ქალში უმთავრესი უბრალოება და შრომის მოყვარეობაა
მეუღლეობაში შემსვლელო! შენ უერთდები ქალს სამუდამოდ. კარგად დაფიქრდი იმაზე, თუ რა დაწერა პავლე მოციქულმა თავის ეპისტოლეში ეფესელთა მიმართ (მე-5 თავი) ქორწინების და მეუღლეთა მოვალეობების მაღალ მნიშვნელობაზე; რჩევა აიღე გამოცდილი და ღვთივსულიერი ადამიანებისაგან, რომელთა აზრს პატივისცემით ეპყრობი.
სიმდიდრე, სილამაზე და ნიჭი მხოლოდ მაშინ იქნება ქალწულის მშვენება, როდესაც მისი აღზრდა ხდება ქრისტიანული კეთილზნეობით.
მხოლოდ მართლმადიდებლურ რწმენასა და კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებულ აღზრდას შეუძლია მოამზადოს ქალი ჭეშმარიტად მაღალზნეობრივი, ოჯახური კეთილმოწყობისათვის ყველაფრის გამღები, შრომისმოყვარე, ქმრის მანუგეშებელი, ოჯახის ჭეშმარიტი დედა, კერის მშვენება.
ახალგაზრდავ! თუ კანონიერი ქორწინებით გინდა გაბედნიერდე, ნუ მიგიტაცებს მიმზიდველი გარეგნობა. ქალში უმთავრესი უბრალოება და შრომისმოყვარეობაა. აი, პირველი პირობა, რომელიც იქნება მომავალი ბედნიერების საწინდარი.
ჭეშმარიტი ქრისტიანული მეუღლეობა და როგორია ის ჩვენთან
ცოლ-ქმარს საკუთარი სხეულივით უნდა უყვარდეთ ერთმანეთი; უნდა ჰქონდეთ ყველაფერში ნდობა და გულწრფელობა; ერთად უნდა გაიზიარონ ცხოვრებისეული სიხარული და მწუხარება; წმინდად შეინახონ ცოლ-ქმრული ერთგულება; საერთო ძალებით იშრომონ ქრისტიანულ რწმენასა და კეთილზნეობაში სრულყოფისათვის; თუ ბავშვები ჰყავთ, იზრუნონ მათ ჩაცმა-დახურვაზე, კვებაზე, აღზრდაზე ჭეშმარიტი სარწმუნოებითა და ქრისტიანული კეთილზნეობრივი ცხოვრებით.
დიდებულად აღწერს ქრისტიანული ეკლესიის ერთი ძველი მასწავლებელი ჭეშმარიტ მეუღლეობრივ ცხოვრებას: „როგორი სასიამოვნოა ორი გული შეერთებული ერთი იმედით, ერთი სწავლებით, ერთი კანონით!.. არ არის მათ (მეუღლეებს) შორის არავითარი უთანხმოება არც სულში და არც ხორცში... ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად ასრულებენ მუხლმოდრეკას, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ერთად დადიან ეკლესიაში, ერთად ითმენენ დევნას, ერთად ტკბებიან სიმშვიდით... ერთად გალობენ ფსალმუნებს და ერთმანეთს აღაგზნებენ ღვთის სადიდებლად" (ტერტულიანე).
ასეთი უნდა იყოს ცოლ-ქმრული ცხოვრება, მაგრამ რას ვხედავთ სინამდვილეში? აი, როგორ მეუღლეობას აქვს ადგილი ჩვენთან: ორი პიროვნება წუთიერი გატაცებით ან რაიმე მოუფიქრებელი ანგარიშით ქორწინდება ერთმანეთზე. ჯვარს იწერენ უფროსებთან შეუთანხმებლად და რა ხდება შემდეგ? ცხოვრობენ ერთი-ორი წელი, გაწბილდებიან ერთმანეთზე და ისევ გაიყრებიან, არც კი მოიკითხავენ ერთმანეთს. ან კიდევ, შემოიღეს რაღაც „სამოქალაქო ქორწინება". ღმერთო დაგვიფარე ასეთი უსახო ქორწინებისაგან! მაგრამ კანონიერ ოჯახებშიც არ გვაქვს უკეთესად საქმე. ჩვენს ოჯახებში ერთმანეთს შორის ისმის მხოლოდ ფუჭი კამათი, ურთიერთდადანაშაულება, გინება, ჩხუბი, ყვირილი, ტირილი და მისთანანი. ეს ყველაფერი ხდება ყოველდღე ბავშვების თვალწინ, მეზობლებისა და თითქმის მთელი სოფლის გასაგონად... ნუთუ არ არსებობს ჩვენს შორის ჭეშმარიტად ქრისტიანული ოჯახი? მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს შორისაც არის ბედნიერი ცოლ-ქმრობა, - ოღონდ ცოტა. დავივიწყეთ ღმერთი, არ ვასრულებთ მის წმინდა კანონს და აი, უფალი გვსჯის ხან ერთი, ხან მეორე განსაცდელით. გვსჯის სხვათა შორის ოჯახური უბედურებებითაც.
ოჯახური მყუდროება ოქროზე და ყოველივე ამქვეყნიურ სიმდიდრეზე უძვირფასესი განძია
ვინ არ იცის, როგორი სასიამოვნო სანახავია ოჯახი, სადაც მამას უყვარს შვილები, შვილებს - მშობლები; სადაც ყველა მონდომებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. დადგება საუფლო დღესასწაული - ყველა ეკლესიისაკენ მიიჩქარის. სახლში დაბრუნებისას ერთად სადილობენ, შრომობენ. თითოეული თავის საქმეს ასრულებს თავმდაბლობით, მორჩილებით, მონდომებით, ლოცვით, სიყვარულით, ყველა ემორჩილება ოჯახის უფროსს. სიხარულიც და სიმწარეც ადვილად ნაწილდება მშვიდობიან გარემოში. ასეთი ოჯახი ღვთისათვის სათნოა. მაგრამ განა ბევრია იგი, განსაკუთრებით კი ქალაქში? სოფლად, სადაც მეტია შიში ღვთისა, კიდევ შეიძლება იპოვო, მაგრამ ქალაქში მრავალი წუხს, რომ ოჯახში არ არის ერთობა, სიმშვიდე, ხოლო ხანდახან ნამდვილი ჯოჯოხეთია.
ოჯახის ერთი წევრი ავადდება ლოთობით, მეორე - სიამაყით, მესამე - ანგარებისმოყვარეობით, ხოლო მეოთხე - გარყვნილებით და ყოველი მათგანი მიდის დასაღუპავად! დააკვირდით ასეთ ოჯახს: ერთი დგება ადრე, მეორე - გვიან, ერთი ბევრს მუშაობს, მეორე მუქთად ჭამს პურს.
უწესრიგობაა, როგორც ყოფით, ისე კეთილზნეობის საკითხებში: ერთი მრისხანებს, მეორე ურჩობს, მესამე ბოროტმეტყველებს. ღმერთო! რა ცხოვრებაა ასეთ ოჯახში, სადაც არ არის არც ღვთის შიში, არც თავმდაბლობა, არც კეთილზნეობა! ერთს ერთი უნდა, მეორეს - მეორე; იმას ის კერძი მოსწონს, ხოლო ამას - სხვა. აქედან მოდის ზედმეტი ხარჯები, გაკოტრება; ერთი შეკრებს, მეორე განაბნევს; ერთი შრომობს, მეორე ზარმაცობს. არა, ეს არაა ოჯახში ცხოვრება, ეს ჯოჯოხეთში ცხოვრებაა. ასეთ ოჯახში არაა ღმერთი, მადლი, ხსნა. იქ ბატონობს ეშმაკი, იმიტომ რომ, მას იქ უჯერებენ. კეთილი ოჯახი - ეს სახლის ეკლესიაა, სადაც იმყოფება ღმერთი, ანგელოზები, წმინდანები; სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ პატიოსნად, წმინდად, კეთილსინდისიერად. ასეთ ოჯახში კითხულობენ წმინდა სახარებას, ფსალმუნს, წმინდა მამათა ცხოვრებას.
როგორ მოვიპოვოთ ღვთის კურთხევა
ქრისტიანო! თუ გინდა მოიპოვო ღვთის კურთხევა, დაიცავი სიყვარული ღვთისა და ოჯახის მიმართ. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს წმინდა მოვალეობები. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავიცვათ მშვიდობა და მყუდროება ჩვენს ოჯახში, მრისხანების, ჭირვეულობისა და მომთხოვნელობის ყოველგვარი მისწრაფების ჩაკვლით. დათმობითა და სიყვარულით მშვიდობა ყოველთვის შესაძლებელია.
ოჯახის საფუძველი ღვთისგანაა. მან მისცა მამაკაცს ცოლი, ხოლო ცოლ-ქმარს - ბავშვები.
ბავშვები ვალდებულნი არიან თაყვანს სცემდნენ მშობლებს, დები და ძმები კი - უყვარდეთ ერთმანეთი და ზრუნავდნენ ერთმანეთზე.
უფროსებზე ოჯახში დიდი პასუხისმგებლობაა. ისინი მაგალითს უნდა აძლევდნენ უმცროსებს. ასწავლიდნენ მათ კეთილზნეობას, შრომასა და მორჩილებას. ასწავლონ არა მარტო სიტყვიერად, არამედ მაგალითითაც. მათ არ უნდა იყოყოჩონ უფროსობით და არ მბრძანებლობდნენ უმცროსებზე.
უმცროსები პატივს უნდა სცემდნენ უფროსებს და მათი სიკეთისა და სათნოებების შემყურე, ბაძავდნენ მათ; ყოველთვის დარჩნენ დამჯერნი და მადლიერნი მათი ზრუნვისა და მსხვერპლის გამო. მაშინ მტკიცე იქნება ოჯახური კავშირი, მტკიცე იქნება ოჯახური კეთილმოწყობა. ასეთი ოჯახი სარგებლობს საყოველთაო პატივისცემით და ითვლება ღვთივკურთხეულ ოჯახად.
წიგნიდან „ქრისტიანის თანამგზავრი"
Xareba.net - ის რედაქცია