მეორე მცნება - „არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლედვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისათა: არა თაყვანის-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ"
სიტყვასიტყვით ეს ნიშნავს: ნუ შექმნი შენი თავისთვის კერპს, ნუ გამოძერწავ ხიდან ან ქვიდან, ნუ ჩამოასხამ მას სპილენძიდან, რკინიდან, ვერცხლიდან და ოქროდან, ნუ შექმნი რაიმესგან შენთვის კერპს და ნუ სცემ მას თაყვანს, როგორც ღმერთს. დიდება უფალს, ჩვენს შორის ქრისტიანები არიან - გამოდის, რომ მას არ ჩავდივართ და ამით ჩვენ არ ვცოდავთ მეორე მცნების წინაშე.
მართლა ასეა ყველაფერი?
ნუთუ ჩვენი ვნებები ის კერპები არ არიან, რომელთაც მთელი ცხოვრება ვემსახურებით?!
აბა მოვუსმინოთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „რომელთა ღმერთ მუცელი არს" (ფილ. 3, 19). თუ მოციქულის სიტყვები ჩვენ არ გვეხება? ჩვენ გვეხება, უფალო!
იმიტომ, რომ საკუთარ მუცელს და, საერთოდ, სხეულს უფრო მეტად ვემსახურებით, ვიდრე ღმერთს. ჩვენ უზომოდ ბევრ დროს ვხარჯავთ საჭმელზე ზრუნვაში, არა - არსებობის პურისთვის, არამედ მუცლის საამებლად და სხეულის სიამოვნებისათვის.
საათობით ვდგავართ რიგებში რაიმე ნუგბარისათვის, ანდა განსაკუთრებული ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის საყიდლად, შემდეგ კი ვწუწუნებთ, რომ არ გვყოფნის დრო და ძალა ლოცვის, სახარების წაკითხვისათვის.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ამჟამად ბევრ მონანულს შეუძლია თქვას, რომ სიხარულით ხვდება მარხვის დაწყებას? შესაძლებელია, ზოგიერთი საერთოდ არც აპირებს მის შენახვას. არა აქვს სურვილი მცირე ხნით მაინც ამოსდოს ლაგამი თავის მუცელს.
მოინანიეთ უფალთან!
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
მეორე საშინელი კერპი, რომლის ფეხებთან უამრავი ადამიანის სულია დაფენილი, რომლის კვარცხლბეკთან უამრავი ტალანტი და ნიჭი წარწყმდა, რომლის გულისთვისაც მრავალი ცრემლი დაიღვარა და იღვრება დედების, მამების, დებისა და შვილების თვალთაგან - ლოთობაა. აქ არ ვილაპარაკებ იმ აურაცხელ უბედურებაზე, რომლებიც ლოთობიდან გამომდინარეობს.
შეიძლება აქ მდგომთაგან ბევრი ღვინითა და არყით არც ითვრეებოდეს, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ სტუმრად ან დღესასწაულზე ანდა, საერთოდ, გადაგეჭარბებინოთ ღვინის სმა?!
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ! მოინანიეთ უფალთან!
რაც კიდევ უფრო საშინელია - არ დაგითვრიათ ვინმე? არ მიგიტანიათ ნათესავთან ანდა უფროსთან ღვინო ან არაყი უჩუმრად? არ გისესხებიათ ოჯახის ჩუმად ლოთისათვის ფული?
თქვენ იტყვით, რომ დღეს ყველა სამსახური მოისყიდება რაღაც „მცირედით" ანდა „ერთი ბოთლით", მაგრამ თქვენ, ქრისტიანები, რომლებმაც იცით, რა ბოროტება მოაქვს ოჯახისათვის ამ „ერთ ბოთლსა" და „მცირედს", ნუთუ არასოდეს სინდისს არ შეუწუხებიხართ, რომ ახლობლებს გასამრჯელოს ნაცვლად შხამს სთავაზობთ?
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ! ჩვენ თითქმის ყველა დამნაშავე ვართ მოყვასის დათრობაში.
ჩვენ დავუდგით მათ დასალევად ერთი ბოთლი, მანაც აიღო, დალია და დაკარგა განსჯის უნარი, იწყებს ღმრთის გმობას, სცემს ცოლს, ცემით ასახიჩრებს ბავშვებს, კლავს ადამიანს - და ჩვენც ვინაწილებთ მის ცოდვას, როგორც მისი დანაშაულის თანაზიარი.
მესამე კერპი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, არის მომხვეჭელობის ვნება, ანუ სიმდიდრისათვის სწრაფვა, გაუმაძღარი სურვილი, გქონდეს ყველაფერი რაც შეიძლება მეტი.
უფალო! ჩვენ ყველა ამ სნეულებით ვართ ავად. გული ჩვენი აგზნებულია და შეშფოთებული შეძენის წყურვილით და არა მარტო საჭირო ნივთებისა.
არსებული ავეჯი კიდევ მოგვემსახურებოდა, მაგრამ დავრბივართ მოდური გარნიტურის, კარადის ან სავარძლების შესაძენად. საკმარისად სამყოფი გვაქვს ტანსაცმელი, მაგრამ კიდევ ვიმარაგებთ; ვტენით კარადებს, სკივრებს და ჩემოდნებს ზედმეტი ნივთებით და გვავიწყდება შეგონება: მეორე პერანგი მივცეთ უქონელ მოყვასს.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
შესაძლოა, აქ მონანული რომელიმე თქვენგანი აგროვებს ფულს ფულისათვის, არ ენდობა ღმრთის განგებულებას და აგროვებს ფულს „შავი დღისათვის"; შეინანეთ უფალთან და იჩქარეთ მოიხმაროთ ეს კერპი, ეს ბოროტი ნაგროვი კეთილი საქმისათვის. რადგან მომხვეჭელობის ეს ბოროტი კერპი გვტაცებს ლოცვას - გაიხსენეთ, რამდენჯერ ტაძარში, საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისას ეკლესია მოგვიწოდებს დავუტეოთ ყოველგვარი ცხოვრებისეული ზრუნვა, ჩვენ კი ფიქრებში სხვადასხვა გეგმას ვსახავთ ყოფითი მიზნების მისაღწევად.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ანგარებამ მიაჯაჭვა ჩვენი გულები მიწას. ჩვენ ჩავხერგეთ ჩვენი საცხოვრებლები უამრავი გამოუყენებელი ნივთით, დავკანკალებთ თითოეულ ძონძს, ვერ აღვრიცხავთ ჩვენს სიაში ამ საგნებისადმი ლტოლვას. აქ არის ტანსაცმელიც, ავეჯიც, წიგნებიც, ყვავილებიც და პროდუქტების მარაგიც. (მერე ყველაფერი ლპება, ჩრჩილი ჭამს, ჭიები ეხვევა, ობდება და ისინი აღარავის სჭირდება).
ეს ვნება მჟღავნდება აგრეთვე ისეთ ნივთებთან მიმართებაში, როგორიც არის სეფისკვერი, ანტიდორი, არტოსი, ნაკურთხი წყალი: ჩვენ მას რატომღაც როგორც სუვენირებს, ისე ვინახავთ, იმის ნაცვლად, რომ ღმრთისმოშიშებითა და ლოცვით გამოვიყენოთ ისინი საჭიროებისამებრ. შემდეგ ისინი ობდება და ფუჭდება, იძულებული ვართ, დავწვათ, შეიძლება ზოგიერთები ამ სიწმინდეებს ყრიან კიდეც.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
და ამ ნივთების ტვირთით დახუნძლულებს სული გვეხუთება. ჯერ მარტო რამდენი დრო მიდის მტვრის გადაწმენდაში, ქრისტიანისათვის ამ ზედმეტი ნივთების ბერტყვაში. სადღა გვცალ;ია ჭეშმარიტი ღმრთის წინაშე ლოცვისათვის, ისე დავიტვირთეთ თავი მომხვეჭელობის კერპის სამსახურით. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია