არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ იაზრებენ რა ქრისტიანობაში მტკიცედ დგომის საკითხსა და ქრისტიანისათვის აუცილებელ მისწრაფებას სრულყოფილებისაკენ, სხვისთვის სახიფათო და მათთვის დამღუპველ შეცდომაში ვარდებიან. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი თავი ქრისტიანული სწავლებისამებრ განაახლონ, ისინი თვით ქრისტიანობის თავისი ნებისამებრ განახლებას, არა ქრისტიანობისადმი მორჩილებას, არამედ ქრისტიანობის საკუთარი შეხედულებებისადმი მორგებას ცდილობენ. რჩებიან რა უცვლელნი, ისინი ფიქრობენ, რომ წინ მიდიან და სხვებსაც ხელს უმართავენ ამ საქმეში - სხვადასხვაგვარი ცვლილებების შემოტანით ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებსა და წმინდა ეკლესიის კანონებში. ქრისტიანობა გადმოცემული სწავლების შენარჩუნებას მოითხოვს, ჩვენ კი ვაახლებთ და ვცდით მას საკუთარი ნებისამებრ. ისინი არა საკუთარი თავის, არამედ ქრისტიანობის გამოსწორებას ცდილობენ, - ამით კი ყველაფერს აფუჭებენ, ჭეშმარიტი სრულყოფილების მიღწევის ყოველგვარ შესაძლებლობას გვართმევენ.
●●●
ქრისტიანობა კიბეა ზეცად აღმყვანებელი, გზაა სიცოცხლისაკენ, წამალია, რომელიც კურნავს ჩვენს ყოველ უძლურებასა და არასრულყოფილებას. ეს კიბე უკვე დამტკიცებულია და მრავალი აღიყვანა ზეცად. მისი გარდაქმნა კი არა, მასზე ასვლაა საჭირო.
●●●
გაექეცით სიახლეებს სარწმუნობრივ და ღვთისმეტყველურ საკითხებში და ნუ ცდუნდებით იმ ცრუ წინასწარმტყველთაგან, რომლებიც ცხვრის ტყავში შემოსილნი მოდიან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან. შეიცანით სიცრუე რომელიც დაფარულია მაცდურთა მომხიბვლელ სიტყვებში, ვითომდა კეთილი სურვილებით შენიღბულნი ისინი გეძებენ თქვენ, რათა განგხრწნან.
●●●
ხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ სიცრუე სუფევს, ყოველი მხრიდან მიცოცავს თვალებსა და ყურებში, რათა შემოვიდეს ჩვენში და მოკლას იქ ჯერ კიდევ ჩვენთვის საყვარელი და პატივცემული ჭეშმარიტება. ვფიქრობ, ხედავთ რა ასეთ მდგომარეობას, არა ერთგზის დაბადებულა კითხვა თქვენს გულში: რა ვიღონოთ? არაფერი იმაზე მეტი, რასაც აკეთებდნენ ყველა დროის ქრისტიანები, როდესაც სიცრუე თავს ესხმოდა ჭეშმარიტებას: ვდგეთ მტკიცედ რწმენაში რწმენისათვის. იმისათვის, რომ გაძლიერდე რწმენაში, ფხიზლად ყოფნაა საჭირო.
ფხიზლად ყოფნა, უპირველესად, ჩვენი თავის მიმართ გვმართებს. - ჩვენ თავად ვატარებთ ჩვენში მზა მწვალებლობის სათავესა და მჭედელს ყოველი სიცრუისა - ჩვენს გონებას.
●●●
როგორი უცვლელიცაა ღმერთი, ასევე უცვლელია მისი სიტყვა და ასევე რწმენაში უცვლელად ყოფნა გვმართებს ყოველ ჩვენგანს.
Xareba.net - ის რედაქცია