მეორე მოვალეობა. საღმრთო სჯულის პირველ მცნებაში დაწესებული გვაქვს: გვქონდეს ღმრთის ჭეშმარიტი რწმენა, მისი სასოება და სიყვარული.
ამ მოვალეობის წინაშე ყველაზე საშინელი ცოდვა ყველა ადამიანისათვის არის უღმერთობა - ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება ჩვენი თანამემამულეების უმეტესი ნაწილი, ჩვენი ნათესავები, ახლობლები და ნაცნობები.
თუ რაოდენ შეურაცხმყოფელია იგი იმ მშობლებისათვის, რომელთა შვილებიც უღმერთონი არიან, არ ღირს ამაზე ლაპარაკი.
აქ, აღსარებაზე მოსულებს, გაგვაჩნია კი მტკიცე და შეურყეველი რწმენა ყოველივე რელიგიურისა? გვჯერა უკვდავების? რომ საფლავის იქით იწყება მარადიული ცხოვრება, სადაც მიგვეზღვევა მიწიერი საქმეების მიხედვით?
რა საშინელიც არ უნდა იყოს საღიარებლად, ცოცხალი რწმენა, რომელიც განმსჭვალავდა მთელ ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს საქმიანობას, ჩვენც არა გვაქვს.
უფალო, შენს მომავალ საშინელ სამსჯავროზე შეგვიწყალენ ჩვენ, შენს არსებობასა და უკვდავებაში დაეჭვებულნი!
იქნებ მონანულთა შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ ძალთა ურდოების არსებობისა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულ" საზოგადოებაში; რატომღაც, სირცხვილია, გჯეროდეს ჩვენს საუკუნეში ბოროტი სულების არსებობისა, სწორედ ეს უნდა ჩვენი ცხონების მტერსაც! თუ არ არსებობს ბოროტი სულების გავლენა, მაშინ ვისგან და რატომ უნდა დავიცვათ თავი ცხოველსმყოფელი ჯვრით, ნაკურთხი წყლითა და იესოს ლოცვით? შეიძლება, ვინმე არასაკმარის პატივს მიაგებს ღმრთისმშობელს, წმიდა მოწამეებს და ღმრთის წმიდანებს?
შეინანეთ უფლის წინაშე! უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
არსებობს პირველი მცნების დამრღვევი კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - რჯულგანდგომილება. უფალო! როგორ ახლოს ვართ ამ მდგომარეობასთან! ზოგჯერ, ალბათ, ნამდვილი რჯულგანდგომილნი ვყოფილვართ არა მოსალოდნელ ტანჯვათა შიშით, რომელსაც განიცდიდა ეკლესია ქრისტიანთა დევნულობის პერიოდში, არამედ ამა თუ იმ მიწიერი ბედნიერების დაკარგვის შიშით.
ხდება, როდესაც ჩვენ, მორწმუნენი, უფლისაგან ვითხოვთ რიმე დახმარებას, დავუშვათ, კარგ ბინას, კარგ სამსახურს და მოვუწოდებთ ყველას, ილოცონ ჩვენთვის, თავად კი ამ დროს ხატებს ვმალავთ კარადაში იმის შიშით, რომ დაინახავენ ჩვენს რწმენას ღმრთისადმი და უარს გვეტყვიან.
აი, როგორ უგუნურებამდე მივდივართ.
შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო!
როდესაც ექიმთან მიღებაზე მივდივართ, ჩვენი სულმოკლეობის გამო ჯვარს ვიხსნით ყელიდან, გვეშინია, რომ ექიმი არ გვიმკურნალებს, ანდა ავადმყოფობის ფურცელს არ მოგვცემს!
უფალო, შეგვინდევ ჩვენი განდგომილება და სულმოკლეობა!
თუ სამსახურში უცებ ჩამოვარდება ლაპარაკი ღმრთის რწმენაზე, უღირსი, სულმოკლე ადამიანი მზადაა უჩინო შეიქნას, ოღონდ მისი სახის გამომეტყველებიდანაც კი არ შეიტყონ, რომ ის ქრისტიანია... ხოლო ქრისტეს უარყოფა სიტყვით უკვე ენის წვერზე ადგას... შეინანეთ უფლის წინაშე იმათ, ვინც თავის თავში სულმოკლე ქრისტიანის აშკარა სახე შეიცნო!
უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი!
სამარცხვინოა საღიარებლად, მით უმეტეს, ხმამაღლა სათქმელად: არა მარტო ახალგზარდები, არამედ მოხუცებიც, რომლებიც საზოგადოებრივი საქმიანობისაგან განთავისუფლდნენ, დაიმსახურეს პენსია და დასვენება, ფრთხილობენ, ეშინიათ ღიად გამოფინონ ხატები სახლში!
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენი რელიგიურობის აღიარების შიშით ხშირად ჩავდივართ ჩვენი მომაკვდავი ახლობლების სულიერი მკვლელობის ცოდვას. რადგან გვრცხვენია მეზობლების, მღვდელი რომ მოვიწვიოთ წმიდა ნაწილებით მომაკვდავის საზიარებლად. ვაი თუ ჩვენი უნიათობით რომელიმე ახლობელი წავიდა იმქვეყნად მონანიებისა და ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან ზიარების გარეშე.
უფალო, შეგვინდევ ეს ცოდვები და ნუ შეგვარცხვენ შენი ანგელოზების წინაშე საშინელი სამსჯავროს დღეს, ამქვეყნად შენგან განდგომის გამო.
ჭეშმარიტი ცოცხალი რწმენა ჩვენში ცოტაა, სამაგიეროდ, უხვად ვართ მოწამლული ცრურწმენით. ცრურწმენა - ფუჭი, ცარიელი, ტყუილი რწმენაა. რაში აღარ ვცვლით ჭეშმარიტი რწმენით შესაძენ ღმრთის მადლს!
გვწამს რაღაც „იღბლიანი" და „უიღბლო", „მძიმე" და „მსუბუქი" დღეების. თვით კეთილი საქმეების დაწყებისაც კი გვეშინია „მძიმე" დღეს და არც კი ვუფიქრდებით, ვიცოცხლებთ თუ არა მომდევნო დღემდე.
გვჯერა ყოველგვარი სიზმრები, ვხსნით მათ, ვმარჩიელობთ, მათით შეცდენილები ვიწყებთ „წინასწარმეტყველური" სიზმრების ხილვას, რითაც გონების დაბნელებამდე და ავადმყოფობამდე მივდივართ...
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ! მოინანიეთ უფალთან!
უფრთხილდით სიზმრების რწმენას, რათა არ ცავარდეთ ხიბლში - საშინელ სულიერ ავადმყოფობაში!
ტაძარშიც მიგვაქვს ეს ცრურწმენა და ვებღაუჭებით მას უფრო ძლიერ, ვიდრე ჭეშმარიტ ღმრთისმოსავ რწმენას და ჩვენი ახირებული შენიშვნებით ვარღვევთ გარშემომყოფთა ლოცვას.
აი, ვაწოდებთ სანთელს. ვინ მოიგონა, რომ ის უნდა გადავაწოდოთ მხოლოდ მარჯვენა მხრიდან და არა პირიქით? (ამის დამახსოვრებით გონების დანაგვიანებაც კი არ მინდა). მხოლოდ ისე უნდა გადავაწოდოთ სანთელი, რომ არ გატყდეს, არ ვუბიძგოთ ადამიანს, როცა იგი პირჯვარს იწერს, არ მივაჩეჩოთ ხელში სანთელი, ანდა ღმრთისმსახურების განსაკუთრებულ მომენტებში არ გადავაწოდოთ იგი, არამედ მცირე ხნით დავიჭიროთ ხელში და შემდეგ წყნარად, ყოველგვარი ცრურწმენის გარეშე გადავაწოდოთ.
ეს ცრურწმენა ჯერ კიდევ ძველი წარმართობიდან მოგვდგამს. ავიღოთ წმიდა სამების დღე (სულთმოფენობა). რა ხდება ამ დროს სასაფლაოზე, საფლავებზე, სადაც ჯვრებია აღმართული?! ეს ჭეშმარიტად შავი დღეა ჩვენი მიცვალებულისთვის! საკმევლის კმევის, სანთლების დანთებისა და ლოცვის ნაცვლად ამ დღეს ნამდვილი წარმართული ღრეობები იმართება, ხოლო ჩვენი მიცვალებულები იმქვეყნად იტანჯებიან, როგორც სახარებისეული მდიდარი იტანჯებოდა, რომელიც უფალს სთხოვდა, გაეფრთხილებინა მისი ძმები, თუ რა მოელოდათ სიკვდილის შემდეგ. თუ ვინმე თქვენგანს საფლავზე გაუმართავს ასეთი ღრეობა, მიდით სასაფლაოზე და თქვენს მიცვალებულს შენდობა სთხოვეთ იმ საშინელი ტანჯვისათვის, რომელიც მიაყენეთ მას თქვენი უგუნურებით და აღარასოდეს ჩაიდინოთ ეს. ამ წმიდა დღესასწაულზე ეკლესია განსაკუთრებულად, მუხლმოდრკით ლოცულობს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების სულთა განსვენებისათვის; ნუ გადაუქცევთ მათ ამ დღეს სატანჯველად.
ახლა კი შენდობა სთხოვეთ უფალს თქვენი უგუნურების გამო.
უფალო, შეგვინდევ ჩვენ, ცოდვილთ!
ბევრი ცოდავს ღმრთის პირველი მცნების წინაშე, როდესაც შემთხვევას მიაწერს რაღაცის მომასწავებელ ნიშანს. დიდად ცოდავს ღმრთის წინაშე ის, ვინც ავრცელებს ყოველგვარ ხმებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ხოლო ზოგიერთი სამყაროს აღსასრულის დღესაც ასახელებს. როგორ შეიძლება მივხვდეთ იმას, რომლის შესახებაც თვით ანგელოზებმაც არ უწყიან და მხოლოდ ზეციურმა მამამ იცის?! არანაკლებ ვცოდავთ ჩვენც, როცა ვუსმენთ ან ვიჯერებთ ამ კადნიერ წინასწარმეტყველურ განცხადებებს...(გაგრძელება...)
Xareba.net – ის რედაქცია