ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულ ათასგვარ მცდარ სწავლებასა და შეხედულებასთან ერთად არ შეგვიძლია ყურადღება არ მივაქციოთ ისეთ ნეგატიურ მოვლენას, როგორიცაა ქალის საზოგადოებრივ საქმიანობაში დატვირთვასა და ოჯახური მოვალეობების უგულებელყოფა.
დღეს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხშირად მოისმენთ, რომ ახლებურად უნდა იქნას გააზრებული კაცისა და ქალის ტრადიციულობა ვალდებულებები, შეიცვალოს პატრიარქალური სტერეოტიპები, რომლებიც რელიგიის ზეგავლენით ფორმირდება. ქალი, მათი აზრით, არ უნდა იყოს პასიური, მას უნდა ჰქონდეს ისეთივე უფლებები, როგორც მამაკაცს. უნდა აღმოიფხვრას მითი: თუ ქალი დაკავებულია პოლიტიკით, ბიზნესით, მეცნიერებით, ის კარგავს ქალურობას და „რკინის ლედი" ხდება.
მიბაძვის მაგალითად ხშირად ასახელებენ მარგარეტ ტეტჩერს, მადლენ ოლბრაითსა და სხვა ცნობილ ქალბატონებს. ქალები „მაღალი ინტელექტითა და ძლიერი ხასიათით", რომელნიც აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწევიან და ამავე დროს „აბსოლუტურად ნორმალური ოჯახები აქვთ".
უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება: გაეროს ექსპერტიზის დასკვნით, ქალები მთელი მსოფლიო სამუშაოების 2/3 ასრულებენ, მაგრამ მსოფლიო სიმდიდრის მხოლოდ 1%-ს ფლობენ. მათ არ გააჩნიათ საკუთარი თავის სახელმწიფო ან საზოგადობრივ ლიდერებად რეალიზების შესაძლებლობა.
ერთი სიტყვით, მიმდინარეობს დისკრიმინაცია.
აღმაშფოთებელი ის არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ზემოთ აღნიშნული იდეები, ერთხელ უკვე გაიარა, როდესაც თანასწორობისა და ძმობის ლოზუნგებით შენიღბული საზოგადოება ღვთის მიერ ბოძებულ კანონებს თელავდა.
გახსოვთ, 1817 წ. შემუშავებული ქალის სოციალიზაციის, ოჯახური მოვალეობებისაგან გათავისუფლების პროექტები. მარქსისა და მისი მიმდევრების ემანსიპაციური იდეებით გაჟღენთილი ქალბატონები ცდილობდნენ ოჯახური პრობლემებისაგან თავის დაღწევას და ქალის კურსებსა და ახალ განმანათლებლურ კურსებს აარსებდნენ. ამის შემდეგ სულ მალე გაჩნდა ქალი - ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ტრაქტორისტი, სპორტსმენი და ა.შ. ეს ყველაფერი კი დასრულდა ზნეობრივი მუტაციით, გარყვნილებით, ბუნებრივი ფუნქციების დაკარგვით.
თანამედროვე საზოგადოება აქტიურად ითვისებს ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ კულტურას, უმრავლესობას კი არაფერი სმენია წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს, ბარბარეს, ოლღას, მარინეს, მენელსაცხებელ დედათა და სხვა წმინდანთა ცხოვრების შესახებ. სახარებისეული ქალის ცხოვრების წესის ცოდნის გარეშე თანამედროვე გოგონებს არასწორი შეხედულებები ექმნებათ თავიანთი ვალდებულებებისა და დანიშნულების შესახებ.
მათ დღეს სახარებისეული ქალის საპირისპირო - თავისუფალი, ქმრისგან დამოუკიდებელი, საქმიანი „ლედის" პრინციპებს უნერგავენ.
სახარებისეული ქალი ღრმა სულიერებით გამოირჩევა. მისი სულიერი სიდიადე ღვთისა და მოყვასისათვის მსხვერპლის გაღებაში მდგომარეობს.
სიმშვიდე, მოკრძალება, თავმდაბლობა, მიმტევებლობა, მოწყალება (ანუ ყოვლივე ის, რაც თანამედროვე ინტერპრეტაციით დამოუკიდებელი ცხოვრების ანტიპოდად გვევლინება - არა დამამცირებელი თვისებები, არამედ უდიდესი სათნოებებია. ქართველი ქალი ოდითგანვე ოჯახური სიმყუდროვის დამცველად და წარმმართველად ითვლებოდა. ის თავისი დანიშნულებით ჭეშმარიტად მენელსაცხებლეა, ანუ სიმშვიდის, სიყვარულის, სითბოს მომტანია თავისი ოჯახისათვის.
ყველა დროის ბრძენნი ასწავლიდნენ: მამული ცოცხლობს, სანამ ცოცხლობს ოჯახი.
წმიდა წერილი ხაზგასმით მიგვითითებს ქალის, დედის მოწოდების შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია გვასწავლის, რომ არ არსებობს უფრო ამაღლებული საქმე, ვიდრე ბავშვის შობა და აღზრდა. ქალის, როგორც დედის მნიშვნელობა გაცილებით მეტია, ვიდრე გარეგნული საქმიანობა, ვთქვათ, კანონმდებლურ სტრუქტურაში საქმიანობა.
წმ. ნეტარი ავგუსტინე წერდა: „მე ორმაგი მოვალეობა მაკისრია დედის წინაშე იმიტომ, რომ მან მომავლინა ამ ქვეყნად არა მხოლოდ ხორციელად - დროებითი ცხოვრებისათვის, არამედ სულიერადაც - მარადიულობისათვის.
მწერალი ნ. ლესკოვი ამბობდა: „სათნო ცოლები და დედები მინისტრებზე და სარდლებზე უფრო გვესაჭიროება".
მოზარდები ოჯახური ფასეულობებით უნდა აღიზარდონ და არა საეჭვო იდეების პროპაგანდით. დღეს ყველასათვის ცნობილია, რომ მიმდინარეობს დასავლური ემანსიპირებული ოჯახების შექმნის ქადაგება. ანუ ქალები, როგორც მამაკაცები, აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. დილით მიდიან სამსახურში, ეპაექრებიან კაცებს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობებით. ამ დროს ოჯახში, სადაც ის საჭიროა შვილებისათვის, ქმრისათვის, ოჯახური სიმყუდროვისათვის, სრული ქაოსი ისადგურებს. ბავშვებს აკლდებათ ყურადღება, რაც შემდეგში მძიმე კვალს ტოვებს. სამსახურიდან მოსულ ქმარს არ ხვდება ოჯახში მოფუსფუსე ცოლი, არ ხვდება სითბო და ა.შ. რაც კონფლიქტის მიზეზი ხდება. როდესაც ქალი ითავისუფლებს თავს ღვთისაგან ბოძებული დანიშნულებისაგან, როდესაც მას უძნელდება ოჯახური საქმიანობა, ეს გარემოება ხშირ შემთხვევაში ცხოვრებისეულ ტრაგედიად იქცევა. იწყება კონფლიქტები, სტრესები მეუღლესთან და ბავშვებთან. სამწუხაროდ მრავალს არ ესმის, რომ სწორედ ქალის მამაკაცთან თანასწორობის პროპაგანდა, ოჯახური მოვალეობების უგულებელყოფა იწვევს მსგავს პრობლემებს.
დღეს საქართველოს, როგორც არასდროს, სჭირდება ღვთის მოშიში, თავმდაბალი ერთგული ქალები, რომლებიც მომავალ თაობას აღზრდიან და ამით აღასრულებენ თავიანთ ვალს ოჯახისა და ერის წინაშე.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია