"კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი” (მათ. 4,7)
თანამედროვე საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვა არის რისკი. რისკისადმი სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას ვაწყდებით და არც თუ იშვიათად, ის კამათის საგნადაც გვევლინება. ზოგნი, განსაკუთრებით კომერციული ორგანიზაციები და ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანები, მის მიმართ ფრთხილ დამოკიდებულებას ავლენენ. სხვანი, რისკის მხოლოდ დადებით ასპექტებს იზიარებენ და მათი ცხოვრების სლოგანი ამგვარად ჟღერს: „ვინც არ რისკავს, ის შამპანიურსაც არ სვამს". ამ უკანასკნელთა რიცხვი სტატისტიკურად საკმაოდ დიდია და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ადამიანთა ამ კატეგორიას ჩვენ თამამად ვუწოდებთ „უგუნური რისკის" მომხრეებს, რადგან მათი არაადეკვატური მოქმედებების გამო ხშირად საზიანო და დამანგრეველ შედეგებს ვღებულობთ.
მოდით უპირველესად განვიხილოთ რა არის რისკის არსი და შემდეგ გავაანალიზოთ მისდამი მცდარი დამოკიდებულების მიზეზები და შედეგები.
რისკი არის ალბათობა, რომ გარკვეული საფრთხე გამოიწვევს განსაზღვრული სიმწვავის და ხარისხის ზიანს. ის არის ერთგვარი შანსი, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს წარმატება და მოგება, ან წარუმატებლობა და წაგება. იგი ასევე შესაძლოა დავახასიათოდ, როგორც მიღებული გადაწყვეტილების, მოქმედების შედეგად გაუთვალისწინებელი, უარყოფითი შედეგის მიღების შესაძლებლობა.
ცხადია, რისკის სრულიად თავიდან აცილება თითქმის შეუძლებელია. მაშინ არაფერი არ უნდა აკეთოს ადამიანმა. მაგრამ რისკის შემცირება მინიმუმამდე შესაძლებელია და სავსებით რეალურიც. ამასთანავე, მაღალი რისკის შემთხვევაში საქმე საერთოდაც უნდა გადაიდოს და ალტერნატიული გზები მოინახოს. შეცდომის აცილების მიზნით, საჭიროა ვისწავლოთ გათვლილად გარისკვა, ანუ დავეუფლოთ რისკის მეცნიერებასა და ხელოვნებას. უნდა შეგვეძლოს მკვეთრი ზღვარის გავლება გამართლებულ და გაუმართლებელ რისკს შორის, ანუ შევძლოთ იმ უპირატესობებით სარგებლობა, რომელსაც გვთავაზობს გონივრული რისკი. იმისათვის, რომ გონივრულად, გათვლილად გავრისკოთ, საჭიროა გავერკვეთ, საიდან მოდის რისკი, რაში მდგომარეობს მისი მიზეზები. მრავალი მაგალითი გვასწავლის, რომ არ შეიძლება რისკთან დაკავშირებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება ინტუიციურად, ზერელედ, მხოლოდ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე გარდაუვალი კრახით მთავრდება.
მაგალითისთვის ჩვენ მოვიყვანთ სერიოზული კომპანიების გამოცდილებას. აქვე უნდა ითქვას, რომ მრავალ მოქალაქეს, რომელთაც რისკისადმი მსგავსი დამოკიდებულება აქვთ, წარმატებულად ართმევენ მათ წინაშე მდგარ პრობლემებს.
როგორც სამშენებლო, ასევე კომერციულ და სადაზღვევო კომპანიებს, რომელთაც რისკების შეფასების სისტემური და ანალიტიკური მიდგომა აქვთ. ეს კომპანიები ყოველ შესაძლო საფრთხეს უპირისპირებენ შესაბამის კონტროლს (დაზღვევით ქმედებებს). შემდეგ, გამოთვლიან რისკის ალბათობას და თუ რისკი კვლავ მაღალია, დამატებით კონტროლის საშუალებებს მიმართავენ. გარდა ამისა, ისინი სრულიად აზღვევენ ბიზნესს, რათა საერთოდ აღმოფხვრან რისკის ფაქტორი. თუმცა, მიუხედავად მსგავსი ზომებისა, ნებისმიერ საქმიანობაში რისკის გარკვეული ალბათობა და ფაქტორი მაინც რჩება. ერთ-ერთი ასეთი ძირითადი ფაქტორი არის - ადამიანი, ანუ ადამიანის შეცდომებისაკენ მიდრეკილება.
ადამიანური რესურსის მნიშვნელობა კარგად აქვს გაცნობიერებული ყველა სერიოზულ კომპანიას. თანამშრომლებისთვის ტარდება ტრეინინგები, წახალისების პროგრამები, გაიცემა პრემიები და აშ. თუმცა, ადამიანურ ფაქტორს, ანუ ნებსით თუ უნებლიედ შეცდომის დაშვების ალბათობას სრულიად ვერ გამორიცხავენ.
ადამიანური შეცდომების შემცირების მიზნით, თანამედროვე კომპანიებმა ფსიქოლოგიურ დახმარებასაც მიმართეს. ინერგება მოქცევის გაუმჯებესების პროგრამები, ფსიქოლოგების დახმარების სეანსები, ალკოჰოლიზმის დაძლევის კურსები და აშ. და მაინც ყველა ეს საშუალება, მხოლოდ მშვინვიერ დონეზეა ეფექტური, თანაც დროებით. სრულ კონტროლს არც ეს თანამედროვე ძვირადღირებული საშუალებები გვაძლევს. ადამიანური ფაქტორი, ანუ მისი სულიერი მდგომარეობა და შეცდომისკენ მიდრეკილება მაინც რისკად რჩება. სწორედ ეს არის მდგომარეობა, როდესაც მეცნიერება, ტექნოლოგიები, სისტემები კარგავენ თავიანთ ეფექტურობას.
აქ უპრიანია შევეხოთ ადამიანის სულის სნეულებებს და მიდრეკილებებს და განვიხილოთ მათი ზემოქმედება და კავშირი გარეგნულ მოქმედებებთან მიმართებაში. ყველა წმინდა მამა თანხმდება, რომ შინაგანი სულიერი მდგომარეობა აისახება ჩვენს აზროვნებაში, ქცევებში და მოქმედებებში. ასევე პირიქით: „სული თავისსავე საქმეებს ემსგავსება: რასაც აკეთებს ის აღიბეჭდება მასზე" - წმ. ბასილი დიდი.
ადამიანი, როგორც ცნობილია, პირველქმნილი (ადამის) ცოდვის მემკვიდრე გახლავთ და მისი ბუნება მიდრეკილია ცოდვისაკენ. თუ ადამიანი არ არის თავშეკავებული და მონანიებით არ ებრძვის ცოდვებს, ისინი ჩვევის და ვნების სახეს ღებულობენ. შედეგად კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, ადამიანის როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ ხასიათზე. სწორი სულიერი დამოკიდებულება, საკუთარი თავის კრიტიკა, ცოდვების დანახვა და აღიარება, საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა, თავმდაბლობა და ვნებებთან ბრძოლა - ეხმარება ადამიანს მართებული გადაწყვეტილებების მიღებაში და შეცდომების თავიდან არიდებაში.
ერთ-ერთი ასეთი ძირითადი სნეულება გახლავთ - ამპარტავნება. მის გამოვლინებებს წმ. კასიანე რომაელი შემდეგი სიტვებით გამოხატავს: „ამრიგად, ხორციელი ამპარტავნება შემდეგი ნიშნებით გამოირჩევა: ლაპარაკის დროს იცის ყვირილი, დუმილისას - განაწყენება, მხიარულობისას - ხმამაღალი, ზომაგადასული სიცილი, სამწუხარო შემთხვევაში - უგუნური მწუხარება, პასუხისას - ანჩხლობა, საუბარში ქარაფშუტობა, სიტყვები გამოითქმება გულის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, განუსჯელად. მას არა აქვს მოთმინება, უცხოა სიყვარულისთვის, კადნიერად შეურაცხყოფს, თავად კი ვერ ითმენს შეურაცხყოფას. მორჩილებისკენ მიდრეკილი არ არის, როცა რაიმე მის სურვილსა და ნებას არ ემთხვევა. დარიგების მისაღებად შეუვალია; თავისი ნების უარსაყოფად სუსტია, სხვებისადმი დასამორჩილებლად - ძალიან ჯიუტია, ყოველთვის საკუთარ აზრზე დარჩენას ცდილობს, არაფრით სურს სხვას დაუთმოს; ამგვარად, რაკიღა უძლური შეიქნა შეიწყნაროს გადამრჩენი რჩევა, ყველაფერში უფრო მეტად საკუთარ აზრს ენდობა".
სახარება საკმაოდ მკაცრი სიტყვებით აფრთხილებს ამპარტავან ადამიანებს: „უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი" (1 პეტრ. 5.5).
მსგავსი უდიდესი სენი, რომელიც „უგუნური რისკის" მომხრეებს ახასიათებთ, არის ხიბლისმიერი მდგომარეობა. მის მნიშვნელობას შესანიშნავად განმარტავს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ხიბლი არის კაცობრივი ბუნების სიცრუით დაზიანება. ხიბლი არის კაცისმიერ ჭეშმარიტად მიღებული ტყუილის შეთვისება. იგი იმთავითვე მოქმედებს აზროვნების წესზე. როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი გამრუდდება, ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც შერყვნის. კაცის არსებას რომ დაიპყრობს, უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს ხიბლი და თვით ხორცსაც წამლავს". საკუთარი სულიერი მდგომარეობის უცოდინრობის შედეგად კაცი ხიბლის, ოცნებების ტყვეობაში ვარდება; თავის თავში იგი არარსებულ სათნოებებს ხედავს, მშვინვიერი, ნერვული აღტყინება კეთილ, სულიერ, ღმრთისათვის სათნო მისწრაფებად ეჩვენება. ასეთი ადამიანის მთელი "სულიერი" მოღვაწეობა გონებასა და ნერვულ დაბოლოებებშია თავმოყრილი; აქედანვე იღებს სათავეს მისი აჩქარებული, მშფოთვარე, უთავბოლო ცხოვრების წესიც. ყოველივე ამის შედეგად კი თვითონ ადამიანიც აღგზნებული, მოძრავი, აქტიური, მოფუსფუსე ხდება. მის გონებაში ათასი გეგმა და იდეა იბადება, გულში სურვილებისა და გრძნობების კორიანტელი ჩნდება, მაგრამ ყველა ისინი გარეთ, ამა სოფლისკენ, მიწიერი ყოფის მოწყობისა და გადაკეთებისაკენ არიან მიმართულნი. და თუმცა ერთი შეხედვით მთელ მის საქმიანობას. სინამდვილეში კი მთელი თავისი საქმიანობის ცენტრში ამგვარი "მოღვაწე" საკუთარ თავსა და საკუთარ ნებას აყენებს.
როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს რისკისადმი არც პროფესიული თვალსაზრისით აქვთ სწორი დამოკიდებულება და არც სულიერი. „უგუნური რისკის" მომხრეთა ლოგიკა თვითკრიტიკას მოკლებულია. ეს ადამიანები ძირითადად შენიღბული ან აშკარა თავის ქებით გამოირჩევიან. ისინი თითქოს აქტიურნი და მოტივირებულნი არიან, მაგრამ ამავე დროს, შეინიშნება სიზარმაცის სიმპტომები, კერძოდ კი არ გამოირჩევიან საქმის დეტალური შესწავლით, რაც თავისთავად კითხვას და სათანადო შრომას მოითხოვს. ნაცვლად კარგად გაანალიზებული ქმედებებისა, მოხიბლულნი, თითქოს რაიმე უნიკალურ ბიზნეს იდეას მიაგნეს, დგამენ რისკიან, გაუთვლელ ნაბიჯებს. ხიბლისმიერი მდგომარეობა იმდენად აბრმავებს „უგუნური რისკის მომხრეებს, რომ მათთვის რჩევა-დარიგების და შენიშვნის მიცემა არავითარ შედეგს არ გვაძლევს. ერთადერთი, რაც გვესმის არის: „ყველაფერი კარგად იქნება" ან „ამჯერად მაინც გამიმართლებს", თითქოს ეს სიტყვები რაიმენაირ კონტროლს წარმოადგენდეს არსებული საფრთხის წინააღმდეგ.
ხშირად ეს ადამიანები ღმერთსაც მიმართავენ და შემწეობას სთხოვენ. თუმცა, ცოდვილი ცხოვრების წესის დათმობა და საკუთარი ბრალეულობის თუ უსუსურობის აღიარება არ სურთ. და კვლავ გაიძახიან: „ვინც არ რისკავს, ის შამპანიურსაც არ სვამს".
"უგუნური რისკის" მომხრეთა მხრიდან ხშირად გვესმის „იყოს ნება ღვთისა" მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. ღვთის განგება არ მოითხოვს ჩვენგან დაუფიქრებელ ან ნაჩქარევ ქმედებებს. სახარება გვასწავლის: „იყავით ბრძენნი, როგორც გველნი". წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: „ღმერთი სახიერია, მაგრამ მართლმსაჯულიცაა", ხოლო მართლმსაჯულის თვისება - ღირსების მიხედვით მიგება, როგორც დაწერილია: «კეთილი უყავ, უფალო, სახიერთა და გულითა წრფელთა, ხოლო რომელთა გარდააქციონ გულარძნილებად, მიიყვანნეს იგინი უფალმან მოქმედთა თანა უსჯულოებისათა» (ფსალმ. 124 - 4, 5).
ღმერთს არცერთი ადამიანის დაღუპვა არ სურს. ადამიანს მინიჭებული აქვს სინდისის, იგივე ღვთის ხმა, რომელსაც რისკიანი ადამიანი ხშირად უკუაგდებს და არ უსმენს. ზოგჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე, ახლობლები გვირჩევენ დაფიქრებას და საკითხისადმი ფრთხილ მიდგომას, თუმცა რისკიანი მაინც საკუთარ ამპარტავნულ აზრებს უსმენს. აქვე უნდა ვთქვათ, „უგუნური რისკის" მომხრე არც წარუმატებლობის შემთხვევაში ეთანხმება ღვთის ნებას. მიეცემა სასოწარკვეთილებას, გულგატეხილობას და ღვთის ნება აღარც ახსოვს. ზოგიერთი ადამიანი ამ სტრესის ღირსეულად გადატანას ვერ ახერხებს და ალკოჰოლს, ნარკოტიკს და ზოგ შემთხვევაში, კრიზისული სიტუაციიდან გამოსასვლელად, ქურდობასაც მიმართავს.
დასკვნისთვის უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთ მთავარ მცნებას, რომელსაც „უგუნური რისკის" მომხრენი არ ითვალისწინებენ, მაცხოვრის მიერ ეშმაკის ცდუნებებზე გაცემული ღირსეული პასუხია და სწორედ ამ მცნების დარღვევის გამო უწევთ გასაჭირში და წარუმატებლობაში ცხოვრება: „მაშინ წარიყვანა იგი ეშმაკმან მან წმინდასა ქალაქსა და დაადგინა იგი სართულსა მას ზედა ტაძრისასა. და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაი, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქვეყანად, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის, და ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი. ჰრქუა მას იესუ: კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი" (მათ. 4: 5,7).
განგებ, უაზროდ, დაუფიქრებლად არ შეიძლება ღმერთის გამოცდა. სხვა სიტყვებით, მხოლოდ იმის გამოსაცდელად, დაიცავდა თუ არა მას ღმერთი არ გადახტა იესო ტაძრის სახურავიდან ეშმაკის წაქეზებით. ამით გვიჩვენა ქრისტიანებს, რომ დაუფიქრებლად და სულელურად როცა ჩაიდენ რამეს, ღმერთი ვერ დაგიცავს.
ყველა დაუფიქრებელად და სულელურად ჩადენილი საქმე, იმ იმედით რომ ღმერთი გადაგვარჩენს, არის ღმერთის გამოცდა და გარანტირებული მარცხი!
"კუალად წერილ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი” .
დავით ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია