წმიდა დიდმოწამე დიმიტრი რომის პროკონსულის შვილი იყო ქალაქ თესალონიკში. ქრისტიანობის მესამე საუკუნე იდგა. რომაული წარმართობა, რომელიც სულიერად გატეხილი და დამარცხებული იყო მოწამეთა და აღმსარებელთა დასით, ქრისტიანების დევნას აძლიერებდა. წმ. დიმიტრის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. დიმიტრი მონათლული იყო და სარწმუნოებრივ საკითხებში განმტკიცებულ იქნა ფარულ ეკლესიაში რომელიც პროკონსულის სახლში მდებარეობდა. როცა დიმიტრის მამა გარდაეცვალა, იმპერატორმა მაქსიმიანე გალერიმ ის თავისთან იხმო. როდესაც ჭაბუკის განათლებასა და საბრძოლო-ადმინისტრაციული საქმის ცოდნაში დარწმუნდა, ის მამის თანამდებობაზე დანიშნა. ახალგაზრდა სტატეგს ქალაქის ბარბაროსთაგან დაცვა და ქრისტიანთა დევნა ევალებოდა.
პროკონსულად დანიშვნისთანავე დიმიტრი თესალონიკში დაბრუნდა, ერის წინაშე აღიარა თავისი სარწმუნოება და განადიდა უფალი ჩვენი, იესო ქრისტე. ქრისტიანების დევნისა და წამების ნაცვლად ის ქალაქის მოსახლეობას ქრისტიანობას დაუფარავად უქადაგებდა და წარმართული წეს-ჩვეულების და კერპთაყვანისცემის აღმოფხვრას შეუდგა. წმიდა დიმიტრის ცხოვრების აღმწერი ამბობს, რომ ის თესალონიკელთათვის „მეორე პავლე მოციქული" გახდა, რადგან ოდესღაც სწორედ პავლე მოციქულმა ჩამოაყალიბა ამ ქალაქში პირველი ქრისტიანული თემი (1 თეს.). წმიდა დიმიტრიც, ღვთის განგებით, წმიდა პავლე მოციქულის მსგავსად, მოწამეობრივად უნდა აღსრულებულიყო.
როდესაც მაქსიმიანემ ახლად დანიშნული პროკონსულის ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრობისა და მრავალი ქვეშევრდომის იმავე სარწმუნოებაზე მოქცევის ამბავი შეიტყო, მის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა. ქრისტიანების დასჯის სურვილით შეპყრობილი იმპერატორი თავისი ჯარით თესალონიკისაკენ გაემართა...
ამ ამბის შეტყობისთანავე, წმინდა დიმიტრიმ, თავის ერთგულ მსახურს, ლუპას დაავალა, რომ მთელი ქონება ღარიბებისათვის დაერიგებინა. წმინდანი ამბობდა: „გაანაწილე ამქვეყნიური სიმდიდრე ღარიბთა შორის - დავიწყოთ ზეციურის სიმდიდრის ძიება", თავად კი ლოცვასა და მარხვას შეუდგა, ემზადებოდა რა მოწამეობრივი გვირგვინისათვის.
თესალონიკში შესულმა იმპერატორმა წმიდა დიმიტრი თავისთან იხმო. მან მამაცურად აღიარა ქრისტიანობა და რომაული მრავალღმერთიანობის სიცრუე და ამაოება ამხილა. მაქსიმიანემ აღმსარებლის საპყრობილეში ჩაგდება ბრძანა.
წმიდა მოწამეს ანგელოზი ანუგეშებდა და ამტკიცებდა მოწამეობისათვის.
ამ დროს იმპერატორი გლადიატორების ბრძოლით ერთობოდა. ის თავისი საყვარელი გერმანელი ბარბაროსის, სახელად ლის მიერ ქრისტიანების ხოცვით ტკბებოდა. მამაცი ჭაბუკი, თესალონიკელი ქრისტიანი ნესტორი, საპყრობილეში მივიდა წმიდა დიმიტრისთან და ბარბაროსთან შერკინების ლოცვა-კურთხევა სთხოვა. წმინდანის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა ვერაგ გერმანელს სძლია და მეომრების ისრებზე ჩამოაცვა. განრისხებულმა იმპერატორმა მაშინვე ნესტორის წამება ბრძანა (წმ. ნეტორის ხსენება - 27 ოქტომბერი) და საპყრობილეში მსახურები გაგზავნა წმიდა დიმიტრის სიკვდილით დასასჯელად.
306 წლის 26 ოქტომბერს, გამთენიისას, მეომრები საპყრობილეში მივიდნენ და დიდმოწამე დიმიტრი ისრებით განგმირეს.
წმიდა მოწამის ერთგულმა მსახურმა წმიდა ლუპამ დიდმოწამის სისხლში ტილო დაასველა, წმ. დიმიტრის თითიდან საიმპერატორო ბეჭედი - მაღალი წოდების ნიშანი მოხსნა და ისიც მოწამის სისხლში დაასველა. შემდეგ ამ ბეჭდითა და სხვა სიწმინდეებით, რომელნიც წმინდანის სისხლში იყო ნაკურთხი, წმიდა ლუპა სნეულებს კურნავდა.
იმპერატორის რისხვა არც წმ. ლუპას ასცდა, მან ლუპას დატყვევება და მოკვდინება ბრძანა.
წმიდა დიდმოწამე დიმიტრის სხეული მხეცებს გადაუგდეს შესაჭმელად, მაგრამ თესალონიკელმა ქრისტიანებმა ის ფარულად დაკრძალეს.
წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინეს დროს (306-337 წწ.) წმიდა დიმიტრის საფლავზე ტაძარი ააგეს. ასი წლის თავზე, ძველი ტაძრის ადგილზე ახლის მშენებლობისას, წმიდა დიმიტრის უხრწნელი ნაწილები იქნა ნაპოვნი.
VII საუკუნიდან დიდმოწამე დიმიტრის საფლავთან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმიდა დიმიტრის მირონმდინარე ეწოდა.
წმინდანის თაყვანისმცემლებმა რამდენჯერმე მისი წმ. ნაწილების კონსტანტინოპოლში გადასვენება ისურვეს, მაგრამ ღვთისა და წმინდანის ნება სხვაგვარი იყო. წმ. დიმიტრი მშობლიური თესალონიკის მფარველად რჩება.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია