აღნიშნული საკითხის არცხონებასთან ანუ წარწყმედასთან განხილვა საეკლესიო სწავლების ყველა დონეზე*
I დონე - წმიდა წერილი
წმიდა წერილში ვხვდებით ორ ღია მოწმობას ჩვენთვის საინტერესო საკითხთან მიმართებაში: ახალაღთქმისეულსა და ძველაღთქმისეულს - ერთი ზოგადია შეიცავს რა უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო სწავლებას საერთოდ, არაგანკერძოებით; მეორე კი განსახილველ თეოლოგიურ პრობლემას უშუალოდ ეხება, თანაც ისე, რომ პირველს განმარტავს საკვლევი მიმართულებით.
1) უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა" (იოან. 3.5). ციტირებული სწავლება იმდენად არაორაზროვანი და პირდაპირია, რომ დამატებით კომენტარს არ უნდა საჭიროებდეს, მაგრამ ეკლესიაში სიახლეების შემოტანის მოსურნეთა მტკიცებით აქ მხოლოდ ზოგადი პრინციპია მოცემული, გამონაკლისი შემთხვევა კი, როგორიცაა უნათლავად აღსრულებული ყრმების სულიერი მდგომარეობა არ იგულისხმებაო. რა შეიძლება ითქვას?
პირველ რიგში, ის რომ ღმრთისმეტყველებას ამ შემთხვევისთვის გამონაკლისიც განსაზღვრული აქვს, რაც უნათლავ ყრმებს ნამდვილად არ ეხება, არამედ გულისხმობს წმიდა მარტვილებს - სახელდობრ წმ. კირილე იერუსალიმელის (IV ს.) კატეხიზმოში ვკითხულობთ:
„რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხოვრებაი არა აქვს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლის-ღებითა დაიპყრიან სასუფეველი, რამეთუ რაჟამს იხსნიდა ჯვარითა სოფელსა მაცხოვარი და გვერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაითა რომლთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ. (სინური მრავალთავი გვ. 87. თბილისი, 1959წ.)
ამრიგად, ჩვეულებრივი წესით უნათლავი, ვინც არ უნდა იყოს იგი ვერ ცხონდება, გარდა მარტვილებისა რომელნიც საკუთარი სისხლით ინათლებიან!...
მეორეც, ის, რომ ძველაღთქმისეულ მოწმობაში, რაც არის წინასახე ახალაღთქმისეულ რეალიისა, - განცხადებულადაა მოცემული უნათლავად აღსრულებული ყრმების წარწყმედის შესახებ უშუალო სწავლება. წმ. წერილში ვკითხულობთ:
2) „და ჰრქუა უფალმან მოსეს: ერთიღა გუემაი მივავლინო მე ფარაოს ზედა და ეგვიპტელთა მაგათ, და მაშინღა თუ გამოგავლინნეს თქუენ, არამედ რაჟამს გამოგავლინებდეს თქუენ, ყოვლითურთ გამოგასხნეს თქუენ მაგიერ (...) სიტყვად იწყო მოსე და თქუა: ამას იტყვის უფალი: შუაღამესა ოდენ მე მოვიდე და შევიდე შორის ქუეყანასა მას ეგვიპტელთასა. ვგუემო და მოვსპო ყოველი პირმშოი ფარაოისით, რომელი ზის სასთაულთა საერკოლოტოთა, მორპირმშოდმდე მხევლისა, რომელი იგი გამოჰკრავს ფქვილთა მათ და იყოს ღაღადება დიდ ყოველსა ზედა ეგვიპტესა, რომელ ეგევითარი ღაღადება არასადა ყოფილიყოს შორის მათსა, არცაღა მერმე ყოფად არს მოაღსასრულამდე ჟამთა. გარნა შორის ძეთა მათ ისრაელისათა ლეკვისაცა ერთისა ჭმუნვაი არცა იყოს კაცითგან მოპირუტყვამდე, რამეთუ არავის ევნებოდეს (...) სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და აჰრონისა ქუეყანასა მას ეგვიპტელთასა და ჰრქუა: (...) ეტყოდე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაელთასა: ათსა მის თვისასა მოიღედ თვითეულად კრავი ერთი თსლად-თესლად და ტომად-ტომად, განიყონ კრავი, სახიდ გამოიღონ (...) და იყოს იგი თქუენდა დამარხულ კრძალვით ვიდრე მეათოთხმეტედმდე თთვისა მის, და დაკლას იგი ყოველმან ერმან, კრებულმან ძეთა ისრაელისათამან, მიმწუხრ. და მოიღონ სისხლისა მისგან გამონიშნონ ორთავე მათგან წირთხლთა მათ ზედა კართასა და ზღურბლთა მათ ზედა სახლებისა მათისათა, რომელთა შინა შეჭამონ იგი მათ. და შეჭამონ კრავი იგი მასვე ღამეს (...) და განვვლო მე ქუეყანაი ეგვიპტელთა მას ღამესა ვგუემო ყოველი მირმშოი კაცითგან მოპირუტყუადმდე (...) და იყო სისხლი იგი თქუენდა აღსანიშვნელად ზედა სახლებსა მას, რომელსა შინა იყვნეს ძენი ისრაელისანი, რომელთა შინა დაშენებულ იყვნეთ, მუნ ვიხილო სისხლი იგი აღნიშნული ზედა ბჭეთა მათ და დაგიფარნეთ თქუენ დაცვად თქუენდა გუემისა მისგან რისხვისა, რაჟამს გარდამოსრულ ვიყო და მოვსრვიდე პირმშოთა მათ ეგვიპტისათა (...) მოუწოდა მოსე მოხუცებულთა ძეთა ისრაელისათა და ჰრქუა მათ: (...) გარდამოვიდეს უფალი მოსპოლვად ეგვიპტელთა მათ, იხილოს სისხლი იგი სამსავე მას კერძოთა ბჭეთასა და თანა-წარხდეს ბჭეთა მათ თქუენდა და არა აუფლოს მომსვრელსა სიკუდილისა მტარვალსა შესლვად სახლებსა მას თქუენსა და მოსრვად მიუკუნისამდე! (...) და იყო განზოგებასა ოდენ ღამისასა, გარდამოჰხდა უფალი ქუეყანასა მას ეგვიპტელთასა, მოსპოლვად ყოვლისა მის პირმშოებისა ეგვიპტისა კაცითგან მოპირუტყუებადმდე, პირმშოითგან ფარაოსით, რომელი-იგი ჯდა სასთაულთა მათ საერკულოთა მოპირმშოდმდე ტყვისა მის, რომელი გამოეკრა ფქვილთა მათ (...) და იყო გოდებაი და ღაღადებაი დიდ ყოველსა მას ქუეყანასა ეგვიპტისა. რამეთუ არა იყო სახლი, რომელსა შინა არა იდვა მკვდარი" (გამოსლ, თავები: მე-11 და მე-12)
წმ. გადმოცემით ცნობილია რომ დანიშნულ კარიბჭეებზე კრავის სისხლით ჯვარი იყო გამოსახული რაც შემდგომში მესიისაგან კაცობრიობის გამოხსნისა და ნათლისღების საიდუმლოთი მისი მორწმუნე ნაწილის საუკუნო ნეტარ ცხოვრებაში ეკლესიის მიერ შეყვანას მოასწავებდა: რომელი კარიც არ იყო აღბეჭდილი, იმ ოჯახებში სიკვდილის ანგელოზმა ყველა პირმშო მოსრა - ანუ: არცერთ აღუბეჭდავ ოჯახში არცერთი პირმშო არ გადარჩენილა - ეს გახლავთ სწორედ წმ. წერილისეული უშუალო სწავლება უნათლავად გარდაცვლილი ყრმების უპირობოდ წარწყმედაზე, რასაც, წმ. ბასილი დიდი (IV ს.) ნათლობის მისაღებად აღსაძვრელ სიტყვაში ზუსტად განმარტავს:
„ბრძოლასა შინა ერისთავნი სასწაულსა მისცემენ შემდგომთა მათთა, რაითა მეგობარნი იგი ურთიერთას ადვილად მოუწოდდნენ და წინააღმდგომთა მათ რაჟამს აღერინენ საცნაურ იყვნენ იგინი, ხოლო შენ ვერვინ გიცნას, თუ ჩუენი ხარ, ანუ წინააღმდგომთაი, უკეთუ არა მიიღო სასწაული იგი კეთილი, უკეთუ არა გამოჩნდეს შენ ზედა ნათელი პირისა უფლისაი. ვითარ გრიდოს შენ ანგელოზმან მან, ანუ ვითარ გიხსნეს მტერთაგან უკეთუ არა იცნას ბეჭედი იგი? ანუ შენ ვითარ სთქუა, მე ღმრთისაი ვარ, რაჟამს არა გაქუნდეს სასწაული მისი? ანუ არა უწყითა, ვითარმედ აღნიშნულთა მათ სახლსა თანა წარხდებოდა მომსვრელობაი იგი, ხოლო უნიშნავთა მათ შინა მოსრვიდა პირმშოთა მათ? საუნჯე დაუბეჭდავად ადვილ არს განსაპარავად, ცხოვარი აღუნიშვნელი უშრომლად წარტაცებულ იქმნის" (ბასილი კესარიელის „სწავლათა" ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გვ. 144-145; თბილისი 1983 წ.)
მაშასადამე, I დონეზე წმ. წერილისეული სწავლებით, აღნიშნული საკითხი ცალსახად გადაწყვეტილია: არცერთი უნათლავად გარდაცვლილი ყრმა არ ცხონდება, ე.ი. წარწყმდება, რაკი მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური „სალხინებელის" მსგავსად სულის რაიმე შუალედურ მდგომარეობას უარყოფს (მითუმეტეს საყოველთაო სამსჯავროს შემდგომ), ვითარცა მწვალებლობას!... (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია
*წარმოდგენილი იერარქიული დონე აგებულია პატივის პირველობის და არა სუბორდინაციული დაქვემდებარების პრინციპით.