V დონე - წმიდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა უმრავლესობის თანხმიერი აზრი
(Consesus Patrum)
ვნახოთ წმ. მამები თანახმიერად თუ რას ასწავლიან უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრის თაობაზე:
1) წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენელი (III ს.): „ხოლო რაც შეეხება ჩვილებს, რომელნიც შენი თქმით არ უნდა მოინათლონ შობიდან მეორე და მესამე დღეს, არამედ ჯერ არს (მათი ნათლისღების) შესაბამისობაში მოყვანა წინადაცვეთის ძველ წესთან და დაბადებული არ მოინათლოს, არც იკურთხოს მერვე დღემდე - ეს გარემოება ჩვენს კრებაზე სხვაგვარად წარმოისახა: არავინ დაეთანხმა შენს მოსაზრებას (ამ საკითხში) - პირიქით, ჩვენ ყველამ უმჯობესად მივიჩნიეთ, რომ არცერთი ადამიანი არ მოაკლდეს ღმერთის მოწყალებას და მადლს; თუკი თავად უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ „ძე კაცისაი არა მოვიდა წაწყმედად სულთა კაცთასა, არამედ ცხოვრებად" (ლუკ. 9, 56), ამისათვის, რამდენადაც ეს ჩვენზეა დამოკიდებული, არცერთი სული არ უნდა წარწყმდეს თუკი ეს შესაძლებელია (...), ამასთანავე, თუკი უდიდეს ცოდვილთაც კი, რომელნიც მანამდე ბევრს ცოდავდნენ ღმერთის წინააღმდეგ, როდესაც შემდგომში უფალს ირწმუნებენ, მიეცემათ ცოდვების მიტევება და არავის აღეკრძალება შენდობა და მადლი, - მითუმეტეს არ უნდა აღეკვეთოს ეს ჩვილს, ვისაც, ეს-ესაა დაბადებულს, არაფერში შეუცოდავს, არამედ ოდენ, ხორციელად წარმოიშვა რა ადამისაგან, - აღუქვამს ძველი სიკვდილის ინფექცია თავად დაბადების მეშვეობით (Антология: Отци и Учители Церкви III века т. II. стр. 359-360, СПБ 1996 г.).
როგორც ვხედავთ, წმ. მარტვილი, საეკლესიო კრებასთან ერთად, მოითხოვს ახალშობილ ჩვილთათვის დაუყოვნებლივ ნათლისცემას, რათა მოულოდნელმა (ან მოსალოდნელმა) ხორციელმა სიკვდილმა არ განაპირობოს მათი უნათლავად დარჩენა და, შესაბამისად, სულიერი წარწყმედაც („არცერთი სული არ უნდა წარწყმდეს"); იგი, აგრეთვე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაჩენისთანავე, თავად შობის მიერ, ყრმა უძველეს სიკვდილს აღიქვამს („აღუქვამს ძველი სიკვდილის ინფექცია თავად დაბადების მეშვეობით");
2) ღირსი მაკარი ეგვიპტელი (IV ს.): „ხოლო თუკი რამე უწესრიგობის გამო ჩვილს (დედის) მუცელში სიკვდილი შეემთხვევა, - უკვე აუცილებელი ხდება, რომ ამისათვის განწესებულმა ექიმებმა ბასრ (სამედიცინო) იარაღებს მიმართონ - და მაშინ ჩვილი გადადის სიკვდილით - სიკვდილში, სიბნელიდან - წყვდიადში, ესვე მიუყენე სულიერს... - თუკი საკუთარ თავზე ამღებელი ქრისტეს იარაღისა, რათა იბრძოლოს ვაჟკაცურად მოძაბუნდება, უმალ მიეცემა იგი მტრებს და სხეულისაგან (მისი სულის) განტევებისას, აწ გარემომცველი ბნელეთიდან წავა სხვაში - მეტადრე საშინელში და - წარსაწყმედელში" (Послания и Слова Преп. Макария Египетского стр. 279 Москва 1904 г.).
მაშასადამე, თუკი ჩვილი დედის საშოში გარდაიცვლება, იგი ხორციელი სიკვდილით გადადის სულიერ სიკვდილში, საშოს სიბნელიდან - საუკუნო წყვდიადში;
3) მსოფლიო მოძღვარი წმ. იოანე ოქროპირი (IV ს.): „თუკი ყრმა პრესვიტერის გაუფრთხილებლობის გამო, უნათლავი მოკვდება - ვაი პრესვიტერს მას! თუკი მშობლების უზრუნველობით მოკვდება უნათლავად - ვაი მშობლებს ყრმისას! ამისათვის, არ უნდა დასტოვონ მშობლებმა არ უნდა დასტოვონ მშობლებმა შვილი უნათლავად მრავალი წელი - დაუბეჭდავი ცხოვარი წილია მგლისა! ქრისტეს ბეჭედი იფარავს ბეჭდის მქონებელს" (Свт. Иоанна Златоуста ПСТ т. 10 стр. 958, СПБ).
მსოფლიო მოძღვრისეული სწავლება სავსებით არაორაზროვანია: უნათლავად გარდაცვლილი ყრმა არის სულიერი მგლის წილი!
4-5) ნეტარი ავგუსტინე (IV-V ს.ს.) და წმ. ფულგენტიოს როსპიელი (V-VI ს.ს.): „რაც შეეხება იმ ჩვილთა ხვედრს, ვინც უნათლავად კვდებიან: ამის შესახებ ცნობილია ორი უმთავრესი მოსაზრება ძველი მასწავლებლებისა: ერთნი თვლიდნენ, რომ ასეთი ჩვილნი განიცდიან ტანჯვას (ნეტ. ავგუსტინე - „ცოდვების მიტევებისა და ჩვილთა ნათლობის შესახებ"; წმ. ფულგენტიოს რუსპიელი - „სარწმუნოების შესახებ" – „პეტრესადმი"). თუმცა, რამდენადაც შესაძლებელია, მსუბუქს" (Митр. Макарий – Православно – Догматическое Богословие т. II, стр. 337, СПБ, 1883 г.)
აქ კომენტარი ზედმეტია;
6) წმ. სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი (X-XI ს.ს.): „ის გამონათქვამი, რომლითაც თქმულია, რომ არავინ არის უცოდველი, გარდა ღმერთისა, თუნდაც (სულ) ერთ დღეს ითვლიდეს მისი ცხოვრება ამ ქვეყნად, - იმათ როდი გულისხმობს, ვინც პირადად სცოდავენ; იმიტომ, რომ ერთდღიან ბავშვს როგორ შეუძლია სცოდოს? მაგრამ ამით გამოიხატება ის საიდუმლო ჩვენი სარწმუნოებისა, რომ ადამიანური ბუნება ცოდვილია თვით მისი ჩასახვიდანვე. ღმერთს ადამიანი ცოდვილად არ შეუქმნია, მაგრამ როდესაც პირველქმნილმა ადამმა დაჰკარგა სიწმიდის სამოსელი, არა რომლითა სხვა ცოდვით, არამედ - ამპარტავნებით, და გახდა ხრწნადი და მოკვდავი, - ასევე, ყოველი ადამიანი, წარმოშობილი ადამის თესლიდან, არის თანაზიარი პირველმშობელთა ცოდვისა თვით თავის ჩასახვისა და შობიდან. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არ ჩაედინოს არანაირი ცოდვა, - (ის) ცოდვილია პირველმშობელთა იმ ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა, ანუ - მეორედ შობა, რომელიც აღორძინებს ადამიანს სულიწმიდით წმიდა ნათლისღების მიერ; კვლავ მიამთხვევს მას საღმრთო ბუნებასთან, როგორც იყო მაშინ, როდესაც ღმერთის ხელებმა შექმნეს იგი; აღადგენს მის სულიერ ყველა ძალას, განაახლებს მათ, და მოჰყავს მდგომარეობაში, როგორშიც იყვნენ ისინი (სულის ძალები) პირველქმნილი ადამის (ღმერთის მორჩილებიდან) გარდახდომამდე, და, ამგვარად, შეჰყავს იგი ღმერთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს შესვლა არ შეუძლია, განანათლებს მისი ნათლით და აძლევს მის სიხარულთა გემებას".
ახალი ღმრთისმეტყველისეული დასკვნა, რომ ღმერთის სასუფეველში უნათლავი ვერ შევა, ცხადია, ყრმებსაც ეხება, რაკი მათით იწყებს იგი აღნიშნულ მსჯელობას - ამრიგად წმ. მჭვრეტელი განგვიმარტავს: ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ადამისა და ევას დაცემის შედეგად კაცობრივი ბუნება თავის ჩასახვიდანვე ცოდვილია; თითოეული ადამიანი ჩასახვისა და შობიდანვე თანაზიარია პირველშობილი ცოდვისა; ყოველი დაბადებული, თუნდაც არ ჩაედინოს არანაირი პირადი ცოდვა, ანუ - რომც იყოს ის უცოდველი ჩვილი, პირველ მამათა ცოდვით უკვე მაინც დაცემულია; ამის გამო, ღმერთმა მოგვმადლა მეორედ შობა, რომელიც სულიწმიდით ნათლისღების მიერ აღადგენს ადამიანს და ამგვარად შეჰყავს იგი ღმერთის სასუფეველში, სადაც უნათლავი ვერ შევა, თუნდაც იყოს ის პირადად უცოდველი, ანუ - ყრმა („სასუფეველში უნათლავი ვერ შევა" - ნიშნავს: „უნათლავი წაწყმდება", - ვინაიდან, ცხოვნებასა და წაწყმედას შორის კათოლიკური „სალხინებლის" მსგავსი რამ შუალედური მდგომარეობა მართლმადიდებლობისათვის უცნობია)... (Преп. Симеон Новый Богослов, Творения т. I. стр. 309-310, Москва 1892 г.)
7) წმ. იუსტინე პოპოვიჩი (XX ს.): „პირველშობილი ცოდვა ნიშნავს უარყოფას ადამიანის მიერ მისთვის ღმრთისაგან განსაზღვრული ცხოვრების მიზნისა - ღმერთისადმი მიმსგავსებას ღმრთის მსგავსი ადამიანური სულის საფუძველზე, და ამ მიზნის შეცვლას ეშმაკისადმი მიმსგავსებით... პირველშობილი ცოდვა ჩანასახში, მსგავსად თესლისა შეიცავს ყველა სხვა ცოდვას, მთელს ცოდვისმიერ კანონს საზოგადოდ, მთელ მის არსს, მის მეტაფიზიკას, გენიალოგიას, ონტოლოგიას და ფენომენოლოგიას... ვინაიდან ყველა ადამიანი ადამის ცოდვით გახრწნილი ბუნების მემკვიდრეა, ამიტომ ყველა მათგანი ჩაისახება და იშვება ცოდვაში, რამეთუ ბუნებითი კანონის თანახმად, შობილი ერთნაირია მშობელისა; ვნებებით დაზიანებულისაგან იშვება ვნებიანი, ცოდვილისაგან - ცოდვილი... ყრმათათვის ნათლისცემა, რა დროსაც მიმრქმელნი ბავშვების სახელით უარყოფენ სატანას, მოწმობს იმას, რომ ბავშვები პირველშობილი ცოდვის ქვეშ იმყოფებიან, რამეთუ შობილნი არიან ცოდვით გახრწნილი ბუნებით რომელშიც მოქმედებს სატანა... ცოდვის მიერ დაზიანებულობა ადამისაგან გადადის ყველა მის მემკვიდრეზე ჩასახვისა და შობის გზით, ამიტომაც ყველანი ექვემდებარებიან ოდითგანელ ცოდვილებას... ადამის ყველა მემკვიდრეზე პირველმშობელთა ცოდვის გადასვლით უკლებლივ მათზევე იმავდროულად გადაიტანება ყველა შედეგი, რაც ჩვენს პირველმშობლებს ეწიათ დაცემის შემდგომ: ღვთის ხატების დამახინჯება, გონების დაბინდვა, ნებელობის დაზიანება, გულის ბიწიერ-ქმნა, სნეულებანი, სალმობანი და სიკვდილი. ყველა ადამიანი არის რა ადამის მემკვიდრე, ადამისაგან მემკვიდრეობით იღებს სულის ღმრთისმსგავსებას, მაგრამ ღმრთისმსგავსებას დაბნელებულს და ცოდვით დამახინჯებულს... სიკვდილი - ეს არის ადამის ყველა მემკვიდრის ხვედრი, რამეთუ ისინი იშვებიან ადამისაგან ცოდვა შეყრილნი, და ამიტომ მომაკვდავნი, როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად მოწამლული ნაკადი გადმოედინება, ასევე ცოდვით და სიკვდილით ინფიცირებული მამამთავრისაგან ბუნებრივად წარმოიშვება ცოდვით და სიკვდილით დაავადებული შთამომავლობა და ადამისა და მისი შთამომავლობის სიკვდილი ორმაგია: ხორციელი და სულიერი! (Свт. Архимандрит Иустин (Попович) – О Первородном Грехе, стр. 35-62, Пермь 1995 г.)
მაშასადამე ჩვილი დედის საშოში ჩაისახება დამახინჯებული ღმრთისხატებითა და პირველშობილი ცოდვით გახრწნილი ბუნებით, რომელშიც მოქმედებს სატანა - რა წარუწყმედელობაზე შეიძლება იყოს ასეთ დროს საუბარი, გაუგებარია.
ამრიგად, პირობით იერარქიული კიბის V დონეზეც, ანუ - ეკლესიის წმ. მამების უბრავლესობის თანახმიერი სწავლებით, უნათლავად აღსრულებული ყრმები არ ცხონდებიან, ე.ი. - წარწყმდებიან!...
Xareba.net - ის რედაქცია