შეჯამება
როგორც ცნობილია, წინასახე არის სამომავლო ჭეშმარიტების გამოხატვის თუ გამოთქმის ერთგვარი საღმრთო ფორმა; „წინასახე გახლავთ ძველაღთქმისეულ მოქმედებებში, პირებში, წმ. საგნებსა თუ მოვლენებში წინარეგამოსახვა იმისა, რაც ახალ აღთქმაში ეხება იესო ქრისტეს პიროვნებას და მის მიერ დაფუძნებულ ეკლესიას; ამასთანავე, წმ. წერილის მოცემულ ადგილზე გამოსახულ საგნებს, მოვლენებს, მოქმედებებსა და პირთა მდგომარეობებს, ერთი მხრივ, აქტუალური ისტორიული შინაარსი აქვთ მათი პირდაპირი მნიშვნელობისდა მიხედვით, და, მეორე მხრივ, წინასწარმეტყველური შინაარსი გააჩნიათ წინარეგამომსახველობითი - იდუმალი მნიშვნელობით"... (Энциклопедический Словар – „Христианство"; т.2, стр. 401; Москва, 1995 г.).
ამრიგად, წმ. წერილის ერთ ადგილზე ზოგჯერ თანამყოფობს ორი აზრი: ე.წ. „ბუკვალური", და წინასწარმეტყველური; ნათელუღებელთა საიქიო ხვედრის შესახებ მკაფიოდ და არაორაზროვნად მოწმობს ბიბლიური ერთი წინასახეთაგანი, რომელსაც ქვემოთ წარმოვადგენთ; სხვათა შორის, ძველაღთქმისეული ამ წინასახის უტყუარობა და ღირს სანდოობა ახალ აღთქმაშია ღიად დადასტურებული, რაც მას დოგმატურ მნიშვნელობას ანიჭებს - წმ. პეტრე მოციქულის პირით სულიწმიდა გვამცნობს:
„დღეთა მათ ნოვესთა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რომელსა შინა მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან, რომელისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაი" ( I პეტრე 3,20-21).
როგორც ვხედავთ, ნოეს კიდობანში კაცობრიობის ღვთისმოსავი, რჩეული ნაწილის წარღვნისაგან გადარჩენის ბიბლიური ამბავი არის წინასახე ნათლისღებით ქრისტიანეთა სულთა ცხოვნებისა; წმ. ფილარეტ მოსკოველისეული (XIX ს.) „ვრცელი ქრისტიანული კატეხიზმო", რომელიც ამავდროულად გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წიგნი, - ზემორეციტირებულ ახალაღთქმისეულ ადგილს განმარტავს ცალსახად შემდეგნაირად:
„პეტრე მოციქული წერს, რომ ნათლისღება გვიხსნის ჩვენ სახედ ნოეს კიდობნისა: ყველა, ვინც გადაურჩა მსოფლიო წარღვნას, გადარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნოეს კიდობანში"... (Митрополит Филарет – „Пространный Христианский Катихизис"; стр. 58; Изд. В. Сияльский и А. Креишман, Берлин;).
ზემოხსენებული ახალაღთქმისეული სულიწმიდისმიერი სწავლება და მისი კატეხიზმური განმარტება არის მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური მოძღვრება, რომელიც მთლიანად მოიცავს განსახილველ საკითხს და ჩვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მასში პასუხია გაცემული - ვნახოთ ტექსტების შინაარსი თანმიმდევრულად:
უშუალოდ წარღვნის წინ კაცთა მოდგმა გაიყო ორ ნაწილად: კიდობანში შესულ რვა ადამიანად, და - კიდობნისგარე მილიონებად; ამ უკანასკნელთა რიცხვში, რა თქმა უნდა, ორსული ქალებიც მრავლად იყვნენ; შემდეგ დაიწყო წარღვნა, რომელმაც მოსპოკიდობნისგარე გახრწნილი კაცობრიობა - უკლებლივ ყველა: ზრდასრული ცოდვილნი, პიროვნულად უცოდველი ყრმები და საშოთა შინა მდებარე ჯერარშობილი ჩვილები; საპირისპიროდ ამისა, კიდობანში რვა ადამიანი ღმერთმა დაიფარა და წაღვნის შემდგომ მათგან აღმოაცენა კაცთა ახალი მოდგმა... ხორციელი სიკვდილ-სიცოცხლის ძველ აღთქმისეული ეს ამბავი გახლავთ წინასახე ახალაღთქმისეული სულიერი წაწყმედა-ცხოვნების კანონისა - სახელდობრ:
კიდობანში შესულ რვა ადამიანს შეესატყვისება მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანენი; კიდობნისგარე კაცთა მოდგმას შეესაბამება ყველა უნათლავი, მათ შორის, ცხადია, საშოთა შინა მდებარე ჩვილებიც, რაკი ისინი არავის მოუნათლავს; კიდობანში შესული რვა კაცი რვა კაცი წარღვნას გადაურჩა ხორციელად - მონათლული ადამიანები ცხოვნდებიან სულიერად; კიდობნისგარე კაცობრიობა მთლიანად მოისრა ფიზიკურად - უნათლავი ადამიანები უკლებლივ წაწყმდებიან სულიერად...
აშკარაა, რომ აღნიშნულ მოდელში ადგილი არ არის დატოვებული გამონაკლისი შემთხვევისათვის - კიდობნის გარეთ წარღვნას თუნდაც ერთი კაცი რომ გადარჩენოდა, მაშინ აღნიშნული საკითხის ცხონებით გადაწყვეტის მომხრეებს კიდევ ექნებოდათ მოუნათლავ ყრმათა, მუცლადმოწყვეტილთა, მკვდრადშობილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ თავიანთი ბუნდოვანი ვარაუდების გამოთქმის უფლება, მაგრამ რაკი ეს ასე არ არის, ამიტომ მათი ოცნებები სრულიად ამაოა...
ყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ნებისმიერმა ორსულმა ქალმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეოს, რომ თუკი იგი აბორტს გაიკეთებს, - ამით საკუთარ შვილს არაოდენ ფიზიკურად მოკლავს, არამედ სულიერადაც წაწყმედს, თანამედროვეობის დიდი მოძღვრის, არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინის სიტყვისამებრ: „არის უსაშინლესი უშუალო მკვლელობა - როდესაც დედები შვილებს თავიანთ საშოში აკვდინებენ. ეს მკვლელობა ორმაგად საზარელია, რამეთუ მკვლელი დედა თავისი ბავშვის არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კლავს" (Архимандрит Иоанн (Крестьянкин) – „Опыт построения исповеди”; стр. 75; Москва, 1994 г.;) ხოლო ყოველი მკვდრადშობილის დედამ თავი ასე უნდა ინუგეშოს: ყოვლისმცოდნე ღმერთმა წინასწარ უწყოდა, რომ ბავშვის შობისა და გაზრდის შემთხვევაში, იგი ნებელობითი ცოდვებით ცხოვრებაში სულს დაიმძიმებდა და უარესად წარიწყმედდა, რის გამოც უფლის მრავალმოწყალებამ არ დაუშვა ჩვილის ამქვეყნად მოვლინება - ამიერიდან ის მხოლოდ ადამის ცოდვისათვის დაისჯება ჯოჯოხეთში...
საქართველოს ეკლესიის უწმიდესმა სინოდმა განაჩინა (1/14. XII. 2000 წ.)
პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილებელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში სწერია: „უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა" (იოანე 3.3).მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას.
სარწმუნოების სიმბოლოს XI მუხლის მიხედვით ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა", კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მოსატევებლად. ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი, ანუ - პირველქმნილი, ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმინდონ პირველქმილი ცოდვისაგან.
სახარების მიხედვით, ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ..." (მათე 20,23) ამიტომ ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღებული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათაგან, ანუ - იშვებიან მეორედ, და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს, ანუ - ცხოვნდებიან.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობას, ანუ - ცოდვათაგან განწმენდის, გარეშე სასუფევლის დამკვიდრება, ანუ - სულის ცხოვნება შეუძლებელია.
Xareba.net - ის რედაქცია