მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილის, კერძოდ წმ. პავლე მოციქულის სწავლებისამებრ აღიარებს, რომ ადამის ცოდვის შედეგად ცოდვა „სოფლად შემოვიდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომელთა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). ე.ი. პიროვნული დანაშაული არ უნდა ვეძებოთ ადამიანში, ვინაიდან ადამის ცოდვის შედეგად დაეუფლა კაცობრიობას სიკვდილი, ადამში შევცოდეთ ყველამ. ამგვარ დაცემულ მდგომარეობაში მყოფი პირველი ადამიანები შობდნენ შვილებს, მათი შვილები ჩასახვისთანავე ხდებოდნენ წინაპართა ცოდვებისა და უსჯულოების ზიარნი (ფს. 50, 7). წმ. თეოფილაქტე ბულგარელი განმარტავს წმ. პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლის აღნიშნულ სიტყვებს და დასძენს: „ცოდვა და სიკვდილი სამყაროში ერთი ადამიანისაგან - ადამისაგან შემოვიდა და კვლავ ერთი ადამიანით - ქრისტეთი იქნება ძლეული. რას ნიშნავს სიტყვები: „... რომელთა ყოველთა შესცოდეს? - იმას, რომ ადამში ყველამ შეცოდა. როგორც კი ადამი დაეცა, მაშინვე ჩვენც, ყველანი, ვისაც არ გვიგემია აკრძალული ნაყოფი, მოკვდავნი გავხდით, თითქოს იმგვარადვე დავეცით, იმიტომ რომ, ის დაეცა".1
მიუხედავად ამისა, ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ ეს უსამართლობაა: განა ადამის შთამომავალნი არიან მის ცოდვაში? ჩვენ ვღებულობთ ადამის მიერ ჩადენილი ცოდვის მხოლოდ შედეგს და არა თავად ადამის ცოდვას, ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ მაშინ, როცა ადამი იყო და როგორ შევცოდავდით ადამთან ერთად? ასევე საუბრობენ ადამის ცოდვის იურიდიულ გაგებაზე და ა.შ.
აღნიშნული არგუმენტების მომხრენი თავიანთი შეხედულების გასამყარებლად წმ. კირილე ალექსანდრიელის სიტყვებს იშველიებენ. მაგრამ ვიდრე წმინდა კირილე ალექსანდრიელის სწავლებას განვიხილავდეთ, მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ მიღებული სწავლება განვიხილოთ ამ საკითხთან მიმართებაში.
1. დავიწყოთ მართლმადიდებლური კატეხიზმოს განმარტებით:
„პირველ ადამიანში ყველამ შესცოდა იმიტომ, რომ ყველა ადამიანი მასში იმყოფება. თუ როგორ შესცოდა ყველა ადამიანმა ერთ ადამიანში, მარტივად განიმარტა; სულითა და სხეულით ყველა ადამიანი ერთისაგან წარმოიშვა... ადამი ჩანასახშივე განასახიერებდა მთელ კაცობრიობას, და როგორც თავად ადამი, ასევე მისი შთამომავალი - „თავისი მსგავსი და თავისი ხატი" (დაბად. 5. 3) იურიდიულ (სამართლებრივი) თვალსაზრისით ერთი ადამიანისაგან წარმოიშვა. მთელ კაცობრიობაზე ცოდვის გადაცემა იმით აიხსნება, რომ ადამი ყველა ადამიანის წარმომადგენელი გახლდათ - მისი სახით ღმერთმა თავისი აღთქმა კაცობრიობის მთელ მოდგმას დაუდო, მისცა".2
აღმოსავლეთის პატრიარქები თავის ეპისტოლეში (მეექვსე წევრი) ამბობენ:
„გვწამს, რომ ღვთის მიერ შექმნილი პირველი ადამიანი სამოთხეში დაეცა, როდესაც არ დაემორჩილა ღვთის მცნებას და გველის მზაკვრულ რჩევას დაექვემდებარა; აქედან პირველქმნილი ცოდვა მემკვიდრეობით მთელ შთამომავლობაზე ისეთნაირად გავრცელდა, რომ ხორცში შობილთა შორის არავინაა თავისუფალი ამ ტვირთისაგან, არავინაა, ვინც არ შეიგრძნო დაცემის შედეგი თავის ცხოვრებაში".3
„მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" (Православное исповедание) ვკითხულობთ:
„ვინაიდან ადამში ყველა ადამიანი უმწიკვლოდ იმყოფებოდა, როგორც კი მან შესცოდა, მყისიერად ყველამ შესცოდა მასში, და ცოდვისმიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენად, არა მარტო ცოდვას დაექვემდებარნენ, არამედ სასჯელსაც ცოდვისათვის. სასჯელის რაობა ღვთის შემდეგ განსაზღვრებაში განცხადდა: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2. 17). იმავეს ამბობს მოციქული: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12). ამრიგად, ამ ცოდვით ვისახებით დედის საშოში. დავით მეფსალმუნის სიტყვისამებრ: „რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50). ამ ცოდვას „პირველქმნილი" ეწოდება, პირველყოვლისა იმიტომ, რომ აქამდე ადამიანი არ იყო ცოდვით დამძიმებული: მართალია თავისი ცოდვით უკვე გახრწნილი იყო ეშმაკი, რომლის შთაგონებითაც გაჩნდა ადამიანში ე.წ. პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც დაექვემდებარა მისგან (ადამისგან) შობილი ყოველი ჩვენგანი. მეორეც: იმიტომ ეწოდება პირველქმნილი, რომ ადამიანი არ იბადება ცოდვის გარეშე".4
ასეთია ადამის ცოდვის რაობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი განსაზღვრება. ახლა წმინდა მამათა სწავლებას მოვუსმინოთ.
წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: „ის, რომ ერთი ისჯებოდეს მეორეს დანაშაულის გამო, არცთუ სამართლიანი გვგონია, მაგრამ ერთი რომ ცხონდეს მეორეს წყალობით, მეტად მისაღები და გონების შესატყვისია. და რადგან მოხდა პირველი (ანუ ადამის შეცოდების გამო ყველამ იგემა სიკვდილი - ავტ.), მაშინ მით უფრო აღსრულდეს მეორე".5
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გვასწავლის:
„კაცობრივი ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს არ შეუქმნია ცოდვილი ადამიანი, არამედ წმინდა და უმწიკვლო შექმნა იგი. მაგრამ როდესაც ადამმა დაკარგა სიწმინდის სამოსი, ... გახდა ხრწნადი და მომაკვდავი. მაშინ ყველა, ადამის თესლისაგან შობილი, ჩასახვისთანავე წინაპრის ცოდვის თანაზიარი შეიქმნა. შობილმა ადამიანმა, თუგინდ ცოდვის არჩამდენმა, უკვე სცოდა პირველქმნილი ცოდვით".6
საინტერესოდ მსჯელობს ამის შესახებ ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი):
„ვინაიდან ყველა ადამიანი ადამისგან წარმოიშვა, შედეგად პირველქმნილი ცოდვაც მემკვიდრეობით ყველაზე გადავიდა. ამიტომ პირველქმნილი ცოდვა, ამავე დროს, მემკვიდრეობითი ცოდვა გახლავთ. ადამიანურ ბუნებასთან ერთად ადამისაგან ცოდვისმიერ ხრწნასაც ვიღებთ. ადამიანი ამქვეყნად ამით იბადება: „ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი" (ეფ. 2. 3), ვინაიდან ცოდვით დაზიანებულ ბუნებაში ღვთის სამარათლიანი რისხვა მკვიდრობს".7
როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი განსაზღვრებებისა და წმინდა მამათა სწავლების თანახმად, ჩვენ ვღებულობთ არა მხოლოდ შედეგს ცოდვისა, არამედ თავად ადამის ცოდვას; ცხადია, ჩვენ არ ვიყავით მაშინ, როდესაც ადამმა შესცოდა, მაგრამ ადამი „მთელ კაცობრიობას წარმოადგენდა" და მასში ყველამ შევცოდეთ.
2. ვიდრე წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლების შესახებ ვიტყოდეთ, უნდა ითქვას შემდეგი: ეკლესიის ისტორიაში არაერთი მაგალითია იმისა, რომ წმინდა მამათა კერძო აზრებს, შეცდომებსა და არაზუსტ დოგმატურ განსაზღვრებებს, თავიანთი ცრუსწავლების გასამართლებლად მარჯვედ იყენებდნენ ერეტიკოსები. წმინდა მამები, ერთობლივი მოღვაწეობისა და ურთიერთთანამშრომლობის, ერთმანეთის შეხედულებათა მრავალგზისი გადამოწმების, ამა თუ იმ საღვთისმეტყვლო საკითხზე კამათის გზით სრულყოფდნენ თავიანთ ნაშრომებს.
ამდენად, წმინდა მამათა ციტირება, მით უფრო ყოველგვარი წყაროს მითითების, ისტორიული ანალიზის გარეშე, კონკრეტული წმინდა მამის არაზუსტი, ჩამოუყალიბებლი დოგმატური განსაზღვრების სათავისოდ გამოყენება, არაკორექტული მეთოდია.
წმინდა ბარსანუფი დიდი წერს: „ღმერთი მხოლოდ ერთი რომელიმე წმინდა მამის ბაგით კი არ მეტყველებდა, არამედ ერთის მიერ უთქმელი, ღვთის განგებით მეორეს მიერ ითქმებოდა. რის შესახებაც ერთნი ზედაპირულად საუბრობდნენ, მომდევნო დროის მამები მას სრულად განმარტავდნენ, რათა წმინდანთა ბაგეებით ყოველთვის განიდიდოს ღმერთი".8
ისიც ცნობილია, რომ ზოგიერთი მამა თავის შეხედულებას იცავდა მანამდე, სანამ საკითხს საეკლესიო კრება განიხილავდა. ამის შემდეგ კი ყველა ეთანხმებოდა საეკლესიო კრების სარწმუნოებრივ განაჩენს. ამდენად, დოგმატური სწავლების განსაზღვრების დროს მხოლოდ წმიდა მამათა ერთსულოვან აზრს (consensus partum) შეიძლება დავეყრდნოთ.
ზოგიერთი აცხადებს: ყველაფერი, რაც წმინდა მამებმა თქვეს, დაწერეს - უდავო ჭეშმარიტება, ეკლესიის სწავლებაა. ამ შემთხვევაში წმინდა მამებისადმი კრძალვის ნიღაბქვეშ ყალბი მეთოდიკა იმალება - მას საეკლესიო დოგმატებისა და გარდამოცემის ნგრევამდე მივყავართ.
რაც შეეხება წმინდა კირილე ალექსანდრიელს: მეხუთე საუკუნის ამ უდიდესი ღვთისმეტყველის შემოქმედებას თანამედროვე ღვთისმეტყველები სამ ეტაპად ჰყოფენ: 1) ადრეული, 30-იან წლებამდე პერიოდი; 2) მესამე მსოფლიო კრების პერიოდი; 3) დრო, რომელიც ალექსანდრიელი მღვდელმთავრის გარდაცვალებამდე გრძელდებოდა. ეს იოანე ანტიოქელთან და აღმოსავლეთის მამებთან შეთანხმებისა და დაახლოების პერიოდია. უნდა ითქვას ერთიც: წმ. კირილე ალექსანდრიელის გვიანდროინდელი შემოქმედება იმდენად განსხვავდებოდა მისი ადრეული სწავლებისაგან, რომ წმინდანის მომხრეებისა და მიმდევრების ერთი ნაწილი განუგდა მას. (იხ. წმინდანის ცხოვრება).
თუ ყველაფერი, წმინდა მამების მიერ თქმული, წმინდა და უცდომელია, მაშინ ეკლესიას მართებულად უნდა მიეჩნია წმ. კირილე ალექსანდრიელის ქრისტოლოგიური დოგმატი, როდესაც ნესტორის ერესის მხილებისას მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა. ისიც ცნობილია, რომ კირილე თავისი ბიძის - თეოფილეს ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, წმ. იოანე ოქროპირს იუდას ადარებდა. ესეც მადლისა და ეკლესიის სწავლების გამოვლინებას მივაწეროთ!
წმინდა მამათა თხზულებების მავანის მიერ სათავისოდ გამოიყენება არახალი მოვლენაა. ამ ნიშნით ადამის პირველქმნილი ცოდვის საკითხიც არ გახლავთ გამონაკლისი. მეტიც: მისი მოდერნისტული ინტერპრეტაცია ერთ-ერთი ძირეული დილემაა მათთვის. ამიტომ, ისეთი მოდერნისტი ღვთისმეტყველების კომენტარი, როგორებიც არიან დეკანოზი ა. მეინდორფი და ლარს კოენი, ადამის ცოდვის რაობის საკითხს სულ სხვა, მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საპირისპირო კუთხით ავითარებენ. მათ ნაშრომებში რომაელთა მიმართ ცნობილი მუხლის (რომ. 5, 12) განმარტებისას არის შენიშვნა: ამ ტექსტის ბერძნულიდან თარგმანის რამდენიმე ვერსია არსებობს. ლარს კოენი ამბობს, რომ ნეტარი ავგუსტინეს ეპისტოლის სიტყვების - „რომელში ყველამ შესცოდა" (რომ. 5, 12) განმარტებისას შეცდომაში იერონიმესეულმა თარგმანმა შეიყვანა. შემდეგ წერს, რომ „ეს მცდარი განმარტება აღმოსავლეთის უმრავლესი მამის მიერ იქნა მიღებული". მოდერნისტების აზრით, ადამი ცოდვაში მის შთამომავლობას ბრალი არ მიუძღვის. საამისოდ სწორედ წმ. კირილე ალექსანდრიელის ციტირება დასჭირდათ.
მაგრამ თუ წმ. კირილე ალექსანდრიელის ნაშრომებში ადამის ცოდვის საკითხს გადავხედავთ, ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო შეხედულებების არსებობას შევნიშნავთ. (თუმც არც ეს იქნებოდა გასაკვირი). მაგრამ საფუძვლიანი ანალიზი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ წმინდანის შეხედულებები სულაც არ გამოხატავს იმ სწავლებას, რომლის აპოლოგეტადაც სურთ წარმოადგინონ წმინდა მამა.
კონკრეტულ შემთხვევაში ოპონენტების მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვოლუნტარიზმის გამოვლინებას ვხედავთ: ის ციტატები, რომლებიც არ პასუხობენ პოლემისტის მიზანს, უფრო მეტიც, მის კონცეფციას ეწინააღმდეგება, იგნორირდება, თითქოს საერთოდ არ არსებობდეს. შედეგად, ნეიტრალური მკითხველი, რბილად რომ ვთქვათ, გაოგნებული რჩება.
წმ. კირილე ალექსანდრიელის გლაფირებში, სადაც საუბარია ადამის ცოდვის შესახებ, ვკითხულობთ: „ვინაიდან არაგონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ მიწისაგან შობილ და უბრალო ადამიანზე - ადამზე, მოწეული წყევის ძალა ბუნებრივი მემკვიდრეობით კაცობრიობის მთელ მოდგმაზე გავრცელდა; ხოლო მან, რომელიც არის არსით ღმერთი - ემანუილი ზეგარდამო მოვლენილი, რომელმაც ჩვენი მსგავსება მიიღო და ჩვენთვის მეორე ადამად იქცა, თავისი ცხოვრების თანაზიარნი არ გაგვხადა ისინი, ვისაც მასთან სარწმუნოებით თანაცხოვრება სურდა".9
ეს აზრი ერთი ერთში ემთხვევა წმ. იოანე ოქროპირის ზემოთ მითითებულ სიტყვას. როგორც ვხედავთ, წმინდა კირილესთვის არაგონივრული და უცნაური ის კი არ არის, რომ ადამზე მოწეული წყევა მთელ კაცობრიობას გადაეცა, არამედ ის - ქრისტე-ღმერთს რომ არ გამოეხსნა მასთან რწმენით მისული ადამიანები.
ანალოგიური შინაარსის ტექსტი ვიპოვეთ წმ. კირილე ალექსანდრიელის სხვა ნაშრომში, რომელიც მიტრ. ილარიონმა (ალფეევი) შეადგინა: „უცნაური იქნებოდა ერთის, პირველი ადამიანის მსჯავრს ყველა მოეცვა და განუდიდებლი ხატება არშემცოდეთაც ეტარებინათ, იმ დროს, როდესაც წინაპარმა დაარღვია მისთვის ბოძებული მცნება".10
აქ თუ მიტრ. ილარიონის (ალფეევი) მიერ თარგმნილ ღირი ისააკ ასურის მეორე ტომად სახელდებულ წიგნს გავიხსენებთ, სადაც წმინდა მამას აშკარა ერეტიკოსად წარმოაჩენს, (იხ. წიგნ. ჭეშმარიტი სარწმუნოება; თბ. 2015. გვ. 35-36), მაშინ აღნიშნული ტექსტის ავტენტურობაც ეჭვის ქვეშ დადგება. თუმცა აქაც შესაძლოა სულ სხვაგვარად ვითარდებოდეს აზრი.
რათა საბოლოოდ ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, წმ. კირილე ალრქსანდრიელის ზემოთ მითითებული ტექტის საწყისი გვერდების ამონარიდს შემოგთავაზებთ: „მას შემდეგ, რაც ცოდვის შემოქმედმა (ეშმაკმა) აცდუნა ადამი და უგუნურ ცოდვაში ბრალეულობით მოიწია სიკვდილი, მაშინ ბრალეულობა ყველა ადამიანზე გადმოვიდა, ვინაიდან, ვნება ფესვიდან რტოზე გადადის (რომ. 5, 14). ... როგორც ადამის დაუმორჩილებლობამ მიგვიყვანა სასჯელამდე, ასევე ქრისტეს (მეორე ადამი) მორჩილებამ, მამა ზეციერის კურთხევის თანაზიარება გვარგუნა".11
ამრიგად, თუ ოპონენტების მიერ ციტირებული ტექსტები ნამდვილად წმ. კირილეს ეკუთვნის, (რისი ავტენტურობაც დასადგენია), მაშინ ისინი წმინდანის კერძო აზრად უნდა მივიჩნიოთ. ხოლო თუ გაყალბებული, სახეცვლილი, მონტაჟირებული ტექსტებით (მათი გამოყენება შეიძლება უნებლიედაც მოხდეს) წმინდანს არამართლმადიდებლური შეხედულების მქონედ სახელდებენ, მაშინ თავად ვურჩევთ მიმართონ თავიანთ მღვდელმთავარს.
3. დავასკვნით: ადამის პირველქმნილი ცოდვისა და ქრისტე-მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნის საკითხის ირგვლივ მთელი ქრისტიანული სწავლება მოიაზრება. ამდენად, წმინდა მამები აღნიშნული საკითხის განხილვას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
ძველი (პელაგიანელები) და ახალი დროის (მოდერნისტები) ოპონენტების მოსაზრება, თითქოს პირველქმნილი ცოდვის შესახებ ნეტარი ავგუსტინეს მცდარი სწავლება გაითავისა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, გაუგონარი სიყალბეა და ის თავად ნეტარმა ავგუსტინემ გააბათილა: „მე კი არ მოვიგონე პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც კათოლიკე სარწმუნოება ოდითგანვე აღიარებს, არამედ შენ, ამ დოგმატის უარმყოფელმა, უდავოდ, ახალმა ერეტიკოსმა".12
ცხადია, ჩვენ არ გამოვდივართ ერესის ბრალდებით, მაგრამ უპასუხოდაც ვერ დავტოვებდით მსგავს შეხედულებებს, ვინაიდან ადამში ყველამ შესცოდა.
დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია
1Св. Феофилакт Болгарский. Толкования посланий Ап. Павла. М. 2001.
2Гр. Дьяченко. Уроки и примеры христианской веры. Т1. Стр. 242.
3ციტ. წიგნ. Грех Адамов. არქ. ლაზარე (აბაშიძე). თბ. 2001. გვ. 23-24.
4О Вере. Част. 1. вопр. 24. Православное исповедания. стр. 29.
5Св. Иоанн Злотоуст. Творения. Т9. Кн. 2. Бес. СПБ. 1903.
6Св. Свимеон Новый Богослов. Слова Преподогного. М. 2006. Ч1. გვ. 443.
7Прп. Иустин Попович. О первородном грехе. Пермь. 1999. стр. 48.
8Вл. Лоский. Боговидение. М. 2003. გვ. 298.
9Св. Кирилл Александрийский. Глафиры, или обьяснения избранных мест из пятикнижния Моисяя. Ч. 4. О адаме.
10Восточные отцы и учители Церкви V века. Антология; Кирилл Александрийский. Корпус Ареопагитикул. (Сост. Иером. Иларион (Алфеев)). М. 2000.
11Глафиры.იქვე. О Адаме.
12Митр. Макарий Булгаков. Православно – догматическое богословие. Том 1. § 92.