ჩემი შვილი ჭადრაკს თამაშობს. მსმენია, რომ თამაში კარგი არ არის, როგორ მოვიქცე?
ჭადრაკი ლოგიკურ მსჯელობას ანვითარებს და „ცუდი თამაში" არ არის. ითამაშოს, მხოლოდ ზომიერად, რათა იგი არ გადაიქცეს ცხოვრების წესად და ვნებად არ ჩამოყალიბდეს.
სწორად მოიქცა თუ არა მღვდელი, რომელმაც არ მიიღო აღსარება, იმ მიზეზით, რომ ადამიანი მეუღლესთან ჯვარდაწერილი არ არის?
არა! ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს! ჩვენ, მღვდლებს, უფლება არა გვაქვს ავუკრძალოთ ადამიანს აღსარების თქმა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვხედავთ, რომ იგი გამოსწორებას აპირებს.
როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მართლმადიდებელ ქრისტიანს ხუთქიმიანი გამოსახულების მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ბავშვის სამოსზეა გამოსახული! შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთი სამოსი?
რადგანაც ამ სიმბოლიკის მიმართ უკვე ჩამოყალიბდა გარკვეული ასოციაცია, უმჯობესია, მოვერიდოთ ასეთი ნივთების ყიდვას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „კერპი არარაობაა". მშვიდად და ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე უკუვაგდოთ ასეთი შიში.
მე და ჩემს მეგობარს ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ? ხომ არ არის ცოდვა?
ეს ცოდვაა. მოციქული პავლეს სიტყვებით, მრუში ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
ვარ ფსიქოლოგი, მაინტერესებს, ნუთუ ეს მართლაც ასეთი ცუდი პროფესიაა ქრისტიანული თვალსაზრისით?
თქვენი პროფესია, როგორც შემსწავლელი ადამიანის ყოფაქცევისა და სისუსტეებისა, სავსებით ნორმალურია ქრისტიანული თვალსაზრისით. თუ იგი არ ცდილობს თავისი სწავლებით ეკლესიის სწავლებისა და საიდუმლოებების შეცვლას. და თუ არ ცდილობს თავისი თავი ქრისტეს - ჭეშმარიტი მკურნალის ნაცვლად წარმოგვიდგინოს. ადამიანის მართლმადიდებელ სარწმუნოებასთან ზიარება, ანუ ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა, და მისი ფსიქიკის მეცნიერული შესწავლა და შერწყმა არის ნორმალური ექიმისათვის დამახასიათებელი ერთადრთი პირობა, რათა არ მიიღოს პასუხად: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი".
მსურს მონასტერში წავიდე სტუმრად, სადაც ცხოვრობს ღვთივგანბრძნობილი მამა. სურვილი მაქვს, როგორც კი შემომხედავს, ბერმა დაადგინოს - არის თუ არა ჩემში გადარჩენის იმედი. მე მეჩვენება, რომ ბოროტისაგან ვარ ძლეული. ვშიშობ. არ უნდა მქონდეს ცხონების იმედი?
პირველი ნიშანი სულიერი გაჯანსაღებისა არის საკუთარი ცოდვის ხედვა. ცოდვის მონანიება შეასუსტებს და ზოგჯერ საერთოდ აღმოფხვრავს ვნებას, რომელიც ღრმად არის ჩამალული თქვენს გულში. აღიარეთ ყოველი თქვენი შეცოდება. დაიცავით მარხვა, ილოცეთ და მიეახლეთ წმინდა ზიარებას, არაერთგზის ან ორგზის, არამედ რაც შეიძლება ხშირად. ეძებეთ არა სასწაულები და წინასწარმეტყველებები, არამედ ქრისტე. გისურვებთ სულის ცხონებას. მონასტერში კი უნდა წახვიდეთ არა ადამიანთან, არამედ ღმერთთან, ცოდვათა მისატევებლად. მაშინ უფალიც შეგეწევათ, მხოლოდ თქვენი გული იყოს მზად უფლის მისაღებად.
ცოდვაა თუ არა თანაცხოვრება ადამიანებისა, რომლებიც ეკლესიაში დაიწინდნენ, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ?
დიახ, ეკლესიაში დაწინდვა არ რთავს ნებას ცოლ-ქმრულ ურთიერთობას.
რა ვიღონო; მამაჩემი არასოდეს პატიობს ადამიანებს და დიდხანს ახსოვს წყენა. ნუთუ მას ღმერთი არ აპატიებს? დარწმუნებული ვარ, მეც რომ ვთხოვო პატიება, სიტყვიერად მაპატიებს, მაგრამ შინაგანად ემახსოვრება წყენა. მითხარით, როგორ მოვიქცე?
საუფლო ლოცვაში არის ასეთი სიტყვები: „და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", ანუ ჩვენი შენდობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია იმასთან თუ რამდენად ვპატიობთ ჩვენ (არა ფორმალურად, სიტყვიერად) არამედ გულით, სხვა ადამიანებს. ხოლო, როდესაც ადამიანს არ გააჩნია პატიების უნარი, ეს სულიერი ტრაგედიაა. თუ ადამიანი გულით ითხოვს შენდობას და მას არ პატიობენ, რა თქმა უნდა, შეუძლია, წუხდეს ამის გამო, თუმცა სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს, მან უნდა ილოცოს მომდურავისათვის და უნდა იცოდეს, რომ თავის მხრივ, ყველა ღონე იხმარა შესარიგებლად და ყოველგვარი შფოთისა და მღელვარების გარეშე შეუძლია წმინდა ზიარებას მიეახლოს.
პასუხობს მღვდელმონაზონი ამბროსი (ერმაკოვი)
თარგმნა დავით ჯინჭარაძემ
Xareba.net - ის რედაქცია