რელიგიის საფუძველი კეთილკრძალულებაა. ხუმრობა და სიცილი სპობენ კეთილკრძალულებას, სულს აკვდინებენ და უნაყოფოდ აქცევენ. დამცინავს ასევე არ ძალუძს ფიქრი სიკვდილზე, მეტაფიზიკურ საკითხებზე: ხუმრობის ჩვევა შეუსაბამო, მახინჯი სახით წარმოადგენს მათ. ამბობენ, რომ პროფესიონალი ტაკიმასხარები თავიანთი თანამოძმის სიკვდილს სახალხო კლოუნადით აღნიშნავენ. ასე, როცა მეფეთა მასხარებს ასაფლავებდნენ, თვით დამკრძალავი პროცესია იქცეოდა კარნავალად.
უფალმა თქვა: „ვაი, თქუენდა, რომელნი იცინით აწ! რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდეთ" (ლუკ. 6, 25). სიცილი ადამიანს ავიწყებს დემონური სამყაროს არსებობას, იმას, თუ როგორ საფრთხეშია მისი სული. სიცილი და ხუმრობა კადნიერებას ჰბადებენ. რამდენი საცდური და ცოდვა იწყება სიცილით! თუკი უქმადმეტყველი ადრე ივიწყებს სიკვდილს, სიტყვამახვილი მზადაა გამოაჯავროს მას. აქ სიცილის შემზარავი მისტერიაა: ადამიანი დასცინის თავი ქალას, თავის ქალა კი - ადამიანს.
ღირს ისიქიზე (ქორებელზე) გვითხრობენ, რომ თავდაპირველად იგი უდებად ცხოვრობდა და სრულებით არ ზრუნავდა თავის სულზე. (იხ. იოანე სინელის „კიბე", თ. 6, მ. 23). მას ფიცხელი სენი შეეყარა და თითქოს მოკვდა, მაგრამ შემდეგ, ღვთის განგებით, კვლავ დაუბრუნდა ამ ცხოვრებას. მან ცხადად იხილა სახე სიკვდილისა, იხილა სამოთხე და ჯოჯოხეთი. ამის შემდეგ იგი დაეყუდა თავის სენაკში და დღედაღამ ტიროდა. არავისთვის მიუღია უქმი სიტყვა, არავის უხილავს ღიმილი მის სახეზე. მისი აღსასრული რომ მოიწია, ძმებს უთხრა: „შემინდეთ მამანო, რამეთუ ვისაც სიკვდილის ხსენება შეუძენია, მას აღარ ძალუძს ცოდვის ჩადენა ოდესმე". პირველი სიკვდილი მისთვის მოულოდნელი და შესაძრწუნებლი იყო, მან ანაზდეულად უსწრო მას, როგორც გუშაგი წაასწრებს ქურდს დანაშაულის ადგილზე; მეორე სიკვდილმა კი მისი გული სიხარულით აავსო.
ვისაც სიკვდილი არ ახსოვს, მასთან იგი მტერივით მიდის და ატყვევებს, თითქოს ბორკილს უყრის. ვისაც ის ახსოვს, მასთან სიკვდილი მეგობარივით მიდის და, როგორც შრომისა და მწუხარებისგან განმანთავისუფლებელს, საუკუნო მშვიდობის ქვეყანაში მიჰყავს იგი.
მეფე სოლომონმა თქვა: "ისწრაფე გლოვის სახლში მეტად, ვიდრე იცილის სახლში" (შდრ. ეკლ. 7. 2), არცთუ იშვიათად კი ადამიანი თავის გულს აქცევს „სიცილი სახლად", სადაც უაზროდ და უმიზნოდ გადის მთელი მისი ცხოვრება. წუთისოფლის საზრუნავში ჩაფლულს, მრავლისმეტყველებასა და სიცილში სურს მას დაემალოს სიკვდილის ნებისმიერ გახსენებას: ასე ადამმა რომ შესცოდა, დაივიწყა ყოვლად მეცნიერება ღმერთისა და ამოდ და საცოდავად ემალებოდა მას ხეებს შორის.
ჩვენ ვიტანთ დროებას, გამსჭვალულს ფაუსტის სულით. ადამიანი ეშმაკს სთავაზობს თავის სულს, სურს რა მარადიულად ჰყოს მიწიერი მეფობა. ეშმაკი მატყუარაა, ამიტომ ის ხალისით ჰპირდება ადამიანს იმას, რისი აღსრულებაც მისთვის შეუძლებელია. ფაუსტი, სატანასთან ხელშეკრულების დასადებად, რომელსაც იგი საკუთარი სისხლით აწერს ხელს, ორ პირობას წამოაყენებს. პირველი - სატანამ მას სიამოვნება უნდა მიანიჭოს, რაც მის სულს სიხარულით აღავსებდა, ისე, რომ მას ეთქვა: „მეტი მე არაფერი მინდა". მეორე - სატანამ უნდა შეაჩეროს წამი, იგი უსასრულოდ უნდა გააგრძელოს; დრო უნდა შეჩერდეს, როგორც ანაზდად ყინულად გარდაქმნილი მდინარის ნაკადი.
ფაუსტის შესახებ ლეგენდები შეკრიბა გოეთემ, მაღალი ინიციაციის ოკულტისტმა და მათ საფუძველზე დაწერა თავისი დრამა, რომლიც თავისი არსით როზენკროიცერული მისტერიაა. მასში ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სატანის სტრატეგია: სიკვდილის ხსენების აღმოფხვრა ვნების გამოყენებით. ვნება ანკესია, რომელზეც წამოეგება ადამიანის სული. ვნება კოროზიაა ეშმაკის ხელში, როცა იგი ადამიანთან თამაშს იწყებს. ეშმაკი აღუთქვამს მას, როგორც ფაუსტს, იმგვარი ტკბობის მინიჭებას, რომ ადამიანმა წამოიძახოს: „შეჩერდი, წამო!", და ამასთანავე, აღუთქვამს ამ წამის განგრძობას უსასრულოდ. ყოველგვარი ვნება უპირისპირდება სიკვდილის ხსენებას. ყოველგვარი ვნება შეგნების საზღვრებს გარეთ განდევნის მას.
ქრისტიანისთვის კი სიკვდილის ხსენება, შეერთებული ლოცვასთან, დემონის საწერტელია. სანამ ადამიანს ახსოვს მასზე მოწევნადი განსვლა სულისა სხეულიდან, სანამ სიკვდილის მისტიკური განცდა მის გულს ძრწოლას აიძულებს, მას არ შეუძლია სცოდოს, ისევე, როგორც ვერ დიძინებს, სრულ ჭკუაზე თუა, გველის სოროსთან, ან ვერ იმხიარულებს ალმოდებულ სახლში.
ვნების აღსრულება ყალბი ცხოვრებაა, ილუზიაა იმისა, რომ ტკბობას ადამიანისთვის ბედნიერების მინიჭება ძალუძს. და მეორე ილუზია - რომ ტკბობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს (გულმა უნდა დაიჯეროს ასეთი აბდაუბდა, რათა ვნებას მიეცეს!). ადამიანის მთელი ცხოვრება ილუზიების უწყვეტი მსხვრევაა. ილუზიების მსხვრევა გაკვეთილია, რომელსაც ადამიანი განუწყვეტლივ იღებს და საკვირველად სწრაფად ივიწყებს.
ეშმაკს დროის შეჩერების ძალა არ შესწევს. ის თვითონ მოელის საშინელ სამსჯავროს და სუკუნო სატანჯველს. მაგრამ მას სხვა რამ ძალუძს: ადამიანისთვის სიკვდილის ხსენების წართმევა და დარწმუნება მისი მიწიერი მყოფობის ურყევობაში.
არსებობს უცნაური სექტა, რომლის წევრებსაც მიწაზე მარადის ცხოვრების სურვილი აკვიატებულ მანიად ჰქცევიათ. ამ სექტის სწავლება ამტკიცებს: ადამიანები კვდებიან იმიტომ, რომ მათ დაიჯერეს თავიანთი სიკვდილი. და მაშასადამე, იმისათვის, რომ არ მოკვდე, საკმარისია დაიჯერო, რომ შენ... არ მოკვდები. ამ სექტის რომელიმე წევრი მაინც რომ მოკვდება, ეს სრულიადაც არ აფხიზლებს დანარჩენებს. ისინი ამბობენ: „მათი სიკვდილი მცირედმორწმუნეობამ გამოიწვია, მათ შეეყარათ სარწმუნოება იმისა, რომ სიკვდილი არ არსებობს, მათ დუშვეს თავიანთ გულში, რომ მოკვდებიან, და დაეჭვების გამო დაისაჯნენ სიკვდილით. მაგრამ ეს მათი საქმეა, ჩვენ კი გვწამს, რომ არ მოვკვდებით და ვიცოცხლებთ საუკუნოდ".
ეს სექტა XIX საუკუნეში აღმოცენდა იქ, სადაც იგი უნდა აღმოცენებულიყო - ამერიკაში, და დღემდე არსებობს. მისი წევრები მედიტირებენ, რომ ისინი არასოდეს მოკვდებიან. მაგრამ მათთვის მოულოდნელად, მაინც კვდებიან და კრემატორიუმში ან სასაფლაოზე მიესვენებიან.
მოდით, გულწრფელები ვიყოთ, ნამდვილად ჩავიხედოთ ჩვენს გულში: ამ უბადრუკი სექტანტების იმედის მსგავსი რამ ხომ არ ბჟუტავს მასში? განა არ ვინუგეშებთ თავს აზრით, რომ სიკვდილი თვალებს დახუჭავს და გვერდს აგვივლის, რომ მხოლოდ ჩვენ დავემალებით მის ყოვლისმხედველ თვალებს? მაშ, ვევედროთ უფალს, რომ მოგვანიჭოს, როგორც მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ხმობს თავის ლოცვაში, „ხსენება სიკვდილისა" და „ლმობიერება", რომელიც ადამიანის გულში იშვება სიკვდილის ხსენებისაგან.
არსებობს ერთი სურათი: ღირსი მაკარი დიდი ფიქრობს სიკვდილზე. ის ეგვიპტის უდაბნოშია. შორს მოჩანან პირამიდები - ძველი ფარაონების საძვალეთა ძეგლები.
გამოქვაბული სენაკის წინ ქვაზე ზის ღირსი მაკარი. მის წინაშე ადამიანის ჩონჩხია, იქვე ნიჩაბი და წერაქვი გდია. შესაძლოა, მას სურს დაასაფლაოს მონაზონი, რომელიც მის მისვლამდე ცხოვრობდა იქ. ღირსი მამა ამ ცხოვრების სწრაფწარმავალობაზე ფიქრშია ჩაძირული. მის ზურგს უკან სიკვდილი დგას. ცალ ხელში ცელი უპყრია, მეორეში - ქვიშის საათი. საათი აღნიშნავს ადამიანისთვის მიცემულ დროს, წელი - გარდაუვალ აღსასრულს. მაკარის მარჯვნივ დგას ანგელოზი გრაგნილით ხელში. გრაგნილზე წარწერაა: „მაკარი, სიკეთის ქმნას დაეშურე".
ამ სურათზე ზოგჯერ იხატება მზიანი დღე, უდაბნოს ქვიშიანი სივრცე, მზისგან გარუჯული, გაშავებული ქვების გროვა, მთელი უდაბნო სიკვდილის ხატია თითქოს. ზოგჯერ კი მასზე ღამე გამოისახება. მთვარის ნათელი ძვლებისა და თავის ქალას ეცემა, წყვდიადს სტაცებს მათ თითქოს. სადღაც ჰორიზონტის კიდეზე მუქად მოჩანან პირამიდები. ღირი მაკარის სენაკთან ბნელი და ნათელი ძალები იბრძვიან თითქოს. მაკარი განსვენებულის ნეშტს დასცქერის, რათა ეს სოფელი მისი სულის რომელიმე კუნჭულში არ შეიპაროს, ლოცვას არ მოსწყვიტოს, მისი არც ერთი აზრი არ მიიზიდოს, თმის ბეწვივით სიფრიფანაც კი, ძნელად შესამჩნევი, რომელსაც ჩვენ ჩვენი სულის წყვდიადში ვერასოდეს გავარჩევდით. წუთისოფელმა თითქოს ფრინველზე მონადირესავით დააგო თავისი მახე, მაგრამ ღირსმა განირთხა ორი ფრთა - ლოცვისა და სიკვდილის ხსენებისა, მახის ზევით ამაღლდა და არწივივით დალივლივებს ზეცის თვალუწვდენელ სივრცეში.
თარგმნა ია მელიქიძემ
Xareba.net - ის რედაქცია