ჭეშმარიტად მოღვაწე მონაზვნებსა და ცხონების მსურველ ერისკაცებს ეშმაკი განსხვავებულად ექცევა. აღარ ღირს მათ ჩავაგონოთ, რომ ხორციელ ტკბობას არ ესწრაფონ, რადგან ეს თვითონაც კარგად იციან და ახსოვთ, ამიტომაც შეუდგნენ ასეთ ღვაწლს. როგორღა აფორიაქოს და მოხიბლოს ეშმაკმა ისინი? ურცხვი აზრები ჩააგონოს? ეს მოუხერხებელია. მოღვაწე, გულითადი, მოკრძალებული ადამიანი ამაზე ნებით არ წამოვა. და აი, მტერი მეტად ფაქიზ იარაღს იყნებს. იგი მხოლოდ შეაზავებს სიძვის ვნებას „იდეალთან", ამჯერად რელიგიურთან, მაგრამ მას ძლიერ არ აღაგზნებს და ვღებულობთ იმას, რაზედაც იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ ადამიანი კი არ ლოცულობს, არამედ ცოდვას სჩადის, თითქოს მოძღვარში გადამრჩენსა და ერთადერთ სულიერ საყრდენს ხედავს, რეალურად კი მისი მოპოვნებითაა გატაცებული. ღვაწლის უმაღლეს საფეხურზე დემონები ადამიანებში ზმანებებს აღაგზნებენ, რომელსაც „სულიწმინდის გამობრწყინებასა" და „ღვთაებრივ სიყვარულს" ამსგავსებენ, რომლითაც ჭეშმარიტად სულიერი მამები და ღირსი დედები ბრწყინავდნენ. ამგვარად ჩნდება სიყვარული, რომელსაც მე „მისტიკურს" ვუწოდებ.
რაში გამოიხატება იგი?
პირველ რიგში სულიერი მამების მიმართ სულიერი შვილების გრძნობები განვიხილოთ.
სულიერი წინამძღვრობა - უდიდესი საქმეა, მის გარეშე შეუძლებელია კაცმა წარმატებას მიაღწიოს. დემონები ყოველგვარ საშუალებას იყენებენ, რათა გაანადგურონ ან შეასუსტონ იგი, და როდესაც სულიერი შვილები (უმეტესად ქალები, თუმცა, მამაკაცებიც თავისებურად იტანჯებიან ამ ავადმყოფობით), ცდუნებას ემორჩილებიან, ასეთ სურათს ვღებულობთ:
პირველ რიგში მათ სიხარული იპყრობთ ცნობილ მოძღვართან ურთიერთობის გამო და აღტაცებულნი არიან მათი კურთხეული ნიჭით, გამჭრიახობითა თუ სასწაულმოქმედებით. ეს ჯერ კიდევ არაა ცოდვა, რომელზედაც მსურს ვისაუბრო, მაგრამ გზები ამისათვის უკვე მზადდება. მალე ეშმაკი მათ ყურადღებას სულიერი მამის პიროვნულ თვისებებზე გადაიტანს და ეს ყველაფერი მადლი ძიების საბაბით ხდება, მტრისთვის კი მდგომარეობა ხელსაყრელია, მადლი ხომ მოცემულ შემთხვევაში პიროვნებისაგან განუყოფელია, რადგან გარშემომყოფთ სწორედ ამ უკანასკნელის მეშვეობით მოეფინება.
თუ პატივცემული მოძღვარი, მიუხედავად თავისი მაღალი ხარისხისა სულიერ პიროვნებას არ წარმოადგენს, ცოდვა მრავლდება, რადგან მის განვითარებას წინ არაფერი ეღობება. მალე მისი ყველაფერი მოგვწონს, ხმა, სიარული, მანერები, მიმართვა. შექმნილი ხატება ფარავს სულიერი მამის ნამდვილ სახეს. მათ, ვისაც ჩვენი რჩეულის „სიწმინდის" არ სჯერა, შევიჯავრებთ, ვისაც მოძღვარი დაიახლოვებს, მასზე ვეჭვიანობთ და გვშურს. თუკი საშუალება გვაქვს „მივჭყლიტოთ" ეს ადამიანი, ყველანაირად ვეცდებით ამას, ახალმოსულებს არ ვაკარებთ გაღმერთებულ მოძღვარს... ასეთები, თუკი ეკლესიაში მოსვლისას თაყვანსაცემ არსებას ვერ იპოვიან, ისე მიდიან, რომ პირჯვრის გადაწერაც ავიწყდებათ, მაგრამ ნუთუ ტაძარში მადლი დაიკარგა, განა ქრისტემ დატოვა იგი? როგორ არ გავიხსენო პავლე მოციქულის სიტყვები: „ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია" (ფილ. 2. 21).
ძველი ეგვიპტელი მოღვაწე, აბბა ისიდორე ამბობს: „მოწაფეებს თავიანთი მოძღვარი მამასავით უნდა უყვარდეთ, და მისი უფროსივით ეშინოდეთ, რაც სიყვარულმა უნდა განდევნოს შიში, არც შიშმა ჩააქროს სიყვარული". ცხადია, აქ ღვთის შიში იგულისხმება და არა ადამიანის, რომელიც იქედან მომდინარეობს, რომ მოძღვარი მას გააძევებს და მის გვერდით ადგილს სხვა დაიკავებს.
საჭიროა ყველაფერში ღვთის შიშით მოვიზღუდოთ, ყოველი აზრი გავაკონტროლოთ. მტერი არცერთ შემთხვევაში არ უშვებს, რომ არ სცადოს, ხომ არ შეიძლება გვაცდუნოს რაიმეთი, რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა ჩანდეს იგი.
რაც შეეხება სხვა რელიგიის აღმსარებლებს, რომლებიც მკვეთრად გადაიხარნენ ჭეშმარიტი რწმენისაგან, ან თუნდაც მართლმადიდებლებს, რომლებმაც არა სიბრძნით, არამედ სისულელით მოინდომეს „ზეცაში ფრენა" - ამ ამაყსა და ტკბობისმოყვარე ადამიანებს დემონები სასტიკად დასცინიან. განსაკუთრებით ბევრი სული ამ ნიადაგზე კათოლიკურ მონასტრებში მარცხდება. უსარგებლო არ იქნება რამდენიმე მაგალითის მოყვანა, რათა ვაჩვენოთ, რა მოხერხებულად იღებს ეშმაკი ნათლის ანგელოზის და თვით უფალი იესოს სახეს და უწმინდეს ღვთაებრივ სიყვარულს ადამიანური გრძნობიერებით ცვლის:
1. კათოლიკე წმინდან მარგარიტა-მარია ალაკოკვიელზე მისი ბიოგრაფი ამბობს, რომ იგი ფიზიკურად „უძლურდებოდა სიყვარულით" იმის ფიქრისას, რომ უყვარს არა ჩვეულებრივ ადამიანს, არამედ ქრისტე-ღმერთს, ანუ აქ სახეზეა ყოველგვარ ზღვარს გადასული სიამაყე, ამპარტავნება და სისხლის ვნებათაღელვა.
2. მეორე წმინდანის, ბენედიქტეს ორდენის მონაზონის (XIII ს.) გერტრუდას შესახებ ყვებიან:
იგი თავის ტკივილით იტანჯებოდა, და იმისთვის, რომ ღვთის სადიდებლად ტანჯვა შეემსუბუქებინა პირში იჩერებდა გარკვეულ სურნელოვან ნივთიერებას (ნარკოტიკები! - ეპ. ბარნაბა) მას მოეჩვენა, რომ უფალი მოწყალედ დაიხარა მისკენ, თვითონაც იპოვა ნუგეში ამ სურნელში, არომატის შესუნთქვისას მიუბრუნდა წმინდანებს კმაყოფილი სახით და უთხრა მათ: „იხილეთ ახალი ძღვენი, რომელიც ჩემმა სასძლომ მომართვა!"
იმავე გერტრუდას ლოცვისას მოესმა გალობა „წმიდაო წმიდაო, წმიდაო," „ძე ღვთისა" დაიხარა მისკენ მსგავსად ნაზი საყვარლისა, აღბეჭდა მის სულში უტკბილესი კოცნა და უთხრა მას მეორე „წმიდაო"-ს დროს: ცემს განსადიდებელ ამ „წმიდაოთი", ჩემი ამბორით მიიღე ჩემივე ღვთაებრიობის მთელი სიწმინდე".
აი, შერყეული (ზოგჯერ ხელოვნურადაც კი, როგორც ზემოთ დავინახეთ) ნერვული და სქესობრივი სისტემის ნაყოფი! თავის ტკივილი, გონების დაკარგვა, ჰალუცინაციები... აი, არასწორი სულიერი ცხოვრების რეზულტატი, რომელიც მით უფრო დამღუპველი და სავალალოა, რადგან მას ხალხის უმრავლესობა ჭეშმარიტებად თვლის.
ვადიდოთ უფალი, რომელმაც იმ ეკლესიის წევრობა გვიწყალობა, რომელშიც მსგავსი მოვლენები არ ხდება და მათ, როგორც ხიბლისმიერსა და სამარცხვინოს ამათრახებენ, და მე ყოველმხრივ დარწმუნებული ვარ - მიაღწიო სრულყოფილებას მის გარეშე წარმოუდგენელი საქმეა!
ეპ. ბარნაბა (ბელიაევი)
Xareba.net - ის რედაქცია