დავიწყოთ საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებიდან: თუ მცენარეს არ მოვრწყავთ, იგი დაჭკნება და გახმება. თუ მცენარეს ჭარბად მოვრწყავთ, ისე, რომ მისი ფესვები გამუდმებით წყალში იქნება, იგი დალპება და დაიღუპება. სამწუხაროდ, ზოგიერთ მშობელს ავიწყდება, რომ ბავშვის სული საჭიროებს გონივრულ მოფერებას. ერთისა და მეორეს დეფიციტი ან სიჭარბე თანაბრად იწვევს სულის დაზიანებას.
პირველი შეცდომა უვიცი მებაღის შეცდომას ჰგავს, რომელიც ახლად აღმოცენებულ ნერგს წყალში ალპობს; ჩნდება ბავშვის კულტი. იგი ოჯახის უგვირგვინო მეფე ხდება, მისი სურვილები დაუყოვნებლივ სრულდება, მშობლები მძიმე დანაშაულად მიიჩნევენ ბავშვის დასჯას ან რაიმე კაპრიზის შეუსრულებლობას. ბავშვის წარმოდგენაში მშობლები მის მოსამსახურეებად არიან შექმნილი. ამრიგად, წარმართული კერპის თაყვანისცემის საზღვრებში აღზრდილი, ითხოვს ისეთივე მიდგომას მომავალშიც. ფერებით გათამამებული ბავშვი, ყოფით სიძნელეებთან შეხვედრისას ვერ შეძლებს საკუთარი თავის გადამეტფასებას. მას ეჩვენება, რომ სამყარო უსამართლოა მის მიმართ, რომ მის მიერ შეთხზული ტალანტი შეგნებულად იგნორირდება, რომ საზიზღარი და უვარგისი ადამიანები მასზე მაღლა დგანან. ასეთი ბავშვის ცხოვრება, ხშირ შემთხვევაში, გარემოსადმი მის ხანგრძლივ კონფლიქტს წარმოადგენს, ერთგვარ ფარულ პერმამენტულ ომს თავის თანამშრომლებთან და საკუთარ ოჯახთანაც კი ბავშვობაში მშობლებმა უნებლიეთ შთაუნერგეს აზრი, რომ იგი ყურადღებისა და ზრუნვის ცენტრი უნდა იყოს. მაგრამ ცხოვრება საკუთარ გაკვეთილს გვთავაზობს. ასეთ ბავშვს იგი სისტემატიურად თავის ადგილს მიუჩენს. ეს ადამიანი კი წყენასა და ტკივილს იხვევს გულში. ბავშვმა, რომელმაც მხოლოდ აღება ისწავლა, გაცემა კი - არა, რომელიც მხოლოდ სხვისი სითბოს მოხვეჭას ცდილობს, ხშირ შემთხვევაში, ეგოისტი ხდება, მშობლები კი - მისი დაუნდობლობით პირველი მსხვერპლი. მათ საკუთარი ნებით გადახაზეს თავიანთი პიროვნულობა ბავშვის წინაშე და მისი ნებისა და სურვილების აღსრულების ინსტრუმენტად საკუთარი თავის აღქმა ასწავლეს. აღმოსავლეთ ერებს აქვთ ასეთი სამწუხარო იგავ-არაკი: „დედ-მამას საბოლოოდ უპატრონებს უსიყვარულო შვილი". „გაღმერთებული", მარტივად რომ ვთქვათ, ფერებით გათამამებული ბავშვი, თუ მშობლები მდიდრები ყჰავს, ეცდება მათი სისხლიც ოქროდ გადააქციოს თუ ღარიბნი არიან, დაივიწყებს მათი არსებობის შესახებ, დამარხავს მათ თავის გონებაში გაცილებით ადრე, ვიდრე მათი ძვლები მიწაში აღმოჩნდება. ცხოვრებაში ბედნიერებასა და სიუხვეს სიყვარული გვანიჭებს. მშობლებმა გაზარდეს რა თავისი შვილი ეგოისტად, გაქურდეს იგი, წაართვეს ყველაზე მთავარი - სიყვარულის ნიჭი, მისი ცხოვრება ცარიელი, უფხო და ღრმად უბედური გახადეს, ასეთი მშობლები თვლიან, რომ ყველაფერი გააკეთეს თავიანთი შვილის აღსაზრდელად, სინამდვილეში, დაუძინებელი მტრის მსგავსად მოექცნენ. ხშირად განაზებული, ახირებული და ვნებიანი სული თავის ახლობლებისათვის პარაზიტად იქცევა და ბიწიერებაში ცხოვრების ახალ საშუალებებს ეძებს.
მეორე შეცდომა: მშობლები ართმევენ ბავშვს სიყვარულსა და არსს. ისინი მთელი მათი ცხოვრების მკაცრ კონტროლიორებად გვევლინებიან. მათი წესია - აკრძალვა. ბავშვის ყოველგვარ თვითგამოვლენას ისინი პოტენციურ საფრთხედ აღიქვამენ და თვლიან, რომ მოვალენი არიან უხელმძღვანელონ მის ყოველგვარ მოქმედებას, საქციელს და ყველა საკითხში თავიანთი შეფსება მისცენ. ბავშვი თავს ისე გრძნობს, როგორც პოლიციის განყოფილებაში, სადაც ხელის გაქანებას ვერ ბედავს, რომ საპასუხოდ ყვირილი ან შოლტი არ მიიღო. მშობლები ბავშვს უცდომელი წინასწარმეტყველის ტონით ელაპარაკებიან და არწმუნებენ, რომ ეს გამუდმებული ფსიქიური ზემოქმედება არის უდიდესი სიკეთე მისთვის და ამის გამო იგი მადლიერი იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ასეთმა აღზრდამ შესაძლოა ორი ტიპის ადამიანი ჩამოაყალიბოს. პირველ შემთხვევაში ეს შეზღუდული ინიციატივის ადამიანია, მას უჭირს რაიმე გადაწყვეტილების მიღება, იგი ელოდება ბრძანებას, მას გამუდმებული შიში აქვს ვინმემ არ უყვიროს ან უხეში ხელი არ შეეხოს მის სულს. ეს ადამიანი ადვილად, დიდი სიხარულით ემორჩილება სხვას და მეტიც: ეძებს იმ პიროვნებას, ვინც მის ნაცვლად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში საპყრობილეში იმყოფებოდა, შემდგომში შესაძლოა თავისუფლბისადმი შიშის გრძნობა გაუჩნდეს. მას აშინებს ციხის კარის მიღმა სივრცე, რომლის შესახებაც მას დაავიწყდა საპყრობილეში ყოფნისას. იყო შემთხვევები, როდესაც ასეთ პატიმრებს არ შეეძლოთ თავისუფლად ცხოვრება და კვლავ ციხეში მოხვედრას ცდილობდნენ. მშობლები, როგორც წესი, თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენით ზემოქმედებენ და ტეხენ ბავშვის ჯერ კიდევ განუმტკიცებელ ნებას და ცხოვრებაში გამუდმებით მერყევ და უნებისყოფო არსებად აყლიბებენ. თუ პირველ შემთხვევაში მშობლები, რომლებიც ბავშვს ფერებით აფუჭებენ, იკმაყოფილებენ ავხორცულ ვნებას, მეორე შემთხვევაში მოძალადე მშობლები ბავშვის ხარჯზე იკმაყოფილებენ თავიანთ ძალაუფლებრივ ვნებას, თუმცა უნებისყოფო ადამიანთა გარდა, ასეთი აღზრდის შედეგად შესაძლოა გაიზარდონ ისეთი ტირანები, რომლებიც შეეცდებიან კომპენსირება გაუკეთონ თავიანთ მონურ ბავშვობას და ასეთივე ფსიქიური ტირანიით დაესხან თავს სხვებს. თავიანთ მშობლებზე ქვეცნობიერად დაგროვილ წყენას კი გადმოანთხევენ თავიანთ ოჯახზე თუ თანამშრომლებზე.
ბავშვის აღზრდის ხელოვნება ერთ-ერთი ყველაზე აღმატებული ხელოვნებაა, რისთვისაც უპირველესად უნდა აღვზარდოთ საკუთარი თავი და ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი ცხოვრების მაგლითით. ეს ხლოვნება კი მრავალმა მშობელმა გადააქცია ან რაღაც სიყვარულის თამაშად, ან მტერთან - თავის ბავშვთან გამუდმებულ ომად.
იაპონელებს აქვთ ასეთი გამოთქმა: „თანაბარი სისატიკეა - ბვშვის სახლიდან გაგდება და მისი გათამამება". ერთიცა და მეორეც ამსოფლად თავს მიტოვებულად და უპატრონოდ იგრძნობს. არიან მშობლები, რომლებიც სისტემატიურად აყვედრიან თავიანთ შვილებს: „მე მთელი ცხოვრება შენ მოგიძღვენი, მე შენი გულისათვის ბედნიერება დავთმე". ბავშვს აქცევენ მოვალედ, რომელიც ვერასოდეს გადაიხდის ვალს. ბავშვმა, შესაძლოა, უპასუხოს: „ვინ გთხოვათ ჩემთვის ბედნიერების შეწირვა? მე სულაც არ მინდა მშობლებისათვის ბედნიერების წამრთმევი დამნაშავის როლში ყოფნა". ვისაც სიყვარული გააჩნია, სიხარულით სწირავს თავს მომავლისათვის, როდესაც მშობლები აყვედრიან ბავშვს დედის რძეს, რომლითაც კვებავდნენ, საცვალს, რომელსაც მისთვის ყიდულობდნენ, თითქოს მისი აღზრდის ანგარიშს წარუდგენენ. ბავშვს სურვილი ებადება, შეაგროვოს ყოველივე, მიუტანოს უკან მშობლებს და უთხრან: „აიღეთ თქვენი და გამათავისუფლეთ თქვენი ზრუნვისა და სიკეთის მონობისაგან".
ახლა განვიხილოთ ამ პრობლემის სულიერი ასპექტი. წმ. გრიგორი ღვთისმეტყველი ამბობს: „ხორცი მშობელთაგან, სული კი ღვთისაგანაა". ამიტომაც მშობლებს უყვართ თავისი. ისინი თავიანთ მოვალეობად მიიჩნევენ მიანიჭონ ბავშვს ის, რასაც სოფელი აფასებს, ხოლო ბავშვის სული, მისი გული, ზნეობა - ეს გადადებული საკითხებია. ეს მშობლები თავინთი ბავშვისათვის „ადგილს" ყიდულობენ ამ ცხოვრებაში, მაგრამ ის, რაც ადვილად მიიღწევა, დიდად არ ფასობს და ადვილადვე იკარგება. ამ კატეგორიის ადამიანთა ზნეობა, როგორც წესი, ვაჭრობის დონეზე ჩერდება და თუ ჯოჯოხეთი არსებობს, იქაც, ალბათ, იყიდება წყალი. ბავშვის ჟინის შემსრულებელი მშობლები არსობრივად მისი სიყვარულის ყიდვას ცდილობენ. მას უყალიბდება განწყობა, სიყვარულით შეიძლება ივაჭრო. როდესაც მშობლები არ შეუსრულებენ მოთხოვნას, ბავშვი აგრძნობინებს მათ, რომ სიყვარული „ნელდება", იწყებს ტირილს ან უარს იტყვის საჭმელზე და საწადელსაც მიაღწევს. ამგვარად შვილის გამყიდველი მშობლები ქუჩური ჩხუბის ილეთებს ასწავლიან ბავშვს. საერთოდ კი, მშობელთა შფოთი მალევე ითრგუნება და ბავშვის სიყვარულს ყიდულობენ ტკბილეულობებით ან სათამაშოებით. ასეთ ბავშვებთან იზრდებიან პირფერები და თაღლითები, რომლებიც ეფექტის მოსახდენად და მიზნის მისაღწევად გაითამაშებენ გრძნობათა მთელ გამმას.
აღმზრდელობითი შეცდომები ძვირად უჯდება მშობლებს, ამიტომ მათ უნდა ახსოვდეთ რამდენიმე ოქროს წესი: ბავშვის ინიციატივა უნდა განავითარონ. იგი უნდა დაისაჯოს არა შემთხვევითი შეცდომის, არამედ შეგნებულად ჩადენილი ბოროტების გამო. ყველა შემთხვევაში პატივს უნდა მივაგებდეთ ბავშვს, როგორც პიროვნებას, ნუ შექმნით მისგან კერპს, ნურც მონას. ბავშვი მშობლის უფრო მადლიერი იქნება, თუ ისინი ზნეობას ასწავლიან, უპირველესად, თავიანთი მაგალითით, ვიდრე უყიდიან მას კუთვნილ „ადგილს" ცხოვრებაში.
თავად იყავით ისეთები, როგორც გსურთ იხილოთ თქვენი შვილები.
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია