არქიეპისკოპოსი ამბერკი ჯორდანვინელი (ტაუშევი) მე-20 საუკუნის დიდი ავტორიტეტი გახლდათ. იგი სულიერად იზრდებოდა არქიეპისკოპოს თეოფანე პოლტაველის ხელმძღვანელობით, ამ უკანასკნელის მოძღვარი კი წმ. თეოფანე დაყუდებული იყო. დიდი სულიერი გამოცდილების საფუძველზე მეუფე ამბერკიმ შეძლო თავისი წერილებით გადმოეცა ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სწავლება. იგი ძალიან კარგად იცნობდა თავის დროს და იმდენად ძირეულად აღწერდა მას, რომ სერაფიმე როუზმა თავის ერთ-ერთ სტატიაში მეუფე ამბერკის „ბოლო ჟამის ოქროპირი" უწოდა. იგი იყო პირდაპირი, უბრალო, მშვიდი, გულითადი. იმდენად შორს იდგა პირფერობისა და ლიქვნისაგან, რომ საერთოდ არ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მის შესახებ ადამიანები. იგი იყო ჭეშმარიტი მწყემსი, სულიერი მოძღვარი, რომლის სახელი განითქვა მთელს მართლმადიდებელ სამყაროში.
ყველაზე უხეირო ქებაა, როცა მღვდელზე იტყვიან კარგი ადმინისტრატორიაო. ადმინისტრაცია კი არაა მთავარი სულიერი მოძღვრისათვის, არამედ მისი უპირველესი მოვალეობაა ლოცვა.
არაფრით არ უნდა დავუშვათ სულ ცოტაოდენი ცვლილებაც კი ქრისტიანულ სწავლებაში. არანაირ დათმობაზე არ უნდა წავიდეთ დროში არსებული ცდომილებების გამო. დაუშვებელია წმიდა სახარების მთავარი მოთხოვნების შერბილება, მიუხედავად იმისა, რომ ზნეობა აგრე რიგად დაცემულია და დაუძლურებელ ნებას არ სურს მას დაემორჩილოს. დაუშვებელია ახალი ქრისტიანობის ქადაგება, „გაწყალებული და უხერხემლო ქრისტიანობისა", რამეთუ მოძღვრის ვალია კი არ დააკნინოს ღვთაებრივი სწავლების ამაღლებული მოთხოვნილებანი ცხოვრებასთან მისადაგებით, არამედ პირიქით, სამწყსოს ცხოვრება უნდა აამაღლოს იმ სიმაღლემდე, რომელზეც უნდა იდგეს იგი ღვთის სიტყვისა და ეკლესიის სწავლებით.
ბევრი თანამედროვე მოძღვარი შეპყრობილია გარეგნული მოღვაწეობის ვნებიანი ჟინით. მათი აზრით, ამით თითქოს გაუმჯობესდება და კეთილმოეწყობა მორწმუნეთა ამქვეყნიური ცხოვრება. ასეთი მოღვაწეობა მოსაწონი და კურთხეულია ღვთისაგან მხოლოდ მაშინ, როცა იგი მიმართულია წმიდა ეკლესიის საკეთილდღეოდ და არ აზარალებს მას. ე.ი. მაშინ, როცა იგი საკუთრივ მოძღვრული საქმიანობის - შინაგანი ცხოვრების სანაცვლოდ არ მიმდინარეობს, როცა მისი მიზანია ღვთის განდიდება და არა ძიება საკუთარი განდიდებისა. მით უფრო უარესია, როცა ამ გარეგნულ მოღვაწეობას ანიჭებენ მთავარ მნიშვნელობას, მორწმუნეთა სულიერ ცხოვრებას კი ივიწყებენ, როცა ამისათვის ისინი სულ არაფერს არ აკეთებენ ან აკეთებენ უმნიშვნელოდ მცირედს.
თავი რომ დავიცვათ დროის წარწყმენდელი სულისკვეთებისაგან და შევინარჩუნოთ ერთგულება ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისადმი, უპირველესად, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ყველაფერში სამაგალითონი. მთელი გულით უნდა ვმოშურნეობდეთ ღვთის მცნებების უცილობელ შესრულებას. ზედმიწევნით უნდა ვასრულებდეთ წმიდა ეკლესიის მიერ მიღებულ ყველა კანონს, წესს და დადგენილებას. ამასთან, არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განდევნილ თანამედროვე ცრუ მასწავლებლებთან, განხეთქილების შემომტანებთან. განსაკუთრებით გვეკრძალება ლოცვითი და სულიერი ურთიერთობები. დაე, ისინი თავისი გზით ვიდოდნენ. ნუ გადავიხრებით ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ; რა ვიმაამებლოთ იმის შიშით, რომ რაღაცას დავკარგავთ. თქვენსკენაც და ჩვენსკენაცო - ორ სკამს შუა არ უნდა ვცდილობდეთ დაჯდომას. სხვაგვარი მოქცევა, ქრისტეს ეკლესიის უდიდესი მნათობის - გრიგოლ ღვთისმეტყველის თქმით, ნიშნავს „ვეზიაროთ ზაკულ საფუარს და შევუერთდეთ დასნეულებულს".
საკუთარ სამწყსოს უნდა ვასწავლოთ, რა არის ნამდვილი, უკომპრომისო მართლმადიდებლობა და უნდა შევაგონოთ ყველაფრის შესრულების აუცილებლობა, რასაც კი მოითხოვს ჩვენი წმიდა სარწმუნოება. ამავე დროს, არ შეიძლება თანამედროვე მრევლს წავუყენოთ სუფთა ფორმლური მოთხოვნილებები. ის, რაც თავის დროზე მათთვის არავის მოუთხოვია. არ შეიძლება, მათზე „ზეწოლა" საკუთარი ავტორიტეტით, „ჩინოვნიკურად", არ შეიძლება ვბრძანებლობდეთ და მოვითხოვდეთ უსიტყვო აღიარებას საკუთარი ავტორიტეტისა, უსიტყვო მორჩილებას საკუთარი მოთხოვნებისა.
არც მლოცველი და არც მოღვაწე, მიწას რომ ცდილობს გაუსხლტეს და მზერა ზეცისაკენ აღაპყროს, არც კეთილი მწყემსი, რომელიც გულითადად ზრუნავს სულთა ცხონებისათვის, რათა მოსწყვიტოს ისინი მიწიერზე მიჯაჭვულობას და აამაღლოს მათი გული და გონება ზეცისაკენ, არამედ მშრალი, საქმოსან-ფორმალისტი, „ორგანიზატორი", „ადმინისტრატორი" არის აღიარებული დღევანდელი ცრუმასწავლებლებისა და რეფორმატორების მიერ.
არ იცხოვრო საკუთარი რწმენით, გაცილებით უარესია იმაზე, რომ იცხოვრო საკუთარი ურწმუნოებით. არავის ისე არ შეუძლია ავნოს ქრისტეს ეკლესიას, როგორც ბოროტ, ანგარებისმოყვარე მღვდელს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს წართმეული მღვდელობის მადლი.
- „ო, მღვდელო, შენ ხარ წარმომადგენელი რწმენისა და ეკლესიისა. შენ ხარ წარმომადგენელი თვით ქრისტე მაცხოვრისა. შენ უნდა იქნე მაგალითი სიმდაბლისა, სიწმინდისა, ვაჟკცობისა, მოთმინებისა, ამაღლებული სულიერი განწყობისა. შენ ღვთის საქმეს აკეთებ და არავის წინაშე არ უნდა დაეცე სულით, არავის არ უნდა პირმოთნეობდე, ემონებოდე, ხოლო შენს საქმეს უნდა თვლიდე ყველა ადამიანურ საქმიანობაზე ამაღლებულად".
ადამიანებზე ზემოქმედება, როცა მათ აცდუნებენ საკუთარი თავით, საკუთარი პიროვნებით და არა ჭეშმარიტი ღვთის სიტყვითა და ლოცვით, უნდა მივაკუთვნოთ პაპისტების მოძღვრულ პრაქტიკას, რომელიც სრულებით თრგუნავს გონებას და საკუთარ სამწყსოს აჩვევს ბრმა მორჩილებას ზნეობრივი სრულყოფის სანაცვლოდ.
„ვგრძნობ, რომ თუკი სიბერემდე მივაღწიე, არ ამცდება შეჯახება ეკლესიის სახელმწიფოებრივი მონობისაგან გათავისუფლების იდეის გამო. უწინ ამის შესახებ ბავშვივით ვოცნებობდი, ახლა კი ცხოვრებისეულმა განსაცდელებმა ჩაკლეს ჩემში ყოველგვარი მეოცნებეობა. ეს შეჯახება კი აუცილებლად მოხდება, თუნდაც რომ ძალიან არ მინდოდეს იგი."
ნუ იტყვი ჩემს საქმეს არაფერი ეშველებაო, ჩემი სული კარგა ხანია გაუხეშდა ლოცვისათვისო, ეკლესიის ამაღლებული ღვთისმსახურება აღარ მოქმედებს მასზეო. ღვთისმსახურებას იძულებით ვგრძელებ, რათა როგორმე ოჯახი გამოვკვებო, მე უკვე აღარ ვარგივარ იმისათვის, რათა მთლიანად დავემორჩილო ლოცვის ეკლესიურ წესს, გადავურჩე ღვთის სამსჯავროზე სასჯელს, რომელიც ღვთისმსახურისათვის განსაკუთრებით საშინელია, რადგან აბარია ქრისტიანთა სულები. ნუ იტყვი ასე, უკეთესია, გაიმეორე ეს სიტყვები, ოღონდ უმძიმესი ცოდვის გულშემუსვრილი აღიარებით გულთამხილველის წინაშე. ითხოვე მისგან შენდობა, მადლიმისერი შეწევნა და იგი არ დააყოვნებს. ბევრი იყო უდები მოძღვარი, რომლებმაც შეინანეს. ბევრმა სიბერეშიც შეძლო გამოსწორება. და მათი სახელი სხვებთან ერთად განითქვა სიჭაბუკიდანვე ჯვრის მტვირთველის დარად. თუკი ღვთის წინაშე შენს შეცდომას აღიარებ, თუკი აღუთქვამ მას, რომ შეასრულებ ყველა აუცილებელ ლოცვით წესს შენთვისაც და სამწყსოსთვისაც, ღმერთი მოგივლენს ნუგეშინისცემას, მოთმინებას, მოშურნეობას ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამობრივ ალერსს და გულითად გულმოწყალებას სულიერი შვილების მიმართ. ყველა მოძღვრის წმინდა და საპასუხისმგებლო ვალია, თვითონ ღრმად განიმსჭვალოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სულით და შესძლოს შთააგონოს იგი თავის სამწყსოს.
შეადგინა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე)
Xareba.net - ის რედაქცია