III დონე -აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სარწმუნოების სიმბოლური წიგნების კანონიკური განმარტებანი**
1) აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სარწმუნოების მართლმადიდებლური აღსაარება
„პირველშობილი ცოდვა არის საღმრთო მცნებას გარდახდომა, რომელიც ჩვენ პირველ მშობელს ადამს მიეცა, როცა ღმერთმა უთხრა მას: „ხისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რამეთუ რომელსა დღესა სჭამოთ მისგან, სიკუდილით მოსწყდეთ" (დაბად. 2,17). ეს პირველშობილი ცოდვა ადამისგან მთელს კაცობრივ ბუნებაზე გადავიდა, რადგან ჩვენ ყველანი მაშინ ადამში ვჰგიებდით. და ამგვარად ერთი ადამის მიერ ცოდვა ყველა ჩვენგანზე გავრცელდა. ამიტომაც ჩვენ ჩავისახებით კიდეც და ვიშვებით კიდეც ამ ცოდვით, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის: „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია რომლითა ყოვლითა შესცოდეს" (რომ. 5,12). პირველშობილი ცოდვა შეუძლებელია რაიმე სინანულით იყოს გამოსყიდული, იგი გამოისყიდება მხოლოდ საღმრთო მადლით ჩვენი უფლის ისესო ქრისტეს ხორციელ-ქმნისა და მისი პატიოსანი სისხლის დაღვრის მეშვეობით. ეს ქმედება აღესრულება წმიდა ნათლისღების საიდუმლოში. ამიტომაც ვინც არ მონათლულა ის არც გათავისუფლებულა ამ (პირველშობილი) ცოდვისაგან, არამედ რისხვასა და საუკუნო სასჯელ ექვემდებარება, სიტყვისამებრ წმიდა წერილისა: „ამინ ამინ გეტყვი შენ: უკუეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3,5) (თარგმნილი რუსულიდან მოსკოვის სინოდალური სტამბის 1900 წლის გამოცემიდან; თბილისი 2002 წ.) (...)
როგორც ვხედავთ ნათლისღების ეს საიდუმლო აღხოცავს ყველა ცოდვას: ყრმებში - პირველშობილს, ასაკოვნებში კი - პირველშობილსაც და ნებელობითსაც. ხოლო ყრმებში პირველშობილი ცოდვა თუ რატომ უნდა წარიხოცოს, ამას უკვე ამომწურავად განმარტავს:
2) აღმოსავლეთის პატრიარქების ეპისტოლე მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ
გვწამს რომ, ნათლისღება რომელიც ნამცნებია უფლის მიერ და აღესრულება წმიდა სამების სახელით აუცილებელია. მის გარეშე ცხონება არავის შეუძლია როგორც ბრძანებს უფალი: „უკუეთუ ვინმე არ იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა" ამიტომაც იგი ესაჭიროებათ ჩვილებსაც, რამეთუ ისინიც ექვემდებარებიან პირველშობილ ცოდვას და ნათლისღების გარეშე არ შეუძლიათ მიიღონ ამ ცოდვის მიტევება; და უფალმა აჩვენებდა რა ამას, თქვა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე მარტივად: „უკუეთუ არა იშვეს" ე.ი. ქრისტე მაცხოვრის მოსვლისას ყოველნი, რომელთაც ეკუთვნით ცათა სასუფეველში შესვლა, მეორედ უნდა იშვნენ, ხოლო თუკი ჩვილებს ესაჭიროებათ ხსნა მაშასადამე მათ აქვთ საჭიროება ნათლისღებისაც, ხოლო ვინც მეორედ არ იშვა და არ მიიღო პირველმშობელთა ცოდვის შენდობა ის გარდაუვლად ექვემდებარება მარადიულ სასჯელს ამ ცოდვისათვის... მაშ ასე ჩვილებს აუცილებლად ესაჭიროებათ ნათლისღება, როგორც თქმულია მახარებელთან, ხოლო მოუნათლავი არ ცხონდება. მაშასადამე ჩვილნი აუცილებლად უნდა მოინათლონ. (Догматические Послания Православных Иерархов XVII-XIX веков о Православной Вере, стр. 172, Свято-Троийцкая Сергиева Лавра, 1995 г.)
უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრის შესახებ აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ზემოციტირებული სწავლება იმდენად ნათელი და არაინტერპრეტირებადია რომ, ის დამატებით კომენტარს არ საჭიროებს.
ამრიგად, III დონეზეც ანუ - აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიისეული სარწმუნოების წიგნთა კანონიკურ განმარტებათა თანახმად უნათლავად აღსრულებული ყრმები ექვემდებარებიან მარადიულ სასჯელს, პირველშობილი ცოდვის გამო, ე.ი. - წარწყმდებიან!... (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია
**აღნიშნული განმარტებანი შეადგენს მართლმადიდებლური ეკლესიის კრებსით ხმას, შემოსილს უცდომელობის თვისებით, რის გამოც ის რანგით და ავტორიტეტულობით უფრო მაღალ ინსტანციას წარმოადგენს, ვიდრე, ვთქვათ ნებისმიერი ცალკეული წმ. მამის, თუნდაც მსოფლიო მოძღვრის მასთან არათანხმიერი სწავლება, - აღნიშნულს მართლმადიდებლური ღმრთიმეტყველების სახელმძღვანელოც ადასტურებს: „საზოგადოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის სიმბოლურ წიგნად შესაძლოა იწოდებოდეს სარწმუნოების მხოლოდ ის გარდამოცემა, რომელიც გამოცემულია ეკლესიის მმართველის ყველა იერარქიის, და შესაბამისად - მთელი ეკლესიის სახელით, და არა - სარწმუნოების აღსარება ვინმე კერძო პირისა, თვით იერარქისაც კი, რაოდენ სახელგანთქმულიც არ უნდა იყოს იგი" (Введение в Православное Богословие, стр. 418).