ნეტარი ავგუსტინე ამბობს: „არ იფიქრო, რომ შენ არა ხარ მკვლელი, თუკი შენ აიძულე მოყვასი შენი ცოდვაზე: შენ რყვნი ცდომილის სულს და წარხოცავ იმას, რაც მარადისობის საკუთრებაა".
დაგიპატიჟებიათ დასალევად, წაგიქეზებიათ წყენისათვის სამაგიერო გადაეხადა, გიცდუნებიათ მარხვის დროს წასულიყო გასართობად, გაგირყვნიათ გარშემომყოფნი ბილწი ანეგდოტებით, ქრისტიანისათვის შეუფერებელი წიგნებით, უხამსი საუბრებით და ა.შ.? ამ ჩამონათვალს არა აქვს დასასრული - ყველაფერი ეს მოყვასის მკვლელობაა, სულის გახრწნაა!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
მოდით, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ადამიანებს შორის სიყვარულზე, რაც უფალმა გვიქადაგა. რა განმასხვავებელი ნიშანი არსებობს ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის: „ამით, - ამბობს ქრისტე, - ჰსცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდეთ ურთიერთას".
ჩვენ კი, უფალო, როგორ შორს ვართ შენი ჭეშმარიტი მოწაფეობისაგან!
ჩვენ ვჩხუბობთ, ვმტრობთ, ვკიცხავთ, გვეზიზღება, ვერ ვიტანთ ერთმანეთს. სირცხვილიც არის ურწმუნოთა წინაშე წარმოვთქვათ: „მე ქრისტიანი ვარ". ხშირად ურწმუნოთა საუბრებშიც შეიძლება გავიგონოთ: „ჩვენი მეზობელი მორწმუნეა, ეკლესიაში დადის და როგორი ბოროტი, მავნებელი ადამიანია". ვაი ჩვენ, თუკი ჩვენი ადამიანთმოძულეობით ქრისტეს სახელს ვგმობთ!
ჩაიხედეთ საკუთარ გულში, ჰკითხეთ თქვენს სინდისს, თქვენი ქცევა სხვებისათვის ცდუნება ხომ არ არის და თუ ცოდვილი ხართ, მოინანიეთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ, ყველანი, პირველად არა ვართ აღსარებაზე და, რა თქმა უნდა, არაერთხელ მოგვისმენია, რომ თუკი ვინმე ჩვენით განაწყენებულია, თუკი ჩვენ არ შევურიგდებით, თუკი გულწრფელად არ ვთხოვთ პატიებას, არავითარ მსახურებას, არავითარ მონანიებას არ მიიღებს ჩვენგან უფალი!
თეორიულად ეს გვესმის, მაგრამ გულამდე, შემეცნებამდე ეს ჭეშმარიტება ნაკლებად დადის! ჩვენ პატიებას ვთხოვთ ნებისმიერს, თანაც ძალიან იოლადაც, მაგრამ არა იმათ, ვისაც ჭეშმარიტად გულს ვტკენთ, მთელი ჩვენი სიამაყე მაშინ აღდგება და თუკი ვითხოვთ პატიებას, მხოლოდ ფორმალურად, ბაგეებით, მასში გულის მონაწილეობის გარეშე ანუ „შეკრული გულით", ამას, რა თქმა უნდა, ნაკლები სარგებელი მოაქვს სულისათვის, უფრო მეტიც, თქვენ თვითონ ამწვავებთ სიტუაციას, როცა თქვენს მოყვასზე წყენასა და უსამართლოებებს იხსენებთ, ან ადამიანებს შორის განხეთქილებასა და მტრობას თესავთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
უფლის სიტყვაში ნათქვამია: „ნეტარია ის, ვინც პირუტყვს იწყალებს".
ხომ არ მოუკლავს რომელიმე თქვენგანს საჭიროების გარეშე ცხოველები? ხომ არ მოგიკლავთ ისინი შიმშილით ან დაგიოსებიათ ცემით? პანღურებს ხომ არ ურტყამდით, ჯოხებსა და ქვებს ხომ არ ესროდით? იქნებ, ბავშვობაში განზრახ აწვალებდით ცხოველებს? ეს ყველაფერი მკვლელობის ცოდვებია!
მოინანიეთ თქვენი სისასტიკე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ზოგჯერ ჩვენ არ ვიცით, რომ ცოდვილი ვართ! ხდება ისე, რომ თავს ვიტვირთავთ უსარგებლო შრომითა თუ საქმეებით, ვეძლევით მეტისმეტ დარდს, ისეთი სასოწარკვეთილი ვხდებით, რომ თვითმკვლელობის ფიქრამდეც კი მივდივართ. ეს ყოველივე უფლის წინაშე უდიდესი ცოდვებია! რამეთუ სიცოცხლე უფლის საჩუქარია, მჭმუნვარე გარემოებები ჩვენ ღვთის ნებით გვეძლევა, რითაც უფალი ზრდის სულს მარადიულობისთვის, ჩვენ კი წუწუნით და სასოწარკვეთით, მცირედმორწმუნეობით ვიმცირებთ გონიერ ცხოვრებასაც და ჯანმრთელობაზე დაუცხრომელი დარდით ვიხშავთ ზეციური სასუფევლის კარსაც.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
მაგრამ, თუ უფალმა დაგვიფარა სასოწარკვეთის ცოდვისაგან, ჩვენი ქცევებით, კილვით, სარკაზმული გამოხტომებით სხვა ხომ არ მიგვიყვანია სასოწარკვეთის ცოდვამდე და უფალო, დაგვიფარე, ხომ არა ვართ ვინმეს თვითმკვლელობაში დამნაშავე?!
თუ ეს ასეა, მოინანიეთ, იგლოვეთ, რამეთუ თქვენ მოყვასის სულიერ დაღუპვაში ხართ დამნაშავე!
თუკი ჩვენ ვცხოვრობთ თავშეუკავებლად, ვეძლევით ნაყროვანებას, სიმთვრალეს, გარყვნილ ცხოვრებას, ვეწევით თამბაქოს, თავს ვიქცევთ სხვადასხვა არაწმინდა გართობით, რომლებიც ჯანმრთელობისათვის დამანგრეველია, ჩვენ - თვითმკვლელნი ვართ.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
არსებობენ ზოგიერთი ქრისტიანები, რომლებიც ცოდვად თვლიან მკურნალობას, რა თქმა უნდა, შეიძლება მოთმინება გამოვიჩინოთ და არ ვიმკურნალოთ, მაგრამ აქ იოლად შეიძლება ჩავცვივდეთ თვითდარწმუნებასა და სიამაყეში: „დაე, იმკურნალონ მცირედმორწმუნეებმა და ცოდვილებმა, ჩვენ კი ასეთნი არა ვართ!".
უმჯობესი კი ასეა: „შეგაწუხა ავადმყოფობამ? - იმკურნალე, თუ ტკივილმა გაგიარა - მოითმინე და უფალს მადლობა შესწირე გამოცდისათვის. აი, როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი ქრისტიანი!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
დაბოლოს, ხომ არ ჩავდივართ საკუთარი სულის მკვლელობას, როცა არანაირად არ ვზრუნავთ მისი გადარჩენისათვის?
ოჰ, როგორ ვკვებავთ და ვათბობთ ჩვენს მიწიერ სხეულს! ასევე ვზრუნავთ კი საკუთარ უკვდავ სულზე? ჩვენ ხომ უბრალოდ ვივიწყებთ მას, გვავიწყდება განვბანოთ იგი მონანიების ცრემლებით, დავაპუროთ ლოცვებით, განვაცხოველოთ ეკლესიის საიდუმლოებებით, გავალამაზოთ კეთილი საქმეებით, გამოვასწოროთ და მოვამზადოთ იგი მარადიულობისათვის.
სადა გვაქვს ამაზე ფიქრის დრო?! იმდენად დაკავებული ვართ, რომ მხოლოდ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაზე ვზრუნავთ; ვცხოვრობთ რაღაც ცრუ იმედით, რომ ცხონება - ეს ჩვენი ცხოვრების ბუნებრივი დასასრულია.
უფალო, მოგვიტვე ჩვენ და მოგვანიჭე აღსასრულამდე სინანული და შეგნება იმისა, რომ „სასუფეველი ცათაჲ იიძულების" და მხოლოდ „რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მთ. 11, 12). (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია