარულის აღწერისას ამბობს: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის" (1 კორ. 13, 4). ნახე, რისგან დაიწყო მოციქულმა და ყველა სიკეთის პირველ მიზეზად რა წარმოაჩინა? - სულგრძელობა. ის ყოველგვარი კეთილგონიერების საფუძველია. ამიტომაც ამბობს ბრძენთა ბრძენი: „სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, სულმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს" (იგავ. 14. 29), შემდგომ ადარებს ამ სათნოებას მტკიცე ქალაქს და ამბობს, რომ მასზე უფრო მტკიცეა. ის ყველა თავდასხმის იოლად მომგერიებელი იარაღია უძლეველი, სვეტია შეურყეველი. როგორც ზღვას ვერ ავნებს მასში ჩავარდნილი ნაპერწკალი, თვითონ კი მაშინვე ქრება, ასევე მალე გაქრება სულგრძელის თავს დატეხილი ყოველგვარი მოულოდნელობა, ისე რომ მას ვერ ააფორიაქებს. სულგრძელი, თითქოსდა ნავსაყუდელში მდგომი, ღრმა სიმშვიდით ტკბება. ზიანის მიყენება გსურს? - ამ სვეტს ვერ შეარყევ! სულგრძელობა სიყვარულისაგან იშვება და გონიერი მფლობელისათვის უდიდესი სარგებლობა მოაქვს. მოციქული ამით აქ არ ჩერდება და სიყვარულის სხვა თვისებებს ჩამოთვლის: „სიყვარული ტკბილ არს". არიან ადამიანები, რომლებიც სულგრძელობას კეთილგონივრულად კი არ იყენებენ, არამედ შეურაცხმყოფელთა შურისძიებისათვის, გულში კი იტანჯებიან, მაგრამ მოციქული ამბობს, რომ სიყვარული ამ ნაკლისაგან თავისუფალია, ამიტომ დაასკვნის: „ტკბილ არს". მოსიყვარულე მრისხანებას იმიტომ კი არ ეპყრობა მშვიდად, რომ გააძლიეროს ის, არამედ მის ჩასაქრობად და დასაწყნარებლად, არა მარტო ვაჟკაცური დათმენით, არამედ მრისხანების წყლულებს სათნოყოფითა და შეგონებით მკურნალობს. „სიყვარულსა არა შურნ". ზოგი მომთმენი, მაგრამ შურიანია, რის გამოც მისი სათნოება კარგავს სრულყოფილებას, მაგრამ სიყვარული ამისგანაც შორსაა. „სიყვარული არა მაღლოინ" ე.ი. განუსჯელად არ იქცევა, ის შეყვარებულს გააზრებულ, გონივრულ და საფუძვლიან სიკეთეს უძღვნის. განუსჯელობა სასირცხვილოდ შეყვარებულთა თვისებაა, ხოლო ჭეშმარიტი სიყვარულის მატარებელნი ამისგან სრულიად თავისუფალნი არიან, რადგან როცა გულში მრისხანების ადგილი არა აქვს, იქ განუსჯელობა და თავნებობაც გამორიცხულია. სულში დაბუდებული სიყვარული, როგორც გამოცდილი მიწათმოქმედი, არც ერთ სარეველას არ აძლევს გაზრდის საშუალებას. „სიყვარული არა განლაღნის" (არ ამპარტავნობს). ბევრი ამაყობს თავისი სათნოებებით, ე.ი. იმით, რომ არ არის შურიანი, ბოროტი, სულმოკლე, განუსჯელი. ეს მანკიერებები არა მარტო სიღარიბესთან და სიმდიდრესთან, არამედ ბუნებით კეთილ თვისებებთანაც არის დაკავშირებული, ხოლო სიყვარული ყოველივეს განწმენდს. იცოდე, სულგრძელი ყოველთვის როდია გულმოწყალე. თუ ის გულმოწყალე არ იქნება, მისი კეთილი თვისება შეიძლება მიუტევლობად გადაიქცეს. მაგრამ სიყვარული გულმოწყალებით კურნავს და სათნოებას უბიწოდ ინახავს. გულმოწყალე ხშირად მჩატე გონებისაა, მაგრამ სიყვარული მასაც კურნავს.
„სიყვარული - ამბობს მოციქული - არა მაღლოინ, არა განლაღნის". მოწყალე და სულგრძელი ხშირად ამაყია, მაგრამ სიყვარული ამ მანკიერებასაც ანადგურებს.
„არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი" (5). რას ვამბობ, აგრძელებს მოციქული, რომ სიყვარული არა ამაყობს? ის ისე შორსაა ამ ვნებისაგან, რომ საყვარელი ადამიანის გამო უკიდურესი უბედურების გადატანას შეურაცხყოფად არ თვლის. არ უთქვამს: დამცირებას ღებულობს, მაგრამ ვაჟკაცურად ითმენს, რამეთუ საერთოდ არ უგრძვნია დამცირება. უფალს მივაპყროთ მზერა და ნათქვამის ჭეშმარიტებას დავინახავთ. უფალი ჩვენი იესო ქრისტე საცოდავი მონებისაგან ინერწყვებოდა და იგვემებოდა, მაგრამ ამას დამცირებად არ თვლიდა. ავაზაკი და კაცის მკვლელი სხვებზე ადრე შეიყვანა სამოთხეში, მეძავთან საუბრობდა, ფეხების ამბორის, სხეულის ცრემლებით დალტობას და თმით შემშრალების უფლებას აძლევდა მტრებისა და მოწინააღმდეგეების თვალწინ და ეს სამარცხვინოდ არ მიაჩნდა, იმიტომ, რომ სიყვარული „არა სარცხვინელ იქმნის". ამიტომაც მამებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გონიერნი და მჭერმეტყველნი არიან, ბავშვებთან ფუსფუსი არ ერცხვინებათ და შემყურეთაგან არავინ არათუ განიკითხავს მათ, არამედ პირიქით, ქებას შეასხამს. თუ ბავშვები მანკიერნი არიან, ისინი მოთმინებით ცდილობენ მათ გამოსწორებას, აკვირდებიან, ცუდი ქცევებისაგან იცავენ და არ რცხვენიათ, იმიტომ, რომ სიყვარული არა სარცხვინელ იქმნის, არამედ საყვარელი ადამიანის ყველა დანაშაულს თითქოსდა ერთგვარი ოქროს ფრთებით ფარავს. მისთვის სირცხვილი საყვარელი ადამიანისათვის საშიშროებების მიუღებლობა და მათთვის ყველაფრის დაუთმენლობაა. როცა ყველა დანაშაულზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა საზიანოს არ ვგულისხმობ. მხოლოდ მას უყვარს, ვისაც საყვარელისთვის სასარგებლო სურს, ხოლო ვინც სიკეთეს არ ეძებს, მან ათასჯერ რომ თქვას მიყვარსო, ყველა მტერზე უარესია.
„არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი". თქვა რა: „არა სარცხვინელ იქმნის", მოციქული იმასაც გვიჩვენებს შეურაცხყოფას რატომ არ განიცდის. რატომ? ის „არა ეძიებნ თავისასა". საყვარელი მისთვის ყველაფერია და შეურაცხყოფისაგან მის დასახსნელად საკუთარი თავის დამცირება შეუძლია, ასე რომ, თუ თავის დამცირებით საყვარელი ადამიანის დახმარება შესაძლებელია, ამას შეურაცხყოფად არ თვლის. სიყვარული ასეთია - მოყვარული და საყვარელი, უკვე ორი სხვადასხვა პირი კი არა, ერთი ადამიანია, ამის გაკეთება მხოლოდ სიყვარულს შეუძლია. ამიტომ ნუ ეძებ შენსას, თუ გინდა რომ იპოვო ის, რამეთუ ვინც თავისას ეძებს, ის ვერ პოულობს მას. ამიტომ ამბობს პავლე მოციქული: „ნუვინ თავისას ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუასისაცა თითოეული" (1 კორ. 10. 24). ყოვლის სარგებელი მოყვასისათვის სარგებლობაში მდგომარეობს, ხოლო მოყვასის სარგებელი მისი სარგებელია. ვისაც არ უნდა მოყვასის სარგებლობაში საკუთარი სარგებელი ეძიოს, ის გვირგვინს ვერ მიიღებს. ღმერთმა ასე იმიტომ მოაწყო, რომ ჩვენ ურთიერთდამოკიდებულები ვიყოთ. თითოეულისათვის სასარგებლო ღმერთმა მის მოყვასს მიმადლა, რამეთუ ერთმანეთთან ურთიერთობა გვქონდეს და არ განვმარტოვდეთ. თქვა: „არა ეძიებნ თავისას", მოციქული ისევ სიყვარულიდან მომდინარე სიკეთეებზე საუბრობს. რომელია ეს სიკეთეები? არ რისხდება და არ განიზრახავს ბოროტს. შეხედე, ისევ არა მარტო ანადგურებს მანკიერებებს, არამედ აღმოცენების საშუალებასაც არ აძლევს მათ, არ უთქვამს: თუმც რისხდება, მაგრამ მალე მშვიდდება, არამედ - არა განრიცხნის. არ უთქვამს: არა იქმს ბოროტსაო, არამედ - არად შეჰრაცხის ბოროტიო. საყვარლის მიმართ არათუ არ სჩადის, არამედ არ განიზრახავს ბოროტს. მართლაც, როგორ შეუძლია განრისხდეს ან ცუდი ქმნას, როდესაც ბოროტ ზრახვებსაც არ უშვებს? სწორედ აქ არის სიყვარულის სათავე.
„არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა" (6). ანუ სხვისი ცუდი არ უხრია და მათი ბედნიერი ცხოვრების ხილვით ხრობს. იგივეს სხვაგანაც ამბობს: „გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა" (რომ. 12, 15). ამიტომ არ შურს, არ ამპარტავნობს, სხვის სიკეთეებს თავისად თვლის. ხედავ, სიყვარული თავის აღსაზრდელს როგორ აქცევს თითქმის ანგელოზად? ვინაიდან, თუ არ მრისხანებს, თავისუფალია შურისა და ყველა დამღუპველი ვნებისაგან, მაშინ აშკარაა, რომ ის ადამიანურ ბუნებაზეა ამაღლებული და ანგელოზებრივ სიწმინდეს მიაღწია. თუმცა, პავლე მოციქული ამას არ ჯერდება და უმთავრეს შემდგომ ამბობს.
სიყვარული „ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენ" (7). საკუთარი სულგრძელობით და სიმშვიდით, რაც არ უნდა სამწუხარო და სადარდებელი გადახდეს, ეს იქნება წყენა, ცემა თუ სიკვდილი, ან რაიმე მსგავსი „ყოველსა თავს იდებნ". ამ სიტყვებით ის სიყვარულის ძალას გამოხატავს, ხოლო მომდევნო სიტყვებით - მის სიკეთეს. რას ნიშნავს ყოველსა ესავნ? გაწბილების გარეშე, საყვარელი ადამიანისაგან ყოვლივე კარგს ელის, თუმც მანკიერი იყოს, მის გამოსწორებას არ წყვეტს და მასზე ზრუნავს. „ყოველი ჰრწამნ". არა მარტო იმედოვნებს, არამედ დარწმუნებულია იმიტომ, რომ ძალზედ უყვარს. ზრუნვის მიუხედავად, თუ მისი საყვარელი გამოსწორების ნაცვლად უარესი ხდება, ის ამასაც ითმენს - „ყოველსა მოითმენ".
„სიყვარული არასადა დავარდების" (8). ხედავ, რითი დაამთავრა მან სიყვარულის გამოსახვა და რა არის განსაკუთრებულად დიდებული ამ ნიჭში? რას ნიშნავს არასადა დავარდების? - არ მთავრდება, არ სუსტდება განცდილის გამო, იმიტომ, რომ უყვარს ყოველი. ვისაც უყვარს, მას სიძულვილი არ შეუძლია, რაც არ უნდა მოხდეს. ესაა სიყვარულის უდიდესი ღირსება.
მაშასადამე, თუკი ყოველგვარი სათნოების მიზეზი სიყვარულია, საკუთარ სულში უდიდესი გულმოდგინებით ჩავნერგოთ იგი, რომ მრავალი სიკეთე მოგვიტანოს და მუდმივად შეგვეძლოს მისი მარად მოყვავილე, უჭკნობი და უხვი ნაყოფის შეკრება. მარადიულ სიკეთეებსაც მაშინ მივაღწევთ.
წმიდა იოანე ოქროპირი
33-ე საუბარი კორინთელთა მიმართ I მიმართვაზე
Xareba.net - ის რედაქცია