იღუმენი ალექსანდრე ესაუბრებოდა თავის მოწაფეს, ბიკენტის: :შვილო ჩემო! ჩვენი მამები ეძებდნენ უდაბნოსა და მწუხარებას, ხოლო ჩვენ ვეძებთ ქალაქებსა და სიმშვიდეს".
* * *
ამბა ათანასე ამბობდა: „ჩვენი მამები თავშეკავებითა და დუხჭირით ცხოვრობდნენ, ხოლო ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი სტომაქი და სათავსოები".
კიდევ ამბობდა: „მამები უფრო დიდ ყურადღებას ლოცვასა და მდუმარებას აქცევდნენ, ხოლო ჩვენ უფრო მეტად საკვების მომზადებაზე და ხელსაქმეზე ვზრუნავთ".
* * *
ერთმა ჰკითხა დიდ მამებს: „როგორ ცხონდებიან ბოლო დროის ქრისტიანები, ვინაიდან მაშინ აღარ იქნება მოწამეობრივი ღვაწლი?" მან მიიღო პასუხი: ისინი ცხონდებიან სულიერი განსაცდელების დათმენით! ისინი, რომლებიც იტვირთავენ სულიერ განსაცდელებს მოთმინებითა და სიმამაცით, იმათზე მეტად განდიდდებიან, რომლებსაც მიწაზე ეძინათ, იკვებებოდნენ კვირაში ერთხელ, ლოცვითი ღვაწლით იდგნენ სვეტზე მთელი ცხოვრება".
* * *
სკიტელი წმინდა მამები წინასწარმეტყველებდნენ ბოლო ჟამის ქრისტიანების შესახებ. ისინი ამბობდნენ: „რა ღვაწლი ვიტვირთეთ ჩვენ?" ამ კითხვაზე პასუხი გასცა უდიდესმა მამამ, სახელად სირიონმა: „ჩვენ აღვასრულეთ ღვთის მცნებები". მას კვლავ ჰკითხეს: „რა ღვაწლს იტვირთავენ ისინი, რომლებიც ჩვენს შემდეგ იქნებიან?" ამბა პასუხობდა: „ისინი ჩვენი ღვაწლის ნახევარს აღასრულებენ". მას კვლავ ჰკითხეს: „ისინი, რომლებიც მათ შემდეგ იცხოვრებენ, რა ღვაწლს იტვირთავენ?" _ „ისინი საერთოდ ვერაფერს შეასრულებენ. მათზე განსაცდელები მოვა, ხოლო რომლებიც მადლობით დაითმენენ მათ, ჩვენზე და ჩვენს მამებზე დიდები იქნებიან".
წმ. ეპისკოპოს ეგნატეს წერილებიდან
იმ სანახაობოდან, რასაც ძველი დრო გვთავაზობს, დღევანდელობისაკენ გადმოვინაცვლოთ. რა გვეთქმის საკუთარ თავზე? როგორ ვიცხოვროთ და რა ვიღონოთ? პასუხს ძველ მამებთან ვპოულობთ: მათ წინასწარ გვამცნეს ჩვენი დღევანდელი ყოფა და ისიც, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ. ბოლო ჟამსო, თქვა ერთ-ერთმა მათგანმა, ისინი, ვინც ჭეშმარიტად ღმერთს ემსახურებიან, კეთილგონიერებით მიეფარებიან ადამიანთა თვალს და არ აღასრულებენ მათ შორის ნიშნებსა და სასწაულებს, როგორც ეს დღეს ხდება. ისინი სიმდაბლით განზავებული გზით ივლიან და ცათა სასუფეველში უფრო დიდნი იქნებიან, ვიდრე სასწაულებით სახელგანთქმული მამები (ღირსი ნიფონტი მე-4 პასუხი).
* * *
გეშინოდეს თვალთმაქცობისა ჯერ საკუთარ თავში, მერე კი სხვებში. გეშინოდეს სწორედ იმიტომ, რომ იგი დროის სულისკვეთებაშია გამჯდარი და ნებისმიერს შეიძლება შეეყაროს, თუ კი კაცი ოდნავ მაინც გადაიხრება უზრუველი ცხოვრებისაკენ... ებრძოლე თვალთმაქცობას საკუთარ თავში, ეცადე განაგდო შენგან, ერიდე ამ სენით შეპყრობილ ადამიანებს, - მათ, ვინც შეგნებულადაც შეუგნებლადაც მისკენ მიილტვის, ვინც წარმავალ სიკეთეთა ძებნით ამა სოფლის მსახურებას ღვთისმსახურებით ნიღბავს, ვინც სიწმინდის საფარველქვეშ ბიწიერ ცხოვრებასა და ვნებებისადმი დამონებულ სულს მალავს.
* * *
ეჰა, ზნეობრივო სიდუხჭირევ, შეუმჩნეველო გრძნობებს დამონებულ კაცთათვის, მაგრამ სინამდვილეში ყველა ხილულ, მძიმე კატასტროფაზე ბევრად უფრო მძიმევ! ეჰა, ბოროტებავ, დროში რომ იწყები, მაგრამ დროში კი აღარ სრულდები, არამედ მარადისობაში გადადიხარ! ეჰა, უმძიმესო ბოროტებავ ბოროტებათა შორის, მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანებს რომ უცნიხარ და უცნობი ხარ მათთვის, ვინც უკვე შეიპყარი და ღუპავ!"
* * *
ღვთის მცნებებით ცხოვრება ძალიან გაძნელდება განდგომილების ფართო გავრცელებისა და მისი საყოველთაო ხასიათის გამო. მომრავლებული განდგომილები საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებენ და გარეგნულად აჩვენებენ კიდეც თავს ასეთებად, რის გამოც უფრო მეტი წარმატებით დაუწყებენ დევნას ჭეშმარიტ ქრისტიანებს. ისინი ათასგვარი ხრიკებით შეუტევენ და უამრავ დაბრკოლებას შეუქმნიან მათ კეთილ განზრახვას - სათნო ეყონ და ემსახურონ ღმერთს. ისინი ძალაუფლებასაც გამოიყენებენ, ცილისწამებასაც, მზაკვრობასაც, მოტყუებას და სასტიკ დევნასაც... ბოლო ჟამს ჭეშმარიტი ბერი (ცხადია, ეს ეხება არა მარტო ბერებს, არამედ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, -გამომც.) ძლივსძლივობით იპოვის სადმე უცხოსა და მივარდნილ თავშესაფარს, რათა იქ შედარებით თავისუფლად ემსახუროს ღმერთს და განეშოროს სატანას მსახურებას, რასაც განდგომილების მოციქულნი მოახვევენ თავს.
* * *
რაც უფრო წინ მივდივართ, მით უფრო მძიმე დრო გვიდგება. სული ქრისტიანობისა განეშორება ადამიანთა საზოგადოებას და მას (სოფელს) მისივე დაცემის ამარა ტოვებს. ამას ვერ ხედავს ამაო ზრუნვით შეპყრობილი, სოფლის მსახურებას დამონებული ბრბო. სამაგიეროდ, აშკარაა მათთვის, ვინც მღვიძარი ცხოვრებით ცხოვრობს.
* * *
სრულდება საღმრთო წერილი წინასწარმეტყველება, რომ წარმართობიდან ქრისტიანობაზე მოქცეული ხალხები განუდგებიან ქრისტეს სჯულს. განდგომილება სრულიად ცხადადაა ნაწინასწარმეტყველევი და ის რაც ჩვენს თვალწინ ხდება მოწმობს, თუ რაოდენ სარწმუნო და ჭეშმარიტია ყოველივე, რასაც საღმრთო წერილი ამბობს.
* * *
განეშორე განდგომილებას, საკუთარი თავი დაიცავი მისგან, შენის მხრივ ესეც კმარა. გაიცანი და შეისწავლე დროის სულისკვეთება, რათა მისი გავლენისაგან თავის არიდება შეძლო.
* * *
განდგომილება გარკვეული დროიდან სწრაფად, აშკარად და თავისებურად ვრცელდება და მისი შედეგები ყველაზე სავალალოა. იყავნ ნება ღვთისა!
* * *
მოწყალე ღმერთმა დაიფაროს მისდამი მორწმუნეთა ნარჩენი. მაგრამ ეს ნარჩენი მცირეა და სულ უფრო მცირდება.
მართლმადიდებელი სარწმუნოების მზე ესვენება, მხოლოდ ღმერთის განსაკუთრებულ მოწყალებას შეუძლია შეაჩეროს საყოველთაო, დამღუპველი ეპიდემია, ისიც დროებით შეაჩეროს, რამეთუ ის, რაც საღმრთო წერილში ითქვა, ერთხელაც უნდა აღსრულდეს.
* * *
ეკლესიის მდგომარეობა მშვიდად უნდა მივიღოთ, მაგრამ ამასთან, უნდა გვესმოდეს დროის სული, ესეც ღმერთმა დაუშვა.
ბერი ესაია ამბობდა: „დრო შეიცანი! ნუ ელი ეკლესიის საერთო მდგომარეობის გამოსწორებას და იმითაც დაკმაყოფილდი, რომ ცხონების საშუალება ეძლევათ მის მსურველთ.
* * *
ანტიქრისტეს მოსვლის წინ კაცობრიობის დიდი ნაწილი განუდგება ქრისტიანობას. ამ განდგომით სოფელი ანტიქრისტეს მისაღებად მოემზადება და შეიწყნარებს მას თავისი სულისკვეთების თანახმად. ადამიანთა ეს სულისკვეთება თავისთავად ითხოვს ანტიქრისტეს, ეპატიჟება და თანაუგრძნობს მას, ისევე, როგორც სასიკვდილო სასმელს ითხოვს კაცი მძიმე ავადმყოფობის ჟამს. უკვე გაისმის მოპატიჟების ხმა! კაცობრიობა მოითხოვს უდიდეს გენიოსს, რომელიც მატერიალურ კეტილდღეობას უმაღლეს საფეხურზე აყენებს და დედამიწაზე ისეთ ნეტარებას დაამკვიდრებს, რომ სამოთხე და სასუფეველი სრულიად ზედმეტი აღმოჩნდება. ანტიქრისტე იქნება კაცთა საერთო სულიერი და მორალური მიმართულების ლოგიკური, სამართლიანი, ბუნებრივი დაგვირგვინება.
* * *
სამართლიანად ამბობ, რომ ღვთის დიდი წყალობაა მათზე, ვინც ღვთის განგებით საზოგადოების საერთო მოსწრაფებებს კუნძულზე მყოფივით განეშორება, საიდანაც მხოლოდ ზღვის ღელვა ჩანს და ისმის, ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კუნძულზე მცხოვრები ნაპირს მიუახლოვდება, ანუ ის ყურადღებას არა კუნძულის სიღრმისაკენ - საკუთარი თავისაკენ, არამედ ცხოვრებისეული ქარიშხალისაკენ მიმართავს. ამის შესახებ წმინდა წერილშიც წერია (ფს. 30.20.22). წმინდა მამებმა წინასწარ გვაუწყეს, რომ ბოლო ჟამს ცხონების მსურველნი განერიდებიან საზოგადოებას და თავმდაბლური გზით ივლიან. ამავე დროს, განდგომილთა განკითხვასაც მოერიდებიან, ყოველივეს ღვთის ნებას და სამსჯავროს მიანდობენ.
ქრისტიანობის აღდგენა არავისაგან არ არის მოსალოდნელი! სულიწმინდის ჭურჭელი საბოლოოდ დაშრა ყოველგან, მონასტრებშიც კი. ღვთის მრავალმოწყალება და სულგრძელობა გვაძლევს დროს ცხონების მსურველებს და ბოლომდე გადადებს საბოლოო განკითხვის დღეს მცირე სამწყსოსათვის. ამავე დროს, გახრწნადი და თითქმის გახრწნილი სრულ გახრწნას აღწევს. ცხონების მსურველებმა უნდა გაიზიარონ ეს და გამოიყენონ ცხონებისათვის მოცემული დრო, რამეთუ ყველა ჩვენგანისთვის ახლოა მარადისობაში გადასვლის ჟამი.
* * *
ბერი აბელი ფრანგების მიერ მოსკოვის აღებას წინასწარმეტყველებდა.
ასევე ამბობდა, რომ დადგება დრო, როდესაც მონაზვნებს რამდენიმე მონასტერში მოათავსებენ,
ხოლო დანარჩენ მონასტრებს გაანადგურებენო. მნიშვნელოვანია ქრისტიანობა და არა მონაზვნობა.
მონაზვნობა იმდენად არის შაჭირო, რამდენადაც სრულყოფილ ქრისტიანობამდე მიგვიყვანს.
თვით ეკლესიური უბედურებები ღვთის ნების გარეშე არ აღსრულდება.
„ასკეტური გამოცდილება" და „ასკეტური ქადაგება"
მეტად სასარგებლო საკითხავი უნდა იყოს თანამედროვე ქრისტიანებისათვის. უნდა შევინანოთ,
ვილოცოთ და დავიცვათ თვი ხიბლისმიერი მდგომარეობისაგან, რადგან დღეს კეთილსინდისიერად
ცხოვრების მსურველნი და ისინიც, რომლთაც ჰგონიათ, რომ ცხოვრობენ ამგვარად, განხურვებისა
და ხიბლის მსგომარეობაში იმყოფებიან.
ნუ დაითრგუნები ამ სამწუხარო მდგომარეობის გამო,
არამედ თავმდაბლობით გადმოღვარე შენი მწუხარება ღვთის წინაშე. თხოვე ღმერთს, რომ დაიფაროს
თქვენი შვილი თავისი წყალობით და ღვთის ნებას მიანდე იგი, თავად კი სულის ცხონებაზე
იზრუნე. ეს აუცილებელია, მითუმეტეს, რომ უკვე მცირე დრო გრჩება ამქვეყნიური მოგზაურობიდან
მარადიულობაში გადასვლისათვის. სულიერი თვალსაზრისით ურთულეს დროში ვცხოვრობთ! ასი
წლის წინათ წმინდა ტიხონი ამბობდა: „დღეს უკვე თითქმის აღარ არსებობს ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა,
არამედ მხოლოდ პირფერობა".
ეს სენი სულ უფრო იზრდება და დღეს უკვე წარმოუდგენელ
თავხედობას და უსირცხვილობას აღწევს. სულიერი გამოცდილება რთული მოსაპოვებელია. უმჯობესია
გამოხვიდე მონასტრიდან და ერში იცხოვრო შესაფერისად, ვიდრე იცხოვრო მონასტერში მისდამი
მტრული განწყობით, იცხოვრო იმ ცხოვრებით, რომელიც არანაირად არ შეესაბამება მონასტრულ
წესებს, რისი უეჭველი შედეგი საშინელი გარყვნილებაა.
* * *
როგორც ჩანს, მართლმადიდებლობისაგან განდგომილება ერში
საყოველთაოა.
ზოგი უღმერთოა, ზოგი - დეისტი, ზოგი - პროტესტანტი,
ზოგი - ინდიფერენტისტი, ზოგი კი „რასკოლნიკი". ეს სენი არ იკურნება. ცხონების მსურველო,
დაე, აცხოვნე შენი სული! შესამჩნევია, რომ დღეს ყველას, ვისაც ცხონება სურს მწუხარება
და განსაცდელი ეგზავნება.
ღვთის ნება და წყალობა იყოს ჩვენ ყოველთა თანა!
ღვთის ნებას და მრავალმოწყალებას შეუძლია მიმადლოს ცხონების საშუალება იმ ქრისტიანებს,
ვისაც ჭეშმარიტად სურთ ცხონება და კეთილსინდისიერებით შენიღბული არ მიისწრაფვიან ამქვეყნიური
წარმატებისაკენ.
ძალიან მებრალება, დაე, ღმერთმა განკურნოს! ის
არა ერთხელ ყოფილა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ ღმერთს მოუბრუნებია ამქვეყნიური
ცხოვრებისაკენ. დაე, ახლაც ასრულდეს მასზე ნება ღვთისა. დროის სულისკვეთებიდან და ასე
გავრცელებული თავისუფალი აზროვნებიდან გამომდინარე უნდა ველოდოთ, რომ ეკლესიის შენობა,
რომელიც უკვე დიდი ხანია ირყევა, მალე უფრო საშინლად შეირყევა. არავის ძალუძს ამ პროცესის
შეჩერება, რადგან მისი საწინააღმდეგო ზომები ამა სოფლის სტიქიისაგან არის აღებული და
მიუღებელია ეკლესიისათვის, ისინი უფრო დააჩქარებენ დაცემას, ვიდრე შეაჩერებენ მას.
კვლავ გეტყვით: იყოს ნება ღვთისა! იგივე შეიძლება ითქვას რელიგიური ჟურნალებისა რჯულის
კანონის სწავლების თაობაზეც.