შემცოდეთაგან არავინ და არასდროს უნდა შევიძულოთ. თვითონაც ცოდვებში ჩავარდნილები სასოწარკვეთას ნუ მივეცემით და ისევ უდარდელობაში არ დავრჩეთ. საკუთარი უსჯულოება არა მხოლოდ სიტყვიერად მოვინანიოთ, არამედ გულითადად ვიგლოვოთ მასზე. რამეთუ ბევრი ვიცი, რომლებიც თუმცა ამბობენ, რომ საკუთარ ცოდვებს დასტირიან, მაგრამ დიდად არ სწუხან მათ გამო. მართალია ისინი მარხულობენ და უხეშ ტანსაცმელს იცვამენ, მაგრამ ამავე დროს ფულს უფრო მეტად არიან დახარბებულნი, ვიდრე ლოთი - ღვინოს; მხეცებზე უფრო საშინლად მრისხანებენ; ლანძღვა - გინებით უფრო ტკბებიან, ვიდრე სხვების - ქებით. ეს არაა სინანული. ეს მხოლოდ მისი მოჩვენება და აჩრდილია. ამიტომ ამ ცოდვილთ შეიძლება ეთქვათ: ფრთხილად, „რაითა არა მივიანჰგარნეთ ჩუენ ეშმაკისაგან, რამეთუ არა გონებასა მისსა უმეცარ ვართ" (2 კორ. 2, 11). ვინაიდან ეშმაკი ზოგს ცოდვებით ღუპავს, ზოგს - სინანულით, სხვებსაც იმით, რომ სინანულის ნაყოფით არ ასარგებლებს. როცა ეშმაკი იოლად ვერ ღუპავს ადამიანს, ის სხვა ხერხს მიმართავს - ადამიანს საკუთარი შრომის დამძიმებისაკენ აქეზებს, მაგრამ შრომის ნაყოფით სარგებლობის ნებას არ აძლევს და ცდილობს იმაში დაარწმუნოს, რომ ყველაფერი აუცილებელი უკვე გააკეთა და ამიტომ შეუძლია სხვა ყველაფრისაგან გათავისუფლდეს. მაშ ასე, ამაო გარჯით რომ არ გამოვიფიტოთ, ამის შესახებ ცოლებს ვესაუბროთ, ვინაიდან ისინი უფრო არიან მიდრეკილნი ამ დაავადებების მიმართ. რასაც ისინი აკეთებენ - მარხულობენ, მიწაზე წვანან, თავზე ნაცარს იყრიან - იმის უარყოფა არ შეიძლება. მაგრამ, ისინი ვერავითარ სარგებელს ვერ მოგვიტანენ, თუ უფრო მნიშვნელოვან საქმეებს გამოვრიცხავთ. ღმერთმა დაგვანახა, როდის მიუტევებს ცოდვებს. რატომ უარყოფთ ნაჩვენებ გზას და გაგყავთ ახალი? ოდესღაც ნინეველებმა შესცოდეს და იგივე გააკეთეს, რასაც თქვენ ახლა იქმთ. მოდით, ვნახოთ, რამ განაპირობა მათი გადარჩენა. ავადმყოფობის განსაკურნებლად თუმცაღა ექიმები სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, კეთილგონიერი უყურებს არა იმას, ავადმყოფმა საერთო ჯამში რა მიიღო, არამედ, მისი განკურნება რამ გამოიწვია. აქაც ამ კუთხით შევხედოთ. მაშ ასე, რამ გადაარჩინა ის ნინეველები? თავიანთ სულიერ წყლულებზე მათ მკაცრი მარხვა დაიდვეს, ძაძის სამოსელზე ნაცარი დაიყარეს და მწარე ცრემლებით დაალტვეს, მიწაზე დაემხვნენ და ამასთან ცხოვრების წესი შეიცვალეს. მოდით ვნახოთ, ჩამოთვლილი წამლებიდან რომელმა განკურნა ისინი. ვიღაცა იკითხავს, კი მაგრამ როგორ ამოვიცნო ის? თავად ექიმს ვეახლოთ, მას შევეკითხოთ და უეჭველად არათუ დაგვიმალავს, მთელი მონდომებით გაგვიმხელს. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ექიმმა ნინეველთა განმკურნებელი წამლობა წიგნში ჩაგვიწერა, ყველამ რომ იცოდეს და მომავალში მსგავსი შეკითხვები არ გაგვიჩნდეს. „შეხედა ღმერთმა - ამბობს წინასწარმეტყველი - მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო" (იონ. 3, 10). წინასწარმეტყველს არ უთქვამს: ღმერთმა ნინეველთა მარხვა, ძაძები და ნაცარი დაინახა. ამას მარხვის უარსაყოფად კი არ ვამბობ, არამედ თქვენს დასარწმუნებლად, რომ მარხვაზე უმჯობესი აკეთოთ - თავი შეიკავოთ ყოველგვარი ბოროტებისაგან.
დავითმაც შესცოდა, მაგრამ შევხედოთ, როგორც მოინანია. სამი დღე ძაძებში და ნაცარში იჯდა. ეს ცოდვის აღსახოცავად კი არ გააკეთა, არამედ სნეულ ბავშვზე ლოცულობდა (2 მეფ. 12, 16). ხოლო ცოდვები თავის დამდაბლებით, გულის შემუსვრილებით, სულიერი გლოვით, მკაცრი თავშეკავებით, ჩადენილი ცოდვის მუდმივი ხსოვნით, ყველა მწუხარების მშვიდად გადატანით, მტრებისათვის მიტევებით განიწმინდა. ის შეურაცხმყოფელ მტრებზე არათუ თვითონ შურს არ იძიებდა, არამედ ამის ნებას სხვებსაც არ აძლევდა. როდესაც დავითი შიმყმა დასწყევლა, გვერდით მყოფი სარდალი აღშფოთებული გაიწია მისკენ, დავითმა შეაჩერა სიტყვებით: „თუ იწყევლება, იქნება უფალმა უბრძანა, დასწყევლო დავითი" (2 მეფ. 16, 10). ხედავ აქ დავითის შემუსვრილ და დამდაბლებულ გულს? მის ცოდვებს განსაკუთრებით ეს განწმენდდა, რამეთუ აღსარება და სინანული ამაში მდგომარეობს.
პირიქით, თუკი მხოლოდ მოსაჩვენებლად ვმარხულობთ, ამით სარგებელობის მაგივრად ზიანს მივიღებთ. მაშ ასე, შენც დაიმდაბლე გული, რათა ღმერთმა წყალობით გადმოგხედოს. რამეთუ „მახლობელ არს უფალი შემუსვრილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს" (ფს. 33, 18). ხედავ, ბრწყინვალე სასახლეებში მცხოვრებნი დამცირებას როგორ ღებულობდნენ. საკუთარი, უკანასკნელი მონებისაგან შეურაცხყოფილები, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე მშვიდად ითმენდნენ ლანძღვას, როგორც საკუთარი ცოდვებით განპირობებულ უღირსობის შედეგს. შენც ასე მოიქეცი. თუ ვინმე შეურაცხგყოფს, ნუ განრისხდები, იტირე და იგლოვე არა იმაზე, რომ გამცირებენ, არამედ შენს ცოდვებზე, რომლებმაც ამ დღეში ჩაგაგდეს. როცა შესცოდავ, იტირე და იგლოვე არა იმიტომ, რომ დაისჯები, რამეთუ ეს არაფერია, არამედ შენი მეუფის შეურაცხყოფისათვის, რომელიც იმდენად, შენი მოყვარული და შენს ცხონებაზე მზრუნველია, რომ შენთვის საკუთარი შვილი შესწირა. აი, რატომ უნდა ტიროდე გამუდმებით, რამეთუ აღსარება ამაში მდგომარეობს. ნუ იქნები დღეს მხიარული, ხვალ მწუხარე, ზეგ ისევ მხიარული, არამედ გამუდმებით იტირე და იგლოვე, რამეთუ „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა" (მათ. 5, 4). შენც გამუდმებით იტირე და გული შემუსრე ისე, როგორც საყვარელი შვილის დაღუპვის დროს გლოვობენ. „გულები დაიგლიჯეთ - ამბობს უფალი - და არა სამოსელი" (იოვ. 2, 13). რამეთუ დაგლეჯილი ვერ გადიდგულდება, შემუსვრილი კი ვერ ამაღლდება. სწორედ ამიტომ წმიდა წერილი ერთ ადგილზე ამბობს: „დაგლიჯეთ", ხოლო მეორეზე - „გული შემუსვრილი ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს" (ფს. 50, 17). მაშ ასე, ბრძენი ხარ თუ მდიდარი, ან ძლიერი, არ დაუშვა, რომ შენმა გულმა იმედიდუროს და იქედმაღლოს, არამედ დაიმდაბლე. დაფიქრდი იმაზე, რომ მეზვერე ერთი სიტყვისთვის გამართლდა. მართალია რასაც ის ამბობდა თავმდაბლობაზე უფრო გულწრფელი აღიარება იყო. თუმცა, თუ გულწრფელ აღიარებას ასეთი ძალა აქვს, მით უმეტესი - გონივრულ თავმდაბლობას.
შემცოდეებს შეუნდე, რამეთუ უფალი ამისთვისაც ცოდვების მიტევებას დაგვპირდა: „მიუტევეთ და მოგეტევნენ" (ლუკ. 6, 37). მიტევების მოპოვების კიდევ სხვა მეთოდი არსებობს - ცოდვებისათვის საკუთარი თავის დადანაშაულება: „მოჰყევი შენი ცოდვები, რომ თავი გაიმართლო" (ეს. 43, 26). საკუთარ ცოდვებზე წუხილისა და გლოვის შესახებ ნათქვამია: „მე დავინახე მისი გზები და განვკურნავ მას" (ეს. 57, 18). ღვთის რისხვა აქაბზე სწორედ ამან შეწყვიტა (3 მეფ. 21, 29). ჩვენს ცოდვებს აღხოცავს მწუხარების მადლიერებით გადატანაც, ხოლო ყველაზე მეტად კი მოწყალება.
გადახედე, შენი წყლულების მოსარჩენად რამდენი სამკურნალო საშუალებაა და ერთი მეორეს მიყოლებით დაიფინე ისინი ჭრილობაზე: თავის დამდაბლება, აღსარება, მიმტევებლობა, გამოგზავნილი მწუხარებისათვის მადლიერება, გაჭირვებულთა ფულით თუ ნივთებით დახმარება და განუწყვეტელი ლოცვა.
თუ ქვრივმა გამუდმებული ვედრებით მრისხანე და უსამართლო მსაჯული მოწყალე ჰყო (ლუკ. 18, 5), განა გაცილებით ადვილი არაა მშვიდი და გულმოწყალე მსაჯულის წყალობის მოპოვება?
ცოდვებისაგან განწმენდის ჩამოთვლილი ხერხების გარდა არსებობს კიდევ სხვა - ჩაგრულთა გამოსარჩლება. რამეთუ თავად უფალი ამბობს: „შეეწიე ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება" (ეს. 1, 17-18).
მაშ ასე, როცა ნათლისცემით ამდენი ზეცაში აღმყვანი გზა და სულიერი წყლულების საკურნებელი საშუალება მოგვეცა, გვეპატიება ისევ სნეულად დარჩენა? ცოდვებში ნუ გავხევდებით. ვინც ჯერ არ დაცემულა და თავისი სილამაზის შენარჩუნებას ცდილობს, კიდევ უფრო ამრავლოს ის, რამეთუ ზემოთ აღნიშნული სათნოებები კიდევ უფრო განამშვენებენ მას. ხოლო რაც შეგვეხება ჩვენ, მრავალმცოდველებს, შემოთავაზებული საშუალებების გამოყენებით ცოდვებისაგან განსაწმენდად ვიღვაწოთ. რათა ქრისტეს სამსჯავროზე თამამად შეგვეძლოს წარდგომა, მადლითა და კაცთმოყვარეობითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა და წმიდასა სულსა დიდება, ძალი და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წმ. იოანე ოქროპირი
მეოთხე საუბარი კორინთელთა II მიმართვაზე
Xareba.net - ის რედაქცია