მესამე მცნება - „არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა"
უფალო, ჩვენ, ცოდვილნი ვარღვევთ ამ მცნებას და არც ვაცნობიერებთ, როგორ საშინელ დანაშაულს ჩავდივართ! ყოველი შეძრწუნდება, საკუთარი თავი აღიქვას ღვთისმგმობელად. ჩვენს წარმოდგენაში ღვთისმგმობელი ესაა საშინლად ურწმუნო ხალხი. ჩვენ, მორწმუნენი, დავდივართ ტაძარში, ვლოცულობთ ღვთისადმი, ვეზიარებით ეკლესიის საიდუმლოებებს... და მაინც ჩვენ ღვთისმგმობელები ვართ:
ა) რამეთუ წარუმატებლობისა და ავადმყოფობის დროს ვუჩივით უფალს, რითაც განვიკითხავთ უფლის განგებულებასა და უფლის ნებას.
ბ) ჩვენს შორის იმყოფებიან სულმოკლე ქრისტიანები, ისეთები, რომელთაც არ გააჩნიათ მოთმინება, ჩივილის გარეშე აიტანონ ესა თუ ის მწუხარება თუ იწროება, აშკარად აცხადებენ: „ღმერთი არ არსებობს!" თუ ხმამაღლა არ ამბობენ, ასე ფიქრობენ მაინც.
მოინანიეთ გულწრფელი სინანულით, მოინანიეთ ღვთის წინაშე ეს ღვთისმგმობი სიტყვები.
გ) იქნებ, თქვენს შორის ვინმემ თავხედურად ბრალი დასდო უფალს იმაში, რომ ის უშვებს ადამიანთა შეცოდებებს?! „ნუთუ მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთი ხასიათი მაქვს, ეს ხომ დაბადებიდანვეა"... ან „ღმერთი რომ არსებობდეს, ნუთუ ის დაუშვებდა ომებს, ძარცვებს, მკვლელობებს, ბავშვთა სიკვდილსა და, საერთოდ, სიკვდილს ადრეულ ასაკში?! და ა.შ." და ეს სიტყვები და აზრები ეკუთვნით ქრისტიანებს!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, აშკარა ცოდვილთ!
ჩვენს შორის არსებობენ ისეთი მცირედმორწმუნენიც, რომლებიც ცდიან უფალს, თავხედურად მიმართავენ: „ღმერთო, თუ შენ არსებობ, მაშინ შემისრულე ესა თუ ის სურვილი, ხოლო თუ არ შესრულდება ჩემი სურვილი, ე.ი. შენ არ არსებობ!" და ეს ყოველივე ისმის არა მხოლოდ რწმენაში ახალმოსულთაგან, არამედ იმ ადამიანთაგანაც, თავის თავს ღრმად მორწმუნეებს რომ ეძახიან!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ უკვე ვემსგავსებით იმ მგმობელთ, რომლებიც გოლგოთაზე ჯვარზე გაკრულ უფალს ამცირებდნენ. გაიხსენეთ უფლის მარცხნივ გაკრული ავაზაკის სიტყვები: „თუ შენ ქრისტე ხარ, იხსენი თავი და ჩვენც". თუკი დღეს მონანულთა შორის ისმის უფლისადმი მსგავსი თავხედური მიმართვები, მოინანიეთ წრფელი სინანულით, მოინანიეთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ღვთისმგმობელთ!
უფალო, ჩვენ მუდმივად ვცოდავთ, როდესაც ვიყენებთ შენს სახელს ფუჭ საუბრებში სიტყვის მასალად.
ყური მიუგდეთ ურწმუნოთა საუბრებს. მათი ლაპარაკი გადატვირთულია უფლისა თუ ბნელი ძალების მოხსენიებით. მაგრამ ისინი ხომ ურწმუნონი არიან, მათთვის ეს მხოლოდ სიტყვის მასალაა. მაგრამ ჩვენი საუბრები რით განსხვავდება მათი საუბრებისაგან?! ჩვენც ასევე სრულიად დაუფიქრებლად, ყოველგვარი შიშისა და მოკრძალების გარეშე ვტვირთავთ ჩვენს საუბარს უფლის, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთის წმიდანების სახელებით.
უფრო მეტიც! ჩვენ ვბედავთ კიდეც უფლის სახელით ფიცსა და დამოწმებას, ხოლო ამ ფიცით ხანდახან აშკარა ტყუილს ვფარავთ. და ყველაფერ ამას ყოვლისმხილველი უფლის წინაშე შიშის გარეშე ჩავდივართ.
უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი!
და თუ ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია უფლის სასჯელს, მხოლოდ ღვთის უდიდესი მოთმინების გამო.
მოინანიეთ, ვისაც თავხედობა გეყოთ, დაგეფიცათ ძვირფასი საჩუქარი - საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთარი ბავშვებიც კი. მოინანიეთ არა მხოლოდ თქვენ, ვინც იფიცებდით, არამედ თქვენც, ვინც ჯიუტი დაუჯერებლობით იძულებულს ხდიდით მოყვასს, დაეფიცა, ან კიდევ უფრო უარესი, მოითხოვდით ვინმესგან ასეთ საშინელ რწმუნებას.
უფალო, ჩვენ მკრეხელნიც ვართ...
ვინც თავისდა საუბედუროდ ხშირად ვიყენებდით ლოცვების, წმინდა სახარების, წმინდა წერილის სიტყვებს ხუმრობით. იქნებ, რომელიმე თქვენგანს ხუმრობით გამოუჯავრებია ან დაუცინია მღვდლებისათვის, რომლებიც რატომღაც სასაცილოებად მოგჩვენებიათ ან გაღიზიანებდნენ - ესეც მკრეხელობაა.
ვინც ამ გალობით ტაძარში ღვთისმსახურებისას, ყოველთვის ყურადღებით ხართ? ხანდახან მხოლოდ ერთი სიტყვა არასწორად წაკითხული ან გალობით წარმოთქმული და ფრაზის აზრი გამოითქმის ისე, რომ სადიდებლის ნაცვლად გამოდის მკრეხელობა, უნებურად წარმოთქმული ან ხმამაღლა გალობით ნათქვამი.
უფალო, მოგვიტევენ ჩვენ, ბოროტ ან უბრალოდ ფუჭმოსიტყვე მკრეხელებს!
ჩვენ ყველანი, გამონაკლისის გარდა ვცოდავთ მესამე მცნების წინაშე უყურადღებო ლოცვით.
შეიძლება ტაძარში მთელი დღის განმავლობაში მოუსმინო ღვთისმსახურებას, შეიძლება სათითაოდ ყოველი ლოცვა - დილისა თუ საღამოსი - წაიკითხო, მაგრამ არ ილოცო, არამედ მხოლოდ შესცოდო უფლის სახელის ამაო გამოყენებით. რა თქმა უნდა, ლოცვა, რომელიც არ არის გაფანტული, უფლის მიერ ბოძებული წყალობაა ლოცვითი ღვაწლისათვის.
ჩვენ ვალდებული ვართ, ყველანაირად ვაკონტროლოთ საკუთარი თავი, ლოცვის დროს მობილიზება გავუკეთოთ საკუთარ პიროვნებას - ვაიძულოთ მას ყურადღება, რათა ლოცვის ფრაზებს დავუბრუნოთ გაფანტული გონება.
ჩვენ დავდივართ წირვა-ლოცვაზე, ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურებას, ტაძრიდან ფაქტობრივად არ გამოვდივართ; რა თქმა უნდა, საკუთარ თავს მივიჩნევთ განსაკუთრებულ მლოცველებად. არადა, შეიძლება სახლში, საკუთარ ტაძრებში, არაფრით გართულები, ჩვენ ერთ რომელიმე მსახურებას ან თუნდაც მოუცლელობის გამო მხოლოდ დაუჯდომელს ვკითხულობდეთ და უკეთესად, უფრო სუფთად და ღრმად ვლოცულობდეთ.
მოვინანიოთ უფლის მიმართ ჩვენი ლოცვების არასრულყოფილება.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
უფალო! ვცოდავთ შენი მცნების წინაშე, როდესაც აღთქმას ვარღვევთ.
რამდენჯერ დაგვირღვევია ჯვრისა და სახარების წინაშე მიცემული აღთქმანი; ნათლისღების საიდუმლოს მიღებისას, ჩვენ განვდექით სატანისგან და ყოველთა მისთა საქმეთაგან და ქრისტეს შედგომილებმა პირობა დავდეთ ვემსახუროთ მას მთელი ჩვენი ცხოვრებით. რამდენჯერ დაგვირღვევია ეს დანაპირები...
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
აღსარების საიდუმლოს დროს, ჯვართან და სახარებასთან მისულთ რამდენჯერ დაგვიდია ღვთის წინაშე მკრეხელური ჩვევების დავიწყების აღთქმა? და აი, ვდგავართ დღეს აქ, ვნებათა და ცოდვათა ჩვევების გორგალით ხელფეხშეკრულნი და ვაცნობიერებთ კი, რომ დავარღვიეთ აღსარების საიდუმლოს დროს მრავალჯერ მიცემული ფიცი უფლის წინაშე;
და ჩვენც, ეკლესიის მსახურნი, სულიერი წოდების მიღებისას აღთქმას ვდებთ უფლის წინაშე, აღვასრულოთ წმიდა მსახურება თანახმად უფლის სიტყვის, საეკლესიო წესებისა და ეკლესიის ხელისუფალთა მითითებისა, მაგრამ ჩვენი ბუნების უძლურების გამო ვარღვევთ უფლის წინაშე დადებულ ფიცს.
ჩვენ ვცოდავთ ურიცხვი აღთქმის შეუსრულებლობით, როცა ჩვენ უფლისაგან სასურველის მიღების შემთხვევაში ვივიწყებთ ან ვაჭიანურებთ აღთქმის შესრულებას?!
უმჯობესია, არაფერს შევპირდეთ, ხოლო თუ შევპირდებით, უნდა შევასრულოთ! ახლავე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე შეასრულებთ დადებულ აღთქმას და გაფრთხილდებით ახლის მიცემაზე. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია